ავტორი: ნია კუჭავა
ქართული კულტურული განზომილებები მრავალ მოყოლილ ისტორიას იტევს, გულწრფელად თუ არაგულწრფელად, სრულად თუ არასრულად, ბევრი ამბავი ცხადდება, ზოგიერთი მათგანი სიტყვებითა და წინადადებებით მყარდება, ფურცელზე მოიპოვებს ხოლმე თავის დადასტურებასა და ლეგიტიმაციას. თუმცა რა ემართება ხოლმე ამბებს, რომელთაც არ უწერიათ გამჟღავნება, არ ერგოთ ისეთივე პატივი, როგორიც სხვებს და თავიანთი შინაგანი, თავისთავადი ღირებულებისდა მიუხედავად მათში მონაწილე ადამიანების მტკივნეულ ბედისწერასთან ერთად მეხსიერების მიერ რეპრესირებულ მოგონებათა შორის ნელ-ნელა კარგავს თავის სიცხადესა და სინამდვილეს? მსგავსი ისტორიები და ამბები კოლექტიურ არაცნობიერში არსებულ ყუთებსა და უჯრებში, სადღაც, მიუწვდომელ კუნჭულში დახარისხებულ და შემდგომ დავიწყებულ ადგილებში უნდა ვეძებოთ და მათთან შეჭიდებისას უცილობლად გადასალახავი გლოვისა და სევდის, ბრაზისა და საბოლოო გათავისუფლების ეტაპებიც უნდა გავიაროთ. მოცემულ სტატიაშიც სწორედ მსგავსი ისტორიული გამოცდილებების გახსენების, მათი ბევჯერ მოყოლისა და გასიგრძეგანების აუცილებლობას შევეხებით.
1856-57 წლებში ქართველ გლეხთა შორის აჯანყება იწყება. ამბოხი სამეგრელოში დაიწყო და შემდგომში იმერეთის, გურიის, აფხაზეთისა და სხვა რეგიონების აჯანყებებით გაგრძელდა.[1] სამეგრელოში დაწყებულ გლეხთა მოძრაობას კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა: გლეხების გათავისუფლება და თავადაზნაურთათვის თავიანთი წოდებრივი პრივილეგიების გაუქმება, გლეხებისათვის თავისუფლების მინიჭებასთან ერთად მათთვის საარსებო მინიმუმის არსებობის უზრუნველჰყოფა და მიწის გამოყოფა, ასევე, გლეხებისათვის გარანტიების მიცემა მათი ფუნდამენტური ადამიანური უფლებების დაცვისა და საკუთრების ხელშეუხებლობის სახით. მეგრელ გლეხთა აჯანყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თავიანთი მოძრაობის ლიდერად გლეხებმა მჭედელი უტა მიქავა აირჩიეს, რომელსაც გლეხთა კეისრის ტიტული მიანიჭეს და რამდენიმე სოფელზე საკუთარი კონტროლის დამყარების შემდგომ ზუგდიდსაც შემოარტყეს ალყა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ ისტორიაში გახლავთ უტა მიქავას სიტყვები, რომლითაც მან აჯანყებულ გლეხებს მიმართა: „ძმებო და მეგობრებო, ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცეა. თავგანწირულად მოვისწრაფვით ბატონყმობის დახავსებული ციხესიმაგრის დასანგრევად. ძმებო, სიკვდილი გვიჯობს მონობას.“ თავადაზნაურობა, რომელიც მიხვდა, რომ მსგავსი პროტესტის ფონზე ვერაფერს გახდებოდა, მყისვე მიმართავს რუსეთის მთავრობის კავკასიურ ადმინისტრაციას. რუსი გენერალი, რომელიც იმპერიიდან სწორედ თავადზნაურების მოთხოვნის შემდგომ ესაუბრება აჯანყებულებს მათთან მოლაპარაკების მიზნით, მეფისნაცვალს აუწყებს, რომ აჯანყებულ გლეხებთან საუბრისას მოსმენილი მოთხოვნები მოწინავე დასავლეთში გავრცელებული აზრებისა და იდეების გავლენა და გამოხატულება უნდა ყოფილიყო, რაც, მისი აზრით, ამწვავებდა არამხოლოდ სამეგრელოში მიმდინარე მოვლენებს, არამედ რუსეთის იმპერიის სოციალურ-პოლიტიკური წესისა და წყობის საპირწონეც გახლდათ. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის, გაგარინის მეთაურებით მოწინააღმდეგეებმა შეძლეს აჯანყებულთა დამარცხება. თუ მეგრელ გლეხთა შორის ვინმე გადაურჩა სიკვდილს, მათაც ციმბირულ ცივ, სასტიკ და საზარელ გადასახლებაში ცხოვრებას უქადდა ბედი.
