ქუთაისი: მითი და ლიტერატურა – პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

წიგნის ფესტივალი ქუთაისი

გააზიარე:

ავტორი: ბაია კოღუაშვილი

 

ქუთაისის მითოლოგიური თუ ისტორიული წარსული უამრავი თავმოწონების მიზეზია. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ იგი მსოფლიოს ხუთ უძველეს ქალაქთა შორის არის დასახელებული და მისი მოხსენიება ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებში ძვ.წ. VII იწყება, ხოლო მითი არგონავტების შესახებ, რომელშიც მოხსენიებულია ჩვენი ქალაქი, უფრო ძველია, ვიდრე მითი ტროას ომის შესახებ (ძვ.წ. XIV ს.), რადგან მასში მონაწილეობდნენ არგონავტების მოლაშქრეთა შვილები და შვილიშვილები.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მითისა და ლიტერატურისთვის მიგვეძღვნა პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელსაც 2025 წლის 28-30 ნოემბერს პირველად უმასპინძლა ქუთაისმა იუნესკოს ლიტერატურული ქალაქის სტატუსით. ფესტივალი, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო ორგანიზებული, მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმად იქცა – ქართველი თუ უცხოელი მკვლევრები, მწერლები, მთარგმნელები და ლიტერატურის მოყვარულთა ფართო საზოგადოება შეკრიბა.
ფესტივალის მთავარი მიზანი და კონცეფცია იყო ქუთაისის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ლიტერატურული პროცესების წარმოჩენა საერთაშორისო კონტექსტში: ქალაქის ისტორიული, მითოლოგიური და არქეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობა ისტორიულ-კულტუროლოგიური თვალსაზრისით და თანამედროვე ლიტერატურული ცხოვრების წარმოჩენა.
ფესტივალის დღიური ასეთია: 28 ნოემბერს ქუთაისის I საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა. უნივერსიტეტის A კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გახსნის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ ქვეყნის და ქალაქის მესვეურები – უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, რომლებმაც თავიანთი აქ ყოფნით საქმით დაამტკიცეს, როგორ გულშემატკივრობენ ქალაქს და ყველა კარგ წამოწყებას – მინისტრები, ელჩები, პარლამენტის წევრები, რწმუნებულები, მერები, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, საუნივერსიტეტო საზოგადოება, აკადემიური სივრცის წარმომადგენლები, სტუდენტები და უბრალოდ, ლიტერატურის მოყვარულები. ფესტივალი გამორჩეული იყო აკადემიური შემადგენლობით. აქ იყვნენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ილიას სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის ცნობილი ქართველი მეცნიერები და მკვლევრები. ფესტივალში აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მწერალთა სახლის, ქუთაისის ცენტრალური არქივის, ხელნაწერთა და ლიტერატურის ინსტიტუტების წარმომადგენლები.

