გრაფიტი – ამბის თხრობის თანამედროვე ფორმა ქუთაისში

გრაფიტი ქუთაისი

გააზიარე:

ავტორი: მარიამ მებუკე

 

„შენთვის რაღაც უნდა დამეტოვებინა, სანამ ჩემს თავშესაფარს დავუბრუნდებოდი, სადაც სარკეც კი არ არის, მხოლოდ ღრმულია, სადაც საბოლოო სრულ სიბნელემდე შემიძლია, დავიმალო, იმდენი რამ გავიხსენო, დროდადრო კი წარმოვიდგინო, როგორ განაგრძობ კვლავ ხატვას, როგორ გამოდიხარ ღამღამობით სახლიდან, რომ ისევ ხატო.“

                                                                                            ხულიო კორტასარი – „გრაფიტი“

 

ერთხელ მაინც გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, დროის გასვლასთან ერთად თითქმის შეუმჩნეველი ხდება? ამ შემთხვევაში იმ ქალაქის არქიტექტურა და სტილი იგულისხმება, რომელშიც ვცხოვრობთ. ადგილები, სადაც დავდივართ, ყურადღების მიღმა გვრჩება, რადგან თითქოს გვგონია, რომ დაუშვებელია შეიცვალოს, მუდამ ისეთად დარჩება, როგორიც გვახსოვს. მერე კი, როცა რაღაც უცხოს, ბოლოს და ბოლოს, შევამჩნევთ, ინტერესით შევყურებთ. ერთხელ უცნაურად ჩავფიქრდებით და აღმოვაჩენთ, რომ მახსოვრობაში არსებული ქალაქის იერსახე სულაც აღარაა ისეთივე, ძველებური და ნაცნობი. თუმცა ეს „ნაცნობობაც“ პირობითია.

არადა, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება, ფორმასა და შინაარსზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ხანდახან ამაზე ფიქრი რეალობაში დაბრუნების ტოლფასია, ის ადამიანები კი, რომლებიც დაგვაფიქრებენ, მომენტალურად იმაზე ძვირფასი ხდებიან, ვიდრე აქამდე იყვნენ. ეს გრძნობა წიგნის პირველად წაკითხვის ბედნიერებასაც ჰგავს, როგორც გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაშია.

ამ ზაფხულს ქუთაისში სტუმრად ჩამოსული მეგობარი მეკითხება: ხომ არ იცი, სად არის კატო მიქელაძის სახლი? აქ, ძველ სადოვაიას ქუჩაზე (მოხსენიებული, როგორც ბაღის ქუჩა) ცხოვრობდა, თავის დღიურში ეს მისამართი აქვს მითითებული. მე, ცოტა გაკვირვებული (სასიამოვნოდ), ამასთანავე მისი სურვილით აღფრთოვანებული ვიწყებ ამ ქუჩის ახალი სახელის ძებნას. თან საკუთარ თავზე ვბრაზობ, აქამდე ერთხელაც რატომ არ მომსვლია აზრად კატოს სახლის მისამართის გაგება-მეთქი. ძებნის შემდეგ ახლანდელ თბილისის ქუჩაზე მივყავართ კვალს (რომელიც ალისფერი ნამდვილად არ არის). და ჩვენც, ისეთი შემართებით ვადგებით ქვაფენილიან აღმართს, რომ თვით სიზიფესაც შეშურდებოდა. თითქოს იქ კატო მიქელაძე გვხვდებოდეს… მერე დავაზუსტეთ, წესით მემორიალური დაფაც უნდა იყოს მის საცხოვრებელ სახლზეო. ორ ნაწილად ვიყოფით (არ გეგონოთ, ბევრნი ვართ – სულ სამნი). მე ერთ მხარეს ვაკვირდები მემორიალურ დაფებს, რომლებიც ამდენად მრავლად ყოფილა თბილისის ქუჩაზე და არც ამის შესახებ მქონდა წარმოდგენა, მეორე მხარეს კი ქუთაისში სტუმრად ჩამოსულები სეირნობენ. ბოლოს, როცა ორჯერ ავიარეთ თბილისის ქუჩა, საკუთარი წაგებით იმედგაცრუებულებმა თავის დასამშვიდებლად ვთქვით, უეჭველად აქ არის, ალბათ ჩვენ ვერ მივაგენით-თქო. ამ ამბის მერე ქუთაისში კიდევ ერთხელ დაბრუნებულმა მეგობარმა სულ სხვაგან იპოვა ის მისამართი, სადაც კატო მიქელაძე ცხოვრობდა, თუმცა, ცხადია, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი შეცვლილია და მეოცე საუკუნის მთავარი ფემინისტი ქართველი ქალის სახლი აღარ არსებობს.

