ქუთაისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეპოქაში

საქართველოს დამოუკიდებლობა

გააზიარე:

ავტორი: ნია კუჭავა

 

ქართული პოლიტიკური აზრის განვითარებისა და პოლიტიკური თუ კულტურული იდენტობის შესახებ მსჯელობისას საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ რამდენი მნიშვნელოვანი კავშირი და ჯაჭვი იბმება კონკრეტული ადამიანის მხრიდან თვითრეფლექსიის დროს: პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა დაუკავშირო წარმოსახვით ერთობას ადამიანებისა, რომლებიც შენთან ერთად კონკრეტულ დროსა და ეპოქაში არსებობენ და შენნაირ პრობლემებს უმკლავდებიან, იმავე საწუხარით გულანთებულნი ეძებენ გამოსავალსა და ადეკვატურ პასუხს საკუთარ შეკითხვებზე. მას შემდეგ, რაც პიროვნებასა და მის გონებაში ახლად შექმნილ ფენომენთან, ადამიანთა ერთობასთან წარმატებით დამყარდება კავშირი, იწყება მემკვიდრეობის, ისტორიული დროის მსველელობისა და აზრების მუდმივი გადაფასება. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დინამიკაში ადამიანებს ხშირად ეუფლებათ სიახლოვის, მსგავსებისა და ერთობის, უამრავ უცნობ ადამიანთან ერთად ერთ კონკრეტულ ისტორიულ დროსა და წამში დგომის აღქმა. ზემოთ ხსენებულ სენსაციებს კი კიდევ უფრო ამძაფრებს უშუალოდ იმ ერთობის კონკრეტულ კონტექსტში დანახვა, რომელსაც თავს მიაკუთვნებ და რომელიც ინდივიდის იდენტობის მარკერებს შორის ფუნდამენტურ წილს იკავებს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ურიგო არ იქნება ქუთაისის დანახვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და იდეოლოგიური გარდატეხების, მრავალი ისტორიკოსის აზრით კი, ქართული სახელმწიფოს იდეისა და პოლიტიკური აზრის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების მომტანი ეპოქის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მცირეხნიანი არსებობის კონტექსტში. პირველი რესპუბლიკა ხშირად გვხვდება, როგორც განსაკუთრებული ინტერესისა და კვლევის საგანი, რომელიც გვიქმნის წარმოდგენას ქართული პოლიტიკური კულტურული თუ სოციალური კლიმატის შესახებ, შესაბამისად, აღსანიშნავია ისიც, თუ რა შეემატა ქუთაისურ კულტურას, ყოველდღიურ ცხოვრებასა და რა ცვლილებებსა და სიახლეებს დაუთმო ადგილი ქალაქის სცენამ. 

 

