დღეს შედგა “იმერეთში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების სტრატეგიის” პრეზენტაცია.
სტრატეგია, რომელიც, იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში ეკომეგობრული სათავგადასავლო ბანაკების მოწყობას ითვალისწინებს, DMO იმერეთის ინიციატივით “იმერეთის ტურიზმის კლუბმა” შეიმუშავა.
პროექტის მნიშვნელობასა და განვითარებაზე პროექტის განხორციელების ეტაპებზე, საკემპინგო ზონების შერჩევის პრინციპებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს: DMO იმერეთის აღმასრულებელმა დირექტორმა – მარი დევიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში – ზვიად შალამბერიძემ, იმერეთის ტურიზმის კლუბის ხელმძღვანელმა – ალექსანდრე პაიკიძემ, ტურიზმის დოქტორმა – ოთარ ჯაფარიძემ, გეოტურიზმის სერტიფიცირებულმა ექსპერტმა, გეოგრაფიის დოქტორმა -გიორგი დვალაშვილმა, კომპანია კამერტონ-თრეველის ხელმძღვანელმა – დავით ქობულაძემ.
სტრატეგიის მიხედვით, თორმეტ მუნიციპალიტეტში კონკრეტული კრიტერიუმებით შერჩეულ ადგილებზე განთავსებულ ბანაკებს ექნებათ საერთო სახე, პროექტირება და მართვის სტილი. მათ ერთმანეთისგან განასხვავებთ კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელი ატრაქციები.
ბანაკები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნებიან საფეხმავლო, სამანქანო, რიგ შემთხვევაში ველო-საცხენოსნო გზით და საფეხმავლო ბილიკებით. შესაბამის ადგილებზე გამოყენებული იქნება სანაოსნო ტრანსპორტი. მოეწყობა სხვადასხვა სათავგადასავლო ფესტივალები და ღონისძიებები.
სტრატეგია წინ წამოწევს იმერეთის სათავგადასავლო პოტენციალს და ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.