ავტორი: მარიამ მებუკე
მიუხედავად ქუთაისში გატარებული წლებისა, ყოველ ჯერზე საინტერესო ფაქტებსა და ისტორიებს ვაწყდები იმის შესახებ, რაც არაერთხელ თავად მინახავს და დავკვირვებივარ. ეს იმის ბრალიცაა, რომ მე-20 საუკუნის ქუთაისში არ დავბადებულვარ. ამით მხოლოდ ერთის აღნიშვნა მინდა სტატიის დასაწყისში – უმეტესად, ჩემი ასაკის მკითხველის ყურადღების მიპყრობას ვცდილობ, იმ მკითხველის, 21-ე საუკუნეში რომ დაიბადა და ძველ ისტორიას მხოლოდ სხვა ადამიანთა მონათხრობიდან იცნობს.
სახელწოდება „RADIUM” ალბათ ყველას ეცნობა, როგორც ერთ-ერთი ქიმიური ელემენტის სახელი, მათ კი, ვისაც ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე ჩაგივლიათ და პირველი სკოლის წინ აღმართულ შენობას წამით მაინც დაკვირვებიხართ, უფრო ნათლად წარმოგიდგებათ ეს წარწერა.
თავდაპირველი კინოს შენობა ძმებს, ოცხელებს ეკუთვნოდათ, დღევანდელი ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის გვერდით ყოფილა მათი სახლი. 1911 წელს კი, ხანძრის შემდეგ, იტალიელმა პაულინიმ შეისყიდა დღევანდელი ცისფერყანწელების ქუჩაზე მდებარე უკვე ისტორიულ ძეგლად ქცეული ნაგებობა, აქ კინოთეატრის ხელახლა გახსნის სურვილით. რიგი სამუშაოები მასვე ჩაუტარებია, 80-კაციანი დარბაზი მოუწყვია, შემდეგ სამშობლოში დაბრუნება განუზრახავს და შენობა ტიხონ ასათიანისა და პავლე მეფისაშვილისთვის გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუთავაზებია. ზემოთ ნახსენები ადამიანები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განწყოფილების წევრები იყვნენ. სახსრების არარსებობის გამო „ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების ბანკისთვის“ მიუმართავთ კრედიტის აღების მოთხოვნით. იმ დროს ასეთი ბანკები არსებობდა თბილისსა და ბათუმშიც და შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი პროექტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო.
ასათიანის მოგონებებში ვკითხულობთ:
„…მაგრამ არ გამაჩნდა თანხა. ვერც ვნახე ისეთი ვინმე, რომ დახმარება აღმოეჩინა. ბოლოს მივმართე ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების ბანკს, რომელმაც ამ საქმის მოსაწყობად კრედიტი გამიხსნა და ამგვარად შევიძინე პაულინის ქონება. ამხანაგად მოვიწვიე ჩემი ბავშვობის მეგობარი პავლე მეფისაშვილი. შევუდექით მუშაობას და იმავე წლის ოქტომბერში გავხსენით კინოთეატრი, რომელსაც დავუტოვეთ სახელი “რადიუმი”.“
მოგვიანებით სწორედ პავლე მეფისაშვილსა და ტიხონ ასათიანს მთლიანად დაუფინანსებიათ და ტექნიკით დახმარებიან ოპერატორ ვასილ ამაშუკელს, რომელმაც მაღალ მხატვრულ დონეზე აღბეჭდა ფირზე “აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”. ამ ფილმის პრემიერა 1912 წელს სწორედ „რადიუმში“ შედგა, ჩვენებას ესწრებოდა აკაკი წერეთელი. ეს დღე მნიშვნელოვან მოგონებად აღბეჭდილა იმდროინდელი ქუთაისელების მეხსიერებაში, რადგან არაერთ წყაროსა თუ საარქივო მასალას ვხვდებით მასთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, კინოთეატრიდან მიღებული შემოსავლებით მისი დამაარსებლები ქველმოქმედებითაც იყვნენ დაკავებული. ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საიტზე ინახება, ვკითხულობთ, რომ „1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ტიხონ ალექსის ძე ასათიანი და პავლე მეფისაშვილი ეფროსინე ბობოხიძის ქვრივსა და ობლებს 40 მანეთით დაეხმარნენ.“ გამოდის, რომ თეატრს არა მხოლოდ გასართობი და შემეცნებითი, არამედ სხვა ფუნქციაც ჰქონდა – ეს კი ხდებოდა თეატრის ხელმძღვანელების კეთილი ნების წყალობით, რომლებსაც ისედაც მწირი რესურსები გააჩნდათ. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა, სამართლიანია, რამდენიმე სიტყვით მათი მოღვაწეობის შესახებ აღგვენიშნა.
