ქუთაისელი ებრაელი მოვაჭრეები და მათი საიდუმლო “ენა”

Jewish traders from Kutaisi

გააზიარე:

ავტორი: ნანული ცხვედიანი


გსმენიათ, რამდენად დამოკიდებული იყო ქართველ ებრაელებზე მე-19 – მე-20 საუკუნის ქუთაისსა და მთელ დასავლეთ საქართველოში  ვაჭრობის, საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების  განვითარება?

მკვლევარ ილია პაპისიმედოვის ნაშრომში “საქართველოს ებრაელთა  აღებ – მიცემობის ისტორიისათვის” ვეცნობით ძალზე საინტერესო ფაქტებს: 1866 წელს, თურმე,  საზღვარგარეთ სავაჭროდ წასვლის ნებართვა აუღია საქართველოში მცხოვრებ 62 ებრაელს, ხოლო 1867 წელს – 44-ს. შემორჩენილი დოკუმენტების მიხედვით, ამ სიებში ყველაზე მრავალრიცხოვანნი ქუთაისელები ყოფილან. პირველი და მეორე გილდიის ვაჭრებს შორის გამოირჩეოდნენ: იაყობიშვილები, ელიგულაშვილები, ენუქაშვილები, თავდიდიშვილები, ხანანაშვილები, რომელთაც მრავალგზის ჰქონიათ მოვლილი: სტამბოლი, ტრაპიზონი, მოსკოვი, ნიჟნი ნოვგოროდი, ოდესა, ხარკოვი,  როსტოვი, ვარშავა, ლოძი და სხვა დიდი ქალაქები. საზღვარგარეთიდან შემოტანილ საქონელს მათგან ნაღდი ანგარიშით ან კრედიტით ყიდულობდნენ ჩვენში – ადგილობრივი საშუალო და წვრილი ვაჭრები. ქუთაისელ ებრაელებს საექსპორტოდ დასავლეთ საქართველოდან დიდი პარტიობით გაჰქონდათ: დაუმუშავებელი აბრეშუმი, ღორის ჯაგარი, ქალის თმა, ბეწვეული; ყოველწლიურად აგზავნიდნენ დაახლოებით 50-60 ვაგონ კვერცხს (ვაგონში თავსდებოდა 14400 კვერცხი), 15-20 ვაგონ ბუმბულს („ბურდღას“), 3-4 ვაგონ ძველ კალოშს, 2-3ათას ცალამდე ძველ ხალიჩას, დიდი რაოდენობით ხილს, ჩირს. ამ ვაჭართაგან რამდენიმე კაცი ვაჭრობდა ხელით ნაქსოვი „იმერული შალით“, რომელიც ამ სახელწოდებით კი იყო ცნობილი, მაგრამ, უმთავრესად, სამეგრელოში მზადდებოდა. ნაწარმის ნაწილი საქართველოშივე იყიდებოდა, ნაწილი კი – რუსეთის ბაზრობებზე და, მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მას უკვე დიდ კონკურენციას უწევდა რუსეთის ფაბრიკებში შექმნილი, იაფფასიანი შალი, თავისი მაღალი ხარისხის გამო მყიდველი არ აკლდა.

ილია პაპისიმედოვის თქმით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რამდენიმე ებრაელმა ვაჭარმა უდიდესი კაპიტალი დააგროვა და თითქმის მთელი შინაური ვაჭრობა ხელში ჩაიგდო. ამათგან ზოგიერთი დიდ სამრეწველო წამოწყებებში და საბანკო საქმეებშიც ჩაება. ზოგი მათგანი ბანკების ხმოსნად ითვლებოდა, ხოლო მეოცე საუკუნის დასაწყისში მსხვილი ბანკების დაარსებაშიც მონაწილეობდა. 60-ზე მეტი ებრაელი კომერსანტის გვარ-სახელი და მისამართი რეგულარულად ქვეყნდებოდა მაშინდელ პრესაში, ზოგიერთი – ქალაქის თვითმმართველობის ხმოსნადაც იყო არჩეული.

