ავტორი: ნანული ცხვედიანი
მრავალი წლის წინათ დიდმა ქართველმა პოეტმა, პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ აკაკი წერეთელმა, თავისი ოთხკუთხა ფორმით, იმერულ ხაჭაპურს (“ხაჭოპურს”) შეადარა ქუთაისის ბულვარი, ხოლო „ბაღისკიდეზე“ გაჩაღებული მუდმივი საზოგადოებრივ -პოლიტიკური ვნებათაღელვისა და მძაფრი დებატების გამო, მას დღემდე შეუცვლელი სახელი – „ქუთაისის პარლამენტი“ უწოდა.
არაერთი გამოჩენილი ადამიანის მიერ მძაფრი ეპითეტებით მოხსენებული (მაგალითად, გიორგი წერეთლის მიერ თვით რომის ფორუმთან შედარებული) ბულვარის უკვდავ ნათლიად დღემდე მაინც აკაკი რჩება. და საერთოდაც, პოეტი ისე ღრმად იყო დაკავშირებული ქუთაისის ისტორიულ ბაღთან, მის შინაარსთან და კოლორიტთან, რომ დიდი ხნის შემდეგ, აგერ უკვე მეოცე საუკუნის 80-იან წლებში, ოფიციალურადაც კი დაისვა საკითხი, ქუთაისის ბულვარისათვის „აკაკის ბაღი“ დაერქმიათ.
დღეს ქუთაისის კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს შორის ბულვარს გამორჩეული ადგილი უჭირავს, მეტიც, იგი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს მეორე დედაქალაქის სიამაყედ. ამ სიამაყეს შორი, ღრმა, ძალიან საინტერესო საფუძველი აქვს…
დარეჯანის ბაღიდან -„გულვარდამდე“
დავიწყოთ იმით, რომ ქუთათურთა მწვანეში ჩაფლულ საცხოვრებელ სახლებს ოდითგანვე გააჩნდა საკუთარი ბაღები, რომელთაც მათი მფლობელებისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკურ-ესთეტიკური დანიშნულება ჰქონდათ. ამათგან ყველაზე საუცხოო იყო სოლომონ პირველის ასულის –დარეჯანის ბაღი, რომელიც 1820 წელს იმპერიამ ჩამოართვა პატრონს,ხაზინის ხელში გადავიდა, მომდევნო წელს კი საზოგადოების სასეირნო ადგილად გამოცხადდა. შეემატა ირგვლივ მდებარე ცარიელი სახაზინო მიწებიც. ეს იყო საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი ევროპული ტიპის საზოგადოებრივი ბაღი, თუმცა აღმოსავლურ კულტურასაც ითავსებდა (დეკორატიულ მცენარეებთან ერთად შეიცავდა ხეხილს, ვენახს და ბოსტანსაც კი).
ქუთაისის ცენტრში სტიქიურად გაშენებულ ამ ბაღს ჯერ კიდევ არ დაეკარგა ფუნქცია, რომ უკვე დაიწყო მომავალი ბულვარის გეგმური განაშენიანებაც. ის ადგილი, სადაც დღევანდელი ისტორიული ბულვარია,
მე-18 საუკუნეში და უფრო ადრეც, წარმოადგენდა ასპარეზს, რომელიც, დიდი ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის, ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, „მოზღუდვილი იყო ვარჯად (ხშირტოტება) ჭანდრით.“
მომავალი ბაღის პირველი კონტურები სწორედ ძველი ასპარეზის ადგილზე ჩაისახა, მკვლევართა გარკვეული ნაწილის რწმუნებით, იმერეთის მმართველ გორჩაკოვის დროს (1820-1825). ისტორიკოს ნოე ბალანჩივაძის მოსაზრებით კი, «ქუთაისის ბულვარის საფუძველი გახდა ჭადრის ხეები, რაც დაირგო… ვ. ბუბუკოვის მმართველობის დროს (1825 – 1828; გაშენდა, ერთი ცნობით(პ.გლინესაროვისა)1848, ხოლო კ. ბოროზდინის გადმოცემით -1850 წელს. უნდა დავუჯეროთ პეტრე გლინესაროვს, რადგან იგი ქუთაისის ვიცე – გუბერნატორად მუშაობდა სწორედ აღნიშნულ ხანებში.“
ამრიგად, გამოდის, ქუთაისის ბულვარი, სულ მცირე, 175 წლისაა!
