Ars Poetica

არტს პოეტიკა

გააზიარე:

ავტორი: მარიამ მებუკე                 

                 “Ars Poetica”

„აქ მოგონებას შრიალების ფრთები უგია

და ღამდებიან ოცნებანი როდენბახებად.“

                              შალვა კარმელი (გოგიაშვილი) – „ქუთაისი-მკვდარი ბრიუგე“

ზოგჯერ ქუთაისზე საუბარი პოეზიის გარეშე უცნაური და არაბუნებრივიც კია. ამიტომ დროა, კარმელის მსგავსად, ჩვენც წამოვიღოთ „ელენეს ხსოვნა იმერეთისკენ“. როგორც წესი, ამ დროს პირველად მაინც „ცისფერყანწელები“ გაგვახსენდება, მათ შორის კი პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე, ისინი, ვინც ხან ანანურთან ელოდებოდნენ თამუნია წერეთელს (ტიციან ტაბიძე – „ანანურთან“), ხან დედას ღვთისმშობელთან უშვებდნენ, ამ უკანასკნელს მისთვის შვილის სახელზე ლოცვა რომ ესწავლებინა (პაოლო იაშვილი – „წერილი დედას“). ცოტა მათ მიღმაც, სიმბოლისტი პოეტების გაერთიანების სხვა წევრებზეც უნდა ვისაუბროთ, ისინიც ვახსენოთ, ვისაც არც ისე უსამართლოდ ვუწოდებდით „ორდენის დაკარგულ ბიჭებს“. ამის გახსენებისას, ყოველ ჯერზე „ადამიანთა სევდიდან“ ის ადგილი ამომიტივტივდება გონებაში, სადაც წერია: ყველაფერ იმის დასაწყისი სად არის, რასაც ვხედავთ და ვერ ვხედავთ, რომ არ ვიცით, ეგ მადარდებსო. ბევრი რამ, რაც  უხილავია, ჩვენთვისვე ღირს, ხილული გახდეს. გამოჩნდნენ ისინი, ვისი შემოქმედებაც (სიმწირის მიუხედავად) ყველაზე მეტად გაგრძნობინებთ ქუთაისის სულს, ავთენტურობას, ისე, რომ იმოგზაუროთ ყველა კუთხეში და ნახოთ მეოცე საუკუნის პირველი ნახევარის ქალაქი, განიცადოთ „პირველთქმის“ წერისას პაოლოს ემოციები, გაიგოთ, მართლა რას უნდა გულისხმობდეს სიტყვები „გიყვარდეთ მეხური მისტერიები, ცეცხლის მოკიდება მისი, რაც წარსულმა განადიდა“. ამ მეხური მისტერიებით მოცულ ხალხს შორის ერთ-ერთი სანდრო ცირეკიძეა. „მოზაიკის ღვთისმშობელი“ იმ ქალაქის სახეა, სადაც შეშლილ დიაკონს შეიძლება უყვარდეს ღვთისმშობელი იმდენად, რომ მისი შიშველი ფეხების დაკოცნა უნდოდეს. ასეთმა გრძნობამ ცოდვებით მძიმე ტაძრის კედლებსაც შეიძლება უშველოს. იქვე ბაზარია, ხალხიც. მათში ცალკეული ადამიანები, ცხოვრებისგან უნებლიედ შექმნილი წიგნის პერსონაჟები აუცილებლად გამოერევიან და რეზო გაბრიაძის გმირებივით ქმნიან ქალაქის სახეს (ახლაც). აქ შეშლილობა პოეტურ სიგიჟედ, მის მეტაფორულ გამოვლინებად აღიქმებოდა და ალბათ, ახლაც ამ გამოცდილებას უნდა ვენდოთ. სიმართლე, რომელიც ლელი (ლევან) ჯაფარიძემ, სანდრო ცირეკიძემ და შალვა კარმელმა, ორდენის ყველაზე პატარა წევრებმა იცოდნენ, ცხადი მაშინ ხდება, როცა შოთა ნიშნიანიძის „შეშლილი პოეტის მონოლოგს“ წავიკითხავთ და ფრაზას „რაა პოეტი?- თავდაყირა მდგარი უფალი“ ცალ-ცალკე შევუსაბამებთ თითოეულის ხასიათსა თუ შემოქმედებას. არც რაჟდენ გვენეტაძე ცდებოდა, როცა თავის ლექსს სათაურად „პოეტებო, ბარიკადებზე!“ შეურჩია და ასე გამოხატა „ცისფერყანწელების“ სურვილებიც, მისწრაფებებიც და დამოკიდებულებაც მათი მოვალეობების მიმართ. პასუხისმგებლობა მაინც ბუნდოვანი სიტყვაა, მაგრამ ამ კონტექსტში მათ „მისიას“ ყველაზე უკეთ აღწერს.

