„რეზო გაბრიაძის „თეთრი ხიდი“ და ურბანული ლიტერატურა“ –

გააზიარე:

„რეზო გაბრიაძის „თეთრი ხიდი“ და ურბანული ლიტერატურა“ –

ავტორი: მარიამ მებუკე

 

საკუთარ ქალაქს მხატვრულ ლიტერატურაში სხვადასხვაგვარად ასახავენ, იმის მიხედვით, თუ რა ახსენდებათ, რა აკავშირებთ კონკრეტულ ტოპონიმთან. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის კულტურული, პოლიტიკური თუ სოციალური ასპექტები, რომლებიც ამა თუ იმ ეპოქაში აღწერილ ქალაქს ერგება და გამოხატავს. აქაც კონტექსტი საჭირო რამაა.

ამაზე სულ ერთი ამბავი მახსენდება, „ლიტერატურისა და ხელოვნების“ ლექციაზე ლექტორის მიერ მოყოლილი. გი დე მოპასანის მოთხრობაში „ორი ლუიდორი“ ვერასდროს მიხვდები, რატომ მიდის იმ ქალის სახლის კარზე დასაკაკუნებლად სრულიად უცნობი მამაკაცი, ვისაც ცოტა ხნის წინ ზემოთ აღნიშნულმა ქალბატონმა აივნიდან გაუღიმა. ეს ამბავი მე-19 საუკუნის პარიზში ხდება, შესაბამისად, თუ არ ვიცით, რატომ ნიშნავდა სახლში მოხმობას იმ დროინდელ პარიზში აივანზე დგომა, გაღიმება, მთელი მოთხრობა სხვაგვარად გვექნება გააზრებული. ამ ისტორიამ შეიძლება ვიღაცას „შერეკილების“ მარგალიტა მოაგონოს და ეს ასოციაცია ინტუიციურად მცდარი სულაც არ იქნება.

ამჯერად რეზო გაბრიაძის მოთხრობაზე, „თეთრ ხიდზე“ უნდა ვილაპარაკოთ და გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რომელშიც ავტორი მე-20 საუკუნის ქუთაისზე წერდა.

თავის მხრივ, ტექსტს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლის, ბაღდათში დაბადებული ვლადიმირ მაიაკოვსკის სიტყვები აქვს დართული. მაიაკოვსკი ხიდზე დგას და რთული გამოსაცნობი არაა, რომ ეს თეთრი ხიდია.

რეზო გაბრიაძის მოთხრობა თავად ავტორის კომიკური დახასიათებით იწყება და „თავში წამოსარტყმელ“ ბავშვზე პირველ პირში გვიყვება. ტექსტის დასაწყისიც ერთგვარი შემზადებაა იმისთვის, რომ ამ პროცესში სახიდან ღიმილი არ უნდა მოგვშორდეს. ქუთაისს საკუთარ „ხიბლს“, მიმზიდველობას სწორედ ამ ტიპის იუმორი და სილაღეც უნარჩუნებს.

ომის მიუხედავად, რომელმაც დასრულების მერეც არ დააკლო ქუთაისის (და ქვეყნის) მოსახლეობას გაჭირვება, ავტორი იმ პერიოდს იხსენებს, როცა ბიბლიოთეკაში შესვლა ისეთი ბეჯითი მკითხველისთვის, როგორც თავად იყო, არ გახლდათ მარტივი საქმე, მეტიც, წერს: ჯერ იქითა ტროტუარზე უნდა ჩამევლო უინტერესოდ, მერე ასევე უინტერესოდ ხიდიდან უნდა გადამეფურთხებინა და როდესაც დავრწმუნდებოდი, არავინ მიყურებს – ჩქარა შევსულიყავი ბიბლიოთეკაში“. ამ საკითხზე უფრო სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით შეგვიძლია, ვიმსჯელოთ. იმის შესახებ, თუ რატომ იყო ასევე კომიკურად სახიფათო „ბეჯითი მკითხველისთვის“, ოღონდ ბიჭისთვის, ბიბლიოთეკის კარის შეღება, საზოგადოებაში დამკვიდრებული იმდროინდელი წარმოდგენები და სტერეოტიპები მოგვცემს ინფორმაციას.

ალბათ საუბარი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკაზეა, რადგან ის ჯერ კიდევ 1873 წელს დაარსდა ანტონ ლორთქიფანიძის მიერ. შენობა, სადაც გაბრიაძეს უნდა ევლო და დღესაც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, 1939 წელს იქცა ბიბლიოთეკად სწორედ პირველი, 1837 წლის ბიბლიოთეკის საფუძველზე.

ეს ადგილი დღესაც გვიყვარს. ვინ იცის, ბიუროკრატიული (არც ისე არასაჭირო) პროცედურების გამო, რამდენჯერ დამიტოვებია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და იქიდან რომელიმე ჩემთვის სასურველი წიგნით გამოვსულვარ. ისე კი, მკითხველები ყოველთვის ტოვებენ კვალს და თუ ძალიან გავკადნიერდებით, დღევანდელ პირობებში, ეს დოკუმენტი შეიძლება იყოს ამ კვალის „დადასტურება“.

