ქუთაისური ფოტო – მატიანე

foto

გააზიარე:

foto matiane

ავტორი: ლია ხარაიძე

            ,,ცხოვრებისათვის ქეჩოში ხელის ჩავლება“- ასე უწოდა ფოტოგრაფიას XX ს-ის დასაწყისის დოკუმენტალისტმა ძიგა ვეტროვმა. რთულია უფრო ზუსტი შედარების მოძიება. საქართველომდე  ევროპაში  მიმდინარე კულტურული მიღწევები დაუყოვნებლივ აღწევდა, რისი მიზეზიც პირველყოვლისა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა იყო. ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მყოფი ქვეყანა იმთავითვე ხდებოდა ყველა სიახლის თანაზიარი.  XIX საუკუნეში  მიუხედავად  ურთულესი პოლიტიკური სიტუაციისა სამეცნიერო, ტექნიკური, თუ კულტურული სიახლეები უკვე რუსეთის გავლით ხვდებოდა ჩვენამდე.

           ასე შემოვიდა საქართველოში დაგეროტიპი.

           პირველი ფოტოგრაფიული სურათები  1858 წლიდან გვაქვს. თბილისში იხსნება ფოტოგრაფიული ატელიეები. 1863 წელს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა ფოტოგრაფი ედუარდ ვესტლი, რომელმაც ქალაქის ცენტრში გახსნა პირველი სტაციონარული ფოტო ატელიე, სახელწოდებით ,,კავკასიური ფოტოგრაფია“. ვესტლი მეფისნაცვლის პირად ფოტოგრაფად ითვლებოდა. სწორედ ვესტლის ეკუთვნის ქუთაისის პირველი პანორამული ფოტო. (ეს ფოტო  ბარონ ჟოზეფ დე ბაის არქივში ინახებოდა)

                 ქუთაისი რისი ქუთაისი იქნებოდა, რომ საერთო რიტმს ჩამორჩენოდა და სახელმწიფოს მაჯისცემისთვის ფეხი ვერ აეწყო.

                თქვენი ყურადღება  მინდა იმ ადამიანებზე შევაჩერო, რომლებმაც ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს;   ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი, ვინც ქუთაისში ფოტოატელიე გახსნა გახლდათ ალექსანდრე მიხაილოვი. ალექსანდრე მეცხრე კლასის მოსწავლე იყო, როდესაც სახლიდან ძმასთან ერთად გაიქცა და მოხეტიალე ცირკთან ერთად თბილისში ჩამოვიდა ოდესიდან. სახელოსნო ჯერ თბილისში გახსნა, 1874 წელს ქუთაისში დასახლდა, ცოლად შეირთო ნინო ჩირაძე, ქართული ისწავლა, აქაური ტრადიციები  შეითვისა და ქართული ყოფის დიდი მოტრფიალეც გახდა. 1878 წელს მან მელქო კაჩუხაშვილთან ერთად, რომელიც ამ დროისთვის ქუთაისში ახალციხიდან გადმოვიდა, თბილისის ქუჩაზე გახსნა ფოტოატელიე. ამ ფოტოატელიე დამსახურებით არაერთი საინტერესო პორტრეტი, ოჯახური, თუ სოციალური ჯგუფის ფოტოები  იქნა შემორჩენილი. მრავალი საინტერესო ფოტო ინახება საოჯახო ალბომებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.

                   ზესტაფონში, სოლომონ ლიონიძის ქუჩაზე, დიდი ხანია ცხოვრობენ დიდი სახელმწიფო მოღვაწის, ერეკლე II-ის ვიცე კანცლერის, სოლომონ II-ის უერთგულესი თანამებრძოლის, სოლომონ ლიონიძის შთამომავლები. ამ ტრადიციულ ოჯახში სხვა რელიკვიებთან ერთად ინახება უძველესი ფოტო ალბომები, რომლებიც მრავალ საინტერესო სახესა და ისტორიას უყრიან თავს. მათ შორის არის მიხაილოვისა და კაჩუხაშვილის ფოტოატელიეში გადაღებული ფოტოები.  განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო დავით ლიონიძის  ფოტომ  ქოროღლის როლში (ქუთაისის თეატრი). ქოროღლი ხალხური საგმირო-რომანტიკული ჟანრის პერსონაჟია. იგი იყო დიდებული გვარის შთამომავალი, მკვდარი დედის მუცლიდან ამოყვანილი. ,,ქოროღლი გააზრებულია, როგორც ,,საფლავის შვილი.“ქოროღლის ქართული ვერსიის წყარო აზერბაიჯანულისა და თურქულის ვერსიებია. ქართული ვერსიის გმირი უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი  ,,კეთილშობილი ყაჩაღია“. ,,ქოროღლი“ 1853 წელს დადგმულა ქუთაისის თეატრში. პიესის ავტორი ზ. ანტონოვია, რომლის ლიტერატურული სამყარო ნათელი,  ცოცხალი სიუჟეტით, მდიდარი იუმორით არის აღსავსე, რის გამოც ანტონოვის პიესები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში. ნაწარმოები შემთხვევით არ ყოფილა შერჩეულ. ქუთაისის თეატრის სცენაზე კეთილშობილი ყაჩაღი არამარტო გაჭირვებული ხალხის დამცავია, არამედ ეროვნული იდეის მატარებელიც.  ქოროღლის როლი როგორც უკვე მოგახსენეთ დავით ლიონიძეს შეუსრულებია. დავით ლეონიძე იმას გარდა, რომ დიდებული წინაპრის შთამომავალი იყო, თავადაც თავის დროის გამორჩეული ჟურნალისტი და მსახიობიც ყოფილა, აგრეთვე იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დავით ლეონიძე ჯერ ჭიათურის თეატრში თამაშობდა, შემდეგ კი ქუთაისში გადასულა და ქუთაისის თეატრთან აქტიურად თანამშრომლობდა. მისი წერილები იბეჭდებოდა ,,ივერიაში“.