ძველ პრესაში დაცული მასალების მიხედვით, ამ ოჯახების კუთვნილი თეთრი ქვის სახლების, ძვირფასი სამოსისა და სამკაულების, საარაკო ფუფუნების, განსაკუთრებული საზოგადოებრივი მდგომარეობის ფონზე, უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევდათ თავის რჩენა მეწვრილმანე ებრაელ ვაჭრებს, მათი მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრებს. ყველა როდი ვაჭრობდა აქვე, ახლოს, ქუთაისის დიდ თუ გაღმა ყაფანში:  ორშაბათობით, დილაუთენია გამოეფინებოდნენ ქალაქის ქუჩებში ზურგზე აბგააკიდებული, ხელკალათიანი მეფართლეები, მელენგრეები (საგალანტერიო ნაწარმის გამყიდველები), ნავთით, მარილით, საპნით, წამლებით, ჭურჭლით მოვაჭრენი. უკეთეს შემთხვევაში, ვისაც ცხენი ჰყავდა, ან სახედარი, ზედ ედგა  გოდორი, ხურჯინი თუ „სალენგრე იაშიკი“ (ხის დიდი ყუთი), რათა შორეულ სოფლებში წაეღო საქონელი, თუ არადა, ფეხდაფეხ უნდა ეტარებინა. რამდენიმე დღე ყოვნდებოდნენ საქმეზე და დაღლილ-დაქანცულნი, მშიერნი, დაკონკილნი, საშაბათოდ ბრუნდებოდნენ ოჯახებში, რომ ორშაბათს კვლავ თავიდან დაეწყოთ ყველაფერი.

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, ებრაელებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების გვერდით, დაცულია საინტერესო საბუთი ერთი ქუთაისელი ებრაელი მოვაჭრის შესახებ. ესაა 1832 წლით დათარიღებული „დათხოვების ფურცელი“, რომლის თანახმადაც მებატონე-პროპორშჩიკი თავადი გიორგი კაციას ძე წულუკიძე ქალაქ თფილისს სამი დღით სავაჭროდ წასვლის ნებას რთავს „დანიელა მოშიაშვილ ურიას”.

აღსანიშნავია, რომ ვაჭრობისადმი ინტერესი ქუთაისელმა ებრაელებმა საბჭოთა პერიოდშიც შეინარჩუნეს. ებრაელთა მჭიდროდ დასახლებულ უბანში, განსაკუთრებით – შაუმიანის (ახლანდელი გაპონოვის) ქუჩაზე, არალეგარული, „იატაკქვეშა“ ბაზრობა იყო გაჩაღებული, რასაც იმდროინდელი სამართალდამცველები და პრესა „სპეკულაციის“ სახელით მოიხსენიებდნენ. სამაგიეროდ, უბანს არასდროს აკლდა ქალაქისა და მეზობელი რეგიონების მოსახლეობის აქტიური ყურადღება. ებრაელებისაგან იძენდნენ იმპორტულ საქონელს: ქსოვილებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს,  ჭურჭელს, პროდუქტებს, სიგარეტებს, ფუფუნების საგნებს-ყველაფერს, რაც საბჭოურ მაღაზიებში არ იშოვებოდა, ებრაულ ოჯახებს კი საკუთარი არხებითა და ნაცნობობით შორიდან ჩამოჰქონდათ.

მე-19 საუკუნის ბოლოსა და  მე-20 საუკუნის დასაწყისში, სწორედ აღებ-მიცემობისა და სავაჭრო ურთიერთობის განვითარების ჟამს, შეიქმნა ქუთაისელ ებრაელთა „საიდუმლო-სავაჭრო ენა“. ამ თავისებური, პირობითი “ენის” დანიშნულებას, უმთავრესად, კლიენტებისაგან ვაჭრობის საიდუმლოს დაცვა წარმოადგენდა. თვით ებრაელები ამ ჟარგონულ მეტყველებას „ყივრულს“ უწოდებდნენ, რაც დაკავშირებულია სიტყვასთან „ყიბრი“ (მკვლევარ ილია პაპისიმედოვის თვალსაზრისი).  მას დიდი გამოყენება ჰქონდა ვაჭართა შორის.  უმთავრესად, შეამხანაგებული ებრაელი ვაჭრების მიერ საჯარო ბაზრობებზე იხმარებოდა, ზოგადად ებრაელთა საყოფაცხოვრებო მეტყველებაში კი შედარებით მცირე, თუმცა გარკვეული ადგილი ეჭირა. ამ ენიდან ზოგიერთ სიტყვას ქართული მოსახლეობის ვიწრო წრეც ხმარობდა, განსაკუთრებით – დასავლეთ საქართველოში, ქუთაისშიო. – აღნიშნავს ილია პაპისიმედოვი.

