1920-იანი წლების ქუთაისი: მოგონებები და რეპრესირებულთა დაკარგული ისტორიები

გააზიარე:

ავტორი: ნია კუჭავა

 

 

დორი ლაუბი, რომელიც ფსიქოანალიტიკოსი და იელის უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ, ტრავმისა და ტრავმის გაცხადებასთან, მის გამოხატვასა და მისი მოსმენის შესახებ კვლევებზე მუშაობისას აყალიბებს მნიშვნელოვან შეხედულებებს იმის შესახებ, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც პიროვნება თავის ადამიანურ ტკივილს, აქამდე მისთვისაც ბოლომდე გაუცხადებელ და შეუცნობელ ფენომენს გაუზიარებს სხვას, იპოვის თავის მსმენელს, რომელიც გახდება ერთადერთი მოწმე ამ ჩვენებისა და ყოვლად გამორჩეული, უჩვეულო მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდება.[1] ვითარების განსაკუთრებულობა და არაჩვეულებრივობა, დორი ლაუბის თქმით, გამოიხატება იმაში, რომ ის არ ისმენს ამბავს, რომლის შესახებაც უკვე დაწერილა, რომლის შესახებაც ჰყვებიან მუზეუმებში, რომელთა მატერიალიზაციაც უკვე შემდგარი ფენომენია არტეფაქტებისა და ჩანაწერების, არქივებში შენახული ქაღალდებისა და მასალების სახით, არამედ ის ხდება მოწმე იმისა, რაც ახლა იძენს სხეულს, რაც ახლა იბადება და რასაც გამომჟღავნების საშუალება აქამდე არ ჰქონია. ის მოვლენა, ისტორიული სიმართლე, ფაქტობრივი არსებობა ამ შემთხვევაში პიროვნების ტრავმისგან განყენებულია, ის არსებობს როგორც კონტექსტი, მოცემულობა და ვერ ამცირებს მსმენელის მნიშვნელობას მონათხრობისთვის, მცირე წინასწარგანწყობისა და ცოდნის სახით არსებობს, ტრავის გაზიარებისას კი მსმენელი შეესწრება რაღაც ახლის დაბადებას და გახდება თანაზიარი ამ შინაგანი კონფლიქტისა. თანაგანცდის მოპოვება მნიშვნელოვანია მთქმელისათვის, მისი ამბის გაცხადება მის განცდებს, რომლებიც ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ემოციურ მდგომარეობას აღემატება და ბევრად უფრო მოუხელთებელი, დიდი და განსხვავებულია, რაღაც ფორმას მისცემს და მოიპოვებს მსმენელს, უშუალო დადასტურებას იმისა, რომ ეს ჩვენება, ეს ამბავი არსებობს და ნამდვილად მოხდა. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ, დორი ლაუბის მსჯელობებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გარდამტეხი ცვლილებების, რეპრესიებისა და მსგავსი მოვლენების ფონზე დავინახოთ და განვიცადოთ უბრალო ადამიანების ამბები. ისტორიული ჭეშმარიტების დანახვა კიდევ უფრო საინტერესოა იმ ამბების ფონზე, რომლებიც ყოველდღიურობაში, ძალდაუტანებელ რეალობასა და არსებობაში შფოთვის, ტანჯვისა და გაურკვევლობის ნაპერწკლების ეტაპობრივ გამოჩენას აღწერს. სწორედ მსგავსი მოგონებების ფონზე გახლავთ საინტერესო ქუთაისის წარმოდგენა და რეპრესირებულთა მემუარების, მათი წერილებისა და ჩანაწერების საშუალებით მათი რეალობის გაცხადება, მათი აღიარებისთვის, მათი მონათხრობისთვის შესაბამისი მსმენელისა და თანაზიარის პოვნა.