„ვინ იყო ბულვარის სპეციალისტი – მშენებელი, ვის მიერ დამუშავებული გეგმით და უშუალო მონაწილეობით გაჩნდა იგი, არ ჩანს, – აღნიშნავს ნოე ბალანჩივაძე, – შეიძლება მხოლოდ ვიფიქროთ, რომ ის ფრანგი მებაღე იყო, რადგან ბაღი, ჯერ ერთი, თავიდანვე ფრანგულ სახელს ატარებდა, მეორეც, მისი გეგმა საბაღო-საპარკო ხელოვნების ფრანგული სტილის ნიშნების მატარებელია. ასე უნდა ვიფიქროთ კიდევ იმიტომ, რომ იმდროისათვის ფრანგი სპეციალისტების მონაწილეობა ჩვენი ქალაქის “მწვანე მშენებლობაში“ ცნობილი ამბავია.“ ქუთაისელებმა ახალ საზოგადოებრივ ბაღს იმთავითვე, რატომღაც, ფრანგული სახელი „ბულვარი“შეარქვეს, რაც ქალაქის ქუჩის გაყოლებაზე (შუაზე) არსებულ ფართო ხეივანს ნიშნავს. ალბათ, ამ შინაარსით მკვეთრად გამიჯნეს იმ ძველი საქალაქო ბაღისაგან, სადაც, საჩრდილობელ ხეებთან ერთად, ვენახი და ბოსტანიც კი ბიბინებდა. „ბულვარის“ ანალოგიითა და იმერული მახვილსიტყვაობით, სულ მალე გაჩნდა ფრანგული სიტყვის ქართული საალერსო ვერსიაც: გულვარდი.“ სიყვარულით შერქმეული ეს ხალხური სახელწოდება იმდენად პოპულარული იყო, რომ ბოლო ათწლეულებამდეც მოაღწია.
გაზეთ “კავკაზის“ ერთი კორესპონდენტის ცნობით, მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ქუთაისის ბულვარს ფართო კვადრატის ფორმა ჰქონდა და ოთხივე მხრივ წითელი ფიცრული ღობით იყო შემორაგული. შიგნიდან ღობეს პარალელურად მიუყვებოდა ხეივანი. მთელ ტერიტორიას ჯვრის სახით კვეთდა კიდევ ორი ხეივანი, მათი გადაკვეთის ადგილზე კი მოწყობილი იყო ცეკვის მოედანი. ხეივნებს ორივე მხარეს გასდევდა ყვავილნარი და ტანაყრილი ხეები, რომელთა ხშირფოთლიანი ტოტები საუცხოო საჩრდილობელს ქმნიდა. იქვე იდგა ხისა და ქვის მოგრძო სკამები. ბულვარის დანარჩენი ფართობი დაფარული ყოფილა მწვანე კოინდრით. ყოველ კვირას უკრავდა მუსიკა, მწვანე მინდორზე მსხდარი, ნაირფერი ტანსაცმლით მორთული ქართველები მომაჯადოებელი ბუნების წიაღში ტკბებოდნენ მუსიკისა და ზურნის მელოდიური ხმებით. სხვა დღეებში ხალხი აქ თავს იშვიათად იყრიდა.70-იანი წლებისათვის კი ბაღი უკვე ყოველდღიურად ივსებოდა ხალხით.
ამ დროისათვის აქ ქალაქის გარეუბნიდან შემოყვანილი ჰქონდათ კიბულას წყალი, ფარდულში იყიდებოდა უალკოჰოლო სასმელი. მ. ვლადიკინის ცნობით, გუბურებზე გადაყვანილი იყო პატარა ლამაზი ხიდები, რაც ფრიად საამურ სახილველს ქმნიდა მოსეირნეებისათვის. ქალაქის თვითმმართველობის ინიციატივით 1878 წელს გაკეთებული ხის ღობე, ე. წ. “რეშოტკა“, მალევე დაძველდა. ქვაში ჩასმული რკინის მოაჯირით მის შესაცვლელად კი თანხა ქუთაისში გადმოსახლებული ოლდენბურგელი პრინცის, კონსტანტინეს მიერ (ბალახვნის ქუჩაზე შეძენილი ნაკვეთისათვის) გადახდილი ბაჟიდან გამოინახა. შემოღობვა დიდხანს გაგრძელდა და 1891 წლისათვის მთლიანად დამთავრდა. ბაღის გარეთ ქვაფენილიც დაიგო. ბულვარის შემოღობვასთან დაკავშირებით არსებობს აკაკის ერთი საკმაოდ მწარე ხუმრობა, კერძოდ, ამგვარი მხატვრული შედარება: „მოაჯირის სვეტები სასაფლაოს ძეგლებს ჰგვანან, დავთვალე და ზუსტად იმდენია, რამდენიც ხმოსანია ქალაქის რჩევა-გამგეობაში.“ პირქუში რკინის მოაჯირი, ასე რომ არ მოსწონდა საქართველოს უპირველეს მგოსანს და ბაღს სილამაზეს უკარგავდა, მხოლოდ მეოცე საუკუნის 70-იან წლებში მოიხსნა და აქაურობა ბუნებრივ მიჯნებში დარჩა.