1911 წლის სექტემბერი, ქართული პრესიდან: “სულ მალე, სავაჟო გიმნაზიის პირდაპირ, ქარვასლის ქუჩაზე გაიხსნება ელექტროთეატრი “რადიუმი”. დარბაზში 400 კაცი მოთავსდება. ზევით ლოჟებს საკუთარი ფოიე აქვს. თეატრში ზამთრობით სითბო იქნება ვენტილაციით”.
იმ დროისთვის ქალაქში კინოთეატრის დაარსება საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კულტურული თვალსაზრისით. როგორც მემუარებში ვკითხულობთ, სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის პირველი კრება, ასევე სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის, მათ შორის, სიმონ ქვარიანისა და დიმიტრი უზნაძის, საჯარო ლექციები სწორედ აქ იმართებოდა.
საინტერესოა ისიც, თუ რას სთავაზობდა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაარსებული კინოთეატრი მაყურებლებს, რომლებიც იქ თავშესაქცევად იკრიბებოდნენ. „შვედური გიმნასტიკის შკოლა სტოკჰოლმში”, კომედია “საცოდავი ავადმყოფი”, ისტორიული სურათი “კარდინალი რიშელიე და ჰერცოგ დე შერვეზის მეუღლე”… ჩამონათვალში შევხვდებოდით როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ ფილმებსაც. კინოს ჩვენებებს აკომპანირებას ორკესტრი უწევდა, რაც სიახლე იყო მაშინ, როცა მუნჯი კინოს გახმოვანება ერთი პიანისტისა და მისი ინსტრუმენტის თანხლებით ხდებოდა ხოლმე.
„რადიუმმა“ საბჭოთა ეპოქაშიც გააგრძელა არსებობა, ოღონდ, ცხადია, არა იმ ფორმითა და სახელწოდებით, როგორც მანამდე. საბჭოთა კომუნისტური მმართველობის კვალი კულტურასაც ცხადად დაეტყო და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ამ მოვლენამ ლადო კოტეტიშვილის მოთხრობა „გოჩმანა“ კიდევ ერთხელ გამახსენა, მასში აღწერილი ახალი ტემპით, დროითა და ხალხის შეცვლილი ცხოვრების წესით საქართველოს „გაწითლების“ შემდეგ. „კომუნად“ წოდებულმა „რადიუმმა“ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ბავშვებისთვის გააგრძელა არსებობა. ამ დროს თურმე დილის კინოსეანსები იმართებოდა სკოლის მოსწავლეებისთვის და სწორედ აქედან იღებს სათავეს ქუთაისში ამ ეპოქის ადამიანებისათვის ნაცნობი ტერმინი „ხუთშაბათის კინო“.
ქუთაისურ კინოზე საუბარს უკვე ნახსენები ვასილ ამაშუკელით გავაგრძელებ. წარმოშობით სწორედ ამ ქალაქელმა 1908 წელს გადაწყვიტა მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება: „ბაქოს ბაზრის ტიპები“, „გვირილობა“ და სხვა, ხოლო შემდეგ კი სრულმეტრაჟიანი ფილმით განაგრძო მისი კარიერა. როგორც ჩანს, აკაკის მოგზაურობა არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიოში პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია.
