ავტორი: ნუნუ ქათამაძე
გამომსახველობითი ხელოვნება, იქნება ეს თეატრი, კინო, მხატვრობა, ფოტოგრაფია ყოველთვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა და ეს ინტერესი იცვლებოდა და მძაფრდებოდა ეპოქების მიხედვით. კადრის დაფქსირების და შეჩერების სურვილი და მცდელობა ყოველთვის ჰქონდა ადამიანს – გამოსახულების გადასატანად კამერა ობსკურას, ხომ ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში იყენებდნენ. პირველი ფოტოც „ფანჯრიდან ხედი ლე გრასეში“ 1826-27 წლებში დააფიქსირა ჯოზეფ ნისეფორ ნიეპსმა და ბოლოს ლუი დაგერმა შეძლო შეექმნა დაგეროტიპი, მკვეთრი გამოსახულების მიღების მეთოდი. რამდენი ისტორიული, ცხოვრებისეული ბრძოლის, შრომის, მეცნიერულ აღმოჩენათა კადრი და დაუვიწყარი წუთი უკვდავყო ფოტოგრაფიამ. იგი უკვე ფერწერულ ხელოვნებასაც უტოლდება და ამის დასტურად გამოდგებიან უდიდესი ფოტოგრაფები, იქნებიან ეს ანსელ ადამსი, სტივ მაკკური, ჯეფ უოლი და კიდევ ბევრი. სხვათა შორის, რამოდენიმე წლის წინ ქუთაისში გამართული ლიტველი ფოტოხელოვანის რიმანტას დიხავიჩიუსის ნამუშევრების გამოფენაზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ფოტოგრაფიის განუსაზღვრელს შესაძლებლობებსა და მძაფრი შთაბეჭდილების მიღების შესაძლებლობაში.
ისტორიის სათვეებიდან, თუ რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ფოტოს ქართულ ( და არა მარტო) საზოგადოებაში. ერთი ასეთი მოგონებაც: დაინახა რა დიმიტრი ყიფიანმა რუსეთის ხელისფლების ორპირობა, მისი უკმაყოფილება იმითაც გამოიხატა, რომ ძველ მეგობარს, რუს გენერალს შეუთვალა: „იმის შემდეგ რაც მოხდა, მე ვერ დაგიტოვებთ ჩემს ფოტოსურათს ოჯახში და აღარც მე შევინახავ თქვენს სურათს ჩემს სახლშიო“.
ამ ყველაფრის ფონზე წარმოიდგინეთ, ქუთაისი, ქალაქი სადაც პარიზული მოდაც კი მხოლოდ ერთი კვირის დაგვიანებით აღწევდა, როგორ აუწყობდა ფეხს ფოტოხელოვნების განვითარებას. სხვადასხვა დროს ქუთაისში არსებობდა ფოტოსახელოსნოები რომლებიც ეკუთვნოდათ, ალექსანდრე მიხაილოვს, მელქო კაჩუხაშვილს, ნიკოლოზ საღრაძეს მეშჩენკოს, ხუნდაძეს, ლორთქიფანიძეს, გოცირიძეს, ალხაზიშვილს, ტორბინს, ნასყიდოვს, ესაიაშვილს, სავიენს, დავით მხეიძეს… არსებობდა ფოტო „პუშკინსკაია“, „სხივი“, „დიდგორი“, დანკოვის ფოტოგრაფია, ცენტრალური ფოტო-პავილიონი. ცალკე საინტერესო თემაა ილო ფილხაზის ძე ხახიაშვილის მოღვაწეობა ჩვენს ქალაქში. ებრაელი ფოტოგრაფის, რომლის სახელოსნო იყო კოლორიტების ერთგვარი პარნასი, სადაც ფოტო გადაღებული აქვს იმ დროის თითქმის ყველა ქუთაისელს.
ჩვენ, ცნობილი ფოტოგრაფის, დავით მხეიძის შესახებ ვისაუბრებთ. იგი (დ. 1903, სოფ. კორეთი, იმერეთი) ახალგაზრდა ჩამოვიდა ქუთაისში სასწავლებლად; ფოტოგრაფიის საფუძვლები ქუთაისელ ფოტოგრაფ ნიკოლოზ (კოლია) საღარაძესთან შეისწავლა და შემდგომში საკუთარი ფოტოგრაფია გახსნა.
დავით მხეიძის ფოტო-სახელოსნოს სალონის ფუნქციაც ეკისრა. იგი ქუთაისელი ინტელიგენციის თავშეყრის ადგილად ყოფილა ქცეული. ფოტოხელოვანი, ფოტოებში „შინაგანი სხივის მიგნებით“ აღწევდა ფოტოგრაფიის მაღალ ხარისხს.
იმ პატარა სახელოსნოში დროის წამომავლობა არ იგრძნობოდა თურმე. ეს პატარა ბუდე ყოველდღიურობის ტემპს გამიჯვნია. ამ დროს ვასილ კეჟერაძე მახსენდება, გურამ დოჩანაშვილის საყვარელი გმირი, თვისი განუმეორებელი კითხვით: ლიტერატურა თუ გიყვართო? პასუხად დავით მხეიძის ხმა „ისმის“ – მისებურად, არტისტულად წაკითხული ლექსებით დაბალი იმერული, თხელ სუფრას რომ მიუჯდებოდა და ომარ ხაიამით იწყებდა თურმე…
დავით მხეიძესთან მეგობრობდა დიდი გალაკტიონი.