გლეხთა მოძრაობა ძალადობითა და სასტიკი დარბევით, კიდევ უფრო სასტიკი ხვედრისთვის ადამიანების გამეტებითაც არ ჩამკვდარა, საბრძოლო ჟინი იმერეთსაც შეეხო, სოფელ დიმში დაწყებული პროტესტი ნელ-ნელა ღვივდებოდა და იარაღასხმული გლეხების პრობლემა ისევ აწუხებდა მაზრის ადმინისტრაციას, რეჟიმისთვის უკმაყოფილებისა და თავისუფლების მოთხოვნის მსგავსი გამოხატულება თავისთავად მიუღებელი იყო, შესაბამისად, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ ივანოვს დაევალა ამ პრობლემასთან გამკლავება. ივანოვი აჯანყებულებთან მოლაპარაკებისას ირწმუნებოდა, რომ გლეხების სამართლიანი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ახლა წესრიგს აღადგენდნენ და პროტესტს შეწყვეტდნენ. მისი სიტყვებით გულდამშვიდებული გლეხების სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელდა, არც მათი გულუბრყვილო რწმენა და იმედები გამართლდა _ იმერეთში წამოწყებული აჯანყების მეთაურებსაც სხვა გლეხების ბედი ერგოთ, მათაც მოიწიათ რეჟიმის კატორღის მარწუხებში მოქცევა და ციმბირში გადასახლება. გლეხების უკმაყოფილება და შემდგომში ამ უკმაყოფილებების მოთხოვნებად, კონკრეტულ პუნქტებად და სურვილებად გარდაქმნა, შემდგომში კი ათწლეულების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელება ლოგიკური გაგრძელება გახლდათ მონად ცხოვრებით მოგვრილი კაეშნისა და უსამართლობის შეგრძნებისა, იმ მდგომარეობისა, რომელში მყოფ ადამიანებსაც ერთმანეთის არც ესმით და არც სურთ, რომ ოდესმე საერთო ენაზე ისაუბრონ.
ზემოთ მოთხრობილი ამბავი უბრალო ფურცელი არ გახლავთ მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერიის მიერ მოვლენილი რეჟიმის ქრონიკებიდან, არამედ თვითმყოფადობის, გამოღვიძების, ხელახალი დაბადებისა და საკუთარი ადამიანობის დადასტურების თვალსაჩინო მაგალითია. მონად დაბადება ადამიანებს უქადის უსახელოდ და უგვაროდ სიკვდილს. მონობა ისტორიული მეხსიერების ნაწილად ვერგახდომის უცილობელი პირობაა, მაგრამ სხვა მონათხრობთა შორის ბევრად უფრო დასაფასებელია ჩაგრულთა, გვერდზე ძალადობრივად გაწეულთა, ყოველდღიურად საკუთარი ადამიანობის, უფლებებისათვის, თავისუფალი ნებისათვის მებრძოლთა მცდელობა, რომ ისტორიისათვის დაიბადონ ხელახლა, ამჯერად უკვე ღირსებითა და ბრძოლის უნარით შეიარაღებულნი. არსებობს ამბები, რომელთაც ყოველდღიურად ჰყვებიან, ყოველდღიურად ციტირებენ და თხრობისას ირიბად დაესესხებიან ხოლმე, თუმცა ამ სტატიაში მოყოლილი ამბები ჯერ კიდევ არ გაცხადებულა სრულყოფილად, და თუ მათ შესახებ ვიცით და წიგნებში ვკითხულობთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულად გავისიგრძეგანეთ ისტორიის ტრაგიკულობის მასშტაბი. აქამდე უხეიროთა იარლიყით მცხოვრებ, გარიყულ , სოციუმის მრავალხმიანობაში საკუთარი ჟღერადობის არმქონეთა თავდაუზოგავი მცდელობის, საკუთარი პროტესტით სამყაროში საკუთარი ადგილის მძებნელთათვის მოტყუებითა და ძალადობით, სამუდამო დადუმებითა და გაცამტვერებით მკვლელობა გახლავთ რეალური ტრაგედია და არა ის, რომ რომელიმე ჯგუფმა თავისი კონკრეტული ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები ვერ დაიკმაყოფილა. სწორედ მსგავსი გააზრება საკუთარი წარსულისა, საკუთარი ისტორიისა და კოლექტიური გამოცდილებისა გახლავთ საწყისი და სათავე იმის გააზრებისა, თუ ვინ ხარ ამჟამად, საიდან მოდიხარ და საით გინდა რომ წახვიდე, რომელ მემკვიდრეობასა და გამოცდილებას უნდა ჩაებღაუჭო სასურველი აწმყოსკენ მსვლელობისას.
ბიბლიოგრაფია
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. საქართველოს ისტორია: საქართველო XIX-XX საუკუნეებში. თბილისი, პალიტრა L, 2012.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ისტორია: საქართველო XIX-XX საუკუნეებში (თბილისი, პალიტრა L, 2012), 56-59. ↑