ქალთა გიმნაზიის რევოლუციონერი ქალები

გააზიარე:

„ქალთა გიმნაზიის რევოლუციონერი ქალები“

 

“მე კონკრეტული სამხედრო ცოდნა მაქვს, მას კი – გრძნობები. გრძნობები

კი ყოველთვის უფრო მძაფრია, ფაქტებზე უფრო შთამბეჭდავი.“

„ომს არ აქვს ქალის სახე“,

სვეტლანა ალექსიევიჩი

 

როცა აღმოვაჩენთ, რომ წარსული დაგვავიწყდა, კოლექტიურმა მეხსიერებამ გვიმტყუნა, მივხვდებით, რომ ეს მდგომარეობა იმაზე დიდხანს გრძელდება ხოლმე, ვიდრე, როგორც წესი, რომელიმე მოვლენის ან ფაქტის გახსენებას დასჭირდებოდა.

ეს, ერთი შეხედვით, აბსტრაქტული შესავალი ეძღვნებათ ქალებს, რომლებიც ქმნიდნენ ისტორიას თავიანთი ცხოვრებით, უფრო კი – მოღვაწეობით. დღეს მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის რევოლუციონერ ქალებზე ვწერ, მათზე, ვისაც გარკვეული ფორმით ქუთაისთან კავშირი ჰქონია, რაღაც საინტერესო მოუყოლია ამ ქალაქზე.

სახელ-გვარები ხანდახან ბუნდოვანდება, მაგრამ ამბები – რჩება. რადგან რეპრესირებული ქალების პროტესტზე ვსაუბრობთ, ხმაზე, რომელიც მუდამ ისმის, ალბათ, ამდენად არც ისაა შემთხვევითი, რომ „ხმა ქართველი ქალისა“ სწორედ ქუთაისიდან იწყება, საკუთარ სათქმელს ხმამაღლა ამბობს.

მინადორა ტოროშელიძე იმდროინდელ ქუთაისის მაზრაში დაიბადა, დაასრულა დღევანდელი წმინდა ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლა. იყო მარქსისტი, სოციალური მოძრაობისა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1898 წლის ამბების გახსენებისას თავის დღიურში ის ერთ საინტერესო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ამ დროს ქალაქში თბილისიდან გადმოუსახლებიათ „მესამე დასის წევრები“(სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი), რომლებიც აქ იწყებენ არალეგალური წრეების დაარსებას. ამდენად, მის ბიოგრაფიაში ვხვდებით ეპიზოდს, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულის ქუთაისის პოლიტიკურ ამბებს ნაწილობრივ შეეხება. სამწუხაროდ, არალეგალური წრეების უშუალოდ ქუთაისში საქმიანობის შესახებ მწირი ცნობები გვაქვს, უნდა ვთქვათ ერთი – იმდროინდელი ქალაქის „გამოცოცხლების“ (ცარიზმის მმართველობის პირობებში) შესაძლებლობას სწორედ ამ ტიპის ძვრები განაპირობებდა.

ასეთი ქალების მოღვაწეობა იმითაცაა საინტერესო, რომ, როგორც წესი, ბევრი განზომილება აქვს, ერთს ათასის ცხოვრება გამოუვლია, უფრო მეტი – უნახავს, რაც ჩვენს ყურადღებას იმითაც იპყრობს, რომ მსგავს ჩანაწერებში ქუთაისის კულტურულ მიმართულებაზეც ჩნდება ცნობები. მინადორა ტოროშელიძე იხსენებს ლადო მესხიშვილთან შეხვედრის ეპიზოდს.

ამ მემუარში მესხიშვილი საუბრობს ქუთაისის თეატრის მძიმე მდგომარეობაზე, რაც, თავის მხრივ, რუსული მმართველობის დამყარების პერიოდში, ცენზურით შეზღუდულ კულტურულ სივრცეში გასაკვირი არ უნდა იყოს. აღნიშნავს იმასაც, რომ განათლებული ქალები უარს ამბობდნენ დასში გაწევრიანებაზე და მინადორას სთხოვს, ცოტა ხნით ქალაქი არ დატოვოს, სასწავლებლად გამგზავრება გადადოს, წარჩინებული ოჯახის ქალების მაგალითად იქცეს. ამაზე ითანხმებს და მცდელობაც წარმატებული აღმოჩნდება.