ნაგებობები და ძეგლები
თავისი არსებობის მანძილზე ბულვარმა, სხვადასხვა დროის ხელისუფალთა მოწადინებით, არაერთხელ იცვალა სახე. ბაღის ტერიტორიაზე ჩნდებოდა და ქრებოდა გარკვეული ნაგებობები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 1891 წელს იმპერატორ ალექსანდრე მესამის შესახვედრად აგებული პავილიონი, რომლისთვისაც მთელი იმერეთის მოსახლეობას გაუღია თანხა. იგი წარმოადგენდა ქვა-აგურისაგან აგებულ, გარედან შელესილ შენობას. შიგნით ჰქონია შვიდი სვეტი, ხოლო ზემოთ – ხის მოჩუქურთმებული სვეტები და მოაჯირი. სანამ შენობას 1894 წელს გაჩენილი ხანძარი შთანთქავდა, ქალაქმა ის თეატრისათვის გამოიყენა: ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა კოტე მესხმა მისი გადაკეთება დაიწყო და დასსაც ამზადებდა მომავალი სპექტაკლებისათვის. სამწუხაროდ, 1894 წლის 12 ოქტომბერს, გენერალური რეპეტიციის შემდეგ, ცეცხლი გაჩნდა, უცებ მოედო ხის შენობას და 15-20 წუთში იგი განადგურდა, მთლიანად დაიწვა თეატრის მთელი ქონებაც. ამ თეატრი-პავილიონის ერთგვარი მემკვიდრე გახდა საბჭოთა პერიოდში, მეოცე საუკუნის 40-იან წლებში სახელდახელოდ აგებული საზაფხულო თეატრი, რომელმაც მხოლოდ ორი ათეული წელი იარსება და მოულოდნელად აიღეს.
1948 წელს ბულვარს აღმოსავლეთის მხრიდან გაუკეთდა შესასვლელი კოლონადა.
1941 წელს,პოეტის დაბადების 100 წლის საიუბილეოდ, ბულვარში დაიდგა აკაკის ძეგლი (მოქანდაკე – საქართველოს სახალხო მხატვარი ვალერიან თოფურიძე), 1970 წელს, ზაქარია ფალიაშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, დიდი კომპოზიტორის ძეგლი აღიმართა (მოქანდაკე – ლევან მხეიძე), ხოლო 2006 წელს – ქალაქური სიმღერების ლეგენდარული შემსრულებლების, დები იშხნელებისადმი მიძღვნილი მონუმენტური კომპოზიცია „სულიკო“(ავტორი – საქართველოს დამსახურებული მხატვარი გიორგი (გოგილო) ნიკოლაძე). ამ ბოლო ორი ძეგლის არქიტექტორი იყო გივი თოდაძე,რომელსაც ასევე ეკუთვნოდა ბულვარის ცენტრში ადრე არსებული ძველი შადრევნის პროექტი.
1950-1990 წლებში ბულვარის შუაგულში, მაღალ კვარცხლბეკზე, იდგა პროლეტარიატის ბელადის ვ. ი. ლენინის ძეგლიც, რომელიც ეროვნული ხელისუფლების მოსვლისთანავე აიღეს. 2017 წლის მარტში ცისფერყანწელთა ქუჩიდან ბულვარში გადმოიტანეს 9 აპრილის მსხვერპლთა ბრინჯაოს მემორიალი (საქართველოს დამსახურებული მხატვრის რეზო რამიშვილის მიერ შექმნილი მხატვრული კომპოზიცია).
უკანასკნელ წლებში ბულვარში მრავლად დაიდგა თანამედროვე დიზაინის მერხები და დეკორატიული სანაგვე ურნები. ცენტრში შადრევნებისათვის გაკეთდა ორი პარალელური აუზი, ასევე – წრიული ფორმის ყვავილნარი.
ქალაქის მერიას ამჟამად გადაწყვეტილი აქვს ბულვარის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მისი განახლება – გამშვენიერება. ბულვარი მთლიანად გარსშემორტყმულია მწვანე ღობით და შიგ საქმიანობას იწყებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია…
ბულვარის ბრწყინვალე საზოგადოება
ბაღმა, რომელიც, იმპერიის მსახურთა ჩანაფიქრით, მხოლოდ დასვენებისა და გართობის უწყინარი ადგილი უნდა ყოფილიყო, დაარსებიდანვე უჩვეულოდ გააფართოვა თავისი დანიშნულება და ქუთაისში, მთელ გუბერნიაში საზოგადოებრივი საქმიანობა-მოღვაწეობის ცენტრად, პროგრესულ შეხედულებათა გავრცელების ასპარეზად იქცა.