1920 წლის თებერვალში გამოდის პირველი ნომერი გაზეთისა, რომელიც ქუთაისის ტანსავარჯიშო საზოგადოება ,,შევარდენის“ დროგამოშვებით ორგანოს ეკუთვნის. ტანვარჯიშის საზოგადოება თბილისის შემდგომ ქუთაისშიც დაარსდა. ზემოთ ხსენებული მოღვაწეობის ქრონიკებში რამდენიმე მნიშვნელოვან და საინტერესო დეტალსაც აღმოვაჩენთ. პირველ რიგში, გაზეთის პირველივე სვეტებში გაჟღერებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტანვარჯიში აჯანსაღებს როგორც სხეულს, ისე გონებას, ადამიანების აზრებსა და ღირებულებებს. ,,უცხოთ მონობაში“ მყოფი ჩეხების პატარა სახელმწიფო და საქართველო პირველივე ნომერში დაკავშირებულია ერთმანეთთან მსგავსი და ნაცნობი გასაჭირის კრიტერიუმით, რომელსაც ორივე შემთხვევაში ტანვარჯიში, სპორტის ერთ-ერთი სახეობა უპირისპირდება. გარეგნულ სიჯანსაღესა და გონიერებას შორის ნაგულისხმევი ტოლობის ნიშნის გარდა, ჯანმრთელობისა და სხეულის პოლიტიკასთან ერთად ყალიბდება დისკურსი იმის შესახებ, რომ სპორტი, ამ შემთხვევაში კი ტანვარჯიში, ხელს უწყობს ადამიანებში თავისუფლებისა და ,,ძმობის,“ ერთობისა და ურთიერთგაგების აღქმისა და შეგრძნების გამძაფრებას. ,,ნორჩ რესპუბლიკაში“ ,,შევარდენის“ ძირითად მიზნად სახელდება ადამიანების ზნეობრივი და მორალური აღზრდა, რომელიც, მათი მტკიცებით, თან მოჰყვება სხეულის სისხარტესა და სისწრაფეს, სპორტში გაწაფვასა და დახელოვნებას. მშვენიერების შეგრძნება და დისციპლინა ის უნარები და ღირებულებებია, რომელთა პრიორიტეტულობაც საზოგადოებისათვის უზენაესი პრინციპია და რომელიც სპორტული შეჯიბრებებისა და განვითარების გზით დატოვებს კვალს ,,ნორჩი“ რესპუბლიკის ახალგაზრდებზე. ჟურნალში ისიცაა აღნიშნული, რომ ის ,,მედგრად შესძახებს არამც თუ მარტო ახალგაზრდობას, არამედ მთელ ქართველ ერს და მის დემოკრატიას;“ პოლიტიკური ელემენტის შემოტანით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ სპორტი ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ იღებს და ასრულებს როლს რიტუალისა, რომელიც თავისი სიმბოლოებითა და წარმოდგენით ჩამოაყალიბებს და გაამყარებს საზოგოებაში დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს. ცნობილი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგის, კლიფორდ გირცის ნაშრომში ,,ნეგარა“ ავტორი შეისწავლის ადგილობრივ წარმოდგენას, რომელიც კონკრეტულ კონტექსტში სწორედ იმ პოლიტიკურ რეალობასა და პრიორიტეტებს გამოხატავს, რომელთა ლეგიტიმაციაც დამინანტური ძალებისა თუ სხვადასხვა პოლიტიკური ნარატივის გამყარებას ემსახურება. სწორედ ეს ნაშრომი გვეხმარება საკითხის კონცეპტუალიზებასა და მის ქართულ მაგალითზე მორგებაში. დემოკრატია, თავის მხრივ, საჭიროებს იმ რიტუალებსა და მათში პირდაპირ თუ ირიბად არსებულ სიმბოლოებსა და მესიჯებს, რომლებიც საზოგადოებაში წარმოშობს დემოკრატიულ ღირებულებებთან იდენტიფიკაციისა და მათთან მჭიდრო კავშირის შეგრძნებებს. ამ შემთხვევაში წარმოდგენა ტანვარჯიშია, სპორტული დადგმა, რომელსაც გაცხადებულად ეკისრება საზოგადოებამდე მნიშვნელოვანი დემოკრატიული ღირებულებებისა და მათი შეგრძნებების მიტანა. ქუთაისის საზოგადოება ,,შევარდენის“ ვარჯიშთავის ამხანაგი კაკო კიკაბიძე კი აღნიშნავს, რომ 1906 წელს იხილა ქუთაისმა მხოლოდ გარეგნული მხარე იმისა, რასაც სთავაზობს საზოგადოება ქალაქს და რაც არამხოლოდ ზედაპირულ, ფიზიკურ მხარეში გამოიხატება, არამედ ხელოვნებად აქცევს ტანვარჯიშს თავისი მორალური სისრულითა და სრულყოფილებით. სწორედ ამ გადმოცემებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ქუთაისი დიდი ენთუზიაზმით შეხვდა სიახლეს. საზოგადოების ვარჯიშთავი დავით ჯავრიშვილი გახლდათ, რომელიც სპორტსა და ,,სპორტულ თამაშობას“ ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოების ატრიბუტად მიიჩნევდა, კიდევ ერთხელ აღნიშნავდა მის მნიშვნელობასა და პირდაპირ აკავშირებდა მას ქართულ მეხსიერებასა და სპორტულ მემკვიდრეობასთან. 