კავშირის ძებნა ქუთაისთან, აქ არსებულ წინააღმდეგობის მოძრაობასა და იმ კონტექსტთან, რომელიც ამ პერიოდში ქალაქში არსებობდა, მარტივია, თუმცა ინფორმაციის შეგროვებაა რთული საქმე, რადგან სხვადასხვა ჩანაწერშია გაბნეული და ამბის თხრობის საერთო სტრუქტურა, ამდენად ცოტა ქაოსურიც შეიძლება, მოგეჩვენოთ (რაც ავტორის მხრიდან მკითხველის წინაშე თავის გამართლების მცდელობაა) ეს ერთგვარ მეტაფორად მიიღეთ, იმ პერიოდის ალეგორიად.

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე, ქუთაისის ქალთა კლასიკური გიმნაზიის კიდევ ერთი კურსდამთავრებული, რევოლუციონერი ქალი. მის დღიურში ოქტომბრის რევოლუციის ქრონიკებზე ვკითხულობთ. 14-24 ოქტომბერს მთელს დასავლეთ საქართველოში საყოველთაო გაფიცვა ყოფილა, რომლის გამოც ქუთაისი, სხვა ქალაქებთან ერთად, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა:

 

„ათი დღის საყოველთაო გაფიცვის (14–24ოქტომბრამდის) შედეგად მთელი დასავლეთი საქართველო ხაშურიდან მოყოლებული ბათუმამდის–მოწყვეტილი აღმოჩნდა. ლიანდაგი აყრილი იყო, ტელეგრაფი აღარ მუშაობდა. ლიხის უღელტეხილის გვირაბი გაფუჭებული ორთქლმავლებით იყო გამოჭედილი: ქ.ბათუმი, გურია, ქუთაისი, შორაპანი, სამტრედია სავსებით მოწყვეტილი იყო. კაცმა არ იცოდა, რა ხდებოდა იქ.“

 

კიდევ ერთი დავიწყებული ამბავი ქუთაისში 1907 წელს მომხდარა. ქალაქის ციხეში რევოლუციონერმა პატიმრებმა გვირაბი გათხარეს და გაიქცნენ. გვირაბი ჭიათურის მაღაროს მეშახტეებს ციხის მოპირდაპირე სახლიდან გაუთხრიათ, რაც, თავის მხრივ, როგორც შეფასებულია, საკმაოდ რთულ საინჟინრო შრომას მოითხოვდა და გარკვეულწილად, იმ დროისთვის მიღწევაც იყო. ეს საქართველოს ისტორიისთვის საკმაოდ ცნობილი მოვლენა (რომელიც დღეს ალბათ ნაკლებად გვახსოვს და სწორედ ამას ვგულისხმობდი სტატიის დასაწყისში) ქრისტინე შარაშიძესაც უკავშირდება, რადგან ფაქტობრივად მისი უშუალო მონაწილე გამოდის: ამ დროს ის ბალახვანის ქუჩაზე ცხოვრობდა და, როგორც თავად წერს, გამოქცეული პატიმრები ხშირად სტუმრობდნენ სახლში. იმდროინდელი „ჟანდარმი“, როგორც ჩანს, ქალაქში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებოდა, მით უფრო, პატიმრების ციხიდან გაქცევის ამბის შემდეგ. სწორედ ამ პერიოდში, აღნიშნული ჟანდარმის წევრები ჩხრეკის ჩასატარებლად მისულან ქალის სახლში. ვერაფერი იპოვესო, იხსენებს ქრისტინე შარაშიძე, მაგრამ ალბათ უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა – ვერავინ (იგულისხმებიან პატიმრები). პირადი ჩანაწერების გარდა, მის სახლში პოლიციისთვის საინტერესო არაფერი მოიძებნებოდა. სწორედ ამ პირადი ჩანაწერებისთვის მიუგნია ერთ-ერთ კეთილსინდისიერ ჟანდარმს, გვარად ესაძეს, როგორც ქალი იხსენებს, მაგიდის ქვეშ მიუწოდებია „შავკანიანი რვეული“ ქრისტინესთვის და უთქვამს „მოსპეთ!“ რთული გამოსაცნობი არაა, რა იყო ამ რვეულის განადგურების მიზეზი, არც ის, თუ რა შინაარსის ჩანაწერები მოიძებნებოდა მასში, თუ იმასაც მხედველობაში მივიღებთ, რომ ქრისტინე შარაშიძე ახსენებს ლეგალურ პრესას, რომელსაც ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გამოსცემდნენ ყოფილი სემიონოვის ქუჩაზე. ამ რედაქციას სტალინიც სტუმრობდა ხოლმე. ის ქრისტინეს პირადადაც არაერთხელ უნახავს. სემიონოვის ქუჩა დღევანდელი ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობდა, თუმცა დამატებითი ცნობები სტამბის შესახებ არ მოიპოვება.

