ჰარიმანის სახლი

გააზიარე:

,,ჰარიმანის სახლი“

 

ლია ხარაიძე

გასული საუკუნის დასაწყისში ჭიათურა რამდენიმე კომლიან პატარა სოფელს წარმოადგენდა, რომელიც ძირითადად მდინარე ყვირილის ორივე მხარეს შეფენილი ხის ბარაკებისაგან, სამიკიტნოებისა და სამჭედლოებისგან შედგებოდა. აქვე იყო რკინიგზის სადგური და ბაზარი. ის ადგილი, სადაც დღეს აღმაშენებლის მჭიდროდ დასახლებული ქუჩა მდებარეობს, იმ პერიოდისათვის სრულიად დაუსახლებელი გახლდათ. ახლა ძნელი წარმოსადგენია რომ ეს შემაღლებული ადგილი მუხნარით იყო დაფარული, რომლის სამხრეთით სასაფლაო ყოფილა. ხოლო ვაკეზე, რკინიგზის სადგურამდე კაკლების ხეივანი გასდევდა ქუჩას, რომელიც დღეს ი. ჭავჭავაძის სახელს ატარებს. ქალაქი სწრაფად იზრდებოდა, რადგან მანგანუმის მოპოვება ძალას იკრებდა და ამის გამო პატარა, წყნარ ქალაქს უამრავი ბედის მაძიებელი მოაწყდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჭიათურის მადანი სამართავად გადაეცა ავერელ ჰარიმანს.

ჰარიმანების ისტორია ჭიათურაში ამით არ იწყება. ჯერ კიდევ ავერელის მამა ედვარდი ჩამოსულა ჭიათურაში. იგი ძალიან საინტერესო პიროვნება გახლდათ და არაერთმა ავტორმა მიუძღვნა ნაშრომი. ედვარდი ღარიბი მოძღვრის ოჯახში დაიბადა. 14 წლისამ დაიწყო მუშაობა ,,უოლ-სტრიტზე“ კურიერად. შემდეგში კი გავლენიან ფიგურად და მილიონერად გადაიქცა. ედვარდ ჰარიმანის გარდაცვალების შემდეგ მისი იმპერია კიდევ უფრო გაფართოვდა. თუკი ედვარდ ჰარიმანი ცალკეულ პოლიტიკურ მოღვაწეებს აფინანსებდა, მისი შვილი ჰარიმან-უმცროსი თვითონ თამაშობდა გარკვეულ როლს პოლიტიკურ არენაზე და ოცნებობდა, ოდესმე თეთრ სახლში მოხვედრილიყო. ფრანკლინ დელანო რუზველტის პრეზიდენტობის წლებში უილიამ ავერელ ჰარიმანს რიგი საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა. იყო აშშ-ის ელჩი საბჭოთა კავშირში და დიდ ბრიტანეთში. იყო ფინანსთა მინისტრი, პრეზიდენტ ტრუმენის მრჩეველი, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი და პრეზიდენტ ჯონ კენედის სპეციალური ელჩი. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო მოლაპარაკებებში, მათ შორის თეირანის, იალტის და პოტსდამის კონფერენციებში. ჰარიმანი აქტიურად მონაწილეობდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დროს. ზოგიერთები თვლიდნენ, რომ თუ ჰარიმანის ოცნება მაინც ვერ განხორციელდა და მისი კანდიდატურა არ წამოაყენეს თეთრ სახლში (პრეზიდენტად), ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო „ზედმეტად ლიბერალი“. 1963 წელს ავერელ ჰარიმანმა არსებითი როლი ითამაშა მოსკოვის ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებაში ატომური გამოცდების ნაწილობრივი აკრძალვის შესახებ, ხოლო 1968 წელს ის ხელმძღვანელობდა ამერიკის დელეგაციას, რომელმაც პარიზში დაიწყო მოლაპარაკება ვიეტნამში მშვიდობის დასამყარებლად.

სწორედ ეს ავერელ ჰარიმანი ითვლება ერთ-ერთ პირველი უცხოელ ინვესტორად საქართველოში. 1925 წელს ივლისში ,,ჰარიმანი და კომპანიას“ გადაეცა ჭიათურის მაღაროები სამართავად 20 წლის ვადით. თუმცა, საბჭოთა ხელისუფლებასთან ურთიერთობაში წარმოშობილი სირთულეების გამო, ჰარიმანმა გადაწყვიტა კონცესიის შეწყვეტა. 1926 წელს მან ლევ ტროცკისთან, რომელიც საკონცესიო კომისიის თავმჯდომარე იყო, ოთხსაათიანი მოლაპარაკება გამართა, რომლის შედეგადაც კონცესიამ მუშაობა შეწყვიტა.