გახსნის ცერემონია დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კაპელას (დირიჟორი ზურაბ კაჭარავა), ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის (დირიჟორი ირინე ლომინაძე) და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (ლოტბარი ქეთევან ბანცაძე) გამოსვლით, რამაც აღფრთოვანებაში მოიყვანა მრავალრიცხოვანი დამსწრე საზოგადოება.
მეორე დღეს ფესტივალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. გამოიკვეთა ის დამსახურება, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუძღვის ლიტერატურის განვითარებაში. 1933 წლიდან მოყოლებული, იქ შეიქმნა ძლიერი ლიტერატურული სკოლები, რომელთა წარმომადგენლები აღიარებული მკვლევრები, აქტიურად არიან ჩართული ქართული, ანტიკური, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, აღმოსავლური ლიტერატურის შესწავლის საქმეში.
ფესტივალის ეგიდით ქუთაისი მასპინძლობდა ბევრ უცხოელს, გამორჩეულ ლიტერატორებს, როგორებიც იყვნენ: მანფრედ იაკობსი – მწერალი, სცენარისტი (ავსტრია); ულრიკე იაკობსი – მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი (ავსტრია); ჰიროკო მასუმოტო – ფილოლოგი, კობეს უნივერსიტეტის პროფესორი (იაპონია); ვალერი გრეჩკო – ფილოლოგი, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი (იაპონია); უტე ვერნერი – კინოდოკუმენტალისტი (გერმანია); რალფ შოკი – მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი (გერმანია); მარია ანხელეს გრანდე როსალესი – გრანადის უნივერსიტეტის პროფესორი (ესპანეთი) და სხვები.
ფესტივალის აკადემიურ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალი იყო, რამაც განაპირობა მასში ფართო საზოგადოების აქტიური ჩართულობა და საერთო სახალხო ზეიმად ქცევა. ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამაში მონაწილეობდნენ განსხვავებული ინტელექტუალური ინტერესების მქონე აკადემიური და შემოქმედებითი წრეები, გამომცემლობების წარმომადგენლები, ლიტერატურის მოყვარულ ფართო საზოგადოება.
ფესტივალის აკადემიური პროგრამა ექვს დისკუსიად დაიყო: დისკუსია მრგვალ მაგიდასთან I – „ქუთაისი: მითოსური, ისტორიული, ლიტერატურული“ (მოდერატორები: ავთანდილ ნიკოლეიშვილი და სულხან კუპრაშვილი) მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის: ლიტერატურული ქუთაისი ისტორიული განვითარების კონტექსტში, ანტიკური მითოლოგიითა და არქეოლოგიური მემკვიდრეობით დაწყებული, ცისფერყანწელების ეპოქით გაგრძელებული და ევროპელ მოგზაურთა თვალით დანახული ქუთაისით დასრულებული.
მომხსენებლებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები: „ქუთაისი (VIII საუკუნე -1222წ.)“ – როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; „სასტუმროები XIX საუკუნის ქუთაისში ისტორიულ-კულტუროლოგიური თვალსაზრისით“ -მერაბ კეზევაძე, ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორი; „მედეა და ქართული თეატრი“ – ქეთევან ნადარეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მარიამ კალაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი; „ბიზანტიის ქართველი დედოფალი“ – ზაზა აბაშიძე, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი და რევაზ კლდიაშვილი, მწერალი; „ცისფერყანწელები: ჩვენი ევროპელი წინაპრები და კომუნისტური დიქტატი“ – ნინო ჩხიკვიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, თავისუფალი მკვლევარი; „XIX-XX საუკუნეების ქართული მწერლობის უმთავრესი ტენდენციები ევროპულ ლიტერატურულ პროცესთან მიმართებით“ – ავთანდილ ნიკოლეიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

