დარდი N1677 – პროფესიით რეჟისორი

დარდი N1677

გააზიარე:

        „ქაოსში დაკარგული პერსონაჟი, რომელიც ცდილობს ცხოვრება ერთ დიდ ფილმად აქციოს“.

      ალბათ, ეს ფრაზა არ გეცნობათ, რადგან ის არც რომელიმე ცნობილ რეჟისორს ეკუთვნის და არც რომელიმე ნაცნობ მწერალს, პოეტს. ამ სტატიაში არც ფრაგულ კინოზე ვისაუბრებ და არც ტარკოვსკის, კუბრიკის, ფარაჯანოვისა და სხვების ესთეტიკაზე. ერთი რამ კი შეიძლება ცალსახად ითქვას – მის ფილმებში არის პოეზიაც და რეალურ ცხოვრებაში კინოს ძიებაც, მოკლედ, დიდი გზაა გასავლელი. ახლა საუბარი ერთ ოცი წლის ბიჭზეა, ჩვენთვის ამდენად საყვარელ, რეზო გაბრიაძისეულ იმერეთში დაბადებულ და ფილმებზე შეყვარებულ ბიჭზე, რომელიც თავისი კინოთი ნელ-ნელა ამტკიცებს, რომ  სურვილი ცათმფრენის აგებაზე არც ისე აზრს მოკლებულია, თუ გაქვს შთაგონება და ფრენის სურვილი, ფრენის, ოღონდ წარმოსახვაში.

      საბა ბოდოკიას ერთი ფილმის ნახვაც საკმარისია, რათა წარმოდგენა შეგექმნათ მის შინაგან სამყაროზე, საინტერესო ხედვებზე, კედლის მიღმიერ ამბებზე, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ რთული შესამჩნევი და აღსაქმელია. ის უფრო ფიქრის ადამიანია, ვიდრე საუბრის. ამიტომაა, რომ დიდი ხნის ნაფიქრს ჯერ დღიურში ინახავს და მერე ფილმად გარდაქმნის. როგორც წესი, სცენარის ავტორიც თავადაა და რეჟისორიც. 

      ერთ-ერთ პირველ მოკლემეტრაჟიან ფილმს, „ავტოპორტრეტს“, 15 წლის ასაკში დაუწერა სცენარი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ფილმის ოპერატორიც თავად იყო და საკუთარი მობილური ტელეფონით იღებდა წელიწადის ოთხივე სეზონზე იმას, რაც შემდეგ მისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებად იქცა. 

      შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს ფილმი დიდი და გამოუთქმელი პროტესტია ყველაფერი დრომოჭმულის წინააღმდეგ, აჯანყებული თავისუფლების იდეაა, რომელიც შეიძლება რაღაც ძველს ანგრევს, მაგრამ ახალსაც აშენებს, რაც თავისთავად აუცილებელია ამ პროცესითვის. „ავტოპორტრეტის“ პრემიერაზე რეჟისორმა გააჟღერა სიტყვები: „ბევრმა ალბათ ვერ გაიგო ამ ფილმის არსი, მაგრამ თუ გაიგო, ძალიან კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის“. ესეც ადასტურებს გამოთქმულ აზრს პროტესტის გარკვეულწილად კომპლექსური, ზოგისთვის ცოტა უსიამოვნო, თუმცა სწორი ფორმისა და გამოხატვის შესახებ. ხელოვნებით პროტესტის გამოთქმა ამ დროშიც არ არის აზრსმოკლებული, მით უფრო, ახალი ხმისგან.

