ვაჟა ფშაველა ჭიათურაში

ვაჟა ფშაველა ჭიათურა

გააზიარე:

ვაჟა ფშაველა ჭიათურა

ავტორი: ლია ხარაიძე

გასულმა საუკუნემ  მრავალი საინტერესო ტრადიციით დაგვამახსოვრა თავი მაგრამ, ერთ-ერთ საუკეთესო ტრადიციად შეიძლება მივიჩნიოთ მწერლების შეხვედრა მკითხველთან და საკუთარი შემოქმედების თავადვე წარდგენა. 

ძველმა პერიოდულმა პრესამ და თანამედროვეთა მოგონებებმა 1913 წელს  დიდი ქართველი მწერლის, ვაჟა ფშაველას დასავლეთ საქართველოში მოგზაურობის საინტერესო დეტალები შემოინახა. 

ვაჟას გენიალურ შემოქმედებაზე უამრავი დაწერილა და კიდევ დაიწერება, მე მინდა თვითონ მოგონებებში შემორჩენილ საინტერესო ეპიზოდებზე შევაჩერო თქვენი ყურადღება.   

                 1913 წელს ქუთაისის  ინტელიგენციას გადაუწყვეტია საზოგადოებისთვის გაეცნოთ ვაჟა ფშაველა.  ამ მიზნით მანამდეც ყოფილა ვაჟა მიწვეული ქუთაისში. პირველად 1910 წელს ილიას საღამოზე მონაწილეობის მისაღებად, მეორედ – 1913 წელს. ეს სტუმრობა უფრო მასშტაბური ყოფილა.

                  ,,საღამო გაიმართა თებერვლის  20-ს, ქალაქის თეატრში…  აიხადა ფარდა და პირველად გამოჩნდნენ სცენაზე ქუთათური მწერლები, რომლებმაც წაიკითხეს თავიანთი ნაწარმოებები, იმღერა მომღერალმა აკოფაშვილმაც. ყველა გაფაციცებით შესჩერებოდა სცენას და ელოდებოდა მთის მგოსნის გამოსვლას; გამოჩნდა თუ არა ვაჟა ფშაველა, ჩვეულებრივ ჩოხა- ახალუხით, ასტყდა დაუსრულებელი ტაშის ცემა; როდესაც დაწყნარდა საზოგადოება, მგოსანმა წაიკითხა რამდენიმე თავისი ნაწარმოები. ლექსები ისეთი მოხდენილი დეკლამაციით და გრძნობით იყო წაკითხული, რომ დიდი აღტაცება გამოიწვია საზოგადოებაში.მგოსანი ოთხჯერ-ხუთჯერ გამოიწვიეს და ათქმევინეს სხვადასხვა ლექსი. დასასრულს წაიკითხა იქვე დაწერილი ახალი ლექსი ,,იმერეთს“:

ერთხანად ჩემო მძრახაო,

ლიხს-აქათურო დედაო! 

გხედავ, რომ შამრიგებიხარ, 

მით შენთან სალამს ვბედაო.

შაერთებულად შენშია 

ქართლსა და კახეთს ვხედაო.

ფარ-ხმალო საქართველოსავ, 

სხვაცა გბაძავდეს, ნეტაო!

ის მომწონს, თავის ქვეყნისა 

კარებს რო მაგრა ჰკეტაო. 

ვნება ნუ ასცდეს, სავნებლად 

ვინაც შენ გაგიმეტაო!

           საღამოს დამთავრების შემდეგ საზოგადოება ტაშს დიდხანს განაგრძობდა და არ დაიშალა, სანამ ვაჟა ნაბდით და ყაბალახით არ გამოჩნდა კიდევ ერთხელ სცენაზე. (სახალხო გაზეთი“ 1913წ. )  ,,იმ ღამეს ვაჟას პატარა სუფრა გავუშალეთ… რამდენადაც მახსოვს, სუფრის გარშემო ისხდნენ ია ეკალაძე, რაჟდენ გვეტაძე, თეოფილე ხუსკივაძე და სხვები. თამადამ თეოფილე ხუსკივაძემ მშვენიერი სიტყვით მიმართა ვაჟას. ვაჟამ მოისმინა და უპასუხა:-,, მაპატიეთ, იმერლებმა ცოტა გადაჭარბება იცით:- კაცს სწყუროდეს, წყურვილი მოიკლას, ამისთვის რა მადლობის ღირსიაო? მეც არც მეტი, არც ნაკლები: მწყურია და წყურვილს ვიკლავ, მადლობა რად მეკუთვნის? მემღერება და ვმღერიო! „     