დისკუსია მრგვალ მაგიდასთან II მიეძღვნა პრობლემას – „ქართულ-დასავლური ლიტერატურული ურთიერთობები“ (მოდერატორი: ალექსანდრე კარტოზია). მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საინტერესო თემები, როგორიცაა ფრიდრიხ შილერის დრამები ჯუზეპე ვერდის ოპერებში და ზაქარია ფალიაშვილი და ევროპული კულტურა: ინტერტექსტური დიალოგები. წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები: „გერმანული ლიტერატურის კვლევის ისტორია საქართველოში: მეთოდები და პრიორიტეტები“ – კონსტანტინე ბრეგაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; „ავანგარდი საქართველოში“ – ვალერი გრეჩკო, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი; „ფალიაშვილის მესის გამოცემისთვის“ – მანანა ფხაკაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, და თამარ ჭეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; „პოლონური დრამატურგია ქართული თეატრის სცენაზე“ – ვერა ოცხელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; „ზაქარია ფალიაშვილი და ევროპული კულტურა: ინტერტექსტური დიალოგები“ – გვანცა ღვინჯილია, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი; „გივი მარგველაშვილის პროზის თავისებურებანი“ – ალექსანდრე კარტოზია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
დისკუსია მრგვალ მაგიდასთან III – „ლიტერატურა და ინტერმედიალობა“ (მოდერატორი: ლაშა ჩხარტიშვილი) დაეთმო ლიტერატურის ურთიერთქმედების საკითხს ხელოვნების სხვადასხვა ფორმასთან, როგორიც არის, ვიზუალური ხელოვნება, კინო, მუსიკა და თეატრი. განხილულ იქნა ტექსტის ტრანსფორმაცია უახლეს სათეატრო რეჟისურაში და კინოენაზე ამეტყველებული ქართული მითები, იგავები და ლეგენდები. მომხსენებლებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები: „ნიცშეს ზარატუსტრას მუსიკალური ადაპტაციები (გუსტავ მალერი, რიხარდ შტრაუსი)“ – ნანული კაკაურიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; „ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების რეცეფცია იაპონიაში“ – ჰიროკო მასუმოტო, კობეს უნივერსიტეტის პროფესორი; „ტექსტის ტრანსფორმაცია უახლეს სათეატრო რეჟისურაში“ – ლაშა ჩხარტიშვილი, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დირექტორი; „ანტონ მალჩევსკის პოემა მარიას ტრანსფორმაცია რომან სტატკოვსკის ოპერაში მარია“ – ბაია კოღუაშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; „კინოენაზე ამეტყველებული ქართული მითები, იგავები და ლეგენდები“ – ლელა ოჩიაური, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
დისკუსია მრგვალ მაგიდასთან IV – „თარგმანი, როგორც კულტურათა დიალოგი“ (მოდერატორი: პაატა ჩხეიძე) ეძღვნებოდა თარგმანის როლს ლიტერატურათა ურთიერთგამდიდრების საქმეში. მონაწილეებმა ისაუბრეს თარგმანზე, როგორც კულტურათშორისი მედიაციის ფორმაზე, ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე თარგმნის პრობლემებსა და პერსპექტივებზე, ქართულ მთარგმნელობით მემკვიდრეობაზე: წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები: „პოეტური თარგმანი: შემოქმედებითი პროცესი თუ აზრის ინტერპრეტაცია“ – ნანა ტონია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; „ისტორიული ფაქტებისა და მითების მხატვრული ინტერპრეტაცია ტონინო გუერას რომანში თბილი წვიმა“ – ქეთევან ტომარაძე, მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი; „ისტორიული დოქტორი ფაუსტუსი: მითოსი, ლიტერატურა, რეალობა (წიგნის ანონსი)“ – თამაზ გვენეტაძე, პუბლიცისტი, მთარგმნელი; „ტ. ს. ელიოტის ჯ. ალფრედ პრუფროკის სასიყვარულო საგალობელი: დავით წერედიანის თარგმანი“ – პაატა ჩხეიძე, მთარგმნელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
დისკუსია მრგვალ მაგიდასთან V – „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული ლიტერატურის წახნაგები“ (მოდერატორი: როსტომ ჩხეიძე) მიეძღვნა ქართული ლიტერატურის ძირითადი ტენდენციების პრობლემებს XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე, შემოქმედებით ტრაგიზმს და ჰეროიკას საბჭოთა ხანის იდეოლოგიური წნეხის ფონზე, გარდამავალი პერიოდის პიროვნული თავისუფლების ძიებასა და იდენტობის კრიზისზე, ინოვაციისა და ტრადიციის ურთიერთმიმართების საკითხს პოსტმოდერნისტულ პროზაში. წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები: „პიროვნული თავისუფლების ძიება პოსტსაბჭოთა ლიტერატურაში (ორი საუკუნის გასაყარზე)“ – ნინო ვახანია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; „ქართული პოსტმოდერნისტული პროზის რაკურსები და კონტექსტი: ტრადიცია და ნოვაცია (მიმდინარე სამწერლო პროცესი)“ – მარინე ტურავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; „ქუთაისის, როგორც ევროპული ქალაქის, რეტროსპექტივა“ – ელგუჯა თავბერიძე, მწერალი, ქუთაისის საგამომცემლო ცენტრის დირექტორი; „მწერლობის ტრაგიზმი და ჰეროიკა (საბჭოთა ხანა)“ – როსტომ ჩხეიძე, მთარგმნელი, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი.
დისკუსია მრგვალ მაგიდასთან VI – „ლიტერატურა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში“ (მოდერატორი: ცირა ბარბაქაძე) ეძღვნებოდა თანამედროვე ლიტერატურულ სიახლეებსა და ტენდენციებს. მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიც არის: ციფრული ეპოქის ლიტერატურა, ჰიპერტექსტი და პოსტდიგიტალური ტექსტუალობა, ლიტერატურისა და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთმიმართება, იდენტობის ნარატივები თანამედროვე ლიტერატურაში. მომხსენებლებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები: „ჰიპერტექსტიდან ალგორითმამდე: პოსტციფრული ტექსტუალობის ახალი შემადგენლები“ – მარია ანხელეს გრანდე როსალესი, გრანადის უნივერსიტეტის პროფესორი; „ელექტრონული ლიტერატურა, როგორც თანამედროვე ლიტერატურის ევოლუციის ახალი მიმართულება“ – თამარ მებუკე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; „ხელოვნური ინტელექტი და ლიტერატურა“ – ცირა ბარბაქაძე, მწერალი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი.
ყოველ ჯერზე, დისკუსიებში ფესტივალის მონაწილეებთან ერთად, ჩართული იყო დამსწრე საზოგადოება.
გარდა აკადემიური პროგრამისა, ლიტერატურულ ფესტივალზე გაიმართა ოთხი წიგნის პრეზენტაცია :

