“ფრანციას პანო”

ფრანციას-პანო

გააზიარე:

ავტორი: ნანული ცხვედიანი


მონუმენტური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში – დიდი კერამიკული პანო „კოლხეთი“, რომელიც 1995 წლიდან ამშვენებს ქუთაისის ცენტრს და თანაქალაქელები სიყვარულით მოიხსენიებენ, როგორც „ფრანციას პანოს“, ცნობილი მხატვრის ბერნარდ (ფრანც) ნებიერიძის (1939 -1987) ერთ-ერთი ბოლო ნაშრომია; შეიძლება ითქვას, განსაკუთრებულად გამორჩეულიც – როგორც ჟანრობრივად, ასევე – მასშტაბურობით.

 ეს არის თვითმყოფადი ხელწერით შექმნილი რელიეფური კომპოზიცია, რომელმაც თავის სიღრმეში ჩაიტია მხატვრის ინტელექტუალური დიაპაზონი, პროფესიული გამოცდილება და პატრიოტული სულისკვეთება.

შეუძლებელია, ამ პანოს წინ გავლილმა ადამიანებმა, თუნდაც ტურისტებმა, ყურადღება არ მიაქციონ ფალიაშვილის ქუჩაზე, ნომერ 15 სახლის კედელზე, დაახლოებით 9 x 10 მეტრის ფართობზე გადაჭიმულ, ქანდაკების ენაზე მოთხრობილ ისტორიასა და პოეზიას, ასე შთამბეჭდავად რომ აუმეტყველებია შემოქმედს.

პანო „კოლხეთი“ მეოცე საუკუნის 80-იან წლებში იქმნებოდა. 1980-1985 წლებში მხატვარმა თავის სახელოსნოში შექმნა და მთლიანად დაასრულა ესკიზი, საგულდაგულოდ დაამუშავა ყველა ფიგურა და დეტალი, ყველა ნიუანსი, რომელიც შემდგომ ქალაქის ცენტრში მდებარე კონკრეტული სახლის კედელზე პანოდ უნდა ქცეულიყო. სამწუხაროდ, მან ვერ მოასწრო თავისი იდეის, თავისი ყველაზე დიდი და რთული პროექტის, ბოლომდე მიყვანა – მოულოდნელად გარდაიცვალა  1987 წელს. ბერნარდ ნებიერიძის პანო , მის მიერ დამზადებული ესკიზის ყველა ფიგურა და დეტალი წარმატებით განთავსდა კედელზე (არქიტექტორი სვანიძე). ნამუშევარი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ იმთავითვე მიიზიდა საზოგადოების ყურადღება.

 რისი თქმა სურს პანოს ავტორს? მისი ჩანაფიქრით, რელიეფური პანოსათვის, უპირველესად, გათვალისწინებულია ადგილი, გარემო, რათა ნაწილობრივ დაუკავშირდეს მდინარე რიონის სიცოცხლით სავსე სანაპიროს, ნათლად გამომზირალ ბაგრატის ტაძარსა და გაბაშვილის გორას. პანოს შინაარსი კი საქართველოს ისტორიას გამოსახავს და ეპოქალურ მოვლენათა უწყვეტ ჯაჭვს იძლევა. კომპოზიციის ცენტრალური ფიგურაა ძველი კოლხეთის ძლიერების გამომხატველი მეფე აიეტი. იგი წარმოდგენილია გაფოთლილი მუხის ფონზე, რომელზეც ოქროს საწმისია გამოსახული. მეფის თავთან ასომთავრული “დონი”არის ამოტვიფრული, ვითარცა მზის- მარადიული სიცოცხლის მიმანიშნებელი. თავად აიეტი ხომ მზის შვილია და დიდი კოლხეთის ძლიერების სიმბოლოდ შემორჩა საუკუნეებს! პანოზე კიდევ არაერთი საინტერესო ფიგურა და მოძრაობაა. მთელ სივრცეში მოქმედება ლოგიკურად ვითარდება -მხატვარი სარგებლობს აზრობრივ და კომპოზიციურ მხარეთა შეპირისპირებით, ერთმანეთს უპირისპირდებიან: ბოროტი და კეთილი, ძველი და ახალი. ყოველ დეტალს თავისი აზრობრივი დატვირთვა გააჩნია და ამავე დროს – მხატვრულად შემაკავშირებლის ფუნქციაც. მხატვრის ჩანაფიქრი პლასტიკური ენითაა ამეტყველებული, პანო ნაძერწია მძლავრი პლასტიკური მოცულობით. მაღალი რელიეფი მრგვალ ქანდაკებას უახლოვდება. ფიგურების მოძრაობები ჩასმულია ერთ ჰარმონიულ მთლიანობაში.იგრძნობა მკაფიოდ და ნათლად დასმული მხატვრული ამოცანა, რომელიც მიმართულია შინაარსის მხატვრული და შთამბეჭდავი გადმოცემისაკენ. კომპოზიცია გამოირჩევა ეროვნულ ფორმათა ძიებით და, ამავე დროს, უაღრესად თანამედროვედ, დროის შესაფერისად იკითხება.

რად ღირს თუნდაც კომპოზიციისა და მთელი პანოს საფუძვლად წარმოდგენილი დამარხული იარაღები სხვადასხვა დროისა. ამით ხაზგასმულია კონკრეტული მხატვრული ამოცანა – დროა, მსოფლიო შეგნება მივიდეს იმ დონემდე, რომ დაიმარხოს, განადგურდეს ადამიანის, ცივილიზაციის უბოროტესი მტერი – იარაღი.

და ბოლოს, ბერნარდ ნებიერიძის პანოს კიდევ ერთი განსაკუთრებული ხიბლი აქვს – ფიგურები, რომლებიც აქაა წარმოდგენილი, სინამდვილეში მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ქუთაისელთა რეალური, საინტერესო პორტრეტებია, აქ ქალაქის კოლორიტულ მოქალაქეთა მთელი გალერეაა. მხატვრულობა და დოკუმენტურობა ისეთ მაღალ დონეზე ერწყმის ერთურთს, რომ ამ ფიგურებზე მთელი ნაშრომის დაწერაც კი შეიძლება.

აი, დაახლოებით ასეთ შთაბეჭდილებას იძლევა ბერნარდ (ფრანც) ნებიერიძის ეს პანო, რომლითაც არა მარტო ქუთაისელთა ახალი თაობები ინტერესდებიან, არამედ – ქალაქში ყოველდღიურად შემოდინებული ტურისტული ჯგუფები. ეს პანო თავადვე იქცა ერთ – ერთ საინტერესო ღირსშესანიშნაობად ქალაქის სტუმრებისათვის და განათლებული, კვალიფიციური გიდის ხელში ქუთაისიდან გაყოლილ ერთ-ერთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებად შეიძლება იქცეს.

ქუთაისის საზოგადოებრიობის დიდი სურვილი და ხელისუფლებისადმი მოთხოვნაც სწორედ ის იყო,  რომ პანოს, დაცვა სახელმწიფოს ბოლომდე უზრუნველეყო და მისთვის  თავიდან აეცილებინა  მოსალოდნელი საფრთხეები… პანოს მხატვრული და დოკუმენტური ღირებულება ამ მოთხოვნის ღრმა საფუძველს იძლეოდა. და, მართლაც, 2019 წლის ივნისში “ფრანციას პანოს” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.