მსგავსი მოგონებებიდან და უშუალოდ ამბების მონაწილეთა მიერ გაზიარებული ისტორიებიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ საქართველოს დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრის, დავით შარაშიძის წერილები ევროპაში მყოფი თანაპარტიელებისათვის, სადაც აღწერს 1921 წლის ქართულ ვითარებასა და რეალობას.[2] მოგვეხსენება, რომ 1921 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განადგურებასა და ქვეყნის გასაბჭოებას აღნიშნავს. დავით შარაშიძის წერილებმა შემოინახა ქუთაისური ყოველდღიურობა და ის განწყობები, რომლებიც გვაძლევს წარმოდგენას უბრალო, რიგითი ადამიანების შემართების შესახებ და გამოძახილია მათი პირადი სევდის, შინაგანი კონფლიქტებისა და რეჟიმთან მარტო დარჩენილი ადამიანების განცდებისა. როგორც დავით შარაშიძე აღნიშნავს, 1921 წლის აპრილში ფილიპე მახარაძე, თავისი მოგზაურობის ფარგლებში ქუთაისს სწვევია. აღლუმისთვის გამოსულა უამრავი ადამიანი, თუმცა ადამიანთა სიმრავლე ამ შემთხვევაში არა სახალხო მხარდაჭერას, არამედ იმ სამარისებურ სიჩუმეს უსვამდა ხაზს, რომელიც აღლუმის მიმდინარეობისას კომუნისტების შეძახილებს მოსდევდა თან. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს თავის საიდუმლო წერილში, მსგავსი ფაქტები, განსაკუთრებით კი ფილიპე მახარაძის მოგზაურობები და სწორედ ამ მოგზაურობებისას მომხდარი ინციდენტები კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმას, რომ წითელი არმია და ბოლშევიკები არათუ არ გამოხატავდნენ ხალხის ნებას და საერთოდაც არ გააჩნდათ ლეგიტიმაცია ქართული საზოგადოების მხრიდან, არამედ ადამიანები მზად იყვნენ, რომ ხელიდან არ გაეშვათ ნებისმიერი სიმბოლური ქმედებისა თუ ქცევის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გამოხატავდა მათ რეალურ სურვილებსა და შეხედულებებს კომუნისტების მიმართ. „გაუმარჯოს ქართულ ჯარს, გაუმარჯოს ტაბახმელას გმირებს!“ _ ქუთაისში შეკრებილი საზოგადოება მხოლოდ ამ შეძახილებს დასჯერდა კომუნისტების მხრიდან წითელი არმიის გასამხნევებელი ფრაზების გაჟღერების შემდგომ, რამაც ფილიპე მახარაძეს ცალსახად დაანახა, რომ სიტუაცია არც ისე მარტივი გახლდათ და ამხანაგთა კრების მოწვევით სცადა შეექმნა ზედაპირული შთაბეჭდილება და სურათი მორჩილებისა, რომლის გამოხატვაც იმ დროს ქუთაისში თითქმის არავის სურდა. ამ კრებაზეც რამდენიმე ადამიანმა დაუკრა ტაში კომუნისტების სიტყვებსა და მოწოდებებს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მენშევიკების, მათი გენერლებისა და საჯარო პირების ლანძღვასა და კრიტიკას. მეტიც, განსაკუთრებით სამახსოვრო ამ მოგონებების შესახებ გახლავთ გოგიტა ფაღავას სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა გახლდათ სუფთად ქართული, ხალხში დაბადებული და სწორედ ხალხის ნებით გაცხადებული ძალა, რომელიც სწორედ ამ საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდა და ყველაზე კარგად ესმოდა მათი ინტერესები და სურვილები. საინტერესოა ისიც, რომ ამ სიტყვების წარმოთქმის უფლება ფაღავას დამსწრეთა ნებისა და საშა გეგეჭკორის შენიშვნის გამო მიეცა, რომელმაც გათვალა, რომ მენშევიკები ხალხის ხმის დადუმებისა და მათთვის ნების შეზღუდვის გამო გააკრიტიკებდნენ და თითს გაიშვერდნენ მათკენ, რის გამოც იძულებული გახდა, რომ დათმობაზე წასულიყო. ზემოთ ხსენებული მოგონება და ამბავი ნიშანდობლივია რეჟიმისადმი მხოლოდ გარეგნული მორჩილებისა და ქვეყანაში დამყარებული მმართველობის იძულებითი ხასიათის, ადამიანთა მხრიდან ამ მდგომარეობის შეფასებისას არსებული რეალურური აზრების განზომილებების გამოაშკარავების გამო.

