სახლის სიმბოლური დატვირთვის მცირე ანთროპოლოგიური ანალიზი ქუთაისის მაგალითზე.
ავტორი: ნია კუჭავა
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიისათვის საკმაოდ საინტერესოა ის საკითხი, თუ როგორ ან რატომ იქცევა ხოლმე ადამიანის საცხოვრებელი, მისი თავშესაფარი სახლად, ანუ როდის იძენს ადამიანის სამყოფლის კედლები სრულიად განსხვავებულ, ბევრად უფრო დიად სიმბოლურ მნიშვნელობას, ანუ აღიქმება, როგორც სახლი. მოვლენათა სამყაროში სახლის მრავალი განმარტება იარსებებს, მის ასაშენებლად გამოყენებული ტექნიკისა და მასალის ერთობლიობის ჩათვლით, თუმცა რა ხდება ხოლმე მაშინ, როცა სამყოფელი სახლად გადაიქცევა, უბრალო ყოფნა კი ცხოვრებად. მოცემულ სტატიაში სწორედ სახლსა და მის სიმბოლურ დატვირთვაზე, მის მიმართ არსებულ სოციალურ, კულტურულ და ინდივიდუალურ მიმართებებზე ვიმსჯელებთ, განსაკუთრებით კი იმ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება ურბანული სივრცე, ანუ ქალაქი გახდეს სახლის გაგრძელება, მისი გადიდებული, მრავლისმომცველი ვერსია, ამ უკანასკნელს კი ქუთაისში ჩატარებული საინტერესო კვლევის განხილვის საფუძველზე შევეცდებით.
პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია _ გაყოფა და შენახვა. სახლი არის მატერიალიზებული სივრცე ცნებისა ,,აქ,“ მისგან განცალკევებით არსებული რეალობა კი გარე სამყაროს განასახიერებს. [1]ამ შემთხვევაში სახლის არა მხოლოდ სამყოფლად ან თავშესაფრად აღქმა გამოგვადგება, არამედ უნდა წარმოვიდგინოთ მისი უნარი სივრცის დანაწევრებისა, სახლი გვევლინება, როგორც ახლოსა და შორეულის, შინაგანისა და გარეგანის განმასხვავებელი გარდამავალი ფაზა, რომელიც ჩვენს პირად სივრცეს ამ სივრცის როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ განზომილებებს საკუთარ მასშტაბებში იტევს, სანდო საცავს გვთავაზობს არა მხოლოდ ჩვენი ქონებისთვის, არამედ კუთვნილების შეგრძნების აუცილებლობა და მისწრაფება კიდევ უფრო მაღალ დონეზე აჰყავს. სახლი უნდა იცხოვრებოდეს, ის არ გამოხატავს მხოლოდ მასში არსებობას, დაძინებასა და ცუდი ამინდისგან თავის შეფარებას, მასში მოიაზრება უნიკალური გამოცდილება ცხოვრებისა. შესაბამისად, თუ ადამიანების ინდივიდუალურ მიმართებებს განვიხილავთ, სახლი შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ განცდად, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტულ ადგილას მომხდარი მოვლენებისა და წარსულში დადგმული სცენარების ერთობლიობა, არამედ უკიდურესად პირადი, ინდივიდუალური მიმართებაა.
