ავტორი: გიორგი ფანცულაია
ზოგჯერ, ხდება ხოლმე დიდი ადამიანების შვილები საზოგადოებისთვის და ისტორიისთვის შეუმჩნეველ ფიგურებად რჩებიან, თითქოს მშობლის ჩრდილიდან ვერ გამოდიან. ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა, თითქოს ნიკო ნიკოლაძის განუზომელი და ამოუწურავი ღვაწლის გაგრძელებად იქცა, მისი ღირსეული შთამომავლების ცხოვრება და მოღვაწეობა. ნიკოს ვაჟის, გიორგი ნიკოლაძის დამსახურება ქვეყნის წინაშე მამისას არ ჩამოუვარდება.
თუმცა, მოდით, თავიდან დავიწყოთ…
1872 წელს ნიკოლაძეს პეტერბურგში მაკაროვას ქალთან არაოფიციალური ურთიერთობის შედეგად შეეძინა გოგონა – ნინო მაკაროვა. გოგონას დედა ადრე გარდაეცვალა და ბავშვთა სახლში პეტერბურგში იზრდებოდა მამის – ნ. ნიკოლაძის ხარჯით. როცა ნიკოს მეუღლე ოლგა გურამიშვილი გახდა, ოლგამ მოძებნა ნინო, უკვე 14 წლის ჩამოიყვანა საქართველოში და თავის მეოთხე შვილად აღზარდა. აღზარდა ქართველად, ქართული სულით, ქართული მენტალიტეტით, შეაყვარა ყველაფერი ქართული. განათლებაც სათანადო მიაღებინეს. ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზია დაამთავრა და 1896 წელს ცოლად გაჰყვა შემდეგში ცნობილ იურისტსა და მრავალმხრივ საზოგადო მოღვაწეს – ივანე ზურაბიშვილს – კაცს, რომელსაც თვით ილია ჭავჭავაძემ გაუწია რეკომენდაცია მის მიერ 1905 წელს დაარსებულ ეროვნულ – დემოკრატიული მოძრაობის თავკაცობაზე.
ეს წყვილი 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ ჯერ თურქეთში, ხოლო 1924 წელს პარიზში გადავიდა საცხოვრებლად.
მათ სამი ვაჟი შეეძინათ. უმცროსი ვაჟის ლევანის ქალიშვილი გახლავთ სალომე ზურაბიშვილი.
ნიკო ნიკოლაძემ პირველად 1875 წელს იქორწინა: მან ცოლად შეირთო ბოგუმილა(ბოტია) ზემიანსკაია (1854-1931) – პოლონელი ემიგრანტი. მათ ვაჟი ეყოლათ, რომელიც მალევე დაეღუპათ. ამის შემდეგ-1877 და 1880 წლებში – ორი ქალიშვილი ეყოლათ: ნინო(თელიკო) და ელისაბედი (ლოლო). თელიკო ცოლად შეირთო გენერალმა ლუი კოკემ, ინდოჩინეთის გენერალ-გუბერნატორმა, ჯერ საიგონში ცხოვრობდნენ, მერე კი ისინი ისევ პარიზში დაბრუნდნენ. ლოლოს ბელგიელ მწერალთან და შემდგომში პრემიერ-მინისტრთან კარლ ჰიუისმანსთან არაოფიციალური ურთიერთობის შედეგად ვაჟი შეეძინა. 1917 წელს იგი საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ მალევე შვილი დაეღუპა და თავადაც ტრაგიკულად დაასრულა ცხოვრება.
ნიკო ნიკოლაძის მეორე მეუღლე იყო ოლგა გურამიშვილი, დიდი ილიას მეუღლის ოლგა გურამიშვილის ბიძაშვილი და ამავე დროს ნათლული. პირველი ქართველი ქალი, რომელსაც ნიკოს დებთან ეკატერინესა და ოლიმპიადასთან ერთად უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ, ჟენევის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული. გარდაიცვალა 1940 წელს 85 წლის ასაკში.