თუ აქ, თავდაპირველად, მხოლოდ გართობას დაწაფებული თავად-აზნაურობა, სახელმწიფო უწყებათა მოხელეები დასეირნობდნენ და, მწერალ გიორგი წერეთლის სიტყვებით, „ქუთაისის ბულვარს… იმისთანა მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქისათვის, როგორც პარიჟში ყავახანებს და კლუბებს… მუდამ ერთი სიცილი და ხარხარი იყო,“ მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ეპოქალურმა ცვლილებებმა მკვეთრი ასახვა ჰპოვა აქაურ გარემოზეც. განსაკუთრებით 70-იანი წლებიდან, როცა შემოღებულ იქნა თვითმმართველობა და გაიხსნა სათავადაზნაურო ბანკი. ეს დაწესებულებები არჩევითი ხასიათისა იყო და, განსაკუთრებით ბანკის ხელმძღვანელ პირთა არჩევნების დროს, ქუთაისში, მის ბულვარში, თავს იყრიდა მთელი გუბერნიის თავადაზნაურობა, საზოგადოებრივი აქტივი.
სწორედ აქ, აკაკის მიერ „ქუთაისის პარლამენტად“ მოხსენებულ ბულვარში, არჩევდნენ კანდიდატთა ავ-კარგს, ქმნიდნენ მიმართულებას, დავობდნენ, ამუშავებდნენ სხვადასხვა საარჩევნო ხრიკებს.კიდევ ერთი მახვილგონივრული შედარება: აკაკიმ „ხრიკის მოედანიც“უწოდა არჩევნების დღეების ბულვარს…
საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის სამსონ ფირცხალავას გადმოცემით: „ქუთაისის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა ქალაქის ბაღი, ე. წ. ბულვარი. თუ ვისიმე ნახვა გინდოდათ, აქ შეხვდებოდით, აქ იყო ყიდვა – გაყიდვა, დაგირავება, დაქირავება, ფულის სესხება, მაჭანკლობა, აქ იმართებოდა დებატები, აქ იყო ბირჟა და გამოფენა ადამიანების, სილამაზის, ტანადობის, ტანსაცმლის… ბაღი ყოველთვის სავსე იყო ხალხით, დღითა და ღამით. კვირას უქმე დღეს, კვირაში ორჯერ სამხედრო მუსიკა უკრავდა და ეს კიდევ უფრო იზიდავდა მოსეირნეებს. ვერსად შეხვდებოდით ისეთ წმინდა ქართულ, ლამაზ ტიპებს, როგორც აქ გამოირჩეოდნენ თავისი მოყვანილობითა და სიკოხტავით მაშინდელი ჩვენი არისტოკრატიის წარმომადგენელნი: წერეთლები, წულუკიძეები, მიქელაძეები, დადიანები, ფაღავები, გურიელები – ქალები და კაცები.“
და მაინც, ბულვარს ჰყავდა თავისი რჩეულები და, აკაკისთან ერთად, ესენი იყვნენ სხვადასხვა დროის უთვალსაჩინოესი მოღვაწეები: ქუთაისური საზოგადოების მიერ „თეთრწვერა არისტიდედ“ მონათლული, თერგდალეულთა დიდი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი კირილე ლორთქიფანიძე, სოლომონ ლეონიძე, ძმები ღოღობერიძეები, რაფიელ ერისთავი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, დავით ხელთუფლიშვილი, გიორგი ზდანოვიჩი-მაიაშვილი, მოსე ქიქოძე, დიმიტრი ნაზარიშვილი, პავლე თუმანიშვილი, დათა ნიჟარაძე, მამია გურიელი, გიორგი შარვაშიძე, კონსტანტინე(კოწია)ერისთავი, ანტონ ფურცელაძე, ლუკა ასათიანი, ილია ჩიქოვანი, ისაკ და ივანე პურადაშვილები, სოლომონ მიქელაძე, დიმიტრი ბაქრაძე, დავით ბაქრაძე, ეროთეი სიდამონოვ-ერისთავი, გერასიმე კალანდარაშვილი, სერგეი მესხი, პეტრე ნაკაშიძე, დათა ერისთავი, დავით კლდიაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ივანე ზურაბიშვილი, სეით იაშვილი, სერგი გერსამია, კიტა აბაშიძე, ანტონ ლორთქიფანიძე, ტრიფონ ჯაფარიძე, მხატვარი გიორგი მაისურაძე და მრავალი, მრავალი სხვა.
„ბაღისკიდის“ საინტერესო ამბები
ძველ ბულვარს ახსოვს ის ახალგაზრდა ქუთათურები, გატაცებით რომ კითხულობდნენ ოდესღაც „ღუბერნსკი სტამბაში“ დაბეჭდილ წიგნს მელქისედეკ აბესაძისას – „საარშიყო ლექსები ვაჟებისაგან ქალებთან მინაწერი“ და ახსოვს “სობოროს“ მოპირდაპირედ, მყუდრო კუთხეში, ამოჩემებულ სკამზე მჯდომი ოლიმპელი მოხუციც – „საქართველოს უგვირგვინო მეფე“ აკაკი წერეთელი, მარტოობას რომ არ აცლიდნენ გარსშემოხვეული თაყვანისმცემლები. რაჭა-ლეჩხუმში აკაკის ცნობილი მოგზაურობის ამსახველი პირველი კადრებიც სწორედ ბულვარში გადაიღო პირველმა ქართველმა კინოოპერატორმა, ქუთაისელმა ვასილ ამაშუკელმა და ფილმი პოეტისა და მისი მხლებლების ბულვარშივე დაბრუნებით დაასრულა.
