ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სიდიდით მეორეა საქართველოში. ახლახან განახლებულ და გაფართოებულ აეროპორტს, წლიურად 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის მიღება შეუძლია. იგი ერთადერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ჰაბია კავკასიის რეგიონში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ისეთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას როგორიცაა Wizz Air, ასევე, ორი სხვა საერთაშორისო ავიაკომპანიის, FlyArystan-სა და Belavia-ს.

ამ მომენტისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს სთავაზობს 36 პირდაპირ ფრენას აზიისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქებსა და ტურისტულად აქტიურ ქალაქებში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თბილისიდან 200 კილომეტრში მდებარეობს, და საკვანძო მნიშვნელობა აქვს. 300 კმ რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს. ხელსაყრელი კლიმატური პირობების და ინფრასტრუქტურის წყალობით, ქუთაისის აეროპორტი სათადარიგო მნიშვნელობისაა – აქ ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში შესაძლებელია რეისის მართვა.

აეროპორტი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით, გააჩნია 2,500 მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შეუძლია.