ნიკოსა და ოლღას ჰყავდათ სამი შვილი: რუსუდანი, გიორგი და თამარი.
რუსუდანი იყო ერთ-ერთი პირველი პროფესორი ქალი საქართველოში, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი თავის ძმასთან გიორგისთან ერთად. ის 50 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტში არაორგანული და ორგანული ქიმიის კათედრას. იყო პოლიგლოტი, იცოდა 7 უცხო ენა. გარდაიცვალა 1981 წელს 96 წლის ასაკში. ქ-ნ რუსუდანის მეუღლე პროფესორი მიხეილ პოლიექტოვი საქართველოს ისტორიის მკვლევარი და სახელგანთქმული მეცნიერი გახლდათ.
მათი ვაჟი ნიკოლოზ მიხეილის ძე პოლიექტოვი – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრის გამგე.
ნიკოს უმცროსი ქალიშვილი თამარი, ფიზიოლოგი, მუშაობდა თბილისის სახ. უნივერსიტეტში ფიზიოლოგიის კათედრაზე დოცენტად. პირველი ქართველი სპორტსმენი ქალი. თამარმა გიორგისთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ პროფესიულ სპორტს. 1923 წელს მან ქალთა პირველ საერთაშორისო შეჯიბრებაზე ტანვარჯიშში ლონდონში სრულიად შემთხვევით გამოვიდა და პირველი ადგილი მოიპოვა. იყო საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტის პირველი რექტორი. გარდაიცვალა 46 წლის ასაკში.
მისი მეუღლე – აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტი.
მათი ვაჟი – გურამ მუსხელიშვილი, ფიზიკურ და გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. ორი ქალიშვილი დარჩა გურამს – მარინე და ოლღა. მარინე არის მათემატიკოსი, პოლიტოლოგი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. ოლღა ფიზიკოსი. ისინი თბილისში საზოგადო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევიან
გიორგი ნიკოლაძე – მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინჟინერ-მეტალურგი, ქიმიკოსი, გამომგონებელი, გეოგრაფი, სპორტსმენი, ალპინიზმისა და ტურიზმის (ტურიზმს იგი მგზავროსნობას უწოდებდა!) ფუძემდებელი საქართველოსა და მაშინდელი საბჭოთა კავშირში. გიორგი ნიკოლაძე თავის უმცროს დასთან თამართან ერთად არის ქართული პროფესიული სპორტის ფუძემდებელიც. იგი თავის უფროს დასთან რუსუდან ნიკოლაძესთან ერთად არის ქართული ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის შემქმნელი, მაგ. ფეხბურთი, მთამსვლელობა, ტან-ვარჯიში, წერტილი, წრფე და სხვა. ის ათასამდე სიტყვის ავტორია.
გიორგი ნიკოლაძე დაიბადა 1888 წლის 12 აგვისტოს. ნიკოს ერთადერთი შვილია, რომელიც დიდ ჯიხაიშში, ამ სახლში, ამ ოთახშია დაბადებული. გიორგიმ 1906 წელს თბილისის გიმნაზიის დამთავრებისთანავე ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდები პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ქიმიურ განყოფილებაზე.
1913 წელს გიორგი ნიკოლაძემ წარმატებით დაამთავრა ტექნოლოგიური ინსტიტუტი და დაიცვა სადიპლომო პროექტი „საბრძედე წარმოებაში“.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჯერ ტულაში, ხოლო მოგვიანებით კი-იუზოვკაში (დონეცკი) და ენაკიევოში დაიწყო მუშაობა, თუმცა ორმა კათედრამ მისცა წინადადება ინსტიტუტში დარჩენილიყო. სწორედ დონბასში გამოიბრძმედა იგი და რუსეთის იმპერიაში საუკეთესო მეტალურგად იქცა.
1918 წელს გიორგი ნიკოლაძე საქართველოში ბრუნდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნის დღიდან უნივერსიტეტში მუშაობს და კითხულობს ლექციებს, როგორც პოლიტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ასევე, ფიზიკოსებისა და მათემატიკოსებისათვის ჯერ როგორც დოცენტი, ხოლო 1928 წლიდან როგორც პროფესორი.
