ავტორი: დავით ნებულიშვილი
ჩვენს დირიჟაბლში (ასე ეძახდა ჭავჭავაძის პროსპექტზე გაწოლილ ბინას) ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა. ათიოდე მეტრის სიგანის ეზოში აისიდან დაისამდე წვრილფეხობის ჟივილ-ხივილი იდგა. მათ ჟრიამულს აეროდრომისკენ დასაჯდომად წასული თვითმფრინავის ხმაც ვერ წყვეტდა, მხოლოდ ერთხელ (თანაც ყოველ დღე არა), საღამოხანს ისადგურებდა საოცარი სიჩუმე, როცა თავის სამყაროში ჩაყვინთული ყველა ბავშვი შეშდებოდა – „მეობა მოდის!..“ – გარინდული შევჩერებოდით მეზღვაურული რწევით მომავალ ახოვან, ულამაზეს ვაჟკაცს, რომელიც ენითუთქმელ ღიმილს ურიგებდა დიდსა და პატარას. ჩვენს სადარბაზოსთან გაოფლილ ბიჭებს ბურთს გამოართმევდა და იმპროვიზებულ კალათბურთის კალათაში საოცრად რბილად მოათავსებდა, კალათგამოვლილი ბურთი დამჯერედ მიუგორდებოდა ფეხებში: ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მერე ყველაზე ახლომდგომ ბიჭს გამურულ ცხვირზე წაუწკიპურტებდა, ბურთს ჩააბარებდა და სადარბაზოში შეაბიჯებდა.
„მეობა“ – ეს მეტსახელი (ძველქართულად სიგელი) ოთარ სულაბერიძემ იმ პერიოდში დაიმსახურა, როცა ყველას კანფეტებივით ურიგებდნენ ლენინისპორტრეტიან ქების სიგელებს.
ეს სხვა მეობაა! – რომელსაც არაფერი აქვს საერთო ფროიდისეულ ყოვლიმომცველ „მე“-სთან, მით უმეტეს, მიმანიშნებელ ინგლისურ „აი“-სთანან მკერდგამობერილ და განზე ფეხდადგმულ რუსულ „ია“-სთან. უფრო მეტიც, „მეობას“ ახსნა არცერთ ლექსიკონში არა აქვს და მგონია, არც არსებობდა ოთარ სულაბერიძემდე ეს სუფთა ქათული ფენომენი, ისევე, როგორც არსად არის სხვაგან ქართული ზამბახი და ქართული ბოლოქანქარა.
… კარის მეზობელი ჩვენთან ღამით და მხოლოდ ნასვამი შემოდიოდა (როცა ფხიზლობდა, საოცრად მოკრძალებული იყო, ლამის გვავიწყდებოდა მისი არსებობა). ზარს არასდროს რეკავდა, რაღაცნაირად ხელისგულით აკაკუნებდა, უფრო სწორად, აბუბუნებდა. ყველამ ვიცოდით, ოთარი იყო. შოთა სახლშია? (მამაჩემს კითხულობდა) – ეს მისი საშვი იყო, როცა თანხმობას მიიღებდა, უაპელაციოდ შემოაბიჯებდა. მიდიოდა ღამის სერობები, რომელსაც მხოლოდ კაცები ვესწრებოდით. ვისხედით სამნი სიგარეტის ნისლით დაფერილ ოთახში, ერთი მხარგრძელი, მეორე- ჩია და მე – ბავშვი. ხმადაბლა საუბრობდნენ. ორივეს ბარიტონი ჰქონდა და ორივე სიტვაძუნწობდა. ნებისმიერ თემაზე, რომ იტყვიან ნახევარ სიტყვაზე უგებდნენ ერთმანეთს. მხოლოდ ახლა, როცა უკვე მათი ხნის ვარ, ვწვდები ამ საუბრის სიღრმეს (მაშინ კი მიკვირდა, მეობასთან შესაკითხად მოსული პროფესორისთვისაც მომისმენია და ქურდისთვისაც) და რატომღაც საუბრის ძირითადი თემა წარსული იყო. მოსაგონარის მეტი რა ჰქონდათ, ომში 414-ე ქართული დივიზიის მედროშეს და ამავე დივიზიის მზვერავთა ოცეულის მეთაურს. ქართული კალათბურთის უპერველესი კოჰორტის წევრს, რომელმაც მოიარა ევროპის ომისა და სპორტის ასპარეზი. სპორტზე მხოლოდ ტრავმებს იხსენებდა, ომზე – ერთ ეპიზოდს, ყირიმში: მწარე ხვატის დროს არავის ზონაში მოქცეულ ჭაზე ჩახოხებულს მასავით მათარებით აჩორჩხლილი გერმანელი შეჰფეთებია, შებმიან ერთმანეთს … უკან დაბრუნებულა, წყლით – „კატელოკისთვის“ დახეთქილი ტუჩები არ დაუკარებიათ სამი დღის მწყურვალ ბიჭებს, სისხლი შეუნიშნავთ წყალში. „საოცრად ლამაზი ბიჭი იყო ის გერმანელი, ჩემსიმაღლე, ცისფერთვალება, ქერათმიანი, საცოდავი წყალზე ჩამოვიდა, რას ვერჩოდი!.. სიზმარში მოდის ხოლმე და ყვირილით მეღვიძება, რა გვიქნეს? ვინ ჩემი ფეხებია ჰიტლერი და სტალინი, მე მაგათი დედა ვატირე?!.“
მაშინ სხვაგვარად აზროვნება მხოლოდ ძლიერი სულისა და ნებისყოფის ადამიანებს შეეძლოთ. არაორდინალური იყო, არავისნაირი. ეწეოდა ბოჰემურ ცხოვრებას. იყო თითივით მარტოკაცი, არა პიტალო კლდეზე ამოსული ბალახივით, არამედ მძლავრი მუხა, ძმაკაცებზე ჩახვეული მკლავებით. თან ჰყვებოდნენ მეგობრები: ბალახვანში „ბენზინკალონკაზე“ წილში ჩასვეს, სამი თვის ფული (ყველა ჯიბე სავსე გვქონდა მეც და იმასაც) ნაცნობ ქვრივ-ობლებში დაარიგა, მერე რესტორან „ქუთაისში“ იქეიფა და ბოლო შემორჩენილი სამმანეთიანი მე ჩამიკუჭა.