უცნაურია, მაგრამ როცა აღმოაჩენ, რომ იმ ადგილს, სადაც დაიბადე, მიუხედავად აქ გატარებული დროისა, მაინც არ იცნობ, იმასაც მიხვდები, რომ რაღაც უსასრულოდ განგრძობადს შეეჭიდე, სხივს, დასაწყისის მქონესა და დასასრულის არმქონეს. ვერც ვერასდროს შეისწავლი, ამოიცნობ ბოლომდე, ესაა ამ ქალაქის ხიბლიც.

და მაინც, ქალაქი, რომელსაც საკმარისად არ იცნობ, ყოველ ჯერზე თავიდან უნდა აღმოაჩინო.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის ქუჩებში უამრავჯერ გაგვივლია, მათ ემატება კედლის მხატვრობა, ჩვენ კი ვერ ვამჩნევთ ან უკვე თვალისთვის მიჩვეულის შინაარსობრივ მხარეზე, შექმნის მიზეზსა და ისტორიაზე ნაკლებად ვამახვილებთ ყურადღებას. არადა, როგორც ქანდაკება, შენობა, დავით კაკაბაძის მუზეუმში დაკიდებული ნახატები მოითხოვენ ჩვენგან კონტექსტისა და წინარე ისტორიის ცოდნას, მისი, როგორც ხელოვნების პროდუქტის შეფასებას, გაანალიზებასა და დაფიქრებას, ამასვე გულისხმობს გრაფიტი თავისი არსით, რადგან ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ზემოთ ჩამოთვლილნი. როგორც მიხვდით, ამჯერად ქუჩის ხელოვნებაზე უნდა ვისაუბროთ, იმაზე, რაც ჩვენთვის შეუმჩნევლად ემატება ქალაქს და ავსებს მას. შეიძლება ითქვას, „აახალგაზრდავებს“ კიდეც, იმ თაობისთვის სასურველს ხდის, რომელმაც სწორედ ახლა უნდა დაიწყოს მისი აღმოჩენა.

ცოტა ხნის წინ ქუთაისს რეზო გაბრიაძის გამოსახულება შეემატა, რომელზეც თოჯინასთან ერთადაა გამოსახული, როგორც იმ ცნობილ ფოტოსურათზე. ამას შეიძლება თამამად ვუწოდოთ საგანმანათლებლო გრაფიტიც, რადგან ვინც ჯერ კიდევ არ იცის გაბრიაძის წვლილის შესახებ საქართველოში თოჯინების თეატრის დაარსების საქმეში, პირველ რიგში, კითხვა გაუჩნდება – რატომაა თოჯინასთან ერთად გამოსახულიო, მერე კი ძებნას დაიწყებს. სწორედ კითხვის დასმაა პასუხამდე მისვლის ერთადერთი გზა და ამგვარად, ქალაქის შეცნობის საშუალებაც. ჩვენი აზროვნება ასოციაციურია, რაღაც ძაფებს ეძებს, მოვლენებისა და ფაქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელს (ახლაც, ამაზე წერისას ცოტა ხნის წინ წაკითხული კორტასარის მოთხრობა „გრაფიტი“ გამახსენდა). ამ ძაფების წყალობით იქმნება სრული სურათი იმისა, რასაც ვხედავთ და თან ვერ ვხედავთ. ამგვარადაა ქუთაისი პარადოქსების ქალაქი…

თითქოს მის არქიტექტურას, კონტრასტის მიუხედავად, ის სიძველეც ამშვენებს, ქანდაკებების სახით რომ არის გაბნეული სხვადასხვა უბანში.

გრაფიტისა და ძეგლების ქუჩიდან ქუჩაზე მონაცვლეობაც პარადოქსია, უძრავი ხელოვნების პარადოქსი. საბჭოთა პერიოდში დადგმული ძეგლები ქალაქის იერსახის ნაწილია, მით უფრო თუ ისტორიულ ქვეტექსტსა და ხელოვნებაში სოციალური რეალიზმის, როგორც მიმდინარეობის, გავლენას გავითვალისწინებთ. გრაფიტი კი, ცხადია, თანამედროვე ხელოვნების პროდუქტია. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ იერსახეს ამახინჯებს, აუფასურებს, შეგვიძლია ვთქვათ პირიქით, ის უფრო საინტერესოსა და ამდენად მიმზიდველს ხდის ქალაქს.