გარდა თსუ-სა იგი მუშაობდა საქართველოს მაშინ ახლად დაარსებულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც მას ორი კათედრა ებარა: მხაზველობითი გეომეტრიისა და ელექტრომეტალურგიისა. აქ აღზარდა მან მეტალურგთა მთელი თაობა.
გიორგი ნიკოლაძემ ანდრია რაზმაძესთან, არჩილ ხარაძესთან და ნიკო მუსხელიშვილთან (თავის სიძესთან!) ერთად საქართველოში საფუძველი ჩაუყარა უმაღლეს მათემატიკურ სკოლას. 1928 წელს ევროპის ერთ-ერთ უძველეს სორბონას უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე, გეომეტრიული ფიგურების უწყვეტი სისტემების შესახებ“, რისთვისაც მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიენიჭა.
თითქმის 10 წლის შემდეგ, რაც გიორგი დონბასისა და ტულის ქარხნებიდან წამოვიდა იგი კვლავ დაუბრუნდა მეტალურგიულ წარმოებას. მან მუშაობა დაიწყო ელექტრომეტალურგიის ცნობილ სპეციალისტებთან პროფესორებთან გრიგოროვიჩთან და მაქსიმენკოსთან ერთად. მათ ერთად შეადგინეს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობის პროექტის ტექნიკური დასაბუთება.
გიორგის ხელმძღვანელობით დიდუბეში აშენდა საცდელი ქარხანა, სადაც ზაჰესის ელექტროენერგიის გამოყენებით უკვე 1930 წელს ჩატარებული იქნა ფერომანგანუმის პირველი დნობები, რომლის წარმატებული ცდების შედეგად საფუძველი ჩაეყარა გიორგი ნიკოლაძის მიერ აშენებულ ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხნის მუშაობას, რომელიც გიორგი ნიკოლაძის სახელს ატარებს.
როგორც ზემოთ ითქვა, გიორგი ნიკოლაძე საქართველოსა და მაშინდელ საჭოთა კავშირში ალპინიზმის ფუძემდებელიცაა: 1923 წლის 28 აგვისტოს გ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტთა და თანამშრომელთა ჯგუფი, რომელშიც 5 ქალი იყო ავიდა მყინვარწვერზე. 1925 წელს 12 აგვისტოს 19 კაციანი ჯგუფით დაიპყრო იალბუზი (გიორგის იალბუზზე 37 წელი შეუსრულდა). 1927 წელს თეთნულდი დალაშქრა. აქედან საფუძველი ჩაეყარა ალპინიზმის ისტორიას, საქართველოსა და მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით.
1924 წელს გიორგი ნიკოლაძის თაოსნობით დაარსდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, რომლის მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილებას თავად გიორგი ნიკოლაძე ჩაუდგა სათავეში.
გიორგი საზღვარგარეთ ყოფნის დროს ინტენსიურად მუშაობდა თავის გამოგონებაზე ელექტრულ არითმომეტრზე, რომელიც ახალი ტიპის გამომთვლელ მანქანას წარმოადგენდა. მისი არითრომეტრი პირველი ცდა იყო ტექნიკის ისტორიაში, როცა საანგარიშო მანქანა ელექტრომაგნიტური ბმების გამოყენებით აიგო. საზღვარგარეთის ფირმებმა ხელსაყრელი წინადადებები შესთავაზეს გიორგის მაგრამ, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი გამოგონების რეალიზაცია სამშობლოში მოეხდინა. ის იყო წმინდა ელექტრონული მანქანა, რომელიც არავითარ მექანიკურ ნაწილებს არ შეიცავდა, მაშასადამე ადვილად არ ცვდება და არ ფუჭდება. საქართველოში მან მართლაც ააგო თავისი ელექტრული გამომთვლელი მანქანის მოდელი. 1936 წელს ეს მოდელი და მისი აღწერილობაც დაიკარგა მოსკოვში. დღეს მის გამოგონებაზე მსჯელობა მხოლოდ მხოლოდ პარიზში შემონახული საპატენტო დოკუმენტებითღა შეიძლება.
