ავტორი: ლია ხარაიძე
ამ ბოლო დროს, როდესაც ჭიათურის მარგანეცის მოპოვების ისტორიაზე იწყებენ საუბარს აკაკი წერეთლის დამსახურების აღნიშვნიდან, პირდაპირ გადადიან ჰარიმანის მოღვაწეობაზე ჭიათურაში. აღნიშნავენ რა საშინელი მდგომარეობა დახვდა ამერიკელ მაგნატს ქალაქში და რამდენი რამის გაკეთება მოასწრო ორიოდე წელიწადში. ჰარიმანის როლსა და დამსახურებას არავინ უარყოფს, მაგრამ ძალიან დასანანია ისე გამოტოვო რამდენიმე ათეულ წელი, თითქოს არც ყოფილა, თითქოს ეს ადამიანები, რომელთაც თავიანთი საქმიანობა სიცოცხლისა და ოჯახების გაწირვის ფასად დაუჯდათ, არც დაბადებულიყვნენ, თუ არადა მათ ბევრის გაკეთება მოასწრეს, საკმაოდ მცირე და რთულ დროში და სწორედ ამ დიდი მამულიშვილების საქმიანობის შეხსენება განვიზრახეთ მიზნად, რათა ოდნავ მაინც მივაგოთ პატივი მათ ხსოვნას და თანამედროვეთ შევახსენოთ რა არის ნამდვილი ქველმოქმედება, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ახლად ფეხადგმული სახელმწიფოსთვის მრეწველთა საზოგადოების შექმნა.
XXს-ის დასაწყისში მანგანუმის მწარმოებელი ძირითადად სამი ქვეყანა იყო: ინდოეთი, ბრაზილია და საქართველო. ძირითადი მომხმარებლები -კი: აშშ, გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, ბელგია, ავსტრია-უნგრეთი, რუსეთი. საქართველო მანგანუმის მოპოვების ლიდერი იყო, რადგან ჩვენი ქვის ხარისხი ბევრად აღემატებოდა სხვა ქვეყნებისას, რის გამოც უცილობელ ლიდერობას ინარჩუნებდა საერთაშორისო ბაზარზე. (იშვიათი შემთხვევების გარდა). წარმოების დაწყებისთანავე ამ პატარა დასახლებას უამრავი ხალხი მოაწყდა სხვადასხვა მიზნით. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ჭიათურაში მადნის მოპოვება დასახლების გეოგრაფიული მდებარეობის გამო, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით მარტივი იყო. ამ პერიოდში ჭიათურის საბადოს ექსპლუატაციას მტაცებლური ხასიათი ჰქონდა. ,,1898წელს ფრანგმა პროფესორმა ევრარმა მოინახულა ჭიათურის მანგანუმის საბადო და განაცხადა: მთელი მსოფლიოს მანგანუმის საბადოები შემომივლი მაქვს, მაგრამ ასეთი მდიდარი საბადო არსად მინახავს, მაგრამ არც მადნის ამოღების ასეთი მტაცებლური წესები მინახავსო“ (,,შავი ოქროს ქალაქი“). ვისაც არ ეზარებოდა და ცოტა ფულზედაც მოეკიდებოდა ხელი ყველა როგორც უნდოდა ისე მოიპოვებდა „მარგანეცს“. სამთო ინჟინერი გ. დეკანოზიშვილი წერდა ,,ყველა, ვისაც კი მოეპოვება ერთი წერაქვი და ორი ნიჩაფი, იწყებს მუშაობას და შეუბრალებლად ღუპავს სიმდიდრეს, რადგან არა ყავს ყურის მგდებელი და მასწავლებელიო“.
საზოგადოების ნაწილი კარგად ხედავდა მავნებლობასაც და სიკეთესაც, რაც საბადოს ექსპლუატაციას ახლდა. პირველი მცდელობა მანგანუმის მოპოვების კანონზომიერების ფარგლებში მოსაქცევად გახლდათ 1896 წელს ქუთაისში ჩატარებული ,,შორაპნის მაზრის მრეწველთა დამფუძნებელი ყრილობა.“ ყრილობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა გიორგი ზდანოვიჩი. შეიქმნა მრეწველთა საბჭო, რომელმაც დიდი როლი შეასრულა, როგორც მანგანუმის ექსპორტის მოწესრიგების საქმეში, ისე ჭიათურის კულტურული ცხოვრების განვითარებაში. უკვე ამ პერიოდიდან იწყება ქალაქის კეთილ-მოწყობაზე ზრუნვა. მრეწველთა საბჭოს მცდელობით 1914 წლისთვის ჭიათურაში უკვე არსებობდა ექვსკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი, საკვირაო სკოლა, ჭიათურის ვაჟთა უმაღლესი სასწავლებელი, ქალთა უმაღლესი დაწყებითი და ბერძენთა ერთკლასიანი სასწავლებლები. პირველი პედაგოგიური კოლექტივი საგულდაგულოდ იქნა შერჩეული: ივანე გომელაური, სიმონ ჯაფარიძე, ალექსანდრე მათიაშვილი, გიორგი ანთელაძე.
ჭიათურის ექვსკლასიანი სასწავლებელი, იმ დროისთვის იმდენად პროგრესული იყო, რომ იაკობ გოგებაშვილი წერდა: ,,თავის თანასწორთა შორის საუკეთესო სასწავლებელს წარმოადგენსო“. აგრეთვე დიდად მნიშვნელოვანი იყო სამკითხველოების გახსნა – ,,ეს სამკითხველოები იყო პირველი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები“.