        ფილმი დაბადებით იწყება, იმით, რაც ადამიანს საზოგადოების ნაწილად აღქმისა და საკუთარი თავის ამ სივრცეში მოაზრების „უფლებას“ აძლევს. არის თუ არა ეს პრივილეგია, თუ პირიქით, რაიმე არასასურველი პროცესი, ამაზე ფილმის განმავლობაში თავად უნდა ვიპოვოთ პასუხი. აქ შეხვდებით სიმართლეს, რომელიც ამდენად პოეტური იშვიათადაა მის მძაფრ ემოციურ გავლენებთან ერთად. დაბადებიდან იწყება, პირველ რიგში, ოჯახურ სივრცეში ჩამოყალიბების, შემდეგ კი სოციალიზაციის პროცესი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა სიუჟეტში ადამიანებს თავზე ნაჭრის ქსოვილი აქვთ ჩამოფარებული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სოციუმში გაერთიანებული ხალხის სურვილს, ემსგავსონ ერთმანეთს (და ეს გამოსდიოდეთ კიდეც). აქ ფრაზა „ყველა ერთ ქვაბში არ იხარშება“ სრულიად არარელევანტურია. ამის შემდეგ ერთგვარი გამოღვიძება, სამყაროს სხვა ფერებში აღქმა იწყება, ეს რაღაც სიზმარს ჰგავს, იმ სივრციდან თავის დაღწევას, რომელშიც განსხვავებულ ადამიანსაც უწევს ცხოვრება. ან კი ვინ არის განსხვავებული? ალბათ მხოლოდ ის, ვინც აჯანყებას ცდილობს, თავის დახსნას. ამ დროს ყველა სიზმარი მხოლოდ წარმოსახვაა, რეალობისგან დასაღწევი გზა. სამწუხაროდ, ასეთად ყოფნა გიძნელდება და მერე თოფის გასროლის ხმაც მკვეთრად ჩაგესმის ყურში. ან გამოფხიზლდები, ან სამუდამოდ დაიკარგები. მერე ისევ ასეთ, უტოპიურ სამყაროში საზოგადოება გიგლოვებს. ფილმის კიდევ ერთ ეპიზოდში ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულ „ქელეხის“ სცენას ვხვდებით, ისევ უსახო ადამიანებით, ამ დროს კი გვერდით დედა შვილს გლოვობს. დაბადებიდან სიკვდილამდე თითქოს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იცვლება ყველაფერი, დანარჩენები ისევ იგივე რჩებიან. 

        სიუჟეტის მიღმა, საინტერესოა ამ ფილმის ხელოვნებასთან სხვა ფორმით სიახლოვეც. აქ რამდენიმე ცნობილი ნახატი ცოცხლდება. რენე მაგრიტის „ძე კაცისა“, მილეს „ოფელია“, დაკრძალვის სცენა ძალიან ჰგავს „ჯიმ შვანთეს“(„მარილი სვანეთს“) ერთ-ერთ მონაკვეთსაც ჩრდილში გამოსახული პერსონაჟებით. 

         ცხადია, კინო-ხელოვნების მიმართულებით გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ბევრი რამ, მათ შორის, ხედვებიც იცვლება, რაღაც ახალსაც სწავლობ. პირველი ფილმიდან (16 წლის ასაკში გადაღებული) მესამე კურსის სტუდენტობამდე დიდი გზა და თანადროული პროგრესია. ზოგადად, ხელოვანის ცხოვრების მთავარი გამოწვევა ახლის შექმნის, უკეთესობისკენ სწრაფვის სურვილია, რასაც, შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა რეჟისორი ნამდვილად არ ღალატობს. მის ერთ-ერთ ბოლო მოკლემეტრაჟიან ფილმში „დარდი N1677“, რომელიც გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდითაა“ შთაგონებული, ბევრად უფრო ყოფითი პრობლემაა წარმოჩენილი, მაგრამ ეს პრობლემა თავის თავში წარსულის ისტორიულ ამბებს აერთიანებს – დაწყებული ომის თემიდან დამთავრებული ახალი საპროტესტო ტალღით, ფემინისტური მოძრაობით, „ხმა ქართველი ქალისას“ შექმნით. მაყურებლის მიზიდვაც მარტივად შეუძლია და დაინტრიგებაც და მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯერჯერობით ყველა ფილმი მოკლემეტრაჟიანია, საერთოდ არ ტოვებს უკმარისობის განცდას, მეტიც, იმდენად „მსუყეა“, რომ შემდეგ კარგა ხანს ფიქრობ მასზე. 

      საბა ბოდოკია დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისორიცაა, როგორიცაა, მაგალითად, „სურვილების ხე“, რომლის პრემიერაც ახლახან, თელავის კინოფესტივალზე შედგა. საინტერესოა არა მხოლოდ მისი ხედვა, არამედ საქმის სიყვარული და მცდელობა, უკეთ წარმოაჩინოს ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ადამიანები. ის ეძებს პერსონაჟებს რეალური ცხოვრებიდან, სხვაგვარად, თითქოს ვერც თავად შეძლებს არსებობას. ამ ფილმში წყალტუბოს ერთ-ერთ ძველ სანატორიუმში მცხოვრები დევნილი ბავშვები, მათი ყოველდღიურობაა ნაჩვენები. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი დოკუმენტურია, საბა არასდროს კარგავს პოეზიას მის შემოქმედებაში და ამ ფილმსაც ეტყობა მხატვრულობის გავლენა. ეს არა მხოლოდ, ყოველდღიურობაზე, არამედ ომის მძიმე ხვედრზე გადაღებული ფილმია. „სურვილების ხეც“ სიმბოლურია, ისევე, როგორც ყველა ფილმის სახელზე კარგად აქვს ნაფიქრი. „ავტოპორტრეტიც“ მისი მსგავსი ადამიანების ხსნის გზებზე ფიქრი, მათი ძიებაა, ბოლო ფილმის სათაური კი ყველას მიერ ათასჯერ გაჟღერებულ, ლამის გაზეპირებულ ნატვრას – იმის დაბრუნებას გულისხმობს, რაც, როგორც ჭილაძე წერს ერთ ლექსში, „ჩვენი ნებით არ დაგვითმია“. „სურვილების ხის“ პერსონაჟები ისეთი ბუნებრივები არიან, ბოლო კადრში რომ ჩანს, იმ ძველ ლიანდაგებზე მატარებლის გავლის სურვილი გიათმაგდება. სწორედ ამით მთავრდება  ეს ფილმიც… ჯერ კიდევ არავინ იცის, როდის გაივლის მატარებელი. 