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1919 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გახლდათ. მან ქუთაისის ქალთა გიმნაზია დაამთავრა და ჟენევაში მიიღო სამედიცინო განათლება.[3] სწორედ ამ დროს, როგორც თავად აღნიშნავს მემუარებში, მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ პოლიტიკა და მისი ინტერესები კიდევ უფრო ღრმავდებოდა ამ მიმართულებით. ის საბჭოთა რუსეთის თავდასხმის შემდგომ ორჯერ გახდა ახალი სისტემის მსხვერპლი _ ერთხელ, როცა 1924 წელს გაასახლეს მოსკოვში, რადგან ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა დაკავებულთა და რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახების დასახმარებლად და მეორედ, როდესაც 1936 წელს შუა აზიაში გადაასახლეს. მინადორა შორაპნის მახლობლად, სოფელ ღორეშაში დაიბადა, შემდგომ კი სასწავლებლად ჩავიდა ქუთაისში, სადაც მამასთან და დასთან ერთად ჩავიდა და მისი მოგონებები, რომლებიც უშუალოდ ქუთაისში სწავლას უკავშირდება, კიდევ უფრო ცხადად გამოხატავს მას, როგორც პიროვნებას, როგორც რიგით ცნობისმოყვარე ადამიანს, რომელიც ახალი იდეებისა და აზრების, ხელჩასაჭიდის აღმოსაჩენად იბრძოდა. როგორც ის იხსენებს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდგომ მამასთან და დასთან ერთად მატარებლით ჩამოვიდა ქუთაისში, აქაურ სასწავლებლებში ეძებდნენ ადგილს გოგონების მისაღებად, თუმცა სასწავლებლები ვერაფრით ამხნევებდნენ თვალებზე ცრემლმორეულ გოგონებს და მათ გულწრფელ სევდასა და იმედგაცრუებას მასწავლებლები იმით პასუხობდნენ, რომ ჯერ კიდევ არსებობდა შესაძლებლობა იმისა, რომ ადგილები გათავისუფლდებოდა და გოგონები შეძლებდნენ ქუთაისში განათლების მიღებას. ასე დაუკავშირდა მისი ცხოვრება ქუთაისს. ზემოთ მოთხრობილი ამბითაც ცხადია ის, რომ მინადორას, როგორც პოლიტიკური მოღვაწის სახის უკან არსებობდა ცნობისმოყვარე გოგონა თავისი განცდებითა და სურვილებით, ადამიანური, ყველასთვის კარგად ნაცნობი ტკივილითა და ენერგიით. როგორც თავად იხსენებს, 1898 წელს თბილისიდან ქუთაისში გადაასახლეს ,,მესამე დასის“ წევრები, რომელთა კრებებსა და არალეგალურ წრეებს არ აკლდებოდა მინადორა ტოროშელიძეც. სწორედ ედება სათავე მის პოლიტიკურ აქტივიზმს. მის მემუარებში ვხვდებით ისტორიას ლადო მესხიშვილთან შეხვედრის შესახებაც, რომელიც მინადორას უზიარებს თავის ფიქრებს თეატრის შესახებ, ეუბნება, რომ თეატრი განათლებაა, სკოლაა, მისი აზრით, თეატრის საშუალებით საზოგადოებაში გროვდება რაღაც ცოდნა, რაღაც ცნობიერება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როდესაც ამ საქმეში მონაწილეობას განათლებული ადამიანები იღებენ. 