                       1913 წელს ჭიათურის დრამატულმა საზოგადოებამ თავისი ქონების გასაძლიერებლად საღამოს გამართვა გადაწყვიტა. გადაწყდა აღნიშნულ საღამოზე ვაჟა ფშაველას მოწვევა.  საქმის მოგვარება დაევალა მასწავლებელს ივ. გომელაურს უცნობებია ვაჟასთვის –  

,,დიდად პატივცემულო და ძვირფასო ვაჟავ!                                                                        

 მე, როგორც თქვენთვის ნაცნობი, მოციქულად ვარ გამოგზავნილი. აი საქმე როგორაა: ჭიათურის დრამატული საზოგადოება აპირებს ამ თვის თვრამეტს გამართოს საღამო-მეჯლისი თავისი ქონების გასაძლიერებლად. აი, ამ შემთხვევით უნდა ისარგებლოს, თქვენი თავი და თქვენი კითხვა გააცნოს აქაურ საზოგადოებას. რომ ამ სიშორეზე თქვენი შეწუხება უხერხულია, მით უმეტეს, რომ გზის ფულს ხუთ თუმანზე მეტს ვერ მოგართმევენ… მაგრამ, მაინც ჰბედავენ და ჩემის პირით გთხოვენ გაისარჯოთ და თვრამეტისთვის ჩამობრძანდეთ ჭიათურაში. კერძოდ მეცა გთხოვთ: უარს ნუ გვეტყვით. პასუხი მალე უნდა შეგვატყობინოთ, თუ შეიძლება დეპეშითაც. თბილისიდან პირდაპირ ჭიათურამდის მოგცემენ ბილეთს. სადგურ შორაპანში გადმოსჯებით ჭიათურის ვიწროლიანდაგიან გზაზე. ჩვენ სადგურზე დაგხვდებით. იმედია უარს არ გვეტყვით. თქვენი პატივისმცემელი, მასწავლებელი ივ. გომელაური. 7 მაისი დაბა ჭიათურა. ჩემი ადრესი: დაბა ჭიათურა, ივ. გომელაურს.

                ბ. ვაჟა აქ ბევრს იმისთანა სანახავს ნახავთ რაც საქართველოს არცერთ კუთხეში არ მოიძებნება. სხვათა შორის კერძოდ მე ამისთვის მინდა, რომ უთუოდ ჩამობრძანდეთ. გაბედეთ! თქვენი პატ. ვანო გომელაური (წერილი დაცულია საქ. მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში)    ვაჟამ თანხმობის წერილი გაუგზავნა გომელაურს.

               ,,დანიშნულ დღეს თეატრი ხალხს ვერ იტევდა. ვაჟას ელოდნენ დილის მატარებელზე – იგონებენ საღამოს მონაწილენი შაქრო ვაშაძე  და დავით ტატიშვილი. მომწვევ-მასპინძლებთან ერთად ხვდებოდა საზოგადოების ჯგუფი ყოველ მატარებელს, მაგრამ ამაოდ. ვაჟა არ ჩანდა. მგოსანს სამწუხარო ინციდენტი შემთხვევია, ვიდრე ჭიათურის ვიწროლიანდაგიან მატარებელში გადაჯდებოდა. ვაჟა ძალიან ადრე ჩამოსულა და მას ასე ადრე არავინ დახვედრია. ბაქანზე დაუწყია სიარული. შელანძღული სამოსით, უსაქმოთ მოსიარულე კაცი, რომ დაუნახავს ჟანდარმს, ხელი წაუვლია, როგორც საეჭვო პირი და დაუპატიმრებია. რამდენიმე საათი გაუტარებია დიდ მწერალს ქურდბაცაცებთან ერთად კამერაში. მგოსანი ამ უნებლიე პატიმრობიდან ირაკლი დეკანოზიშვილსა და მის მეუღლის ვიქტორიას დაუხსნიათ. და აი ,,უკანასკნელი იმედი  – საღამოს 9 საათის მატარებელი, მართლაც ჩამოდგა და ფანჯარაში გამოჩნდა ვაჟას ახოვანი ფიგურა, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია. სწრაფად ავიდნენ ბაქანზე მისი მომპატიჟებლები  ი. გომელაური და ს. ტარუაშვილი და პატივით, ვაგონიდან ბაქანზე ჩამოაცილეს დამსწრეთა ტაშის გრიალში. ვაჟას დიდი საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს, მიართვეს ცოცხალი ყვავილები. 