ბულვარს ასევე ახსოვს „ლოტოთი დათრობა“ (აკაკის სიტყვებით) არისტოკრატი ქალბატონებისა, ღამეული ფარნების შუქზე, ღამის 10-11 საათზეც კი, გაჩაღებული რომ ჰქონდათ აზარტული თამაში და ვახშმად მორთმეულ „ვარენიებს“ სწრაფად შეექცეოდნენ, რათა უმალ დაჰბრუნებოდნენ საყვარელ გართობას… და ახსოვს ეკატერინე ლორთქიფანიძის რედაქტორობით ქუთაისელ ქალთა მიერ გამოცემული „ქართული ბიბლიოთეკაც“, უცხოურ პროგრესულ ნაწარმოებთა თარგმანებს რომ აწვდიდა ქართულ საზოგადოებას.
ახსოვს უკეთილშობილესი არისტოკრატის, ტრაგიკული ბედის პოეტის – მამია გურიელის განუმეორებელი დეკლამაციაც და მიხაი ზიჩის მიერ ვეფხისტყაოსნის ცოცხალი სურათებისათვის“ შეკრებილ ქუთათურ ქალ-ვაჟთა გასაოცარი სილამაზეც.
1905-1907 წლების დიდი ეიფორიაც, რევოლუციური ბარიკადებიც და გენერალ ალიხანოვ-ავარსკის დაჭრის ამბავიც.
ბულვარში წლების მანძილზე შრიალებდა ფერაძის, გამრეკლოვის, წულუკიძის, ღამბაშიძის, კილაძისა თუ ხელაძის ტიპოგრაფიებში დაბეჭდილი წიგნების ფურცლებიც და ქუთაისში გამოცემული ათეულობით ცინცხალი გაზეთიც, რომ არაფერი ვთქვათ საგანგებოდ გამოწერილ „ივერიასა“ თუ „დროებაზე“.
აქ ხშირად გაგრძელებულა დავით მიქელაძე – მეველის, ელენე ყიფიანის (დიმიტრი ყიფიანის ასულის), ნიკო ნიკოლაძის დების ლიტერატურულ სალონებში დაწყებული დებატები და სამწერლო თემები. ქუთათურ საზოგადოებას თავისი ცოდნითა და უჩვეულო ინტელექტით აღაფრთოვანებდა ტარტუსა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში განსწავლული ახალგაზრდა მეცნიერი და მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი გრიგოლ რობაქიძე, რომლის ლექციამ ფრიდრიხ ნიცშეზე თვით დიდ აკაკის ათქმევინა: „ვნახე ის, რაც მთელის ჩემის სიცოცხლის განმავლობაში მენატრებოდა: ქართველი ინტელიგენტი, თავისთავად მოაზრე და არა საუცხოვო გრამაფონი.“
ბულვარის ელიტა პირველი გრძნობდა ქართული პოეზიის ახალი მწვერვალის – გალაკტიონის მოახლოებას და პერიოდულ პრესაში დაბეჭდილ მის ლექსებს, დიდ აკაკისთან ერთად, იმთავითვე მაღალ შეფასებას აძლევდა. 1914 წელს ქუთაისში, ტუტკუ გვარამიას სტამბაში დაბეჭდილი პირველი წიგნით, ქართული პოეზიის ახალმა მეფემ შემოაბიჯა ბულვარში.
1915-1916 წლებში კი კონსერვატორული „ბაღისკიდე“ გაგულისებული განიხილავდა „ვინცხა“ ახალგაზრდა პოეტების – ტიტე ტაბიძის, პავლე იაშვილის, ნიკოლოზ ნადირაძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ალექსანდრე(სანდრო) ცირეკიძისა და მათი მეგობრების მიერ ჩამოყალიბებული, უცნაურ სახელწოდებიანი სიმბოლისტური სკოლის – „ცისფერი ყანწების“პროდუქციას და გაოცებული იყო, „რაფერ“ უჭერდა მხარს „ამ თავხედ ბოვშებს“ ისეთი გემოვნებიანი მკითხველი და შემფასებელი, როგორიც უფალი კრიტიკოსი კიტა აბაშიძე ბრძანდებოდა.
ამ სკოლის ერთ -ერთი ფუძემდებელი, ორი მანიფესტის ავტორი ტიციან ტაბიძე მოგვიანებით იტყვის: „ქუთაისი მაშინ წარმოგვედგინა როდენბახის მკვდარ ბრიუგედ… ქალაქი გაღატაკებული წვრილი მემამულეებისა, რომელთაც უკვე კარგა ხანია გაენიავებინათ საკუთარი მამულები, ქალაქი ეშმაკობაში გაწვრთნილი ხალხისა, ოხუნჯებისა და უსაქმო მუქთახორებისა – იწვევდა ჩვენში მეშჩანობისადმი ბოჰემურ ოპოზიციურ განწყობილებას და გვამხედრებდა „საზოგადოებრივი გემოვნების“ წინააღმდეგ“.
და,მართალია, მოგვიანებით, მაგრამ ჯეროვნად დააფასა ბულვარმაც ტიციანის, პაოლოს, კოლაუსა და მათი მეამბოხე მეგობრების ახალი სიტყვა ქართულ პოეზიაში.
იქვე, ახლოს, მდებარე ორი დიდი კინოთეატრის – „მონ-პლეზირისა“და „რადიუმის“ მაყურებელი ბულვარის ჩრდილქვეშ მსჯელობდა ახალი კინოსურათების, მათ შორის – ვასილ ამაშუკელის დოკუმენტური ფილმების შესახებ. ხოლო თეატრალური „ბაღის კიდე“გაცილებით ადრეული წლებიდან და გაცილებით მკვეთრი ემოციებით არჩევდა ჯერ კოტე მესხისა და მისი დიდებული თეატრის რეპერტუარს, მაკო საფაროვა-აბაშიძის, ნატო გაბუნია -ცაგარელის, ნინო ჩხეიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ტასო აბაშიძის, ვასო აბაშიძის, კოტე ყიფიანის როლებს, მერე კი იმით ამაყობდა, როგორ „დაარტყმევინა ცხვირი“ქუთაისში საგასტროლოდ ჩამოსულ განთქმულ ძმებს – ადელგეიმებს მათ წარმოდგენებს შორის საგანგებოდ ჩასმული თავისი სპექტაკლებით („რუი ბლაზით“ და „ჰამლეტით“) ლადო მესხიშვილმა. მწერალი და მსახიობი მარიამ გარიყული გადმოსცემდა, განახლებულ სცენაზე სირაქლემას ფრთებით გაწყობილი ქუდითა და თეთრი თივთიკის ტუნიკით მორთული ლადო მზესავით ისე ბრწყინავდა, პარტერს აღტაცების ოხვრა აღმოხდა, მის მშვენებას თვალი ვეღარ გაუმაგრა ლიზა გვეტაძის ქალმა, ისე შეშინდა, რომ ფერდაკარგულმა რამდენჯერმე გადაიწერა პირჯვარი და, სცენარიუსის ნიშანზე, ძლივს შეაღო სცენის კარიო. ქუთათურები ამაყობდნენ, რომ სწორუპოვარ ლადოს მაყურებელი „ვერ წაართვეს“ ვერც მამონტ ტალსკიმ, ვერც ორლენიევმა და სხვადასხვა დროს ჩამოსულმა ვერც ერთმა სხვა დიდმა მსახიობმა.
გაცილებით გვიან, 1928-30 წლებში, ქუთაისი და მისი თეატრალური „ბაღისკიდე“პირველივე სპექტაკლით დაიპყრო კიდევ ერთმა გენიამ – კოტე მარჯანიშვილმა. პოეტმა ლილი ნუცუბიძემ გადმოგვცა უფროსი თაობის ქუთაისელებისაგან გაგონილი, რომ ბულვარის სამხრეთ-დასავლეთით, ერთ-ერთი ჭადრის ქვეშ, იკრიბებოდნენ მარჯანიშვილელები და აქ, უშანგის, ვერიკოს, სხვა კორიფეთა გარემოცვაში, ხშირად იდგა თურმე დიდი კოტეც. ეს ისტორიული ჭადარი, სამწუხაროდ, წლების წინ საოპერო თეატრის გაფართოება- რეკონსტრუქციის სამუშაოებსა და სატელევიზიო ეთერისათვის „საზოგადოებრივი აუდიტორიის“ მოწყობას შეეწირა…
ბულვარი, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული, უპირველესად, ქალაქური და ფოლკლორული სიმღერების საუკეთესო შემსრულებელთა ასპარეზი იყო. გასული საუკუნის დამდეგს აქ პირველობას არავის უთმობდნენ ბრწყინვალე თავადები და მათი მეგობრები: ბონდო და პიპინია მიქელაძეები, კოკინია დგებუაძე, ნიკო ფაღავა, კოტატია მუმლაძე, მინა ბოლქვაძე, დანიელა ურია და სხვები. ლეგენდად შემორჩა ის ამბავი, საგასტროლოდ ჩამოსულ ვანო სარაჯიშვილსა და სანდრო ინაშვილს ქუთაისის საზოგადოებამ დიდი ბანკეტი რომ გაუმართა და იმერელმა თავადიშვილებმა სუფრასთან შესრულებული ბრწყინვალე “ცედური მრავალჟამიერით“ გააოგნეს გამოჩენილი მომღერლები. ხალხში ჰყვებოდნენ: პირველს თურმე დანიელა ურია ამბობდა, ხმა ცაში ასწია და, მანამ არ წავიდა ფინალისაკენ, სანამ გასავათებულმა თავადებმა მის მიერ სამი შეერთებული თითით მოთხოვნილი სამი ოქროს თუმანი ჩუმად არ დაუდეს მაგიდაზე, მეორე დღეს კი დანიელამ ისინი ამ ფულითვე აქეიფაო.