მიუხედავად ზემოთ მოცემული მსჯელობისა იმის შესახებ, რომ სახლთან არსებული დამოკიდებულება ყველაზე მეტად ინდივიდისგან განიცდის გავლენას, არც სოციალური და კულტურული ფაქტორების წილი და ურბანული სივრცის როლი უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. ურბანული სივრცე, რომელშიც სახლი არსებობს, თავის მხრივ, განსაზღვრავს მრავალ ატრიბუტს, რომელიც უშუალოდ სახლთან ასოცირდება. ამიტომაცაა, რომ კონკრეტული ქალაქი, მაგალითად, ქუთაისი, შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც სახლი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წელი და მოგონება უკავშირდება მას, ან რა სტატუსით არსებობს რომელიმე ქალაქი პიროვნების ბიოგრაფიაში, შეიძლება აღიქმებოდეს სახლად. ურბანულ სივრცეში ორი განზომილება უნდა გამოვყოთ: პირველ რიგში, ადამიანების ზემოქმედება ურბანულ სივრცეზე, მისი სურვილი აკონტროლოს, თავისი თავი გამოხატოს და დაატყოს ურბანულ სივრცეს და მეორე, კოლექტიური გამოცდილებების გავლენა სახლთან მიმართებაზე.[2] ეს უკანასკნელი აქტუალურია ნებისმიერი ურბანული სივრცისთვის, მათ შორის, ქუთაისისთვის, რადგან ქალაქს ახასიათებს უნიკალური გამოცდილებები და განცდები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად ,,ცხოვრებენ,“ რაც საერთო პერსპექტივებსა და სახლის გაზიარებულ შინაგან ღირებულებებს ქმნის. რადგანაც სახლსა და ურბანულ სივრცეს შესაძლოა მსგავსი სტრუქტურები და თვისებები ახასიათებდეთ, მათ შორის პარალელის გავლებაც მარტივია _ ურბანული სივრცეც, თავის მხრივ, ცხოვრებაა, გამოცდილებაა, როგორც სახლი, შესაბამისად, მათ შორის დამაკავშირებელი ხაზის პოვნა ბევრად უფრო მიღწევადია. თავის მხრივ, ადამიანებიც ცდილობენ თავიანთი კვალი დაატყონ სივრცეს, განსხვავებული და უნიკალური დიზაინი შეუქმნან საკუთარ სახლებსა და ფასადებს, აივნებსა და ჭიშკრებს. შესაბამისად, ურბანული სივრცეები და ადამიანები ერთმანეთს ავსებენ, ორივენი ერთად კი შეიძლება იქცნენ სახლის გაფართოებულ ვარიაციად. სახლი ერთგვარი წინააღმდეგობაც არის, სანდო და მშვიდი ადგილია იმ შფოთის საპირწონედ, რომელსაც გარეგანი არეულობა ანიჭებს ხოლმე ადამიანს, რომელიც ხშირად მოულოდნელობებითა და ქაოსურობით გვაწუხებს. შესაბამისად, შინაგანისა და გარეგანის დაპირისპირების აღქმა კიდევ უფრო ამძაფრებს სახლის წარმოსახვას, რაც, თავის მხრივ, ამყარებს მიკუთვნებულობის განცდას და ადამიანებს უბიძგებს, მუდამ შეინარჩუნონ ის იდენტობათა ნაკრები, რომელიც უშუალოდ მათ სახლთან, ქალაქთან ერთად თუ მისგან დამოუკიდებლად აკავშირებთ.
პოლიტიკური დაძაბულობისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე განსაკუთრებით იზრდება სახლის სიმბოლური და ემოციური დატვირთვა. მსგავსი კატაკლიზმების შემთხვევაში ადამიანებისათვის გარეგანი სამყარო კიდევ უფრო არასანდო და მტრული ხდება, სახლის დატოვების ფენომენი კი განსაკუთრებით მტკივნეული და რთული. სახლის დატოვება განსაკუთრებით მძიმე თემაა მაშინ, როცა ცენტრალიზაციის პრობლემა და ქვეყნის მასობრივად დატოვების ტენდენცია ძალზედ მძაფრად აწუხებს საზოგადოებას. სოციალური შფოთი და გაურკვევლობა ამ თვალსაზრისით სულაც არაა უცხო საქართველოს კონკრეტულ კონტექსტში. შესაბამისად, აქ სახლი არა მხოლოდ ძველი, პარალელური ცხოვრების ამსახველი შეიძლება იყოს, არამედ იმ იდენტობისაც, რომელსაც ადამიანი ებღაუჭება და მაქსიმალურად ცდილობს, რომ შეინარჩუნოს მსგავსება და სახე თავისი სახლისა, რომლის დროებით თუ გრძელვადიან პერსპექტივაში დატოვებაცა და სხვა თავშესაფრის პოვნა უწევს. სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავშესაფრის სახლად გადაქცევის ფენომენი და მის უკან არსებული მექანიზმები. მათ შორის, ხშირია კვლევები, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ომის თუ სხვა კატასტროფის გამო სახლებდატოვებულ ადამიანებზე კონცენტრირდება. მსგავსი კვლევა შეეხება უშუალოდ ქუთაისის კონტექსტს. მკვლევარი კეთრინ ბრუნი 2002 და 2003 წლებში სტუმრობს ქუთაისს და ათვალიერებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სამოსახლოებს, შემდგომ 2010 და 2011 წლებში ისევ სტუმრობს საქართველოს და იმავე სახლებს, ამჯერად კი აკვირდება იმ გარდაქმნებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში შეიძლება იყოს შესამჩნევი.