მოთხრობის სიუჟეტი ბიბლიოთეკარების აღწერით გრძელდება. კარი იღება და გაბრიაძე „ორ გაუთხოვარ“ ქალს ხედავს. სიტყვა „გაუთხოვარიც“ და შემდეგ განმარტებაც – „ყველაფერი უკვე ნათქვამი ჰქონდათ ერთმანეთისთვის“ იმდროინდელი ქუთაისური მსოფლმხედველობის ( თუ შეიძლება ასე ითქვას) იუმორისტული გამოხატულებაა. ვინ მუშაობს ბიბლიოთეკაში, თუ არა დასაოჯახებელი ქალი, რომელსაც თამამად შეუძლია მისთვის მნიშვნელოვანი ქალაქური ამბები, სამეზობლოს, სანათესაოსა და სამეგობროს ისტორიები მეორე ასეთს მოუყვეს, ისე, რომ ყავის დალევის დროც თავზე საყრელად იყოს და სალონური საუბრებისაც. ამაზე ხორხე ლუის ბორხესი გაიცინებდა ( მისი მოთხრობა „ბაბილონის ბიბლიოთეკა“, ცხადია, სულ სხვა საკითხს ეხება. ამიტომაა აქ ქუთაისური კონტექსტი მნიშვნელოვანი).

მას შემდეგ, რაც გაბრიაძემ ბიბლიოთეკარების სახეზე შიში ამოიკითხა, იპოლიტე, ქალაქის საპატიო მაცხოვრებელი – ვირთხა, გაახსენდა. ეს ამბავიც იმითაა მნიშვნელოვანი, რომ იმდროინდელ ამბებზე ინფორმაციას გვაწვდის. წარმოიდგინეთ ვირთხა, რომელიც თვით „მსახიობმა ხვიჩიამ“ დამდუღრა და ახლა ქუთაისის ქუჩებში თავისუფლად დაეხეტება თავისი გრძელი, მწვანე კუდით. მოივლის ქუთვაჭრობას, სადაც მუდმივად დიდი ხალხმრავლობა იყო, ლომბარდსაც, სანდრო ცირეკიძის მინიატურა „მოზაიკის ღვთისმშობელში“ ნახსენებ ბაზარსაც და ბანკსაც.

ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რატომ შეიძლება ასეთი ამბები, ვირთხა იპოლიტე და ის მოცემულობა, რომელშიც მე-20 საუკუნის ქალაქი არსებობდა, ამდენად ახლობელი და საინტერესო იყოს ჩემთვის და თან სასიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდებოდეს. მე ხომ არც მე-20 საუკუნის ქუთაისში მიცხოვრია, მეტიც, 21-ე საუკუნის პირველი რამდენიმე წელიც „გამოვტოვე“, მაგრამ მაინც, თითქოს ეს ყველაფერი ცხადად, ვიზუალიზებულად წარმომიდგება. ესეც ალბათ ქალაქის იერსახის დამსახურებაა, არქიტექტურული თვალსაზრისით, ძველი შენობების ესთეტიკით ქუთაისი სიძველეს ინარჩუნებს.

მწერალი იხსენებს, რომ იმ პერიოდში ბიბლიოთეკას მხოლოდ იპოლიტე და თავად სტუმრობდნენ, რაც გასაგებიცაა, როცა მანამდე წერს: „ცხოვრება ძნელი იყო, ცოტა ჰქონდა ხალხს სიხარული და სიამოვნება“. წიგნის კითხვა კი, თუ ფრანც კაფკას არ დავუჯერებთ, სიამოვნება და სიხარული ნამდვილად არის.

იპოლიტე რომ კლასიკოსების წიგნებს შეექცევა, ავტორი კი მისგან დატოვებულს კითხულობს, ასევე, საინტერესო, იუმორისტული ჩანართია. თანაც დასძენს, დღემდე ვგრძნობ ამ დანაკლისსო.

რიონის ახმაურებიდან რიონის გაჩუმებამდე ერთი ამბავი უკვე დაიწერა. შემდეგი ეპიზოდი ადრახნიას ეძღვნება, „მარტო კაცს“, რომელსაც „მხოლოდ პროფილი ჰქონდა“. ამ, ბოლო სიტყვებს თავისთავად დაკრავს უცნაური ელფერი, კერძოდ, მკითხველი ხვდება, რომ ჩვეულებრივ კაცზე არ იქნება საუბარი. შეიძლება, შრამების აღწერით მისი ცხოვრებაც ამოვიკითხოთ და მეტიც, ზოგადად ადამიანის ყოფაზე დავფიქრდეთ. ბევრი ღიმილით ჩაკითხული წინადადების მერე ბიბლიოთეკის კარში ისეთი კაცებიც დაილანდებიან ხოლმე, ყველა წიგნზე საინტერესო, რეალურ ცხოვრებაში პერსონაჟები რომ არიან.