         ქართულ თანამედროვე ხელოვნებას აკლია ავტორების მიერ ადგილობრივი ამბების აღწერა, ურბანული გავლენაო, ბოლო დროს საინტერესო დისკუსიის მომსწრე გავხდი. ამიტომ გამახსენდა საბას კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი „გეგუთელი დიასახლისი“, რომელიც იმ გარემოს, სადაც თავად გაიზარდა, ყველაზე კარგად გამოხატავს და ამავე დროს, ფემინისტურ ჭრილში განიხილავს საქართველოში ქალების შრომას, მათ მიერ გამოვლილ დაბრკოლებებზე ყვება. „გეგუთელი დიასახლისი“ ხანშიშესული მშრომელი ქალის ცხოვრების ანარეკლია, რომელიც დანაოჭებული, ნაჯაფი ხელებით, მზისგან ფერშეცვლილი კანითა და სევდიანი ღიმილით ყვება საკუთარ თავზე იმას, რაც გამოიარა, თან ამაყი და  თან დარდიანია. მიუხედავად სხვა ბევრი დაბრკოლებისა, მოიკიდებს ზურგზე ტომარას და გააგრძელებს იმ გზას, რომელსაც უკვე ორმოცი წელია ადგას. ამ ფილმის პერსონაჟი საბას ბებიაა. საერთოდ, არაერთხელ გამოუთქვამს მადლიერება საკუთარი ოჯახის მიმართ, რომლებსაც მისი ყველა ფილმის გადაღებაში დიდი წვლილი მიუძღვით, ხშირად თავად არიან მსახიობებიც.

          ტექნიკურ დეტალებს თუ დავაკვირდებით და უშუალოდ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას, პირველი ფილმიდან ბოლო ფილმამდე განსხვავება იმდენად მკაფიო იქნება, რომ თავადაც მივხვდებით, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს შრომამ, რომელიც ხელოვნებისთვის, ხელოვანის მიერ არის გაწეული.

      ესეც ერთგვარი ჯაფაა, რთული გზა, რომელსაც, როგორც წესი, საინტერესო ადამიანებამდე, ცხოვრებამდე მივყავართ და ამას მოწმობს კიდეც რეჟისორი, რომლის ფილმებიც უპირველესად მხატვრულად გაჟღერებული ფიქრებია. ეს ერთგვარი გაცვლაა, გონებაში ნახარში აზრების კადრებში „კონვერტირება“ და არავინ იცის, მერამდენე გადაშლილ სცენარს, დახეულ, მერე დამწვარ ფურცელს, გაფუჭებულ კადრსა თუ გათენებულ ღამეს ითვლის ამ ყველაფრის შექმნა. თუმცა, რაც მთავარია, იმ ცნობილი ფრაზის არ იყოს, არც ფურცლები და არც კადრები არ იწვის…

          როცა ასეთ ადამიანებს ვხვდები, ყოველთვის კარლო კაჭარავას ფრაზა მახსენდება: „მე მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ ეს უდაბნო, რომელზეც ვოცნებობ, ჩემივე დახატულია და მე აქ ვცხოვრობ“. 

          ჩემი მიზანი ახლაც იგივეა, როგორმე უდაბნოებზე მეტმა ადამიანმა გაიგოს…

       

         რამდენიმე ფილმის ბმული:

https://youtu.be/3hL2nGMmG7k?si=WNBeyQvMyIrLcfaC

https://www.youtube.com/watch?v=vqRMRdkpCQw

https://www.youtube.com/watch?v=4gPRqqTISB0

დარდი N1677