1. მანფრედ და ულრიკე იაკობსები – Die Grenzgängerin: Elisabeth von Lothringen (2007)

2. პაატა და როსტომ ჩხეიძეები – ტ. ს. ელიოტის „უცხო ღმერთების შემდგომ: ქართული თარგმანი (2025) 3. ირმა რატიანი – დრამის პოეტიკა ქართული აქცენტით (2025) 4. რალფ შოკი – Nach Kolchis: Faszination Georgien – Reiseimpressionen (2021)

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში შედგა ქართული გამომცემლობების ლიტერატურული პროდუქციის წარდგენა და ავტორებთან შეხვედრები. შორენა შავერდაშვილმა (შავერდაშვილი გამომცემლობა) წარმოადგინა ნინია სადღობელაშვილის შემოქმედეაბა. გამომცემლობა „კენტავრის”სტენდზე განთავსდა ნიკოლოზ წულუკიძის, ლაშა ჩხარტიშვილისა და მანანა პაიჭაძის წიგნები, რომლებიც წარმოდგინეს თავად ავტორებმა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ წარმოადგინა ზურაბ არჩვაძის წიგნი „ფედრას“ რეინტერპრეტაციის საკითხისთვის ქართულ ენაზე, საგამომცემლო ცენტრის „ქუთაისის” ხელმძღვანელმა ელგუჯა თავბერიძემ – მისივე ხუთტომეული კრებული „ქუთაისური ქრონიკები“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ – ირმა რატიანის წიგნი დრამის პოეტიკა ქართული აქცენტით (2025); მწერალთა სახლმა ნანა ტონიას ფილოსტრატოს უფროსი, სურათები; მთარგმნელმა ჰარუნ ჩიმქემ ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე და გაუზიარა მსმენელებს თავისი მთარგმნელობითი გამოცდილება. წარმოდგენილი იქნა ჟურნალები, რომლებიც გამოიცემა ქაუთაისში: „განთიადი“, „მწვანეყვავილა“, „თეთრი ხიდი“, „აფინაჟი“, გაზეთი „უქიმერიონი“.
აღსანიშნავია, რომ გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი წიგნები, ფესტივალის დასრულების შემდეგ, საჩუქრად გადაეცა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. ეს მნიშვნელოვანი შენაძენი გაამდიდრებს უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდს და ღირებული სასწავლო მასალა იქნება სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამედროვე ქართული ლიტერატურის, თარგმანის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის საკითხებით.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში გამართული ღონისძიება გაამდიდრა კულტურულმა პროგრამამ. ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო გაერთიანებასთან არსებულმა სიმებიანმა კვარტეტმა კლასიკური მუსიკის გამორჩეული შედევრები, რამაც განსაკუთრებული ემოციური ფონი და ამაღლებული განწყობა შექმნა. დარბაზში გამოფენილი იყო ოთარ ქანდარიას ილუსტრირებული ანბანი, ბიბლიოგრაფიული იშვიათობები აწსუ-ს საბიბლიოთეკო ფონდებიდან. დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა ქართული წიგნის ილუსტრაციების მრავლისმომცველი და მნიშვნელოვანი გამოფენა. ერთ სივრცეში გამოიფინა ორი სხვადასხვა ინსტიტუციის კოლექცია: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის კოლექციებში დაცული ქართული წიგნის გრაფიკული ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სერგო ქობულაძის, შალვა ქიქოძის, ირაკლი თოიძის, ლადო გუდიაშვილის, ლადო გრიგოლიას, დავით კაკაბაძის, გულდა კალაძის, თენგიზ მირზაშვილის, ლევან ცუცქირიძის, თამარ ქარბელაშვილის, თეიმურაზ ყუბანეიშვილის, ზურაბ ლეჟავას, ოთარ ქანდარიას, ავთო აბესაძის და სხვა ავტორების ილუსტრაციები.
ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავდა ტურებს ქუთაისის ღირსშესანიშნაობებსა და მუზეუმებში, მათ შორის, ნიკო ბერძენიშვილის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმსა (გამოფენა: ქუთაისური ფოლიანტები) და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში.