ადრახნია შავყდიან რვეულში წერილის დაწერას თხოვს ავტორს. „კაციშვილმა არ უნდა იცოდეს“ ამ წერილის არსებობა და არც ეცოდინება. ასეთი ამბები ვერც ბიბლიოთეკარებამდე აღწევს და ვერც ქალაქის სხვა ქალბატონებამდე, გარდა ერთისა, რომელსაც აქაც მარგალიტა ჰქვია. არ ვიცი, რატომაა გაბრიაძისთვის ამდენად მნიშვნელოვანი სახელი „მარგალიტა“, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ყველა ქალს, რომელსაც უპირობო სიყვარულს უცხადებენ, სწორედ ასე მოიხსენიებს. „ძვირფასო მარგალიტა, – წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია“. ბოლოს, ერთ-ერთ ლექციაზე გვითხრა ლექტორმა, ისეთი გრძნობა, როგორიც სიყვარულია, გამოხატვის სპეციფიკურ, ინტიმურ ფორმას მოითხოვს, ისეთ სიტყვებს, რომლებიც არსად არ ამოგვიკითხავს და არც გვსმენიაო. ალბათ, ეს ერთ-ერთი მათგანია, ოღონდ გაჟღერება ადრახნიამ დაგვასწრო. ის, რაც ამ წერილში წერია, ამ ერთ ფრაზაში ჯამდება და აღარ იქნება სწორი, ასე, „საიდუმლოდ“ გამხელილი სიყვარული ქვრივისთვის, რომელიც ოთხი წელია, შავებს არ იხდის, სხვებსაც გავუზიაროთ. ეს ისტორია გაბრიელ გარსია მარკესის „სიყვარული ჟამიანობის დროს“ მაგონებს, ექიმ ურბინოს ცოლის უიმედო სიყვარულს „გადაყოლილი“ პერსონაჟით, ფლორენტინო არისათი.

„მის მერე ბარე ორმოცდაათი წელი გავიდა“. ავტორი მშობლიურ ქალაქს უბრუნდება და იმ შეგრძნებას ეძებს, ახალგაზრდობისას თანდათან რომ მინელდება, სხვა ადამიანებს, სხვა გარემოს, სხვა ამბებს შეჩვეულის გულში. რთულია, როცა იმ, ძველი შეგრძნებების გაცოცხლებას ბავშვობის დროინდელი ისტორიებით, ქმედებებით ცდილობ და არაფერი გამოგდის. თითქოს იუმედოდ გრძნობ თავს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დაკარგე, გაეცი. იწყებ ძებნას ყველგან, ის არსადაა, მაგრამ მაინც „არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა“ თავისი სურნელით, რომელსაც თავად იცნობ, ქუდს მოუხდი და მიესალმები. ასე დაიბრუნებ დაკარგულს, უფრო სწორად კი, კარგად დავიწყებულს.

მაშინ, როცა ყველაზე მეტად დაგამწუხრებს საკუთარ ქალაქსა და შენს შორის დაკარგული კავშირი, ლიმონის ყუთზე რომ ჩამოჯდები, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც ან რაღაც, რაც ყველაფერს ერთად გაგახსენებს, თითქოს ღრმა ძილიდან გამოგაფხიზლაო. ადრახნია ასეთი პერსონაჟია. მისი დავიწყება ძნელია. კიდევ უფრო რთულია ის, რომ მსგავსი ადამიანების გავლენით რაღაც ძალიან ახლობელი და მშობლიური უკვალოდ გაქრეს.

ის წერილი ორმოცდაათი წლის მერე „მშვენიერი მარგალიტას მკერდზე ასვენია“, მიწაშია ჩამარხული. ნამდვილად ვეღარ დაავიწყდება კაცს ქალაქი, სადაც თავისი პირველი ნაწარმოები დაწერა და ახლაც მის წიაღში რჩება.

დაკარგვის, ქალაქთან გაუცხოების განცდა ისეთია, რომ მერე დიდხანს ფიქრობ, რატომ ხდება ასე. ჩვენი წილი ქალაქი, რომელსაც ორმოცდაათი, ოთხმოცდაათი წლის ან სულაც საუკუნის მერე ვუბრუნდებით, კონტექსტშეცვლილი და უცხოა, მაგრამ სანამ ადრახნია არსებობს, ჯერ კიდევ არის დაბრუნების იმედი.

ასეთია ლიტერატურა ურბანული გავლენებით, ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი წილი ადრახნია რეზო გაბრიაძის „თეთრ ხიდში“ უნდა ვეძებოთ, პარიზელს კი მოპასანის „ორი ლუიდორი“ გაახსენებს საკუთარ ქალაქს.