ქალაქის ურბანული თანაარსებობა და ემოციური კავშირები

ქუთაისის ურბანული თანაარსებობა

გააზიარე:

ავტორი: ნია კუჭავა

 

ქალაქის, როგორც სუბიექტური გამოცდილების იდეა თანამედროვე ურბანული ანთროპოლოგიისთვის ძალიან აქტუალურია. უკანასკნელი ტენდენციებით ქალაქი აღარ მოიაზრება მხოლოდ მისი ფორმალური, ტექნიკური დახასიათებით, არამედ იმ მნიშვნელობათა სისტემებითა და მატერიალური აფექტებით, რომლებსაც აქ მყოფი ინდივიდები განიცდიან ან მიაწერენ მას. შესაბამისად, პოპულარული აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანებს სანდოობის, ნაცნობობისა და სიმყუდროვის განცდა აკავშირებთ ურბანულ სივრცესთან, ამ შემთხვევაში კი, უშუალოდ ქუთაისის კონტექსტში, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული, მათ შორის კი, კულტურული ნაცნობობის ფენომენითა და იმ ინფრასტრუქტურული თავისებურებებით, რომლებიც ზემოთ ხსენებულ აფექტებს აღძრავს.

კულტურული კავშირი ურბანულ სივრცეში ასევე არაფორმალურ პრაქტიკებს მოიცავს. ეს არის ჯგუფის ნაგულისხმევი წარმოდგენების ერთობლიობა საკუთარი კულტურული იდენტობისა და კუთვნილების შესახებ, რომლის არსებობაც არ ეფუძნება ფორმალურ ლეგიტიმაციასა და გაცხადებულ ცოდნას.[1] ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში არსებობს აზრის ახალი ხაზი, რომელიც მსგავს არაფორმალურ პრაქტიკას საზოგადოებაში სოლიდარობის განცდის შექმნის ერთ-ერთ უპირობო მიზეზად განიხილავს. შესაბამისად, ისეთი ურბანული სივრცეც, როგორსაც ქუთაისი გვთავაზობს, არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ბიუროკრატიული მიმართებებითა და დაშვებებით, ეს სივრცე, პირველ რიგში, ინდივიდებს შორის ურთიერთობებსა და მიმართებს ეფუძნება. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ჯგუფისთვის არაფორმალური პრაქტიკები, რომლებიც განსაზღვრავს პირად ურთიერთობებსა და, რაც მთავარია, ამ ურთიერთობების დინამიკაში ძალაუფლების განაწილებას, სიახლოვის განცდასა და ემოციური გაცვლების შინაარსს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია. ურბანულ სივრცეში ადამიანებს შესაძლოა ბმა ჰქონდეთ თავიანთ სახლთან, სამეზობლოსთან, უბანთან, იმ სივრცეებთან, რომლებსაც თავად ირჩევენ ან თავად

აწყობენ და რომლებთან მიმართებითაც სიმყუდროვე პირადი სუბიექტურობის განსხეულებას შეგვიძლია მივაწეროთ. საერთო სივრცეები ურბანულ კონტექსტში კი ინდივიდუალური მოწყობისგან დაცლილია, თუმცა მისდამი ნდობისა და ნაცნობობის განცდა ინდივიდუალურ დონეზე შეიძლება მაინც გაჩნდეს სწორედ იმ არაფორმალური პრაქტიკების გამო, რომლებიც გაზიარებულია ამ სივრცეში მყოფი ადამიანებისთვის. სწორედ ასეთი კულტურული ნაცნობობის შეგრძნება შეიძლება გამოიხატოს თვითირონიაში, საერთო სირცხვილის შესახებ ხუმრობაში, მეტაფორებსა და ნოსტალგიაში. ამით აიხსნება ისიც, რომ ხშირად ურბანულ კონტექსტში ადამიანები ხაზს უსვამენ ისეთ შტრიხებსაც, რომელთა მიმართაც მორალური კომენტარი და დამოკიდებულებაც სრულიად არ იყოს ცალსახად დადებითი, თუმცა ამით იმყარებდნენ ნაცნობობის განცდას, რომელიც თუნდაც საერთო კრახის აღნიშვნით სირცხვილის აფექტის გადალახვით დგება.

