ავტორი: ინგა მაჭარაშვილი
ძველ ქვაფენილებს ოქროსფერი მზის სხივები ნაზად ეხება, ჰაერი კი მანგანუმის ფერად სუნთქავს. ქვის სახლებს შორის, ვიწრო ეზოში, უცხო ხმა ისმის – ბურთის და ჩოგნის შეჯახების მკაფიო ხმა, რომელიც ადგილობრივებს ჯერ უცნაურად ეჩვენებათ, შემდეგ კი მომაჯადოებლად იზიდავს.
ჩოგბურთის ისტორია საქართველოში XIX საუკუნის მიწურულს ჭიათურიდან იწყება – იმ დროისათვის, როცა ქვეყანა კვლავ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და უცხოური კულტურული ტალღები მხოლოდ ცალკეულ კუთხეებში აღწევდა. სწორედ ამ პერიოდში ინდუსტრიული განვითარების ფონზე, ჭიათურაში ინგლისური კომპანია “Forward and Salinas”–ის საქმიანობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ სპორტისა და კულტურის სფეროებშიც.
ინგლისური ფირმის მმართველმა ჯონ ტარსეიმ, რომელმაც ქართველი ქალი შეირთო ცოლად და წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, ლაუნ – ტენისი – დასავლური წარმოშობის სპორტი – პირველად სწორედ მანგანუმით მდიდარ ქალაქ ჭიათურაში შემოიტანა. ისტორიული წყაროების თანახმად , ტარსეიმ საგანგებოდ მოაწყო კორტი და ადგილობრივ საზოგადოებას სრულიად უცხო სანახაობა წარუდგინა – ჩოგბურთის თამაში, რომელიც ჯერ კიდევ ელიტარულ გართობად ითვლებოდა ევროპაში. ეს იყო სპორტული სიახლე, რომელმაც მალე დაინტერესება გამოიწვია ჭიათურის კულტურული წრის წარმომადგენლებში. მალე ეზოში, სადაც ადრე ბავშვები ჩიტის ბუდეებს დასდევდნენ, აკაკი წერეთელი – თვით უკვდავი მგოსანი, ინტერესით ადევნებდა თვალს თამაშს. ჭიათურიდან ჩოგბურთმა გავრცელება თბილისსა და ბათუმში ჰპოვა.
სწორედ აქ, ამ კორტებზე, ბავშვობის წლებში პირველად შეეხო ჩოგანს პატარა ბიჭუნა იან ჰომერი – ადამიანი , რომელსაც ქართული ჩოგბურთის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. იანის მამა მუშაობას იწყებს ინგლისურ კომპანიაში ჭიათურაში. 13 წლის ასაკში იან ჰომერი ხდება ქალაქის ჩემპიონი. იან ჰომერის ცხოვრება არ ყოფილა ია – ვარდით მოფენილი, მან მრავალი განსაცდელი გამოიარა. 1937 წლის ბოლოს, რეპრესიების მორიგ ტალღასთან ერთად, იან ჰომერი და მისი ძმები დააპატიმრეს. ისინი გადაასახლეს შორეულ მხარეში, საბჭოთა რეჟიმის მძიმე პირობებში, თუმცა იანი გადაარჩინა სწორედ მან, რაც მისი ცხოვრების აზრად იქცა – ჩოგბურთმა. იანი აგრძელებდა თამაშს, ავარჯიშებდა სხვებს და ამით რწმენასა და სიცოცხლის სურვილს ინარჩუნებდა.
1948 წელს იან ჰომერს ნება დართეს დასახლებულიყო ქუთაისში. აქ მან თავიდან დაიწყო ცხოვრება, ქალაქის პედაგოგიური ინსტიტუტის ეზოში, თითქმის არაფრისგან ასფალტის კორტები მოაწყო, ურთულეს ეკონომიკურ და ტექნიკურ პირობებში მაგრამ, უდიდესი ენთუზიაზმითა და საქმისადმი თავდადებით, დაიწყო ახალგაზრდა თაობის აღზრდა, მისმა მოღვაწეობამ მყარად დაამკვიდრა ჩოგბურთი დასავლეთ საქართველოში და მემკვიდრეობად დაგვიტოვა მაგალითი – როგორ შეიძლება სპორტი გადარჩენის, განათლებისა და სულიერი სიძლიერის წყაროდ იქცეს.
დღეს, ჭიათურაში ქალაქის ისტორიულ ადგილას, სადაც 1892 წელს საქართველოში პირველი ჩოგბურთის კორტი მდებარეობდა – ღია მუზეუმია. 400 მ²-ზე არასტანდარტული, კორტია მოწყობილი , რომელიც ქართული ჩოგბურთის ისტორიას ერთ სივრცეში აერთიანებს და ვიზიტორებისათვის შთამბეჭდავ ადგილს წარმოადგენს, საინტერესო ისტორიით.