1921 წელს მინადორა ტოროშელიძე წითელ ჯვარში მუშაობდა, საბჭოთა რუსეთის შემოჭრისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განადგურების შემდგომ მისი ქმარი ქუთაისის ციხეში იჯდა. როგორც იხსენებს, ევროპაში წასვლა მასაც შესთავაზეს, თუმცა წერს, რომ სამშობლოსა და ახლობლების დატოვებაზე ფიქრიც კი არ უნდოდა, თავის შვილებთან ერთად განაგრძო ახალ რეალობაში არსებობა. სწორედ მისი ქმრის პატიმრობის პერიოდში, როგორც თავად ჰყვება, მასთან მივიდა მისი მეგობარი და ნათესავი, სერგო ორჯონიკიძე, რომელსაც გაუზიარა თავისი სევდის მიზეზი. თუმცა, მინადორას მემუარებში ის ამბობს, რომ ორჯონიკიძეს უთხრა, რომ დაღუპულებს მარხავს და წითელ ჯვარში მუშაობს, თუმცა მინადორა ტოროშელიძის შვილიშვილთან ინტერვიუს თანახმად, მინადორას პასუხი ბევრად უფრო პირდაპირი და კატეგორიული იყო, კერძოდ, ამ გადმოცემის თანახმად, მან ორჯონიკიძეს შემდეგი სიტყვები უთხრა: ,,ვმარხავ შენგან დახოცილებს!“ 1937 წლის ივლისში, ,,კომუნისტის“ რიგით ნომერში მინადორა ტოროშელიძის მეუღლე, მალაქია ტოროშელიძე მოხსენიებულია, როგორც ,,ფაშისტური ბანდის“ ნაწილი, მინადორა ტოროშელიძე ასევე ბრალდებული იყო იმაში, რომ თანამოსაუბრესთან დიალოგში განაცხადა, რომ ,,24 წელს ბოლშევიკებმა ხელაღებით ამოხოცეს მუშები,“ ასევე აკრიტიკებდა ლენინს იმის გამო, რომ მან ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედა მაშინ, როდესაც წითელ არმიას საქართველოს დაპყრობის უფლება მისცა. მინადორა ტოროშელიძის მოგონებებში განსაკუთრებით საინტერესოა რამდენიმე წინადადება, რომლებშიც ის აღნიშნავს, რომ შრომა მისთვის ერთადერთი თავშესაქცევია ახლა, რადგან სწორედ შრომა ეხმარება იმაში, რომ მარტო არ დარჩეს ამ ფიქრებთან, განვლილის შესახებ მოგონებებთან. სწორედ ამ მოგონებებით გააზიარა მან თავისი ტრავმა, ყველა ის გადატანილი განსაცდელი, რომელიც წილად ხვდა და რომლებიც იმსახურებს იმას, რომ ბევრმა იცოდეს მათ შესახებ, ბევრმა მოისმინოს და გაიზიაროს ქართველი რეპრესირებული ქალის ტრავმები, მისი განცდები და მოგონებები. ძალადობრივი სისტემის მიერ მოტანილი ტანჯვა არ მთავრდება მათი გამოაშკარავებითა და ისტორიულ ჭეშმარიტებად ქცევით, ტრავმა იქცევა კოლექტიური მეხსიერების ნაწილად, თუმცა მნიშვნელოვანია იმ ინდივიდუალურ მიმართებებზე დაკვირვებაც, რომლებიც ზემოთ მოცემული მოგონებებისას ისტორიული რეალობის რეკონსტრუქციისა და წარმოდგენის ფონზე ხდება ჩვენი რეალობისა და ცნობიერების ნაწილი.

ბიბლიოგრაფია

ბექიშვილი, ნინო (Ed.). დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ. თბილისი: SovLab, 2012.

ჯიქია, ლევან. ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა და აჯანყებები საქართველოში 1921-1924: ნარკვევი, დაკომენტები, გამოსაცემად მოამზადეს ლევან ჯიქიამ და დიმიტრი სილაქაძემ. თბილისი, 2024.

Felman, Shoshana and Dori Laub. Testimony: Crises of Witnessing in Literature, Psychoanalysis and History . New York: Routledge, 1992.

  1. Shoshana Felman and Dori Laub, Testimony: Crises of Witnessing in Literature, Psychoanalysis and History (New York: Routledge, 1992), 57-63.
  2. ლევან ჯიქია, ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა და აჯანყებები საქართველოში 1921-1924: ნარკვევი, დაკომენტები, გამოსაცემად მოამზადეს ლევან ჯიქიამ და დიმიტრი სილაქაძემ (თბილისი, 2024), 57-64.
  3. ნინო ბექიშვილი (Ed.), დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ (თბილისი: SovLab, 2012), 22-106.