საქართველოში კინო განვითარება 60-იანი წლებიდან დაწყებულა, 80-იან წლებში კი მწვერვალსაც აღწევს. წამიკითხავს და უფროსი თაობისგანაც მსმენია, რომ ამ პერიოდში სეანსებზე აქტიურად დადიოდნენ, მეტიც, ერთადერთ გასართობად ქცეულ კინოში ფილმის გამოსვლისთანავე პრემიერაზე წასვლა კარგ ტონად ითვლებოდა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა 1982 წელს ქუთაისში კიდევ ერთი კინო-თეატრის, „სულიკოს“ აშენება, რომელიც ჩანაფიქრიდანვე ამ მიზნისთვის იყო განკუთვნილი. სამწუხაროდ, მან მხოლოდ 5 წლის განმავლობაში იარსება, ძველი შენობის ფოტო კი არქივში არ იძებნება.
იმ დროს კინოთეატრი გასართობ საშუალებასთან ერთად, ტექნოლოგიურ სიახლესაც წარმოადგენდა, შესაბამისად, ინტერესი ამის გამოც იყო გამოწვეული.
მე-20 საუკუნის დასაწყისის ქუთაისში ფუნქციონირებდა პირველი კინო „თამარი“, რომელიც შემდეგ „ოფიცერთა კლუბის“ სახელით იწოდებოდა, „მონპლეზირი“, რომელსაც „დამკვრელი“ დაერქვა. ახლაც, ქალაქის ცენტრში, ძველ უბანში აღმართულ ცნობილ თაღზე სწორედ წარწერა „MON-PLAISIR“ შეგხვდებათ. მოგვიანებით, 1950-იან წლებში არსებობდა კინო „გამარჯვება“ (შეიძლება, ეს სახელიც საბჭოთა პროპაგანდას უკავშირდებოდეს), ამავე პერიოდში, 50-იანი წლების მიწურულს იხსნება „ქუთაისი“, ხოლო 1978 წელს კი – კინოთეატრი „საქართველო“, სადაც პირველად მხატვრული ფილმი „დათა თუთაშხია“ აჩვენეს. დღევანდელი ნიღბების თეატრის ტერიტორიაზე, ამავე შენობაში ფუნქციონირებდა „26 კომისრის“ კინოც.
კინოთეატრთა სიჭარბე ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებაც, თუ როგორი იყო იმდროინდელი ქუთაისური საზოგადოება, აშკარაა, რომ მაყურებელთა რაოდენობის სიმრავლე პირდაპირაა დაკავშირებული შენობათა რაოდენობასთან.
სტატიის ბოლოს, იმ მკითხველს, რომელიც ქუთაისური კინოთი დაინტერესდა, უნდა გავახსენო მწერლები, რომელთა სცენარების მიხედვითაც არის გადაღებული ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სერენადა“, „ფეოლა“, „არ დაიდარდო“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და სხვები – რეზო გაბრიაძე და რეზო ჭეიშვილი, ქუთაისის „ორი რეზო“, როგორც მათ ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე.
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს პირველად რომ ვეწვიე, მაშინ საკმაოდ პატარას მკაფიოდ მხოლოდ ერთადერთი რამ დამამახსოვრდა, – სწორედ მისი სახლიდან ჩანს რიონი და ის ქვები, რომლებზეც „ვერის უბნის მელოდიების“ ცნობილი სცენა – მრეცხავების ეპიზოდია გადაღებული.
ქუთაისი ყოველ ჯერზე ახერხებს იმ მოგონებების გაცოცხლებას, რომლებიც არა მხოლოდ ქართულ კინოს, არამედ ზოგადად, ქართულ კულტურას უკავშირდება. ასე რომ, იტალიელი რეჟისორის, ფედერიკო ფელინის მიერ ქართული კინემატოგრაფიის თაყვანისცემასა და მასზე ნათქვამ შეფასებაზე: „ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური მოვლენა, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ატირება არც ისე ადვილია“. – გავლენა თეთრი ქვების ქალაქსაც აქვს.