რადგან შინაარსზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ აქ ყველა მოხატული კედელი რაღაც ამბავს ჰყვება. მათ შორის ერთ-ერთი ომსა და ომით გამოწვეულ ტკივილს ეძღვნება, უფრო ზუსტად კი 2008 წელს დაღუპულ გმირს. ეს ამჯერად ქაღალდის ფრინველებსა და სახის გარეშე დახატულ სხეულში გამოიხატა. ცისფერი და თეთრი ფერების შერწყმა, მიუხედავად მძიმე შინაარსისა, ამსუბუქებს ამ გამოსახულებას. იქვეა მიწერილი ზურაბ კუხიანიძის ლექსის ნაწყვეტიც:
                                                   „ჩემი სული საქართველოს
                                                    აჩქარებულ სუნთქვაშია.

ეს ქალაქი არც „შერეკილებს“ ივიწყებს, ნიუპორტის ქუჩაზე „ქალბატონი მარგალიტა“ ჩვეული ღიმილით შეგხვდებათ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კედლის მხატვრობა თემატურადაა დაყოფილი. „მადლიერების სახლის“ კედელზე ნახავთ თინა ჩერტოვას გრაფიტს, სახელწოდებით „Women Rights”(„ქალთა უფლებები“). ეს ქუთაისის კულტურულ მიმართულებას სხვა მნიშვნელობას ანიჭებს. ის ღირებულებების ქალაქია იმდენად, რამდენადაც მსგავსი თემები ჯერ კიდევ ქალთა გიმნაზიის არსებობის დროიდანაა აქტუალური. იმავე იდეის გაგრძელებაა სალომე ნიკოლაიშვილის “Cosmic Girl”, რომელიც, როგორც ავტორი განმარტავს, ძლიერ ქალებს, მათ სურვილებსა და მიზნებს ეძღვნება.

უახლესმა ამბებმა იზოლაციონისტურ თემაზე შექმნილ ხელოვნებაში, კედლის მხატვრობაშიც ჰპოვა ასახვა

. მათ შორისაა გრაფიტი სახელწოდებით ‘’Lockdown”, რომელზეც ერთმანეთისგან კედლით გამოყოფილი ორი სილუეტია გამოსახული.

ასევე კედლის მხატვრობა სახელწოდებით „Environmental Collapse” (გარემოს კოლაფსი) ეხმიანება ეკოლოგიურ პრობლემებს და ამგვარად ერთგვარ მოწოდებასაც შეიცავს ამ ყოველივეს წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქალაქის იერსახე არ კარგავს ფერად ნამუშევრებს, ისეთ თემებთან ერთად, როგორიცაა ქალთა უფლებები და ომის, შევხვდებით სხვა სტილის გრაფიტსაც (მაგალითად: „Childhood” – “ბავშვობა” – ავტ.: Masholand, ‘’Kite and Children” – „ფრანი და ბავშვები“)

ზოგადად, კედლის მხატვრობა პოპის ეპოქის განუყოფელი ნაწილია და სწორედ ამ ეპოქაში ვითარდება. შეიძლება, ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე არტისტი, ბენქსი გაგახსენდეთ და ისიც გაიფიქროთ, რომ მსგავსი ნამუშევრებისთვის „ხელოვნების“ წოდებას არ ეთანხმებით. მსჯელობას ისევ იქამდე მივყავართ, საორიენტაციოდ, საკუთარი შეხედულებების გასამყარებლად ამ სიტყვის რომელ განმარტებას აირჩევთ. მიუხედავად ამისა, ქალაქი, რომელიც წარსულისა და მისი ფუნდამენტური ღირებულებების შენარჩუნებას ცდილობს, თანამედროვე პროცესში რომ ერთვება, სასიამოვნო და ამდენად, მნიშვნელოვანიცაა. ქუთაისში სხვადასხვა თაობის ადამიანი ცხოვრობს, სხვადასხვა გემოვნებით. კონტრასტი კი მართლაც დიდია.

ახლა, როცა რომელიმე ქუჩაზე გაივლით თავდახრილი, ისევ ისეთი დაღლილი ან ბედნიერი, სევდიანი ან მოწყენილი, როგორიც აქამდე, სხვა თვალით დაუწყებთ ყურებას ყველა სიახლეს. სიახლეს, რომელსაც ქუთაისი, როგორც თავის ნაწილს, იხდენს და იღებს. მერე იქნებ ძველთან ერთად (კატო მიქელაძის სახლის მისამართის არ იყოს), მისი აღმოჩენაც დაიწყოთ.

 

 

კედლის მხატვრობის ამსახველი ფოტო-მასალა:

https://www.redfedoradiary.com/street-art-in-kutaisi-georgia/

 

გრაფიტი ქუთაისი