დიმიტრი უზნაძის მეცნიერული და პედაგოგიური მემკვიდრეობა
ავტორი: ნია კუჭავა
დიმიტრი უზნაძის აკადემიური საქმიანობა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა ქართული ფსიქოლოგიის სკოლის განვითარებისთვის. მისი პედაგოგიური მიდგომა და საკვლევი მეთოდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ქართული აკადემიური დისკურსის განვითარების კონტექსტში, ისე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის. უზნაძის მიერ ჩამოყალიბებული ,,განწყობის“ თეორია და ის მეთოდები, რომლითაც ის არაცნობიერს იკვლევდა, დიდწილად ეყრდნობოდა მის ევროპულ განათლებასა და ვილჰელმ ვუნდტთან ურთიერთობას, რომელიც ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებელი გახლავთ. თუმცა კონტინენტური ფსიქოლოგიისა და ამდენად მნიშვნელოვანი მოაზროვნეების ფონზე არსებობს, ნაკლებად ხაზგასმული, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ხაზი დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობაში. უზნაძის პედაგოგიური და კვლევითი საქმიანობა ასევე განისაზღვრა დასავლეთ საქართველოში მისი მოღვაწეობით, განსაკუთრებით საინტერესო კი საზოგადოება ,,სინათლის“ ბაზაზე მიმდინარე მოვლენები იყო. მოცემულ სტატიაში კონცეპტუალიზებული იქნება როგორც დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის“ თეორია აკადემიური დისკურსის კონტექსტში, ასევე, განვიხილავ მის მეცნიერულ მეთოდსა და ძირითად კავშირებს დასავლეთ საქართველოსთან.[1]
დიმიტრი უზნაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია, ამ ფაქტის გათვალისწინებით, ის მუდმივად ცდილობდა ფსიქოლოგიის სისტემატიზაციასა და პედაგოგიური მიდგომების დახვეწას. მისი წიგნების შესავალ თავებში ის არაერთხელ ახსენებს მის სურვილს, რომ შექმნას სახელმძღვანელო, რომელიც შეძლებს აკადემიური ფსიქოლოგიის კონკრეტული ქვესაკითხებისა და მიმართულებების, მათ შორის მოზარდების ფსიქოლოგიის იმგვარ სისტემატიზაციას, რომ ზემოთ ხსენებული წიგნები უმაღლესი განათლებისთვის შესაბამის კურსებზე ქმნიდეს ხელშესახებ ცოდნას. სწორედ მისი ამ მისწრაფებიდან გამომდინარეა, რომ უზნაძის ნაშრომები გამოირჩევა საკითხების მრავალფეროვნებითა და მაქსიმალური ამომწურავობით. შესაბამისად, უზნაძის აკადემიური ნაშრომები ერთგვარი მცდელობაა თეორიისა და მისი საგანმანათლებლო საქმიანობის კონტექსტის შესაბამისი გამოწვევების სინთეზისა და სწორედ ამ სირთულეებთან მიმართებით იქმნება. იმის გათვალისწინებით, რომ ფსიქოლოგიის კათედრა შესაბამისი განათლების მქონე კადრებისა და ლიტერატურის არარსებობის ფონზე იქმნება, დიმიტრი უზნაძის ნაშრომების თემატური მრავალფეროვნება კიდევ უფრო პრაქტიკულ და მნიშვნელოვან შინაარსს იღებს.