 სერ ჟონ პერსი, არტურ რემბო, ჟერარ დე ნერვალი, რენე შარი, პოლ ვერლენი და  ამ პერიოდის ყველა ფრანგი პოეტი რომ ვახსენოთ, ამ „ბიჭების“ (თავს უფლებას ვაძლევ, ისინი ასე მოვიხსენიო. მით უფრო მაშინ, როცა მარადიულად ბიჭებად დარჩნენ) სახელები შეიძლება ისე გაქრეს, უკან მოხედვაც ვერ მოვასწროთ.  გაქრეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ცოტა ხნის სიცოცხლე ხვდათ წილად, იმიტომ, რომ „ჰაერში მოთამაშე ჭლექის ბაცილებს“  უშედეგოდ ებრძოდნენ. მიუხედავად ამისა, ლელი ჯაფარიძე ყოველ ჯერზე, როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა, „მატარებლიდან“ მაინც უყურებდა იმერეთის პეიზაჟებს და მერე წერდა:

„დინ დანი-დან, დან, რე-ზე-დან! …

მაგრამ რას ვჩივი: ჩემი მარკიზა
დღეს იქ დავტოვე, იმ მხარეზედა.
რიონი,
სვირი,
აჯამეთი,
აუ!! გვირილა!!!
ნუთუ ამ დაბამ ჩემი სული ააგვირილა?
ცეცხლიან ყვავილს დამწვარ გულში მაინც არ გრილა.

         ვიდრე „იხრჩობა ქარში ქუთაისი ნაფორიაქი“ (შალვა კარმელი), ქალაქის მუზა უცნაურ ადგილებში დადის, უცხო სახეებს აკვირდება. მეტაფორები, სიმბოლოები პოეტებს უყვართ (ამით შემიძლია, გავამართლო სურვილი, ვწერო იმაზე, რაც სიამოვნებას გვანიჭებს, ვწერო აბსოლუტური მშვენიერების განცდით და ეს მკითხველსაც გადაედოს).  სხვანაირად პოეზიაზე ვერც ვისაუბრებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ლიტერატურულ ქალაქს ბევრი მადლიერიც ჰყავს, ვინც მიუღია და შეუფარებია, ისეთებიც არიან, ორდენის უმცროსი წევრებივით დიდი დროის გატარება რომ ვერ მოასწრეს აქ, მაგრამ დატოვეს ის, რაც ქუთაისს პოეზიის ქალაქის სახელს უნარჩუნებს. მიზანი ამჯერადაც მკაფიოა, სტატიის დასაწყისში ნახსენები „ცისფერყანწელების“ გახსენება არასდროსაა უადგილო, თუმცა ახლა თანამედროვეობასაც უნდა შევხედოთ, რათა საყოველთაოდ გამოთქმული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ წიგნები პოეტების სიკვდილის მერე „ფასდება“, მწარე სიმართლედ არ იქცეს.

               რთულია, როცა ამ ქალაქში პოეტები დადიან უნიღბოდ, ჩვეულებრივ, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები, თან რუტინულად ცხოვრობენ და ისე გამოგვრჩება თვალსაწიერიდან, რომ მერე ვნანობთ, როგორ ვერ შევამჩნიეთ, როგორ ვერ გავიცანით და ვერ ვუსმენდით მათ პოეზიას. ნიკა კვესელავაც ლელისა და სანდრო ცირეკიძის ასაკის იყო. მის ლექსებს აქვს უნარი, გაგვაგებინონ, როგორია ტკივილი და ამ ტკივილით მოგვრილი სიამოვნება. ბოჰემაც ჩნდება. აქ პოეტები ბოჰემის გარეშე ცოტას თუ ცხოვრობენ, შეიძლება, ამისთვის არც საკმარისი დრო და არც შესაბამისი მდგომარეობა იყოს, მაგრამ შინაგანი, განცდისმიერი ხედვა, მიდრეკილებები ყველა მათგანის ნაწილია, რამდენად უტრირებულადაც არ უნდა მოეჩვენოს ეს მკითხველს. არა, აქ ვერც ჰენრი მილერივით ცხოვრობენ, ვერც ბიტნიკებივით… უილიამ ბეროუზის, ალენ გინსბერგის და ჯეკ კერუაკის ბედი აქაურ პოეტებს წილად არ ხვდათ და შეიძლება, არც ბუკოვსკის, მაგრამ მაინც ქმნიდნენ, ახლაც ქმნიან ხელოვნებას დანარჩენებისთვის. ანუ „ვპოულობთ, ვკარგავთ, ან პირიქით, ვკარგავთ, ვპოულობთ“ (ნიკა კვესელავა) იმას, რასაც ცხოვრება ჰქვია და იმას, რაზეც წერდა ყველა პაოლო, ყველა ტიციანი და ყველა ვალერიან გაფრინდაშვილი „ქუთაისურ ტრიოლეტებში“.

          ღამემ მოიხდინა ალბათ ფიქრი, დაჭლექიანებულს მიგავს სახე” (ნიკა კვესელავა). ეს ამ პოეტების ბედია, როგორც არ უნდა ვეცადოთ, შევცვალოთ რაღაც, ჭლექი ყველასთან მიდის, მიდის ადრე თუ გვიან, მაგრამ მაინც ახერხებენ რაღაც მნიშვნელოვანი დატოვონ. დაახლოებით ისე, ტერენტი გრანელი როგორც წერდა: „ჩემი გვარი, გრანელი, პოეზიას დარჩება“. გამოსდით კიდეც.