ბულვარში ხშირად გაისმოდა გიმნაზიელთა მშვენიერი სიმღერებიც, ჯგუფი – ჯგუფს ეჯიბრებოდა, თუმცა ბადალი არ ჰყოლიათ ძმებს – დიმიტრი და ბიძინა მჭედლიძეებს. ახალგაზრდობა უმალ წყვეტდა სიმღერას, როგორც კი თვალს მოჰკრავდნენ ქართული გიმნაზიიდან წამოსულ და ბულვარის გავლით შინისაკენ მიმავალ იოსებ ოცხელს. ეკრძალვოდნენ მოხუც დირექტორს, ხეებს ეფარებოდნენ.
„ბაღისკიდის“ სასიმღერო რეპერტუარს არაერთხელ დასდებია საფუძვლად რეალური ისტორიები. მაგალითად, 10-იან წლების ქუთაისურ არღანში გაჩენილა ერთი ახალი „პესნი“, რომელსაც გატაცებით მღეროდა იმერეთის მაშინდელი დარდიმანდი ახალგაზრდობა: „ია უეზჟაიუ იზ კუტაისა, პრაშჩაი, ალისა! ტაშჩი ვედრო!“ პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის ვაჟის – რევაზ გაბაშვილის გადმოცემით, ეს ალისა ქუთაისის სასტუმროში მომუშავე ლამაზი დამლაგებელი ყოფილა, რომელიც პეტერბურგიდან არდადეგებზე ჩამოსულ ვინმე ახალგაზრდა იმერელ თავადს დანახვისთანავე შეჰყვარებია და ცოლობაზე დაუთანხმებია. სამწუხაროდ, სართულიდან სართულზე წყლიანი ვედროების ტარების გარდა, ამ ლამაზმანს სხვა “სამსახურიც“ ჰქონია შეთავსებული სასტუმროში და უბედურ საქმროს ეს მხოლოდ მაშინ შეუტყვია, ერთ-ერთ თაყვანისმცემელთან ფრიად საეჭვო პოზაში რომ წაუსწრია. გულმოკლულ თავადს სასტუმროდან გაქცევის წინ ქალისათვის ფურცელზე სწორედ ზემოხსენებული ლექსი-ამონაკვნესი დაუტოვებია,რომელიც სწრაფად გავრცელებულა ქუთაისში და სიმღერადაც უქცევიათ.
მაგრამ მხოლოდ ასეთი კიჩი როდი იპყრობდა ქუთაისის ბულვარს, აქ შესანიშნავად სრულდებოდა კლასიკური და ფოლკლორული მარგალიტები, პირუთვნელად ფასდებოდა ადგილობრივ თუ საგასტროლოდ ჩამოსულ შემსრულებელთა ხელოვნება. თავის დროზე ძველ ბულვარში გაცხარებით ლაპარაკობდნენ იშხნელების ტკბილხმიან გოგონებზეც, მათი სკოლის დირექტორმა კინაღამ რომ გარიცხა ღამის კონცერტში მონაწილეობის გამო.
ასევე, სენსაციად იქცა „ქუთაისის ცირკში“ სკოლის უჩუმრად გამოსული ბიჭი – კოლია ქვარიანიც, რომელმაც რუსების განთქმული ფალავანი „ჩორნაია მასკა“ დაამარცხა.
კოლია ქვარიანისა და საარაკო ძალის პატრონის – ჟორჟიკა იაშვილის ქიშპობაც ახსოვს ძველ „ბაღისკიდეს“, ანუ ის საჯილდაო რკინის მესერი, რომელიღაც ლამაზი ქალბატონის გავლისას, ბეჭდაუდებელი ფალავანი თითებით აქეთ რომ გადმოღუნავდა და ქალაქური კრივის მეფე – იქით გადაღუნავდა და გაასწორებდა (სხვა ვერსიით – ლამაზი ქალის დანახვისას კი არა, ქუთაისიდან გასვლა-შემოსვლისას).
ბულვარის ისტორიაში კიდევ ერთ საინტერესო ფურცლად შევიდა ტუბერკულოზიანთა დასახმარებლად მეოცე საუკუნის 10-იანი წლებიდან ტრადიციად ქცეული „გვირილობის“ დღესასწაულიც. პირმშვენიერი ქუთათური ქალბატონები (მათ შორის – იშვიათი გარეგნობის საშა ჩიქოვანი), რომელთაც გიმნაზიელი გოგო-ბიჭები გვირილებით სავსე კალათებით დაჰყვებოდნენ ბულვარში, საქველმოქმედოდ შეძენილ გვირილას საკინძეებში უმაგრებდნენ ფრაკებში გამოწყობილ მამაკაცებს. სამი დღის მანძილზე შეგროვილი თანხით საგანგებო კომიტეტი ავადმყოფებს ეხმარებოდა.