                         არ შეიძლება არ შევჩერდეთ ერთ  ძალიან საინტერესო ტრადიციაზე, რომელიც  იმ დროს ყოფილა გავრცელებული. ეს იყო  ეგრეთწოდებული,,ცოცხალი სურათები“.   1882 წლის მაისში სანქტ-პეტერბურგიდან ქუთაისში ჩამოსულა მიხაი ზიჩი. იგი ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე მუშაობდა.მისი თხოვნით ქუთაისის წარჩინებულ საზოგადოებას ,,ვეფხისტყაოსნის“ სცენები გაუცოცხლებია.  სცენების ფოტოფიქსაციას სწორედ ქუთაისელი ფოტოგრაფები ალექსანდრე მიხაილოვი და მელქონ კაჩუხაშვილი ახდენდნენ. იმ დღეს ნესტან-დარეჯანის კოსტიუმში უმშვენიერესი აგრაფინა ჯაფარიძე იყო გამოწყობილი, ტარიელს კი აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილი შარვაშიძის შვილი, გიორგი განასახიერებდა. (გაზეთი 24 საათი; 2008წ. 22 მარტი) ალ. მიხაილოვისა და მ. კაჩუხაშვილის მიერ გადაღებული ამ დადგმების ფოტოები გადარჩა, განსხვავებით თბილისში გადაღებული ფოტოებისა.    

              მიხაილოვი ს გარდაცვალების შემდეგ მისი საქმიანობა გააგრძელა მისმა მოწაფემ და ნათესავმა ნიკოლოზ საღარაძემ, რომელმაც უზარმაზარი კვალი დატოვა, როგორც ქუთაისის, ისე ზოგადად ფოტოგრაფიის ისტორიაში. ნ. საღარაძე დაიბადა 1877 წელს დაბა ხონში. მშობლებმა ის ქუთაისში, გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოიყვანეს, თუმცა ერთმა შემთხვევამ სამუდამოდ შეცვალა ნიკოლოზის ცხოვრება. მამინაცვალმა ნიკოლოზი თავისი სიძის, ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში მიიყვანა. ბიჭი მაშინვე მიხვდა,რომ ეს ის საქმე იყო რაც მთელი ცხოვრება უნდა ეკეთებინა. მშობლებს სთხოვა,რომ სწავლას მერე გააგრძელებდა, ახლა კი შეგირდად მივებარები მიხაილოვსო. ასე იპოვა პროფესია, რომელმაც ,,ღვაწლმოსილი ოსტატის“ სტატუსი არგუნა. მიხაილოვის გარდაცვალების შემდეგ (1912 წ.) ატელიე კიდევ დიდხანს ატარებდა მის სახელს, თუმცა იქ უკვე ყოფილი შეგირდი ნიკოლოზ საღარაძე მუშაობდა და ახალ ისტორიას ქმნიდა. ნ. საღარაძე მასწავლებლის მსგავსად ძირითადად სტუდიურ ფოტოებს იღებდა.პარალელურად  გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებსა და პანორამულ ფოტომატიანესაც ქმნიდა. ნიკოლოზ საღარაძემ, ისევე როგორც მიხაილოვმა და კაჩუხაშვილმა შემოგვინახეს ქუთაისის თეატრის მსახიობების ჯგუფური, თუ ინდივიდუალური პორტრეტები, ინსცენირებები  ,,მსახიობთა პორტრეტები კოსტიუმებში პოზირებისას.“

             1947 წელს  ნიკოლოზ საღარაძემ ალექსანდრე მიხაილოვისა და თავისი ქუთაისის პერიოდის ნეგატივები და ალბომები საჩუქრად  გადასცა საქართველოს ეროვნულ არქივს.ეს არის ალ. მიხაილოვის ფოტოატელიეს სამუშაო ალბომები, რომლებიც ფასდაუდებელი ქრონიკაა XIX-XX ს.ს-ების მიჯნის ქუთაისის. 2014 წელს ცენტრალურმა არქივმა გრანდიოზული სამუშაო ჩაატარა. გაკეთდა ნეგატივების დიგიტალიზაცია. მოეწყო გამოფენა და დამთვალიერებელმა იხილა, როგორც აღდგენილი, ასევე ორიგინალი ფოტომასალა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად უზარმაზარი სამუშაოს ჩატარებისა ფოტომასალის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შესასწავლია, რასაც ემატება ოჯახებში დაცული ალბომები.

           ალექსანდრე მიხაილოვმა, მელქო კაჩუხაშვილმა და ნიკოლოზ საღარაძემ წარუშლელი კვალი  დატოვეს ქუთაისის ისტორიაში. მათი მემკვიდრეობა ისეთ ქუთაის და ქუთათურებს გვიცოცხლებს და გვახსენებს, რომლებიც დღეს უკვე აღარ არიან.