 

,,ცისფერი ყანწების“ ჟურნალ ,,მეოცნებე ნიამორებშიც“ საპატიო ადგილი ეთმობა მხატვრულ მატიანეს, რომელიც 1919 წელს ქუთაისური კულტურული სივრცის გამრავალფეროვნებისა და გარდასახვის მოვლენებს აღწერს მოკლედ. ამ დროს ქუთაისში გამოვიდა მოწაფეთა ჟურნალი „წინსვლის ემბლემა,“ რომელიც ახალგაზრდული სულითა და პოეტური ვნებებით, ხელოვნების დაუდგრომელი ტალღით გამოირჩეოდა. თებერვალში მელიტონ ბალანჩივაძის ინიციატივით გაიხსნა მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მენტორობას სთავაზობდა მომავალ მუსიკოსებს. სტუდიებსა და ესთეტიკურ საღამოებში იბადებოდა და იქმნებოდა მხატვრობა და პოეზია, რომლებიც იმდროინდელი ქუთაისის განუყოფელი ნაწილი გახლდათ და მცირე ხნით, თუმცა მაინც სთავაზობდა სცენას ხელოვნებასა და მის მრავალგვარ გამოვლინებას. განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნოთ შემდეგი ფრაზა მატიანედან: ,,ქუთაისი მისთვისაა გაჩენილი, რომ აქ იყოს მუზეუმი.“ გარდა პრაქტიკული საჭიროებებისა, სიძველის, კულტურული მემკვიდრეობის მისი შენახვისათვის შესაბამის პირობებსა და საცავში მოთავსების ბუნებრივი სურვილისა, ზემოთ ხსენებულ მონაკვეთში შეუძლებელია უგულებელვყოთ ამავე ფრაზაში ხაზგასმული თანდაყოლილი პრივილეგია და უნარი ქუთაისისა, რომ იყოს ბუნებრივი საცავი, შემქმნელი და მატიანე მნიშვნელოვანი რეალობისა, კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ბრძოლების, ტანჯვისა და შემოქმედებისა _ „ბაგრატის სობოროს ნანგრევები და გელათი ჩვენ ძველებს ამართლებს, ჩვენ გაგვამართლებს მუზეუმი.“ 1919 წლის სექტემბერში ჟურნალში ,,ჩვენი ქვეყანა“ გამოქვეყნდა ინფორმაცია ქუთაისში თეატრის შეკეთებასა და მასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების, მსახიობებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ. 

 

პირველი რესპუბლიკის ეპოქა საკმაოდ მოკლე აღმოჩნდა, თუმცა, ზემოთ მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე, შეუძლებელია უარვყოთ ის უამრავი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ კულტურული ძვრა, რომელთაც ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭებათ ქართული იდენტობისა და მისი ძირითადი მარკერების ფორმირების, სახელმწიფოებრიობის ქართული ფორმის შესახებ მსჯელობებისა და მასთან დაკავშირებული იდეების განვითარების საკითხებში. ქუთაისი კი გახლდათ კიდევ ერთი ადგილი, რომელიც იწვნევდა გულწრფელი, ჭეშმარიტი ენთუზიაზმისა და შინაგანი ამბოხისა და მონდომების სიკვდილსა და მწარე იმედგაცრუებას, რომლებიც დროებით მაინც ჩააჩუმებდა და პოტენციალს წაართმევდა ახალი ღირებულებებით შემკულ მოძრაობებსა და გულუბრყვილო, სრულიად ახალი სურვილებით სავსე წამოწყებებსა და იდეებს. 

 

ბიბლიოგრაფია 

სალიტერატურო ჯგუფ “ცისფერი ყანწების” ჟურნალი. მეოცნებე ნიამორები №1. თბილისი: თებერვალი, 1919. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/267568

ქუთაისის ტანსავარჯიშო საზოგაოდება ,,შევარდენის“ დროგამოშვებითი ორგანო. „შევარდენი №1.“ ქუთაისი: თებერვალი, 1920. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/138934

,,ჩვენი ქვეყანა №157.” თბილისი: ძმობა, 21 სექტემბერი, 1919.  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/300926

Geertz, Clifford. Negara: The Theatre State in Nineteenth-Century Bali. Princeton: Princeton University Press, 1981.

 

საქართველოს დამოუკიდებლობა