,,ქუთაისის ტალღა“: ახალგაზრდული მოძრაობისა და სუბკულტურის სოციოლოგიური ანალიზი. 

გააზიარე:

wave

ავტორი: ნია კუჭავა

1990-იან წლებში დამოუკიდებელ საქართველოში უდიდესი სოციალური და პოლიტიკური კრიზისი იწყება. პოსტსაბჭოთა ერაში საკუთარი ადგილის პოვნა, სოციალურ კონფლიქტებთან, უმუშევრობასთან და კრიმინალის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებთან გამკლავება ძალიან რთული და მტკივნეული პროცესი იქნებოდა ქვეყნისთვის. სწორედ მსგავსი ისტორიული კონტექსტის თანადროულად იბადებოდა და ვითარდებოდა ,,ქუთაისის ტალღა“, რომლის შეფასებისასაც ადამიანების აზრი ერთგვაროვანი სულაც არ არის. ერთ-ერთი შეხედულების თანახმად, ,,ქუთაისის ტალღა“ გახლდათ პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისუფლებისთვისა და ინდივიდუალიზმისათვის ბრძოლის პროცესში წარმოქმნილი იდენტობის კრიზისის, უიმედობისა თუ სოციალური პროტესტის გამოძახილი. 

,,ქუთაისური ტალღა“ კონტრკულტურის ერთ-ერთ ნიმუშადაც შეგვიძლია მოვიაზროთ. კონტრკულტურა საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმებისა და ღირებულებებისგან გამიჯვნისა და წინა თაობების მიერ თავს მოხვეული იდეალებისგან გათავისუფლების  მცდელობაა. კონტრკულტურის შემოქმედები ამტკიცებენ, რომ სოციალური პრაქტიკები ძველებურად აღარ მუშაობს და მნიშვნელოვანია ცვლილებისათვის ბრძოლა. თუმცა ,,ქუთაისური ტალღის“ სტატუსის დადგენას ართულებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან რთულია დომინანტი კულტურის იდენტიფიცირება, ვინაიდან მე-20 საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში ხასიათდება უდიდესი პოლიტიკური ძვრების ფონზე წარმოქმნილი სოციალური კრიზისით. უშუალოდ პროტესტისა და სოციალური მოძრაობის ქუთაისურ ფენომენზე საუბრისას, მნიშვნელოვანია იმის წარმოდგენა, თუ როგორი ადგილი იყო საბჭოთა სივრციდან გარე სამყაროს ახლადზიარებული ქუთაისი. უნდა გავიაზროთ ის, თუ რა აწუხებდათ ქუთაისელებს და რა შეიძლება ქცეულიყო იდენტობის იმ საერთო პარადიგმად, რომელიც ქალაქის მცხოვრებთა საწუხარსა და პრობლემებს ჩაიტევდა და ზუსტად უპასუხებდა იმედგაცრუებისა და სასაწარკვეთილებისგან წარმოშობილ ამბოხს.  პოსტსაბჭოთა ქუთაისი ვითარდება შეიარაღებული კონფლიქტებისა და სამოქალაქო ომის, უმუშევრობისა და პოლიტიკური სისტემების ნგრევის ფონზე. სწორედ ეს ქმნის ერთგვარ ქიშპს დედაქალაქთან. ქუთაისი მოწყვეტილია მთავარ პოლიტიკურ ასპარეზს, სცენას, რომელზეც ვითარდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მოქმედებები.  ამ დროს ქუთაისში გვხვდება განსაკუთრებით დიდი კონცენტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომელთა არსებობაც ქალაქში არსებული კორუფციის მონიტორინგს ემსახურებოდა, რაც, თავის მხრივ, საჯარო სივრცეში ადგილობრივი მთავრობისგან დამოუკიდებელი მექანიზმების ჩამოყალიბების ერთ-ერთი პირველი მცდელობაა საქართველოში. ზემოთ ხსენებული ფაქტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ქუთაისი მოწყვეტილია ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრს, მისი სამოქალაქო აქტივობა სწორედ ამ ფორმით გამოიხატებოდა.  არ უნდა დაგვავიწყდეს კულტურული დაპირისპირებაც, ამ დროს ქუთაისის კარიკატურული აღწერისას მისი პროვინციალიზაციის ტენდენცია საკმაოდ ხშირია. ასევე, ჯერ კიდევ 1918 წლიდან ქუთაისში შექმნილი კულტურისა და ამ კულტურის ნაყოფის დედაქალაქისკენ გადინების კონცენტრაცია იზრდება.  ზემოთ ხსენებული შეხედულება გამოიხატა კიდეც ქუთაისელთა კოლექტიურ მეხსიერებაში იმ აზრის სახით, რომლის თანახმადაც, ქალაქში შექმნილი კულტურა მიდრეკილია მისგან გადინებისკენ, ამ კულტურის შემოქმედნი კი თავიანთი ამბიციების შესაბამის სარბიელად თბილისს აღიქვამენ. სწორედ იზოლაციისა და მივიწყებულობის, პოლიტიკური თუ კულტურული მეორეხარისხოვნების იარლიყით ხვდება ქუთაისი სოციალურ კრიზისს. აქედან გამომდინარე, პროტესტის ერთ-ერთ ძირითად აზრობრივ ხაზად შეგვიძლია მივიჩნიოთ დედაქალაქთან არსებული კულტურული ჯახი და გაუთავებელი ძიება ნებისმიერი კულტურული ინოვაციისა, რომელიც უშუალოდ ქუთაისის განუყოფელი ნაწილი იქნებოდა.