[3] მკვლევარი ინტერვიუს მეთოდს იყენებს მონაცემების მოსაპოვებლად და ანალიზისას გამოყენებულ ციტატებში სრულად ცხადდება სახლთან მიმართებით არსებული ის თეორიები, რომლებიც აქამდე განვიხილეთ. თუ 2003 წელს ადამიანები კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობდნენ და იქიდან გამომდინარე, რომ ჯერაც არ ჰქონდათ შექმნილი მუდმივი, ინდივიდუალური საყრდენი საკუთარი სახლის სახით, ჯერ კიდევ არსებობდა იმედის ნაპერწკალი და გულწრფელი რწმენა, რომ ამ მოცემულობაში პირადი, ინდივიდუალური სივრცის არქონა ან მისი უბრალოდ მოუწყობლობა, უფრო ახლო პერსპექტივად აქცევდა ნამდვილ, პირვანდელ სახლში დაბრუნებას. 2010 წელს კი შესამჩნევი იყო ის, რომ სახლის მორთულობა, პირადი კვალისა და ინდივიდუალიზმის დატყობის მცდელობები ბევრად უფრო ხშირი და მრავალფეროვანი იყო 2003 წლის მონაცემებთან შედარებით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დროსთან ერთად ახალი სახლი გახდა არა დროებითი მოცემულობა, რომელსაც ატრიბუტებს ნაკლებად ვძენთ და მოგონებებს ნაკლებად ვუკავშირებთ, რადგან ვთვლით, რომ ის წარმავალი და დროებითია, არამედ თავშესაფარი, რომელმაც უნდა დაიტიოს როგორც ინდივიდუალიზმი, ისე ყოველდღიური რუტინა, ახლანდელი ცხოვრება და მომავალიც. თუმცა ინტერვიუებში მკვლევარმა საინტერესო აზრები მოისმინა, მათ შორის, ერთ-ერთი რესპონდენტი საუბრობს ყველა იმ სირთულეზე, რომელიც სახლის მოწყობას, ტექნიკურ მხარეებსა და პირობებს შეეხება, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ახლანდელი სახლი აფხაზეთისას დაამსგავსონ, რადგან მათ ყოველთვის ახსოვთ და ემახსოვრებათ აფხაზეთის სილამაზე. სწორედ მსგავს მიმართებებზე დაკვირვებით ცხადდება ის, რომ სახლის განზომილებები კიდევ უფრო რთული და კომპლექსური ხდება მაშინ, როცა ადამიანები მასში ჩააშენებენ წარსულსაც, ძველი ცხოვრების ხსოვნასაც. შესაბამისად, ყოველი მომდევნო სახლი აღარაა დამოუკიდებელი ძველი ცხოვრებისგან, ის წარსულის მოცემულობების მუდმივ რეპეტიციასა და იმიტაციასაც აერთიანებს საკუთარ თავში. როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ კვლევაში, ისინი უკვე შეეჩვიენ მეზობლებთან ურთიერთობას, გარემოს, სატრანსპორტო სისტემას, ახალი სახლის გაჩენა მოასწავებს კიდეც ტერიტორიული შფოთისა და სივრცესთან ურთიერთობით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქებას, თუმცა წარსულის კვალი სამუდამოდ რჩება ჩაშენებული ცნებასთან ,,სახლი.“ სიმშვიდისა და დაცულობის განცდა, შინაგანი ჰარმონია და განგაშის არარსებობა არის ის მნიშვნელოვანი თვისებები, რომლებსაც ანთროპოლოგები გამოყოფენ სახლთან არსებული სუბიექტური მიმართებებიდან, მსგავსი მეცნიერული მიდგომა კი კიდევ უფრო ცხადყოფს იმ პიროვნულ ტრაგედიას, რომელიც თან სდევს სახლის დატოვებას, იმ შფოთსა და აღელვებას, რომელიც უცხოსთან დაახლოებას და ნაცნობთან განშორებას მოჰყვება თან.
ბიბლიოგრაფია
Bachelard, Gaston. The Poetics of Space. Boston: Beacon Press, 1994. Brun, Cathrine. “Home as a Critical Value: From Shelter to Home in Georgia.” Refuge: Canada’s Journal on Refugees 31, No. 1 (2015): 43–54. https://www.jstor.org/stable/48649003.Whyte, William H. The Social Life of Small Urban Spaces. New York: Project for Public Spaces, 2001.
- Gaston Bachelard, The Poetics of Space (Boston: Beacon Press, 1994), 38-43. ↑
- William H. Whyte, The Social Life of Small Urban Spaces (New York: Project for Public Spaces, 2001), 10-24. ↑
- Cathrine Brun, “Home as a Critical Value: From Shelter to Home in Georgia,” Refuge: Canada’s Journal on Refugees 31, No. 1 (2015): 43–54. https://www.jstor.org/stable/48649003. ↑