ავტორი: ნუნუ ქათამაძე- ბაკურაძე
იმ დროს, როდესაც საქართველოში არ იყო თეატრი და ჟურნალ-გაზეთები, არ არსებობდა არცერთი კულტურული დაწესებულება, ქართული აზროვნების განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ლიტერატურულმა საღამოებმა.
ევროპასა და რუსეთში საოჯახო შეხვედრებმა ადრიანად მოიკიდა ფეხი. დიდი ქვეყნების მდიდარი ლიტერატურული ტრადიცია დღესაც ღირსეულ ადგილს უთმობს მას. საამისოდ არა ერთი და ორი საინტერესო მაგალითის დასახელება შეგვიძლია. ხოლო, რაც შეეხება მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურას, იქვე ვგულისხმობთ ჭავჭავაძეებისა და ორბელიანების ქალბატონებს. ისინი, პროგრესულად მოაზროვნე, ნატიფი ლიტერატურული გემოვნებით გამორჩეული მანდილოსნები გახლდნენ, რომელთაც უდიდესი როლი შეასრულეს ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის გაღვივების საქმეში.
საინტერესო წარსული აქვთ ლიტერატურულ სალონებს საქართველოს ქალაქებში – გორი, თელავი, ბათუმი, ქუთაისი. დაკვირვებული თვალი მათ შორის ერთგვარ შემოქმედებით კავშირსაც შეამჩნევს.
ქუთაისი მარტო საქვეყნოდ ცნობილი ღირსშესანიშნაობით როდი იწონებდა თავს, მისი სიამაყის საფუძველი ის ადამიანები, ოჯახები იყვნენ გამორჩეული ინტელექტითა და ხალხის კეთილმსახურების ნათელი აზრით რომ მოქმედებდნენ.
მე-19 საუკუნის 60-იან წლებში კი უკვე არა ერთი და ორი შინაურული საღამო გამართულა ასეთ ოჯახებში. მათ შორის გამოირჩევა ერთ-ერთი საოჯახო შეკრება, რომლის მონაწილე ილია ჭავჭავაძე ყოფილა. ეს საღამო 1874 წლის 18 აპრილითაა დათარიღებული.
1978 წელს კი მუდმივი, ქართული დრამატული დასის სტუმრობით გახარებული ქუთაისელები, არამარტო საზოგადო ნადიმებით ეგებებოდნენ მათ, არამედ ცალკეულ ოჯახებში იწვევდნენ და ლამაზ საღამოს- შეხვედრებს უმართავდნენ.
პეტერბურგიდან დაბრუნებული აკაკი წერეთელი „სულიერ საზრდოსა და მეგობრობას“ ისევ და ისევ მამუკა ნიკოლაძის (ნიკო ნიკოლაძის მამა) და ბესარიონ ხელთუფლიშვილის ოჯახებში პოულობდა.
„… დაესწრო ამ სადილს ოცამდე სტუმარი. აქ იყვნენ მასწავლებლები, სხვადასხვა დაწესებულების მოსამსახურენი და მოსწავლე ახალგაზრდობა. სადილმა მიიღო ნამდვილი ლიტერატურული ბანკეტის ხასიათი. უკრავდნენ გიტარაზე. წარმოთქმულ იქნა ბევრი სიტყვა, შესვეს ცნობილ მოღვაწეთა სადღეგრძელოები, შემდეგ ლუკა რაზიკაშვილი გამოვიდა. იშვიათი შთაბეჭდილება დატოვა ნიკო ლომოურის გამოსვლამაც. ტკბილი ხმით ისმოდა რომანსი „ნეტავ რად სტირი დედილო“ “.
მრავალი საინტერესო შეხვედრის მოწმე გახლდათ ცნობილი დასტაქრის დიმიტრი ნაზარიშვილის სახლი. აქ შეკრებილთ უპირველესად ქართული ლიტერატურის სიყვარული აერთიანებდათ.
ცნობილი პიანისტის, ანასტასია ვირსალაძის მამა, დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი, ქალაქის ნოტარიუსი, ქუთაისის ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ. მისი სახლი ოლდენბურგისა და თბილისის ქუჩების (დღევანდელი ტაბიძის და თამარ მეფის) კუთხეში იდგა და მუდამ ღია იყო სტუმრებისათვის. აქ ხშირად იკრიბებოდნენ და იმართებოდა სჯა-ბაასი ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე.
ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილია ქუთაისში მცხოვრები პრინც ოლდენბურგის და მისი მეუღლის აგრაფინა ჯაფარიძის ბევრი საქველმოქმედო საღამო.
აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისურ საოჯახო შეხვედრა-საღამოებში ქალაქის მაშინდელი მმართველობა. ქალაქის თავი დავით ლორთქიფანიძე, ქართული გიმნაზიის მესვეურნი: იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, დიმიტრი ნაზარიშვილი, კირილე ლორთქიფანიძე, პოეტები, მსახიობები. ასეთ სალონში გაისმა პირველად ახალგაზრდა დები იშხნელების სიმღერა, რასაც შემდეგ მოჰყვა ლიტერატურულ-თეატრალური საღამოები. არ არის გასაკვირი, რომ გრიგოლ კლდიაშვილისა და ეფრო ყიფიანის (დიმიტრი ყიფიანის და) ოჯახი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული კერა იყო ქუთაისში. ამ ოჯახში აღზრდილი სიმონ და საბა კლდიაშვილები შემდეგში ცნობილი მოღვაწეები გახლდნენ. პედაგოგ ალექსი ჭიჭინაძესთან, რომელსაც მაშინ კერძო სასწავლებელი ჰქონდა ქუთაისში და მოსწავლეებს ამზადებდა გიმნაზიისთვის, ხშირად იკრიბებოდნენ ღირსეული ქუთაისელები. საერთოდ კი ქუთაისის იმდროინდელი ინტელიგენცია ძალზე განათლებული და ინტელექტუალური პიროვნებებისგან შედგებოდა.
უალკოჰოლო წყლების პიონერის მიტროფანე ლაღიძის ოჯახი ხშირად მართავდა ვახშმიან საღამოებს, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც რომ ეს ოჯახი გამოირჩეოდა საზოგადოებისადმი კეთილშობილური და დაუზარებელი ყურადღებით.
ასევე, თავშეყრის საყვარელი ადგილად იყო მიჩნეული მესხეთის (დღევანდელი ნინოშვილის) ქუჩაზე მდებარე მერაბ ლორთქიფანიძის სახლი. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, ნიკო მარი, პეტრე მირიანაშვილი, მამია გურიელი, დავით მიქელაძე, გაბრიელ ქიქოძე (ეპისკოპოსი), და სხვა. როცა ილია ჭავჭავაძე კვლავ ესტუმრა ქუთაისს მისი ერთ-ერთი მასპინძელი სწორედ მერაბ ლორთქიფანიძე იყო. თავის მხრივ, მისი ვაჟი, ნიკო ლორთქიფანიძე 1915-25 წლებში მასპინძლობდა ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, ვალერიან გაფრინდაშვილსა და სხვა „ცისფერყანწელებს“.
ეპისკოპოსი გაბრიელის დაკრძალვაზე ჩამოსული ილია ჭავჭავაძისათვის (მას თან ახლდნენ ლევან ჯანდიერი, ანდრია ლელაძე და სხვები) კი სიმონ ღოღობერიძეს უმასპინძლია. ილია მასთან რამდენიმე დღე დარჩენილა. მასპინძელი სტუმარს ყოველ საღამოს თავის მეგობრებს ახვედრებდა და იმართებოდა საოცრად თბილი, ამაღლებული, ლამაზი საღამოები.
1870-იანი წლიდან ქუთაისში სავექილო საქმიანობას ეწეოდა ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი. მისი ქალიშვილი, ელენე, მუსიკოსი ყოფილა. ქუთაისელ ანტონ ლორთქიფანიძეს შეურთავს ცოლად. ფრანგულიდან თარგმნიდა მოლიერს. ეს ოჯახიც საინტერესო თავშეყრის ადგილად იყო მიჩნეული.
მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიდამაშუკები ბრწყინვალე არისტოკრატულ ოჯახად ითვლებოდა. აქ ხშირად იმართებოდა საღამოები ვახშმითურთ: უკრავდნენ, მღეროდნენ, ლამაზად ჰყვებოდნენ. პირველად ქუთაისში მათი ვაჟიშვილის ქორწილზე საოჯახო ბაღში გაუმართავს ფრანგული „ა ლა ფურშეტი“, მოგვიანებით კი სტუმრებს დიდ სასტუმრო ოთახში გადაუნაცვლებიათ.
ქუთაისი, ყოველთვის ახერხებდა ევროპულ მაჯისცემაზე ჰქონოდა ხელი, არ ჩამორჩებოდა პარიზულ მოდას და ყველა იმ სიახლესაც მალევე ითვისებდა რაც მისთვის სამაგალითო ქვეყნებში ინერგებოდა. ლამაზი, გონიერი, საინტერესო, თბილი და გულიანი ადამიანები ესწრაფოდნენ ახლის შემეცნებას, განვითარებას, საინტერესო ადამიანებს, ამიტომ იყო, რომ პატარა ქალაქს დიდი კულტურულ ისტორიასთან ერთად, საინტერესო სალონური ისტორიებიც შემორჩა.