საბოლოოდ განუკითხაობას ბოლო საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მოეღო, როდესაც შეიქმნა სააქციო საზოგადოება ,,ჩემო“, რომელმაც მონოპოლია აიღო ხელში და მანგანუმის გატანა ბაზარზე მხოლოდ მათ შეეძლოთ, რითაც შავი ქვის ექსპორტი წარიმართა სახელმწიფოს სასარგებლოდ. საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ ისიდორე ვარაზაშვილი მოიაზრება, თუმცა ,,ჩემოს“ სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: გ. ზდანოვიჩი, ნ.ნიკოლაძე, კ. აბაშიძე. ამ საზოგადოებას დიდხანს არ უარსებია. (1919-1925წ.წ-ები). მიუხედავად ხანმოკლე პერიოდისა საზოგადოებამ ბევრი საშვილიშვილო საქმის გაკეთება შეძლო.
დავიწყოთ იმით, რომ საზოგადოება დახმარებას უწევდა განათლების მიღების მსურველ ხელმოკლე ახალგაზრდებს. სტიპენდიებისთვის გამოყოფილი იქნა სოლიდური თანხა, რომელიც განკუთვნილი იყო, როგორც დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის.სტიპენდიები დანიშნული ქონდათ რუსეთის, ავსტრიის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, თურქეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული სტიპენდიებით ისარგებლეს შემდეგში ისეთმა ცნობილმა პიროვნებებმა, როგორებიც არიან კონსტანტინე გამსახურდია, სერგო კლდიაშვილი, დავით კაკაპაძე, იოსებ ყიფშიძე მივხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მრეწველთა საზოგადოების სასტიპენტიო პროგრამა. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მათ საქმიანობას არაერთი მტერი ჰყავდა. ,,ივერიაში“ „მანგანუმი“ მრეწველი პ. წულუკიძე წერდა: ,,იმისთვისაც კი ჰკიცხავენ მრეწველთ, რატომ სასწავლებლის, თეატრის და წიგნთსაცავისთვის ზუნავენო.“
მრეწველთა საბჭოსაგან გაწეული ქველმოქმედებიდან იმას გარდა, რომ ეხმარებოდნენ სკოლებს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, აღსანიშნავია ირანის ქართველი მოსახლეობის დახმარება და ზრუნვა რათა კვლავ შეენარჩუნებიათ ქართული სკოლა.
,,ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 1907 წლის 5 სექტემბერს ქუთაისში გაიმართა მრეწველთა საბჭოს სასწრაფო სხდომა, რომელმაც განიხილა მხოლოდ ერთი საკითხი: ,,პოეტ ი. ჭავჭავაძის ხსოვნის აღმნიშვნა“. საბჭომ დაადგინა: ,,წინადადება მიეცეს მანგანუმის მრეწველთა მორიგ ყრილობას. რათა გამოყოფილი იქნეს 10000 მანეთი სტიპენდიებისთვის“ (გაზეთი ,,ივერია“) ი. ჭავჭავაძის ძეგლის აგებისთვის მრეწველთა საბჭომ გაიღო 500 მანეთი. საბჭოს წარმომადგენელი მონაწილეობდა, როგორც ძეგლის აგების საკითხის განხილვაში, ისე ძეგლის გახსნაში.
სააქციო საზოგადოება ,,ჩემოს“ ძალისხმევით არის აგებული აკაკი წერეთლის ძეგლი მთაწმინდაზე. მათი თაოსნობით იქნა შეძენილი ბიბლიოთეკა ახლადგახსნილი უნივერსიტეტისათვის. დღესაც ისიდორე ვარაზაშვილის ოჯახში რუდუნებით ინახება ივანე ჯავახიშვილის ხელით დაწერილი წერილი, რომელშიდაც ევროპაში მანგანუმის საქმეზე წასულ ისიდორე ვარაზაშვილს თხოვს ლაბორატორიის აღჭურვილობას უნივერსიტეტისათვის. გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგსა და მიუნხენში დაარსებული იქნა ,,რუსთაველის“ საზოგადოებები. გარდა იმისა, რომ ეს საზოგადოებები საზღვარგარეთ მყოფ სტუდენტებს ყოველგვარ დახმარებას უწევდნენ, სხვა სასიკეთო საქმიანობასაც ეწეოდნენ. სხვათაშორის ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი ,,რუსთაველის“ საზოგადოებების საქმიანობა, რომელიც ალბათ კიდევ მრავალ საინტერესო ამბავს ინახავს.
1926 წელს ისიდორე ვარაზაშვილმა ნიკო ნიკოლაძესთან ერთად დააარსა თბილისის საპატიო-საგამომცემლო საზოგადოება „ქართული წიგნი”, სადაც გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული, დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის ლექსთა კრებულები, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ თარგმნილი უცხოელ კლასიკოსთა ნაწარმოებები.
სამწუხაროდ არ დასცალდათ დიდი გეგმების განხორციელება. სწორედ ნიკო ნიკოლაძესა და ისიდორე ვარაზაშვილს ეკუთვნოდათ სამრეწველო წრედის „ჭიათურა – ზესტაფონი – ფოთის“ გეგმა.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ საზოგადოებრივი საქმიანობისა რასაც მრეწველთა საბჭო დაარსების დღიდან ეწეოდა. ბევრი რამ შესასწავლია, ბევრიც ალბად განადგურებული, ან უკეთეს შემთხვევაში რთულად მისაკვლევი, რადგან მრეწველთა კავშირის წევრთაგან თითქმის ვერავინ გადაურჩა რეპრესიებს. მათი ადამიანური ტრაგედიები ცალკე თემაა და აუცილებლად მოითხოვს ყურადღებას და პატივის მიგებას. ქველმოქმედებამ, რომელიც ამ საზოგადოებამ გასწია, ნამდვილად გაუძლო დროს.