თან ჰყვებოდნენ მეგობრები: სამოთახიანი ბინა „ჩაუწყვეს“ პრესტიჟულ უბანში, სახლში შებიჯებულ ოთარს, ვიღაც მრავალშვილიანი ქალი დახვდა, კივილით დაემხო აკვანს, არ გავალ აქედანო – უნებართვოდ დაეკავებინა ბინა: ჩუმად, ბავშვი არ გააღვიძოო უთქვამს მეობას, მდუმარედ დაუდევს ორდერი მაგიდაზე და გამობრუნებულა. ეს არ შეუძლია ყველას.
თან ჰყვებოდა თვითონაც მეგობრებს, ვინც „მეობა“ შეარქვა – იმათ, ვინც საფლავი აუგო – იმათ, ვინც ყოველ 2 მაისს, დაბადების დღეზე ჭიქას თავს უქცევს – იმათ, ამ მეგობრებისათვის ხან რიონის ტალღებთან შებმული უნახავთ, ხან დანიან ძველბიჭებთან ჩხუბში, გაბაშვილის გორაზე. ამ მეგობრებისთვის ისეთი რამეებიც ჩაუდენია, მთელი თვე ხარხარებდა ქალაქი: ის და აჩიკო სულაბერიძე (ბიძაშვილი) თბილისში წასულან „ილ-14“ , პატარა ორმოტორიანი თვითმფრინავით. ცაში თვითმფრინავი საეჭვოდ გადახრილა ერთ მხარეს. პილოტის კაბინა გაღებულა და მოღუშულსახიანი ხომალდის მეთაური გამოსულა, თან რევოლვერზე ჰქონია ხელი, ჩამოუვლია მგზავრების რიგი და აჩიკოსთვის დაუდგამს თვალი, იმიტომ კი არა, რომ აჩიკო პირველი საყვირი, ქუთაისის „ლუი არმსტრონგი“ იყო და ყველა იცნობდა, არამედ იმიტომ, რომ 160 კილოს იწონიდა, ამრიგად მათ შორის ყველაზე მსუქანიც გახლდათ… “აბრძანდით ზევით!“- უთქვამს მფრინავს აჩიკოსთვის და მოპირდაპირე მხარეს ერთ გამხდარ კაცთან გააცვლევინა თურმე ადგილი. ყველაფერი უსიტყვოდ შესრულდა. მფრინავი კაბინაში დაბრუნდა და გასწორდა თვითმფრინავიც. შვებით ამოისუნთქა ხალხმაც, ვაი, რომ ცოტა ხნით, ახლა მეორე მხარეს გადაიხარა თვითმფრინავი. შეწყდა საუბარი, აჩიკოს მიაჩერდა ყველა, კვლავ გამოვიდა ხომალდის მეთაური, იარაღზე უდევს ხელი, მივიდა აჩიკოსთან, მოკვდა კაცი. მფრინავმა აჩიკო რიგებს შორის დააყენა და გაბრუნდა. გასწორდა თვითმფრინავი!.. ასე „ფეხზე დგომით“, მშვიდობიანად დაშვებულა აჩიკო დედაქალაქის აეროდრომზე და როცა მეობას ეშმაკურად მომღიმარი მფრინავებისთვის მადლობა გადაუხდია, ყველაფერს მიმხვდარა და „მოსაკლავად “ გაჰკიდებია ოთარს.
ოთარ სულაბერიძე რომ გარდაიცვალა, ქალაქის გულში, მოედანზე დაასვენეს და იქ ემშვიდობებოდა ქუთაისი. ეს აკაკი წერეთლის შესაფერისი პატივი იყო. საოცრად ჰგავდა ეს ორი პიროვნება ერთმანეთს, არა პოეზიით, ბედით! თუმცა, მეობას გაგიჟებით უყვარდა პოეზია, ლექსების კითხვისას მის თვალზე ხშირად შემინიშნავს ცრემლი. განსაკუთრებით უყვარდა ლადო სულაბერიძის ერთი ლექსი და ღამისეულ დეკლამაციებს ყოველთვის იმით ამთავრებდა: „მამამ ღამე დამიტოვა, დედამ კაბა შავი მთხოვა, ვისაც ველი, რომ არ მოდის, მოწყენილი იმიტომ ვარ“.
ამბობენ, ქართული სუფრა აკადემიააო. ახლაც – რომ ადგებიან ბიჭები ფეხზე, მხრებს გაშლიან, ერთმანეთს თვალებში ჩახედავენ და იტყვიან, ამ ჭიქით ჩვენს მეობას გაუმარჯოსო, რაღაცნაირად ოთარს ემსგავსებიან, სულაბერიძეს, ჩვენს „მეობას“, – ისეთივე ლაღები ხდებიან, ლამაზები, მაღლები, მხარგრძელები და მე მწამს, მათ გულებში ოთარის გულის პატარა ნატეხი ფეთქვას, იფეთქებს მანამ, სანამ ქუთაისლობა იარსებებს და ერთს მაინც ექნება მეტსახელი.