ავტორი: მარიამ გოგობერიშვილი
აღმოჩენა
რამდენიმე დღე, ეს სახელი, ეს ულამაზო, მაგრამ თავისებურად „ქარიზმატული“ ქალი მიტრიალებს თავში. ათ წელზე მეტია, მაინტერესებს, ათი წლის წინ – ნაკლებად, ოდნავ მერე თითქმის გადამავიწყდა. ბოლო წელია, ისევ გაიღვიძა ცნობისმოყვარეობამ, სურვილმა, რომ ყველამ თუ არა, ბევრმა იცოდეს მის შესახებ. მაინც ვინ იყო სინამდვილეში ელისაბედ წულუკიძე-წერეთელი?
ქალი, რომელიც, ალბათ, ძალიან მოუხდებოდა დღევანდელობას თავისი შინაგანი ფემინიზმით, ინოვაციურობით, კულტურით, ხელოვნებისადმი სიყვარულით… ვეძებ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც მისი პორტრეტისათვის ნაკლებად თუ მეტად მნიშვნელოვან შტრიხებს მომაწვდის.
ახლა ლევანი ელისაბედის პორტრეტს ხატავს, ისიც ეძებს და ცდილობს ქალის სახეს ყველა უზუსტო ხაზი, ჩრდილი მოაშროს, რათა დარჩეს სწორი, მართალი, როგორიც იყო სინამდვილეში…
მეც მინდა ელისაბედს ყველა არასწორი ამბავი ჩამოვაშორო და მოგიყვეთ, როგორ დაიწყო, როგორ გრძელდებოდა და როგორ დასრულდა ამბავი ძალიან საინტერესო ქალისა, ისეთის, როგორებიც უწინ უფრო მრავლად იყვნენ. დღევანდელებს მათი მაქმანის, ღიმილის ფერი მოაკლდათ, თითქოს…
ბროწეულები
ელისაბედის პორტრეტი ფერებით შეივსო, გალამაზდა, გიშრის მძივებიც აისხა, მაგრამ ეს მხოლოდ ლევანის ტილოზე, ჩემი საგაზეთო წერილი კი ერთ ადგილზე გაქვავებულა და „ნაბიჯს ვერ დგამს“, თუმცა, ერთი, თანაც რომანტიკული ნაბიჯი მაინც არის, – ბროწეულები… თურმე ელისაბედის სასახლის ეზოში ბროწეულის ხეები ყოფილა მრავლად. რა ლამაზი იქნებოდა ყვავილობისას!
აივნიდან მათი ცქერა ეყვარებოდა სასახლის ქალბატონს!
ღამის ოთხი საათია. უკვე მერამდენედ ვკითხულობ 1990 წლის ერთ-ერთი საჩხერული გაზეთის ნომრებში გაბნეულ სტატიას „მოგონებები ელისაბედ წერეთელზე“ . მოგონებები, რომელიც ძალიან საინტერესოა და მთელი თავისი ღირსებით წარმოგვიდგენს საოცარ ქალბატონს, ეკუთვნის მისსავე შვილობილს სონია წერეთელ-ავალიშვილს. ძალიან მინდა სრულად მოგითხროთ ის საქველმოქმედო და კეთილი საქმეები, რომლებიც უელისაბედოდ არასოდეს, ან ძალიან გვიან მოხდებოდა: რკინიგზის შემოყვანა საჩხერეში; საავადმყოფოსთვის შენობის დაქირავება და პირველი საავადმყოფოს გახსნა; ქალაქისა და სოფლების დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა; სკოლის გახსნა საკუთარ სახლში, ფოსტა-ტელეგრაფი; პენსიის, სტიპენდიისა თუ ერთჯერადი დახმარების მიცემა უამრავი ადამიანისათვის. ყველას მოამაგე, პატრონი, საკუთარი და სხვისი ობლების გამზრდელი, ძლიერი ნებისყოფის, ამაყი, ფიცხი, მაგრამ უზომოდ კეთილი, მშრომელი, უკეთ – შრომაში დაუღალავი. თუ ეს ყველაფერი გადაჭარბებად მოგეჩვენებათ, აქვე მეტი დამაჯერებლობისათვის ცნობილი გერმანელი ქართველოლოგისა და ნამდვილად სარწმუნო კაცის არტურ ლაისტის სიტყვებს მოგაშველებთ: „ეს გახლდათ მეტად სიმპათიური, სტუმართმოყვარე, ტიპიური ქართველი ქალი, რომლის ირგვლივაც თავს იყრიდნენ მეზობლები – შეძლებულნიც და ღარიბნიც; როგორც მახსოვს, ელისაბედი მთელი საწერეთლოს სული და გული იყო და მართლაც მისი მიმზიდველი თვისებებით იგი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა ყველაზე…“
ა, ბატონო! ესეც თქვენი გერმანელი, რომელმაც ხანმოკლე ნაცნობობის შედეგად ამ სიტყვებით შეაფასა ეს დიდებული ქალი!
იმას თუ მიაქციეთ ყურადღება, „ტიპიური ქართველი ქალიო“, რომ ამბობს? ამ სიტყვების წაკითხვისას უნებურად მხრებში გავიმართე, გამეხარდა ჩვენი ახლო წარსული, უამრავ სიკეთესთან ერთად, ქართველი ქალების კდემა და ღირსება რომ ადგას სამკაულად!