ქუთაისის ტალღისეული პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება მუსიკა გახლდათ. ჯერ კიდევ საბჭოთა პოლიტიკის ფარგლებში, მუსიკა ყოველთვის განიხილებოდა პროტესტის ინიცირებისა და მანიფესტაციის მოქნილ გზად, რომელსაც შეეძლო მელოდიებისა და მხატვრული ტექსტის სინთეზით შეექმნა კომპოზიცია, რომელიც ჩაიტევდა ტკივილს, პიროვნულ ტრავმასა და, რაც მთავარია, სოციალურ პრობლემებს, ამბოხსა და წინააღმდეგობას. 70-იანი წლების საბჭოთა კავშირში არალეგალური გზებით გავრცელებული და ხელისუფლებისგან დევნილი როკ მუსიკა განსაკუთრებით პოპულარული გახლდათ. როკ სიმღერები და ამავე სიმღერებში გაჟღერებული აზრები, მათში გამოხატული ლოგიკა და მსოფლმხედველობა ოპრესირებული საზოგადოებისთვის საკმაოდ მძლავრი სახელისუფლებო მანქანის წინააღმდეგ გალაშქრების, ფესვებგადგმული და მოძველებული სისტემის გადაგდებისა და საკუთარი თავის პოვნის, ინდივიდუალიზმის გამოღვიძების სიმბოლო გახლდათ. დასავლური ნარატივების გავრცელება, მათი ატაცება ავტორიტარული რეჟიმის საბჭოთა ფორმისთვის სრულად მიუღებელი გახლდათ. განსაკუთრებით საინტერესოა ის, თუ როგორ მოიკიდა ფეხი პანკ მუსიკამ 80-იანი წლების მიწურულისა და 90-იანი წლების დასაწყისის ქუთაისში და როგორ გახდა ის პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი გზა. პანკის, რეპისა და ალტერნატიული მუსიკის ირგვლივ ერთიანდება საკმაოდ მძლავრი და მეამბოხე ახალგაზრდული მოძრაობა. წყაროების თანახმად, იმდროინდელი ქუთაისელი ახალგაზრდები ჟანრობრივი გემოვნებისა თუ კუთვნილების მიხედვით, ერთგულების გამოსახატად იცვლიდნენ გარეგნობას, ატარებდნენ განსხვავებული სტილის ტანისამოსს.  ამით კიდევ უფრო მყარდებოდა მათი მიკუთვნებულობა არა მხოლოდ მუსიკის რომელიმე კონკრეტული ჟანრის, არამედ ამ მუსიკის გზით გადმოცემული პროტესტისა და სევდის მიმართ. სპეციფიკური ფერის სამოსი, ვარცხნილობები და აქსესუარები, ყოველივე ეს ქმნის ახალგაზრდული მოძრაობისათვის დამახასიათებელ იდენტობის პარადიგმას, ერთი მხრივ, მსგავს ადამიანებს შორის უკვე არსებული მსგავსების განცდას ამძაფრებს. საერთო სიმბოლოები კონტრკულტურის წარმომადგენლებს უქმნის წარმოდგენას საკუთარი თავის შესახებ, აყალიბებს ერთგვარ ავატარს, რომელიც მათივე პროტესტსა და სულისკვეთებას ფიზიკურ გამოხატულებას ანიჭებს კონკრეტული ტანისამოსის, ქცევისა თუ სხვა სიმბოლოს სახით. სწორედ ამ სიმბოლოების გამოყენება ქმნიდა ახალგაზრდული მოძრაობის დასაყრდენს, სრულყოფდა ახალგაზრდების იდეას და იძლეოდა გარანტიას იმისა, რომ საზოგადოების ღირებულებებისგან განსხვავებით, მათი რწმენა-წარმოდგენები ისეთივე ურყევი და განმეორებადი იყო, როგორც ზემოთ ხსენებული ჟესტები და სიმბოლოები. ამავდროულად,  ზემოთ ხსენებული მახასიათებლები გახლავთ ურყევი მიჯნა სხვებისგან, კედელი ამ ვიწრო წრის გარეთ არსებული ადამიანთა უმრავლესობისგან. პროტესტი თავად მუსიკაზეც აისახა. ქართულ მუსიკაში ერთ-ერთი გამორჩეული ჯგუფის, ,,აუტსაიდერის“ სიმღერები ქუთაისური ტალღის ერთგვარ ჰიმნადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. ,,ქალაქში ბნელა“ _ სიმღერის კლიპში ასახული სცენები, თავად ,,აუტსაიდერის“ არტისტული სტილი  ძალიან ჰგავს ამერიკული პანკ მუსიკაში გამოხატულ მიმართებას ავტორიტეტისადმი, უკმაყოფილებასა და ამავე უკმაყოფილებაზე გამოხატულ საპასუხო აპათიას. მიუხედავად ამისა, ,,აუტსაიდერის“ რობი კუხიანიძე ემიჯნებოდა ამერიკული პოპულარი მუსიკის ,,იარლიყს“, ამბობდა, რომ არც ალტერნატივისგან და არც პანკისგან არ იღებდა ინსპირაციას, მისი შემოქმედების მთავარი შთაგონება სუფთად ქართული მუსიკა და არტისტიზმი, ჰამლეტ გონაშვილია. შესაბამისად, 90-იანი წლების ქუთაისური მუსიკის მთავარი შემოქმედები მიიჩნევდნენ, რომ მუსიკა, რომელსაც ქმნიდნენ, უნიკალური და ავთენტური გახლდათ და სუფთად ქართული რეალობით იყო შთაგონებული. 