            ამ ქალაქში პოეტი მეგობრების, საინტერესო სახეების გარეშე ვერც „ცისფერყანწელები“ ძლებდნენ და სხვა ყველასთვისაც რთული იქნება…

          პაპუნა გიორგაძეც ქუთაისელი პოეტია ხმამაღალი პოეზიით, რომელშიც მკაფიოდაა გამოხატული პროტესტი მრავალი ფორმითა თუ თემით. მისი ცხოვრება ამ ქალაქს ყველაზე მეტად უკავშირდება.

„ბავშვობასავით მახსოვს, ყოველ საღამოს, ჩვენს უბანში, მოხუცი ქალი ჩამოივლიდა ბაზრის ჩანთით და „სემიჩკას“ ყიდდა“. (პაპუნა გიორგაძე – „მარია“)

        ეს მოგონება ისე ცოცხლდება, მზესუმზირის გამყიდველ მარიასაც ცხადად წარმოვიდგენთ. როგორც აქაა: „ისიც ვიცი, რომ ლექსები სწორედ მარიაზე უნდა იწერებოდეს“.

          პოეტებს აქ უცნაური სიყვარულით უყვართ, უცნაურად გამოხატავენ სიგიჟეს, პროტესტს, სახლის მნიშვნელობას, რუტინასაც, „რომ სადმე სხეული დაიამონ, რომ იქცნენ სამყაროს მერმისად“ (პაპუნა გიორგაძე).

           პოეტურ ესთეტიკას თუ ვეძებთ, შორს წასვლა არც ამ შემთხვევაში მოგვიწევს. დენის დიუჰამელთან, ემილი დიკინსონთან  და გერტრუდ სტაინთან ერთად ქალ პოეტებს შორის არიან ისეთებიც, რომელთა ავტორობაც ბევრისთვის სათუაო, მაგრამ ცალსახად შეგვიძლია ელენე ბაქრაძე-დარიანი „ცისფერყანწელების“, კერძოდ, პაოლო იაშვილის ლექსების „თანამზრახველად“ (მუზად, თუ ასე შეიძლება ითქვას) წარმოვიდგინოთ. „ელლიც“ ამ ესთეტიკის ნაწილია.  მძაფრი ვნებები თუ შეგრძნებები „დარიანაულ“ ციკლშიც საკმარისადაა, დიუჰამელის ეროტიკულ განცდებზე ბევრი რომ არ ვწეროთ. პროვოკაციული პოეზია ქალური ვნებების გადმოსაცემად თხრობის ერთ-ერთი ფორმაა. აბა, სხვანაირად როგორ გავიგოთ ქუთაისის ლიტერატურულ საღამოებზე, მერე კი თბილისში, იმდროინდელ კაფე „ქიმერიონში“ პაოლოს მიერ წაკითხული:

 „მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,

ჩემს დამწვარ სხეულს,

შენ რომ გიყვარდა…“

            იმ საერთო განცდას, რომელიც ამ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ, პოეზია აირეკლავს. ამიტომ ამ ქალაქში ყველას დასდევს გავლენა, რომელსაც ვერც ცეცხლითა და მახვილით გაუმკლავდები და ვერც რაიმე სხვა ძალით. არ უნდა ებრძოლო. მაქსიმალურად უნდა ეცადო, შეგეძლოს მშვენიერების დანახვა. როგორც გრიგოლ აბაშიძის ლექსშია: „მზის ამოსვლას ჰგავს მისი მოსვლა და მას ყველაფერი ეპატიება“ („ოდა თავისუფლებას“), პოეზიასაც ეს ფუნქცია აქვს. სხვა მიზეზებისა თუ აზრის ძიება მით უფრო კომიკურად მოგეჩვენებათ მაშინ, როცა ფრანსუა ვიიონის „მცირე ანდერძის“ კითხვისას, დასაწყისშივე გაიაზრებთ სიტყვებს „უთქვამს ოდესღაც ბრძენ ვეგეციუსს და თუ არ უთქვამს, ვინმე იტყოდა“. ვიღაც ამ ქალაქშიც ყოველთვის იტყვის იმას, რაც ბრძენ ვეგეციუსს გამორჩა.

დამცინე, ძვირფასო, ისე რომ გავგიჟდე,

რადგან პოეტობა არ გამომდის. ‘’      – ნიკა კვესელავა

            ‘’ARS POETICA”, ანუ პოეზიის ხელოვნება, რომელიც ხელოვნურობისგან სრულიად დაცლილია.

          …და ასე მოიქცევა ყველა, ძველებიც და ახლებიც, ისინიც, ვინც ჯერ არ გამოჩენილან:

„გადავიტანეთ, ვიერთგულეთ, მივხვდით, შევძელით,

 მზეებს წვიმები შევასხურეთ…“  (ნიკა კვესელავა).

        ამ ქალაქის პოეზიის სიყვარული მაინც  იმ ტაძრის დიაკონს ჰგავს, წირვის დროს ღვთისმშობლის შიშველი ფეხების დაკოცნაზე რომ ოცნებობს…