ამავე პერიოდში ქუთაისში არსდება სახალხო უნივერსიტეტის საზოგადოება, რამაც ახალი ბიძგი მისცა განათლებისა და კულტურის განვითარებას, უფრო ზუსტად, ლიტერატურულ პროცესებს, მიუხედავად იმ დროინდელი რთული და კომპლექსური პოლიტიკური ვითარებისა.

კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქალი ახლა უკვე კომუნისტების მოწინააღმდეგე ხდება, ერთვება წინააღმდეგობის მოძრაობაში. მის საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ:

 

„…ძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებული წარმოადგენს არსებული წყობილების შეურიგებელ მტერს და ყოველგვარ ღონეს ხმარობს საბჭოთა წყობილების დასამხობად და მენშევიკების ბატონობის აღსადგენად. თავის ჩვენებებში გარკვევით ამბობს, რომ საბჭოთა წყობა და მთავრობა საქართველოში ფიქციაა.“

 

შემდეგი რევოლუციონერი ქალი ქეთევან ხუციშვილია. მის მიერ მოთხრობილ მემუარში ნახსენებია, რომ ის „ეკუთვნოდა საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციას.“ აღნიშნულში იგულისხმება მუშათა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც 1915 წელს, ქუთაისში, არალეგალურ კრებაზე ჩამოყალიბდა. ის, რომ ქალაქში არსებობდა ამგვარი ორგანიზაციის შექმნის წინაპირობა, შედარებით უსაფრთხო (აქ სიტყვა უსაფრთხო, ცხადია, ჰიპოთეტურია, რადგან რთულად წარმოსადგენია ამ პერიოდის საქართველოს რომელიმე ქალაქში არსებულ მდგომარეობას „უსაფრთხო“ და „მშვიდი“ ეწოდოს) გარემო ყოფილა. მაშასადამე, სწორედ ქუთაისი გვევლინება ამ მოძრაობის დაწყების ადგილად.

სტატია სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნიდან „ომს არ აქვს ქალის სახე“ ამონარიდით იწყება. გრძნობები რომ ყოველთვის უფრო მძაფრია, ამაში მკითხველის დარწმუნებას წარსულის, დავიწყებული ქალების გახსენებით შევეცადე. ეს მისია მიუღწეველია იმდენად, რამდენადაც კიდევ უამრავი ისტორია გაქრა ცარიზმის ან შემდგომ, საბჭოთა ეპოქაში. ქალთა გიმნაზიის მოსწავლეებზე, რომლებიც უკომპრომისოდ ცდილობდნენ, საკუთარი პოზიციისა და მორალის დაცვას, კიდევ ბევრია საწერი და თხრობა აქ არ მთავრდება, მეორე მხრივ კი, ჩემი მისია, მათი მოღვაწეობის ქუთაისთან დაკავშირება იყო.

სამხედრო ცოდნასა და ფაქტებზე მძლავრ გრძნობებს, იმას, რაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქალს აერთიანებს, გრიგოლ აბაშიძე თავის ლექსში „ოდა თავისუფლებას“ ასე გამოხატავს:

 

 

”ოცნება ხალხთა, ნატვრა მგოსანთა,

მოდის, მოაფრქვევს ელვას ტყვიებად…

მზის ამოსვლას ჰგავს მისი მოსვლა და

მას ყველაფერი ეპატიება.“

ყველა მათგანი თავისთავად ამბობს ოდას თავისუფლებაზე.

 

 

 

ბიბლიოგრაფია:

 

„დაკარგული ისტორია – მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“ , საბჭოთა კვლევის ლაბორატორია