უცხოელ დელეგატებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლმა.
ფესტივალის ბოლო დღეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო ეროვნული თეატრის მიერ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იყო სპექტაკლი ,,მიჯაჭვული პრომეთე“, რომელიც ეხმიანებოდა ფესტივალის სახელწოდებას ,,ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“ და ქართველ თუ უცხოელ სტუმართა გულწრფელი აღფრთოვანება გამოიწვია. ბატონი რობერტ სტურუას რეჟისურამ და რუსთაველის თეატრის მსახიობთა ნიჭიერებამ უცხოელ დელეგატებს ქართული თეატრალური ხელოვნების მაღალი დონე და ორიგინალური ხედვა აჩვენა. სპექტაკლი ფესტივალის ერთ-ერთ ცენტრალურ მოვლენად იქცა და წარმოჩინა ქართული კულტურის ღრმა ფილოსოფიური და არქეტიპული ფასეულობები.
ფესტივალის დახურვის ცერემონიალი ჩატარდა სსიპ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. ფესტივალის მონაწილეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ფილიალის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელთა გუნდებმა, ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ნაინაი“.
დახურვის ცერემონიალზე მიღებულ იქნა დეკლარაცია „ქუთაისი: კულტურის, ლიტერატურის და განათლების ქალაქი”, რომელიც განსაზღვრავს ქალაქის როლს ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობის საქმეში.

დეკლარაცია ითვალისწინებს:

• უმასპინძლოს საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებს, საჯარო აკადემიურ დისკუსიებსა და წიგნების პრეზენტაციებს და მხარი დაუჭიროს კვლევით და შემოქმედებით პროექტებს.;

• ხელი შეუწყოს როგორც ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე თარგმნასა და საზღვარგარეთ გავრცელებას, ისე უცხოური ლიტერატურის გადმოქართულებასა და ქართველ მკითხველამდე მიტანას;

• აქციოს ქუთაისის საგანმანათლებლო-კვლევითი, კულტურული და სახელოვნებო ინსტიტუტები შემოქმედებითი ღონისძიებების ჩატარების ადგილად და შთაგონების წყაროდ.;

• გააღრმაოს აკადემიური და შემოქმედებითი წრეების ინტერდისციპლინური თანამშრომლობა.;

• პატივი სცეს კულტურულ მემკვიდრეობასა და ლიტერატურულ ტრადიციას და ხელი შეუწყოს მხატვრულ-ესთეტიკური აზროვნების თანამედროვე ტენდენციების შესწავლას.;

• აქტიურად ითანამშრომლოს იუნესკოსთან და იუნესკოს „ლიტერატურული ქალაქების” ქსელის სხვა წევრებთან.

• ხელი შეუწყოს ქუთაისის ლიტერატურული და კულტურული საგანძურის პოპულარიზაციას საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებზე.

• შექმნას მკვლევართა მიზნობრივი ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ორენოვან მონოგრაფიას ქუთაისის კულტურულ-ლიტერატურული ტრადიციებისა და თანამედროვე სამწერლო პროცესის შესახებ.

• ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უზრუნველყოს ქუთაისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ჩატარება.

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭეროს ამ ძალიან საჭირო საქმეს.

ქუთაისის I საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალმა „ქუთაისი: მითი და ლიტერატურა” კიდევ ერთხელ აჩვენა ქუთაისის მზარდი მნიშვნელობა საერთაშორისო კულტურულ სივრცეში და გამოკვეთა მისი პოტენციალი თანამედროვე ლიტერატურული პროცესების განვითარებაში.
ფესტივალმა ნამდვილ დღესასწაულად აქცია გვიანი შემოდგომის დღეები ქუთაისში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით, ფესტივალისთვის გამოიცა საინფორმაციო ბუკლეტი.
ფესტივალის ორგანიზებასა და მსვლელობაში მნიშვნელოვანი წვრილი შეიტანეს კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილებამ, ქუთაისის საერთაშორისო და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა; ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ფილიალმა, მედია საშუალებებმა და სხვებმა.
ფესტივალზე აღნიშნა, რომ მართალია, ქალაქიდან ბევრი საუკეთესო ხელოვანი, მწერალი, პოეტი წავიდა მე-19-20 საუკუნეებში, მიდიან დღესაც, მაგრამ, თითქოს, ისინი არც არასდროს წასულან, რადგან ქუთაისი რაღაც ჯადოსნური ძალით კვლავ იზიდავს ყველას უკან დასაბრუნებლად. ამის დასტურად მარტო რეზო გაბრიაძის სიტყვებიც კმარა: ,,რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი ცხოვრების ერთ პატარა კუნძულზე ვტრიალებ. ეს ქალაქი ქუთაისია. იქ სულ 17 წელი ვიცხოვრე, მერე კი წავედი სამყაროში სახეტიალოდ, მაგრამ მაშინაც, როცა პარიზზე ვწერ, მაინც ქუთაისზე დაწერილი გამომდის. ქუთაისი ადრიატიკაა, ის უფრო შუაზღვისპირული ქალაქია, უფრო ლირიულია, რბილი“. ერთხელ ლუკა ასათიანმა თქვა: ,,ჩვენ არ გვაქვს ბათუმივით ლაჟვარდოვანი სანაპირო, არ გვაქვს თბილისივით ოქროს ბრწყინვალება, მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა სიყვარული – ჩვენ ვართ სიყვარულის ქალაქი“.
ეს სიყვარული გასდევდა ლაიტმოტივად ლიტერატურულ ფესტივალს. გვჯერა, რომ იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენასა და გლობალურ ლიტერატურულ რუკაზე ქუთაისის ადგილის განმტკიცებაში. მან კიდევ ერთხელ აჩვენა ქალაქის მზარდი მნიშვნელობა საერთაშორისო კულტურულ სივრცეში და მისი პოტენციალი თანამედროვე ლიტერატურული პროცესების განვითარებაში. ფესტივალმა ცხადყო, რომ ქუთაისი ინარჩუნებს თავის როლს, როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურული კერა და ღირსეულად ატარებს იუნესკოს ლიტერატურული ქალაქის სტატუსს.

ორი წლის შემდეგ, 2027 წელს, ქუთაისი კვლავ უმასპინძლებს ლიტერატურულ ფესტივალს. ის ტრადიციად იქცევა და ჩვენს ქალაქს აქცევს ერთ-ერთ თანამედროვე საერთაშორისო ლიტერატურულ ცენტრად — ცოცხალ კულტურულ პლატფორმად, რომელიც კიდევ ერთხელ, და კიდევ ბევრჯერ, უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მწერლებს, მკვლევრებსა და ლიტერატურის მოყვარულებს.
რაც მთავარია, ლიტერატურულმა ფესტივალმა, რომლის თემად მითისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართების საკითხი შეირჩა, აჩვენა, რომ ქუთაისს შეუძლია იამაყოს თავისი მითოლოგიური და ისტორიული წარსულით, ხოლო მისი დღევანდელობით აუცილებლად იამაყებენ მომავალი თაობები.