               საღამო შესდგებოდა ოთხი განყოფილებისგან. პირველი  განყოფილება დაიწყო ვაჟას გაცნობით, ხოლო დასრულდა მომღერალთა გუნდის რამდენიმე სიმღერით. რომელსაც ლოტბარობდა ბატონი ალ. კავსაძე. მეორე განყოფილებაში წარმოადგინეს ,,ციხის საიდუმლოება“, მესამე განყოფილებაში ვაჟამ მოხდენილად წაიკითხა  რამდენიმე თავისი ლექსი. თითოეულ წაკითხულ ლექსებს  ერთსულოვანი ტაშის ცემით ეგებებოდა დამსწრე საზოგადოება. მგოსანმა საღამოზე წაიკითხა ლექსები: ,,ხანჯალს“, ,,დამისხი დამალევინე“, და მესამე ლექსი, რომლის დადგენაც ვერ მოხერხდა. შემდეგ ჭიათურელებმა ძვირფას სტუმარს ვახშამი გაუმართეს.  (,,სახ. გაზ“ 1913 N19)  

                 ი. გომელაურმა ვაჟას ჭიათურა დაათვალიერებინა, გააცნო სკოლა სადაც ასწავლიდა, დაათვალიერებინა სახვითი ხელოვნების გამოფენა, რომელიც პოეტს ძალიან მოსწონებია.  აგრეთვე შეხვედრა ჰქონია ჭიათურის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან, რომელსაც 1911 წელს  ვაჟას ,,სამი საყმაწვილო ამბავი“,  ავტორის ბიოგრაფიით გამოუცია.  

                    საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბუმბერაზი მწერლის ჩაცმულობა სერიოზული პრობლემა ყოფილა. ჭიათურაში დაიჭირეს, ქუთაისიდან ფული გაუგზავნეს, რომ შესაბამისად ჩაეცვა  -,,საკითხი დაისვა – რა რიგად მოქცეულიყო კომიტეტი, რადგან ვაჟას რიგიანი ჩოხა-ახალუხი არ აქვსო და ჩამოფლეთილი როგორ დავანახოთ საზოგადოებასო. გადასწყდა, ასი მანეთი გაჰგზავნოდა ვაჟას ახალი ჩოხა-ახალუხისა და ახალი ფეხსაცმლისთვის და ისე ჩამოსულიყო. „ ჭიათურაში ჟანდარმს საერთოდ მაწანწალა ეგონა და დააპატიმრა. იმავე 1913 წელს ვაჟა ფოთშიც იყო მიწვეული. აი რას წერს ჟურნალი ,,განთიადი“: – ,,აგერ გაიღო კარი და სცენაზე გამოჩნდა ვიღაც უბრალო ჩოხოსანი კაცი და საზოგადოებას თავი დაუკრა. აქა-იქ ტაშის ხმაც გაისმა. ყველა კითხულობდა, თუ ვინ იყო იგი… მგონი ეგ უნდა იყოს ვაჟა ფშაველა. – რავა გეკადრება, ვაჟა ფშაველას როგორ აქებენ, იმისი ჩაცმულობა სულ სხვანაირი უნდა იყოს მანჟეტ-გალსტუკი და სხვა. ბევრი ამ დროს მიხვდა, რომ ეს იყო ვაჟა, მარა მაინც ვერ წარმოედგინათ, თუ შეიძლებოდა სახელგანთქმული პოეტის ასეთი უბრალოება“    (ს. ტაბლიაშვილის მოგონებიდან-ჟურნალი ,,განთიადი“ ) . ამ დროისათვის ვაჟას უკვე დაწერილი ჰქონდა თავის გენიალური ქმნილებები: ,,ალუდა ქეთელაური“ (1888წ.)  ბახტრიონი (1892წ.) გველის მჭამელი (1901წ.)   ,,გოგოთური და აფშილა“ (1887წ.)   სტუმარ-მასპინძელი(1893წ) აღარაფერს ვამბობთ ლექსებსა და მოთხრობებზე.                 აი ასეთი გახლდათ ბუმბერაზი შემოქმედი!!!