გარდა პროტესტისა და ამავე პროტესტის კულტურული მნიშვნელობისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალგაზრდული მოძრაობის ფონზე ხშირია ხოლმე საზოგადოებრივ ნორმებთან ჭიდილის დევიაციური ქმედებებით გამოხატვა. დევიაცია გახლავთ ქცევა, რომელიც ემიჯნება საყოველთაო, საზოგადოებაში აღიარებულ და დამკვიდრებულ ღირებულებებსა და ნორმებს. მიუხედავად ამისა, მსგავსი ქცევა შესაძლოა ახალისებდეს ასევე არაჯანსაღ აზრებსა და შეხედულებებს და ჰქონდეს კრიმინალური ხასიათიც. დევიაციის გააზრებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ სოციოლოგიაში მოსაზრებები და თეორიები, რომლებიც მსგავსი ქცევის მიზეზებისა და შედეგების აღმოჩენასა ემსახურება. ჰოვარდ ბეკერის მიერ ჩამოყალიბებული “Labeling Theory” სწორედ სოციალურად მიუღებელი ქცევების ბუნებას ეხებოდა. ბეკერი დევიაციას ერთგვარ თვითქმნად წინასწარმეტყველებას უკავშირებდა, რადგანაც, მისი აზრით, სუბკულტურის წარმომადგენლები დომინანტური საზოგადოების მხრიდან მომავალ უარყოფით დამოკიდებულებებსა და იმ იარლიყებს, რომლებსაც ნორმების მიმდევარი ადამიანები აწეპებდნენ, საკუთარი პიროვნების გარეგნულ გამოხატულებად აქცევდნენ. ეს შესაძლოა პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაც ყოფილიყო, რადგან მსგავსი ჟესტით, სტრეოტიპების საკუთარ თავზე მიკერებით სუბკულტურის წარმომადგენლები შეძლებდნენ ეჩვენებინათ არასწორი და მოძველებული აზროვნების კომიკურობა რეალურ ცხოვრებაში. თუმცა სტერეოტიპული შეხედულებები ნელ-ნელა თვითქმნად წინასწარმეტყველებად იქცეოდა, რადგან ადამიანები, რომლებისგანაც საზოგადოებას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მოლოდინი ჰქონდათ, მართლაც სჩადიოდნენ და ამართლებდნენ დომინანტი კულტურის წარმოდგენებს მათ შესახებ. ქუთაისური ტალღის ფონზე, 90-იან წლებში ქალაქში დანაშაულებრივი ქმედებები და კრიმინალი საგრძნობლად იზრდება.  ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში უკვე ჩამოყალიბებული არის სტერეოტიპული წარმოდგენები ქუთაისის შესახებ, ისინი ქუთაისური ტალღის მუსიკასაც ეგრეთ წოდებულ ,,შავ სამყაროს“, კრიმინალსა და დევიაციას უკავშირებდნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თეორიული მოდელი, რომელიც ქუთაისური ტალღის დროს არსებული დევიაციის, როგორც სოციალური ფენომენის გააზრებისთვისაა მნიშვნელოვანი, რობერტ მერტონის “Strain Theory” გახლავთ, რომლის თანახმადაც დევიაციასა და კრიმინალს ვაწყდებით მაშინ, როდესაც საზოგადოებაში არ არსებობს ლეგალური საშუალება საკუთარი მიზნების განსახორციელებლად საჭირო და შესაბამისი სოციალური კაპიტალის მოსაპოვებლად. სოციალურ კაპიტალში შეგვიძლია მოვიაზროთ როგორც ეკონომიკური კეთილდღეობა, ისე პოლიტიკური ძალაუფლება და პრესტიჟი, სოციუმის მიმღებლობა იმ ნიშნების მიმართ, რომლის მატარებელიც ინდივიდი გახლავთ. შესაბამისად, მერტონის თეორია განსაკუთრებით კარგად მიემართება საზოგადოებებს, სადაც გარდამტეხი ისტორიული პროცესების ფონზე მოშლილია სახელმწიფო სტრუქტურები და მიზნების განხორციელების, სოციალური კაპიტალისა და ძალაუფლების მოპოვების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გზად კრიმინალური ქცევა გვევლინება. მსგავსი რეალობა 90-იანი წლების ქუთაისისთვისაც ახლობელი და აქტუალური გახლავთ. 

კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში დაბადებული მოძრაობები, შეხედულებები და აზრები ამავე რეალობაზე მორგებული იყო, მის ტრანსფორმაციასა და გადააზრებას ემსახურებოდა, სტერეოტიპებზე პასუხი, ინდივიდუალიზმის გამოხატვის საშუალება ან საკუთარი ინტერესების განხორციელების ერთადერთი მიღწევადი და რეალური გზა გახლდათ. შესაბამისად, თანამედროვე ქუთაისში ხელახლა უნდა დაიწყოს უკვე მოძველებული შეხედულებების გადახედვისა და ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც მორგებულია თანამედროვე პრობლემებსა და საჭიროებებზე, ბევრად უფრო რთული სოციალური სტრუქტურების რღვევასა და გამარტივებას ემსახურება, ბევრად უფრო მეტი სარგებელი მოაქვს საზოგადოებისათვის და ნაკლებად ვნებს მას.  ქუთაისელი ახალგარზდების ხმა, ინდივიდუალიზმი, პრობლემები და პროტესტი ასევე უნდა გარდაიქმნას ახალ კულტურად, რომელიც ძველი სუბკულტურებისგან ან დომინანტური კულტურისგან განსხვავებული და ავთენტური იქნება. 

ბიბლიოგრაფია

გაბუნია, ლაშა. ,,თანამედროვე ქუთაისური პროტესტი და ქართული ტალღა.” ანარეკლი  (2005). Accessed on April 2, 2024. https://anarekly.blogspot.com/2005/01/blog-post.html

მორჩილაძე, აკა. ,,ქუთაისი, ზღვის პირი.“ ცხელი შოკოლადი (2009). 

Bennett, Andrew. Kahn-Harris, Keith. After Subculture: Critical Studies in Contemporary Youth Culture. New York: Palgrave Macmilan, 2004. 

Conley, Dalton. You May Ask Yourself: An Introduction to Thinking Like a Sociologist . New York: W. W. Norton & Company, 2019.

Honcharova, O.  Miroshnichenko, S. Ryabchenko, O. “Music and song as a form of dissent in the Soviet Union in the late 1950s – 1980s.” Studies in History and Philosophy of Science and Technology Vol. 31 No. 1 (2022): 48-57. https://doi.org/10.15421/272206

Ninoshvili, L. “The 1990s “Kutaisi Wave”: Music and Youth Movement in a Postindustrial Periphery.” Current Musicology, No. 91 (2011): 10-30. https://doi.org/10.7916/cm.v0i91.5196