აქვე მინდა გაგიზიაროთ ქ. მარინა ბუზუკაშვილის ძალიან საინტერესო მოგონება ჰარიმანთან დაკავშირებით: ,,საგულისხმოა, რომ ჭიათურის მარგანეცის საბადოებს თავის დროზე ამერიკელი მეწარმე – ჰარიმანი ფლობდა. გასაბჭოებამდე სწორედ მისი საქმიანი პარტნიორი იყო ბაბუაჩემიც. მეწარმე ჰარიმანი გახლდათ მამა ავერელ ჰარიმანის. მამა ერთ სახალისო ამბავს ხშირად იგონებდა ხოლმე: დიპლომატიური მისიის ამოწურვის გამო ავერელ ჰარიმანი კრემლში სტალინთან გამოსამშვიდობებლად მივიდა. შეხვედრას ბერიაც ესწრებოდა. ხაზგასმულად თავაზიანი საუბრისას, რაღაც მომენტში, სტალინმა ბერიას მოულოდნელად ქართულად გადაულაპარაკა: ძლივს არ მოვიშორეთ ეს შობელძაღლი!.. გაცილებისას სტუმარი კარებთან მოტრიალდა და მასპინძლებს ქართულად უთხრა: აბა, სულ ბედნიერად და კეთილად ბრძანდებოდეთო და კარებში გავიდა. ჰარიმანის ამ ნიშნისმომგები ჟესტით შემცბარ სტალინს ბერიასათვის შავი დღე უყრია: – საბჭოთა უშიშროების შეფს ჰარიმანის ქართულის შესახებ როგორ არ უნდა გცოდნოდაო! საქმე ის არის, რომ ჭიათურაში მამამისის მეწარმეობის პერიოდში პატარა ავერელს ადგილობრივ თანატოლებთან თამაშისას ქართული მშვენივრად უსწავლია…“

ჰარიმანის ჭიათურაში მოღვაწეობის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა მაგრამ, მან მაინც შეძლო წარუშლელი კვალის დატოვება ქალაქის ცხოვრებაში. საბედნიეროდ შემორჩენილია სახლი, სადაც ჰარიმანი ცხოვრობდა და მუშაობდა. იგი დაახლოებით 1925 წელს არის აშენებული. გათლილი, დეკორატიულად დამუშავებული ქვით ნაგები, ორსართულიანი სახლი დღესაც ყურადღებას იპყრობს. შემორჩენილია სადარბაზოს იატაკის მოზაიკა და ჩირაღდნებისთვის განკუთვნილი კიბის მოაჯირის მორთულობა. აქ მაცხოვრებელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რუდუნებითაა შენახული ბუხარი, რომელიც ხელოვნების მშვენიერი ნიმუშია და ახლაც ,,ჰარიმანის ბუხარს“ ეძახიან. ამბობენ, როდესაც ჰარიმანი ჭიათურიდან მიდიოდა უთქვამს:- არ ვიცი როგორ წარიმართება ჭიათურის ცხოვრება, მაგრამ აქ ხიდებსაც კი ოქროს მოაჯირები უნდა ჰქონდესო.

შეიძლება ითქვას სახლი ქუდ-ბედნიერი აღმოჩნდა. საუკეთესო ბინადარნი ,,მემკვიდრეობით“ ერგო, რადგან ჰარიმანის წასვლის შემდეგ, სახლში ახლად გახსნილ საავადმყოფოში მოწვეული ექიმები, ჩაასახლეს. ამ დროიდან ,,ჰარიმანის სახლს“ ,,ექიმების სახლი“ შეერქვა და ასე მოიხსენიებენ დღესაც. რამდენი დიდებული ადამიანი ახსოვს ამ კედლებს, ვის არ უცხოვრია აქ და ვინ არ ყოფილა სტუმრად?! აქ ცხოვრობდნენ: ცნობილი ექიმები: ირაკლი ფაღავა, რომელსაც ცხენზე ამხედრებული ექიმის სახელით მოიხსენიებდნენ. მან საფუძველი ჩაუყარა ბავშვთა განყოფილებას ჭიათურაში. მართალია ქალაქში 12 წელი იცხოვრა, მაგრამ აქაურებს ძალიან შეაყვარა თავი; იოსებ(სოსო) კურცხალია- მეორე მსოფლიო ომის დროს ირანში მუშაობდა სამხედრო ექიმად. ჭიათურაში დაბრუნებულმა საფერშლო ტექნიკუმი გახსნა, სადაც მედდებს ამზადებდნენ. მეუღლე – ლეტიცია გოგსაძეც ექიმი იყო. ამ პროფესიას დაეუფლნენ მათი შვილებიც. ექიმების ოჯახი ქალაქის დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა; სიმონ ჟღენტმა იმას გარდა, რომ საოცარი ექიმი იყო და მის დასმულ დიაგნოზს ,,წყალი არ გაუვიდოდა“, დიდებული იუმორით დაამახსოვრა თავი ქალაქს. აქვე ცხოვრობდნენ ფთიზიატრი ალექსანდრე წერეთელი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ამ მიმართულებით და პრაქტიკულად სათავე დაუდო ფთიზიატრიის განვითარებას საქართველოში. ადგილობრივები იმასაც იხსენებდნენ, რომ თუ პაციენტს ყიდვის საშუალება არ ჰქონდა თვითონვე ყიდულობდა წამალსო.

ამ კედლებს საუბარი რომ შეეძლოს რამდენ საინტერესო ამბავს მოგვითხრობდა თავის მოუსვენარ და დიდებულ საქმეებს შეჭიდებულ ბინადრებზე. შეუძლებელია ანაზდად დიდი მგოსნის სტრიქონები არ ამოგიტივტივდეს გონებაში: ,,მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი“.