ყოველ დილას, როცა გიორგი ვარჯიშს მოათავებდა, თავს წესრიგში მოიყვანდა დედას ეახლებოდა. ,,მსახურობ ერს?“-! ჰკითხავდა დედა -,,მარად!”- იყო პასუხი. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა მისი სამუშაო დღე.
გიორგი ნიკოლაძე სპორტს 900-იანი წლების დასაწყისში ეზიარა, როდესაც პეტერბურგში სწავლობდა. ის თავის დის თამარის რჩევით სპორტული საზოგადოება „სოკოლის“ წევრი გახდა. 1908-12 წლებში მან მონაწილეობა მიიღო სოფიაში და პრაღაში გამართულ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებაში ტანვარჯიშში, სადაც იგი დაჯილდოვდა სპეციალური სილამაზის პრიზით, დიდი დიპლომითა და დაფნის გვირგვინით.
იგი იყო არაჩვეულებრივი ფიზიკური აღნაგობის პიროვნება, მისი სხეული ბრინჯაოსაგან ჩამოსხმულ ქანდაკებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ცოცხალი ადამიანის ფიგურას.
„მე რომ მკითხონ როგორი გინდა ქართველი კაცი იყოსო, დაუყოვნებლივ ვუპასუხებდი, ისეთი როგორიც გიორგი ნიკოლაძე იყო – ასე ახასიათებს მას აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი. იგი 20-იანი წლების ქართველი ახალგაზრდების იდეალი იყო თავისი ჰარმონიული განვითარებით, ფიზიკური და სულიერი სრულყოფით. მისი სურათი ბადროს ტყორცნის დროს მთელ ევროპაში მარკების სახით გავრცელდა, როგორც ულამაზესი მამაკაცისა.
1918 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ არსებული საზოგადოებების ,,ამირანისა“ და ,,შევარდენის“ ბაზაზე გიორგი ნიკოლაძემ ჩამოაყალიბა პატრიოტულ- სპორტული საზოგადოება და სათავეშიც თავად ჩაუდგა. მოგვიანებით თავის დასთან, თამართან ერთად გახსნა მწვრთნელთა საგანგებო კურსები, სადაც იგზავნებოდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად ფიზიკური აღზრდის პედაგოგები. იგი თავად იძლეოდა მაგალითს. მან თავადაც აიღო ფიზკულტურის გაკვეთილები სკოლაში. ამავე დროს სისტემატურად მონაწილეობდა ტან-მოვარჯიშეთა გამოსვლებში. გიორგიმ შემოიტანა საქართველოში პროფესიული სპორტის მრავალი სახეობა.
გიორგი ნიკოლაძის მეუღლე იყო ჟორჟეტა ღამბაშიძე, რომელსაც იგი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან იცნობდა და რომლის ოჯახიც იმხანად პარიზში ცხოვრობდა. 1928 წლის ზაფხულში ისინი ორიგინალურ საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ- ველოსიპედებით მოიარეს საფრანგეთი, იტალია და ესპანეთსაც ეწვივნენ: გიორგი ნიკოლაძეს კარგა ხანია აინტერესებდა ბასკების გენეზისის საკითხი.
გიორგი გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა 42 წლის ასაკში ფილტვების ანთებით. ერთ ღამეს მის მიერ აგებულ დიდუბის ქარხანას ქარიშხალმა სახურავი ახადა, იგი მონაწილეობდა სამაშველო სამუშაოებში, გაცივდა, დაემართა ფილტვების ანთება, ერთხელ უკვე ჰქონდა გადატანილი დონბასში მუშაობის დროს და ძლივს გადაურჩა სიკვდილს. არ დანებდა, განაგრძობდა მუშაობას, გაურთულდა და ორმხრივ ცენტრალურ კრუპოზულ დაავადებად გადაექცა. 1931 წლის 5 თებერვალს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.