კულტურული ნაცნობობისა და მიკუთვნებულობის განცდა შესაძლოა მატერიალურ ფორმებშიც გამოიხატოს. აფექტის მატერიალურობის იდეის თანახმად, ურბანული სივრცე არამხოლოდ ინფრასტრუქტურისა და მატერიალური ობიექტების ერთობლიობა, არამედ გნსხეულებული ფენომენია, რომელიც მუდმივად გარდაიქმნება ინდივიდის სუბიექტური მიმართებებითა და სოციალური ცხოვრებით.[2] მსგავსი მიმართებაც შეიძლება განმსაზღვრელი იყოს ქალაქის სუბიექტური აღქმისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული სტრესიც, რომელიც ადამიანებს სივრცის მუდმივი ცვლილებით, დაუმთავრებელი სამუშაოებისა და არასტაბილურობის განცდის გამო აწუხებდეთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა განვიხილოთ არამხოლოდ მისი უშუალო დანიშნულების ჭრილში, არამედ იმ ემოციური ინვესტიციებითა და მნიშვნელობებით, რომლებსაც ადამიანები ანიჭებენ, მაგალითად, ხიდებსა და გზებს.[3] სწორედ ამ შინაარსებით განისაზღვრება ურბანულ კონტექსტში თუნდაც ის პოლიტიკური განზომილებები, რომლებიც არქიტექტურასა და ინფრასტრუქტურასთან მიმართებით ჩნდება და რომლებმაც იზოლაციის, მიტოვებულობის შეგრძნებების ან პოლიტიკური კრიტიკის ფორმას იღებს. ზემოთ ხსენებული ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალურია პოსტსაბჭოთა სივრცის კონტექსტში, რომლის არქიტექტურასა და მოწყობასთან არსებულ მიმართებებში შეგვიძლია დავინახოთ ძველი სივრცეების ნგრევის, მისთვის ახალი მნიშვნელობების მინიჭების მცდელობები, რომლებიც სივრცეებს ახალ პოლიტიკურ რეალობასთან აკავშირებს.[4] ქუთაისშიც გვხვდება არაერთი შენობა, მათ შორის, სოციალისტურ წარსულთან დაკავშირებული, რომელიც იმ წარსულს გვახსენებს, რომელსაც ვაკრიტიკებთ. ასევე, მიტოვებული შენობები, რომლებიც დემოკრატიული მომავლისა და სრულიად ახალი პოლიტიკური ხედვის სიმბოლო შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ადამიანების მეხსიერებაში ტრამვასთან ან თავისი მიტოვებულობით ამ პოტენციალთან გამომშვიდობების შინაარსს ითვისებდეს და განსაზღვრავდეს ამ სივრცეების სუბიექტურ აღქმას. შესაბამისად, ადამიანები მუდმივად ორიენტირებენ ატმოსფეროში, რომელშიც მატერიალურ ობიექტებს მუდმივად ეცლებათ ან ენიჭებათ ძველი თუ ახალი მნიშვნელობები, რაც განსაზღვრავს ქალაქთან მიმართებით არსებულ სუბიექტურ დამოკიდებულებებს, რომლებიც პოპულარულ, გაზიარებულ

აზრებში ითარგმნება განცდილი აფექტების შესაბამისად. ზემოთ მოცემული მსჯელობა სწორედ იმ არაფორმალურ პრაქტიკებსა თუ მატერიალურ პრაქტიკებს ეხება, რომლებიც ქმნის ქალაქის ინდივიდუალურ გამოცდილებებსა და განცდებს.

 

ბიბლიოგრაფია

Herzfeld, Michael. Cultural Intimacy: Social Poetics and the Real Life of States, Societies, and Institutions. Routledge Classic Texts in Anthropology. New York: Routledge, 2016.

Knox, Hannah. “Affective Infrastructures and the Political Imagination.” Public Culture 29, no. 2 (82) (2017): 363–384. https://doi.org/10.1215/08992363-3749105.

Low, Setha M. “Embodied Space(s): Anthropological Theories of Body, Space, and Culture.” Space and Culture 6, no. 1 (2003): 9–18. https://doi.org/10.1177/1206331202238959.

ხალვაში, თამთა. „პოსტსოციალისტური ქალაქი – დეკოლონიზაციის ძიებაში“. სოციალური სამართლიანობის ცენტრი. 4 აპრილი, 2019. https://socialjustice.org.ge/ka/products/postsotsialisturi-kalaki-dekolonizatsiis-dziebashi.

  1. Michael Herzfeld, Cultural Intimacy: Social Poetics and the Real Life of States, Societies, and Institutions (New York: Routledge, 2016), 14-20.

  2. Setha M. Low, “Embodied Space(s): Anthropological Theories of Body, Space, and Culture,” Space and Culture 6, no. 1 (2003): 9-18. DOI: 10.1177/1206331202238959

  3. Hannah Knox, “Affective Infrastructures and the Political Imagination,” Public Culture 29, no. 2 (82) (2017): 363-384. DOI:10.1215/08992363-3749105

  4. თამთა ხალვაში, ,,პოსტსოციალისტური ქალაქი – დეკოლონიზაციის ძიებაში,” სოციალური სამართლიანობის ცენტრი, accessed on December 10th, 2025, https://socialjustice.org.ge/ka/products/postsotsialisturi-kalaki-dekolonizatsiis-dziebashi.