„ბუნებრიობა, უბრალოება, იშვიათი არტისტულობა, მგზნებარე ნიჭი – აი რა არის ძვირფასი ჩვენი ოსტატის ფოტოხელოვნებაში. ჩემი ფოტოები პირდაპირ შედევრებია. დიდი მადლობა დავით მხეიძეს“ (გალაკტიონ ტაბიძე 27.11-1942 წ. თბილისი),
პოეზიის მეფეს ბევრი ნაცნობ-მეგობარი ჰყავდა.
1940 წელს გამოცემული წიგნი „აკაკი წერეთელი“ გალაკტიონს დავითისათვის უჩუქნია წარწერით: „დ.ბ. მხეიძეს ნიშნად უღრმესი პატივისცემისა.“
1941 წელს გამოცემული ლექსების კრებულისათვის „მამულო სიცოცხლეო“ პოეტს წაუწერია: „მეგობარს, ძმას, მამულიშვილს, ძვირფას დათიკოს, ნიშნად უღრმესი პატივისცემისა. გალაკტიონ ტაბიძე 1943 წლის მაისი.“
1947 წელს რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ გალაკტიონმა დავითის ფოტოგრაფიაში შემოიარა. მაშინ გადაღებული სურათით პოეტი მეტად კმაყოფილი დარჩენილა.
დავით მხეიძეს თავი არასოდეს მოუწონებია დიდ გალაკტიონთან მეგობრობითო: „1947 წლის ზაფხულია. მე და მამა დილით ადრე მივედით ატელიეში და მუშაობა დავიწყეთ. მოულოდნელად ავტომანქანა გაჩერდა და ჩვენთან წვეროსანი მამაკაცი შემოვიდა.
_ ბატონო გალაკტიონ!_ შესძახა მამამ.
_ დავით, ჩემო დათიკო, ძამიკო! _ ერთმანეთს გადაეხვივნენ და გულითადად მიკითხეს.“
გალაკტიონი პირადად არ მენახა, ამიტომ დავიბენი, კუთხეში მივიყუჟე და სიყვარულით შევხაროდი პოეტის ნათელ სახეს.
_ ეგ ჩემი ვაჟია, ჩემს კვალს აედევნა! _ უთხრა მამამ გალაკტიონს.
მალე მამამ პოეტი ფორტეპიანოსთან მიიწვია და სწორედ ეს პორტრეტი შემოჩა შთამომავლობას როგორც გალაკტიონის ყველაზე ცნობილი ფოტო.
სტუმარი დიდხანს აღარ დაყოვნებულა, მანქანაში ვიღაც ელოდა და მამას თხოვნაზე ერთად ესაუზმად, ზრდილობიანი უარი უთხრა“ – იგონებდა დავით მხეიძის უფროსი ვაჟი.
სამშობლოზე, ხალხზე, თეატრსა და პოეზიაზე უზომოდ შეყვარებული ბატონი დავითი წლების განმავლობაში დაუღალავად ემსახურებოდა ფოტოხელოვნების განვითარებას, მასთან იყრიდნენ თავს აგრეთვე ისეთი ცნობილი ქართველები როგორებიც იყვნენ – გიორგი ლეონიძე, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი, კოლაუ ნადირაძე, სერგო ზაქარიაძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, გიორგი შვგულიძე, სხვები და სხვები.მისი პატარა ფოტოსალონის წინ, მაშინდელი „წულუკიძის ბაღთან“ გრძელი ჩამოსაჯდომი იდგა, იქვე პატარა საგამოფენო დარბაზი. აქ თავისუფალ დროს ატარებდნენ ქუთაისელები: შალვა ხონელი, კაპია აბესაძე, შოთა პირველი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ნიკოლოზ არველაძე, ქირურგი ანტუშა საკანდელიძე, მომღერალი ბიძინა ღოღობერიძე. ოსტატი თავის საქმეს აკეთებდა, სტუმრები კი მსჯელობდნენ ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
გალაკტიონის გარდაცვალების დღეებში დავითი თბილისში არ ჩასულა, არც გამოჩენილა საერთოდ. ერთი თვის თავზე, მწვანე ბაზართა მეგობარს შეხვედრია საოცრად გამოცვლილი:
„იცი საქართველომ ვინ დაჰკარგა? მერე გაიგებთ, მერე! წამოდი შესანდობარი დავლიოთო!“
ქუთაისი ხომ არასოდეს ივიწყებს თავის კოლორიტებს. დღეს, ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ამშვენებს დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს პატარა მუზეუმი, რომელიც 1993 წელს დაარსდა. მუზეუმში დაცულია ქუთაისისა და იმერეთის ისტორიის ამსახველი უნიკალური ფოტოები, ფოტონეგატივები, კინომასალა და ძველი ფოტოკამერები; მეტად საინტერესო ექსპონატებით, თემატური გარემოთი, ქალაქური ინტერიერისგან შექმნილი ფოტოზონით, იგი სტუმრებისთვით საინტერესო, მიმზიდველი და საყვარელი ადგილია.