დიმიტრი უზნაძე ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში დაიბადა, მაშინდელ ქუთაისის გუბერნიაში. მისი ცხოვრება მალევე უკავშირდება ქუთაისს, სადაც ის ვაჟთა გიმნაზიაში იღებდა განათლებას, თუმცა მისი რევოლუციურ საქმიანობაში მონაწილეობაზე ეჭვის მიტანის ფონზე ის მალევე გარიცხეს სასწავლებლიდან. მისი მოღვაწეობა გერმანიაში და კონტინენტურ ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის საფუძვლებს გაეცნო. ევროპაში სწავლის დასრულების შემდეგ დიმიტრი უზნაძისთვის მთავარი გამოწვევა ვუნდტის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში მიღებული გამოცდილების კონტექსტუალიზაცია და შეზღუდული აკადემიური რესურსების ფონზე ქართულ კონტექსტში საკვლევი საქმიანობის გაგრძელება და ცოდნის გაზიარება იყო. ამ დროს კი გარდამტეხი აღმოჩნდა მისი მოღვაწეობა ქუთაისში, სადაც ის მასწავლებლაად მუშაობდა და სადაც დაწერა კიდევ პირველი სახელმძღვანელოები. მან საზოგადოება ,,სინათლის“ ბაზაზე დაარსა ქალთა ქართული სკოლა, რომლის პედაგოგიური მიდგომაცა და საგანმანათლებლო საქმიანობაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ქალები მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებისა და აკადემიური დიალოგის მიღმა რჩებოდნენ. პედაგოგიური მიდგომა თუ კვლევითი საქმიანობა არ მიემართებოდა ქალებს, არ ინტერესდებოდა მისი ფსიქოლოგიური თავისებურებებითა და იმ სახესხვაობებით, რომელიც გენდერის შესაბამისად შეიძლებოდა არსებულიყო, განსაკუთრებით კი ეს დეტალი არსებითია განათლების თვალსაზრისით, რადგან განათლებაზე მსჯელობის პარალელურად უნდა გავითვალისწინოთ მისი სოციალური და კულტურული განზომილებები, რომლებიც დიდწილადაა დეტერმინირებული სწორედ გენდერული მარკერებით.
მიუხედავად მისი საკვლევი თემების მრავალფეროვნებისა, საერთაშორისო აკადემიასთან მიმართებით, დიმიტრი უზნაძის მიგნებებიდან ფსიქოლოგიური დისკურსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მისი ,,განწყობის“ თეორიაა.[2] უზნაძე თავის სახელმძღვანელოში ,,ზოგადი ფსიქოლოგია“ აღნიშნავს, რომ მიზანმიმართული ქმედების მიმართ არსებული ორივე ტიპის შეხედულება და მიმართება ხელშესახებ ცოდნას უგულებელყოფს ამ ფენომენის შესახებ. ერთ-ერთია მექანისტური ხედვა, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ცოცხალი ორგანიზმის მექანიკურ გააზრებას, ანუ, სრულად მექანიკური პატერნებით განსაზღვრავს მის მოქმედებებს, რაც საბოლოოდ ყველაზე მარტივ კანონზომიერებამდე დაიყვანება. მსგავს აზრის ტრადიცია ფსიქოლოგიაში საკმაოდ გავლენიანია დღემდე, თუმცა, როგორც უზნაძე აღნიშნავს, ამ მიმართებით ცოცხალი ორგანიზმის გამოცდილებისა და ზოგადად მიზანმიმართული ქმედების დინამიკის ძალიან დიდი ნაწილი ფიზიკურად მეცნიერული გააზრების მიღმა რჩება. მეორე ხედვა კი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ორგანულისა და არაორგანულის განსხვავებულობას, რითაც არამატერიალურ ესენციასა და მატერიალურ გამოხატულებებს შორის შეურიგებელ სხვაობებს აჩენს, შესაბამისად, მსგავსი დუალისტური მიდგომა ასევე საკმაოდ ხისტია და გამოცდილებას, როგორც ფენომენს, სრულყოფილად ვერ ხსნის. სწორედ მსგავს დილემასთან გამკლავებას ცდილობს დიმიტრი უზნაძე, როდესაც განწყობის თეორიით ალტერნატივას გვთავაზობს და მიზანმიმართული ქმედების მიზეზს არა თავისთავად მატერიაში, არამედ ამ მატერიის ორგანიზაციასა და მოწყობაში ეძებს. უზნაძისთვის პრობლემაა ის, რომ თუ ყველაფერს თავისი მატერიალური მიზეზი აქვს, მიზეზშედეგობრიობის პრინციპზე დაყრდნობით, მაშინ ცოცხალი არსებობის ყველა ქმედება დეტერმინირებულია, თუმცა, მეორე მხრივ, ქმედებებს გააჩნიათ როგორც სუბიექტი, ისე ობიექტი და განსაზღვრული მიზანი, რომლისკენაც სუბიექტი მიისწრაფვის ნებისმიერი მიზანმიმართული ქმედების ჩადენისას. განწყობას უზნაძე განმარტავს, როგორც ჰოლისტურ კატეგორიას, მას არ აქვს მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულება და მუდმივი ურთიერთქმედებები ერთიანობად უნდა აღვიქვათ და არა განყენებულ მოცემულობად, როგორც ეს, მისი აზრით, ზემოთ ხსენებულ ორ უკიდურეს მიმართებაში ხდებოდა. მისთვის განწყობა არის არაცნობიერი მზადყოფნა, რომელიც ორი ფაქტორის დამთხვევით მიღწეული მდგომარეობაა, კერძოდ, შინაგანი მოტივაციისა და მისწრაფების, მაგალითად, შიმშილისა, და სიტუაციის, გარეგანი ობიექტის ამოცნობის, რომელსაც შეუძლია ეს შინაგანი საჭიროება დააკმაყოფილოს. შესაბამისად, განწყობა ერთგვარი მედიატორია, რომელიც ცნობიერებას უძღვის წინ, ნებისმიერი სხვა კოგნიტური პროცესი მას მერე დაიწყება, რაც შეიქმნება განწყობა, ანუ ადამიანი მის ირგვლივ არსებულ გარემოში დაიწყებს ორიენტირებას.
ზემოთ ხსენებული დასკვნები და მიგნებები უზნაძის მხრიდან კიდევ უფრო დიდი ფილოსოფიური პრობლემების გადაწყვეტისკენ იყო მიმართული. მისი მეცნიერული მეთოდი, სიმძიმის ილუზიაზე მსჯელობა თუ ზოგადად ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის კვლევის ნაწილი მიმართული იყო არაცნობიერი მიმართებების, ქცევებისა და ქმედებების უკან არსებული ფენომენებისა და ემპირიციზმის შერწყმა, რაც შინაგანი წინააღმდეგეგობების ფონზე ძალიან რთული იყო. მისი მიდგომა მოიაზრებდა არაცნობიერის, როგორც ონტოლოგიური კატეგორიის, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად თვალსაჩინო ფენომენად აღქმას. შესაბამისად, მისი მეთოდები იყო საკმაოდ ინოვაციური სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ, ერთი შეხედვით, შეურიგებელი კატეგორიებისა და დილემების გადაჭრას ცდილობდა. მისი აზრებისა და იდეების საერთაშორისო აღიარება და როლი ზოგადად ფსიქოლოგიურ დისკურსში ხელშესახები და მნიშვნელოვანია ადგილობრივ კონტექსტშიც, რადგან მისი ინოვაციური მიდგომები, რომლებიც ევროპული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის წამყვანი ფიგურებისა და ტენდენციების ზეგავლებით ვითარდებოდა, გამიჯნული არ გახლდათ მისი მოღვაწეობისგან ქართულ აკადემიურ სივრცეში, რომელიც განიცდიდა უდიდეს წნეხს საბჭოთა რეჟიმისგან და რომელშიც გაზიარებული ცოდნის პარალელურად ხდებოდა შესაძლებელი ახალი ცოდნისა და ტენდენციების სისტემატიზაცია საგანმანათლებლო სფეროშიც.
ბიბლიოგრაფია
ფარჯანაძე, დ., გ. კეჩხუშვილი, და რ. ქვარცხავა. „დიმიტრი უზნაძე.“ მდევარი. წვდომა: 10 ნოემბერი 2025. https://mdevari.ge/articles/2320/
Uznadze, Dimitri. “The Psychology of Set.” Journal of Russian and East European Psychology 47, (2009): 67-93. DOI: 10.2753/RPO1061-0405470304
-
დ. ფარჯანაძე, გ. კეჩხუშვილი, და რ. ქვარცხავა, დიმიტრი უზნაძე (თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1986), მდევარი, accessed on November 10th, 2025, https://mdevari.ge/articles/2320/ ↑
-
Dimitri Uznadze, “The Psychology of Set,” Journal of Russian and East European Psychology 47, (2009): 67-93. DOI: 10.2753/RPO1061-0405470304 ↑