როგორ ბრძანდებით, ძვირფასო ქალბატონო ელისაბედ? უკვე საკმაოდ ბევრი რამ შევიტყვე თქვენს შესახებ. რამდენიმე ფოტოც ვნახე, მათ შორის ერთ-ერთი, რომელზეც თეთრ სამოსელში ზიხართ, უკვე ასაკოვანი, თმაშევერცხლილი, ირგვლივ ჩემთვის უცნობი, თქვენთვის კი, ალბათ, ახლობელი და ძვირფასი ადამიანები გყავთ. ეს ფოტო განსაკუთრებით მომწონს, რაღაცნაირი გამომეტყველება გაქვთ – მრავლისმნახველი ადამიანის. არც მიკვირს. ყველაფერი სახეზე გაწერიათ: დაუღალავი შრომა, სიკეთე, სამართლიანობა, ადრე დაქვრივება და ქალიშვილის სიკვდილი, სიამაყე, ქედმოუხრელობა და დიდი სიბრძნე. თქვენი შვილობილის მოგონებებში წავიკითხე, თქვენთან თბილისში მოსანახულებლად ჩამოსული საჩხერელი კაცისთვის გითქვამთ სიცოცხლის ბოლო წლებში: „განა ამის ღირსი ვიყავიო?“ მესმის თქვენი დიდი ტკივილი, ღმერთმანი, ნამდვილად არ იყავით ამის ღირსი, პირიქით! ისევ თქვენი შვილობილის მოგონებებს მოვიშველიებ: ის ამბობს, რომ უთქვენოდ საჩხერეში არანაირი კეთილი წამოწყება არ იქნებოდა, რომ დიდი თუ პატარა თანამდებობის პირი თავს მოვალედ თვლიდა გაგცნობოდათ. ყველას თქვენი რიდი და მოწიწება ჰქონდა. სამართლიანადაც! თქვენ ნამდვილად იყავით ამის ღირსი, უფრო მეტისაც. იმისი ღირსი იყავით, დღეს, როცა თქვენი გარდაცვალებიდან ჯერ საუკუნეც კი არ გასულა, თქვენი დიდებული სასახლე, თავისი ბრდღვიალა ბროწეულის ბაღით, ამაყად და წარსული დიდების ნაშთად მდგარიყო საჩხერის ერთ ძველ ქუჩაზე. იმის ღირსიც იყავით, თქვენი წყალობით საჩხერემდე მოყვანილი უკვე საუკუნოვანი რკინიგზის სადგურის ბაღში თქვენი ძეგლი მდგარიყო, ან თუნდაც, თქვენი თაოსნობით აგებული ქალაქისა და სოფლების დამაკავშირებელ ხიდს დარქმეოდა „ელისაბედის ხიდი“ (ძალიან მიყვარს ამ ხიდიდან კამკამა ყვირილას ყურება, ერთი ამოჩემებული მრგვალი და ბრტყელი ქვა მაქვს, ჩემი ბავშვობიდან უძრავადაა ერთ ადგილზე, მხოლოდ ტალღებმა გალოკა და მოამრგვალა უფრო და უფრო)…
საღამო მშვიდობისა, ქალბატონო ელისაბედ! ჩვენი საუბრები (უფრო სწორად, ჩემი მონოლოგი თქვენს ფოტოსურათებთან) გაიშვიათდა.
აფსუს, ქალბატონო ელისაბედ, რა დრო იყო, კარგი კაცი – სევერიან ჭოღოშვილი ცხენით შინ რომ აკითხავდა ავადმყოფებს (ალბათ, იმდენად ხშირად, რომ ცხენმა თავად იცოდა რომელ კართან შეჩერებულიყო), ჯიბო იაშვილი კი უფასოდ ურიგებდა წამლებს ავადმყოფებს! ივანე გომართელის სახლში გახსნილ ბიბლიოთეკაში პატარა „მოწაფეები“ საოცნებო წიგნებს ფურცლავდნენ, სხვადასხვა ეროვნების საჩხერელი გვერდიგვერდ ცხოვრობდა, შრომობდა, თქვენს სასახლეში მხიარული სალონური საღამოები იმართებოდა… ვინ აღარ გსტუმრობდათ…
აკაკისეულ სახლში თქვენი შავი როიალი დგას ახლა, მუნჯურ ფილმებს რომ უშვებდით და ულამაზესი ანტონ გრიგალაშვილი ამ როიალზე აკომპანიმენტს უკეთებდა. აკაკი ხშირად გსტუმრობდათ, ექსპრომტებითაც ხშირად გაკენწლავდა, ალბათ, სასახლის სტუმრებს. ყმაწვილი გალაკტიონი ჩამოდიოდა მადლობის სათქმელად, მნიშვნელოვან დროს რომ ხელი შეაშველეთ. ვინ აღარ… რამდენ საინტერესოს გაიგებდა და ისწავლიდა ადამიანი, ვინმეს რომ მოჰფიქრებოდა და ჩაეწერა თქვენი ლამაზი საღამოები – კარგი დროის დასტურად…