   მაინც, რას წარმოადგენდა ეს „საიდუმლო-სავაჭრო ენა?“

   ეს იყო ძველ ებრაული სიტყვების ძირებზე ქართული პრეფიქს-სუფიქსების დართვით  მიღებული ლექსიკური ერთეულები.

ილია პაპისიმედოვს მაგალითად მოჰყავს “ვისოხარე.“ ქართული გაგებით ეს სიტყვა  ნიშნავს: “ვივაჭრე.“ მკვლევარის თქმით, ის წარმოებული უნდა იყოს ძველი ებრაული სიტყვისაგან “სოხერ“ – ვაჭარი. ამ შემთხვევაში, პაპისიმედოვის აზრით, სიტყვის ძველებრაულ ძირს დაერთვის „ვი“ და „ე“ ქართული აფიქსები. ასეთივე ფორმითაა გადმოცემული სიტყვა „გავხრიდე“, რაც ქართული გაგებით  ნიშნავს: “გავყიდე“. სიტყვა „მოვატოვე“ ნიშნავს: “მოვატყუე.“ გარდა ამისა, ზოგიერთი სიტყვა ხმარებულია გადატანითი მნიშვნელობითაც. მაგ. სიტყვა „დაუადე“ ქართული გაგებით ნიშნავს: “მიეცი“. ის წარმოებული უნდა იყოს ძველი ებრაული სიტყვისაგან“იად“, რაც ნიშნავს  ხელს.

ილია პაპისიმედოვს 107 ასეთი სიტყვა და მისი ქართული შესატყვისი მოჰყავს თავის ნაშრომში,. მკვლევარი მიუთითებს, რომ ამ სიტყვებისაგან შედგებოდა მთელი რიგი მარტივი და რთული წინადადებანი. ზოგიერთ წინადადებაში წევრებად ჩართული იყო ქართული სიტყვებიც.

ამ ლექსიკას ბოლო პერიოდამდე  იყენებდნენ მოვაჭრე ებრაელები.

ასე რომ, ქუთაისის არალეგარულ ბაზრობებზე, შაუმიანსა და სხვა ქუჩებში ბოლო პერიოდამდე  გაისმოდა ეს ნართაული ფრაზები:

– ყატონი არ დაუქამო! (კაპიკი არ დაუკლო!)

– შენს მამონს მე მივხრიდი და, რასაც მოუგადოლებ, სავახეზო იყოს! (შენს საქონელს მე მივყიდი და, რასაც მოვუგებ, სანახევრო იყოს!)

– ჩემი მუშტარი გამიშეყერა და ვერც თითონ მიხრიდა (ჩემი მუშტარი ჩამომაცალა… გადაიბირა და ვერც თვითონ მიჰყიდა).

– დღეს ტობათ ვისოხარე, მაგრამ სეფერი არ მიეშამდა და ქელებმა შოხადი წამართვა (დღეს კარგად ვივაჭრე, მაგრამ პატენტი არ მქონდა და ძაღლმა (მილიციელმა) ქრთამი წამართვა) (ი. პაპისიმედოვი, 1946, გვ. 74).

ქართულ-ებრაული სიტყვებისაგან მიღებული სლენგი პოპულარული იყო  მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლების ქუთაისელი ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილშიც კი, მეტადრე – ვაჟებში. ისინი ისე სრულყოფილად ფლობდნენ ოდესღაც „საიდუმლო – სავაჭრო“ ენის ნიმუშებს, რომ სოციუმის ყველა ფენაში, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში თამამად გაისმოდა. თავიანთ პრიორიტეტულობას, ასე ვთქვათ, „გამოსულობას“ ახალგაზრდობის ეს ნაწილი სწორედ ამ ლექსიკის გამოყენებით  და ჟარგონზე თავისუფლად მეტყველებით უსვამდა ხაზს. ასე რომ, ნაშა, გიმელი, განაბი, მიამსევრე, დაბრიდე, ჩათოხლა, ეთომარე, დავიადე და მსგავსი სიტყვები ის სლენგია, რომელსაც ქუთაისელი ახალგაზრდობის ამ ნაწილის ყოველდღიურ მეტყველებაში თარგმნა არ სჭირდებოდა.

ებრაელთა დიდი ალიის შემდეგ, ანუ ქალაქში ებრაული მოსახლეობის შემცირების მერე, თაობებში საგრძნობლად იკლო ამ ლექსიკის გამოყენებამ. ახლა იშვიათად, თუმცა მაინც გვხვდება გარკვეული სიტყვები.