ბულვარს ჰქონდა თავისი საყვარელი თემებიც – გახმაურებული რომანული ისტორიები. მაგალითად, ჭორაობდნენ, როგორ უყვარდა იმპერატორის კარის მშვენებას, ბრწყინვალე თავადს უჩა დადიანს ალექსანდრე დადეშქელიანის მშვენიერი ცოლი და, შესაძლოა, სწორედაც რომ მან მოაკვლევინა ბულვარში მრავალშვილიანი ოჯახის მამა… მეორე გათხოვილი ქუთაისელი ბანოვანი კი თვით კონსტანტინე ოლდენბურგელს შეუყვარდა და ქმარს, ტარიელ დადიანს, ფულით თუ ძალით დაათმობინა, რათა თავად შეერთო ცოლად და ულამაზეს გრაფინია ზარნიკაუდ ექცია. ბაფთიან გიტარებზე დიდხანს ამღერებდნენ ქუთაისში: „აგრაფინა კისკისაო დადიანმა პრინცს მისცაო…“ თუმცა, სხვა ვერსიით, დადიანს ფულის სანაცვლოდ არ დაუთმია ახალგაზრდა ცოლი.
და ბოლოს – საქვეყნოდ განთქმული ქუთაისური იუმორი, ფხიანი სიტყვა-ოხუნჯობანი გავიხსენოთ, ბულვარისათვის რომ მუდამ დამახასიათებელი იყო და სერგია ერისთავისა თუ პიპინია მიქელაძის მსგავსი სწორუპოვარი დიდოსტატები ქმნიდნენ! მათ კვალდაკვალ კი თაობები ამდიდრებდნენ ფოლკლორულ საგანძურს.
თუ არა ბულვარში, მაშ, სად უნდა ეთქვა ფოლკლორისტსა და საზოგადო მოღვაწეს პიპინია მიქელაძეს ეს ცნობილი ფრაზა: „ქუთაისი უნდა გამოვაცხადოთ ნაკრძალად, სადაც საშვის გარეშე შემოსვლის უფლება მხოლოდ დარბაისელ, ზრდილ, პატრიოტ ქართველებს ექნებათ.“ არ დაგვავიწყდეს, ეს ის პიპინიაა, ვისითაც ფრიად მოხიბლულა გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ქუთაისში ჩამოსული ილია ჭავჭავაძე და თავის დაბადების დღეზე მიუწვევია საგურამოში, იქ კი ახალგაზრდა პიპინიას ისე უთამადია ორიათასკაციან სუფრასთან, და თურმე ისე გამოირჩეოდნენ მასთან ერთად ჩასული თეთრჩოხიანი იმერლებიც თავიანთი ახოვანი გარეგნობით, სიმღერებითა და სიტყვა-პასუხით, რომ საზოგადოება ფრიად მოხიბლულა.
მცენარეთა ცოცხალი მუზეუმი
ქუთაისის ბულვარში დღეს არსებულ მცენარეთა სახეობების მხცოვანი ასაკი გვაფიქრებინებს, რომ დენდროფლორა ამჟამადაც თითქმის იმავე სახითაა, როგორც თავდაპირველად იყო გაშენებული. ამას ადასტურებს ისიც, რომ ახალგაზრდა ნარგავები თითქმის არ გვხვდება.
მკვლევარი ბორის თვალოძე, რომელმაც პირველმა აღწერა ბულვარის დენდროფლორა, გვაუწყებს, რომ მცენარეულობა 30 ბოტანიკური ოჯახითაა წარმოდგენილი, ხოლო სახეობათა რიცხვი 51-ს აღწევს. მათი უმრავლესობა ეგზოტები და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ნიმუშია, ამდენად, ბაღი უნიკალურია და მცენარეთა ცოცხალ მუზეუმად შეიძლება ჩაითვალოს. განსაკუთრებულია იმითაც, რომ აქ სახეობათა უდიდესი ნაწილის მხოლოდ თითო ეგზემპლარია, ხოლო ერთი და იმავე სახეობის მცენარეთა რიცხვი საშუალოდ 5-ს არ აღემატება.
მცენარეთა ძირითადი ნაწილი ხანდაზმულია, ამიტომ აუცილებელია მათზე განსაკუთრებული ყურადღების დაწესება და იმავე სახეობებით ბაღის გეგმაზომიერი განახლება. ეს მით უფრო ეხება ინტროდუცირებულ სახეობებს. აღსანიშნავია, რომ არ ხდება მცენარეთა ზოგიერთი სახის თვითგანახლებაც, რადგან, ჯერ ერთი, ქალაქის ცენტრში მდებარე, ხალხმრავალი ბაღი მეტად დატვირთულია, მეორეც – ბაღის მთელ ფართობზე გზა და ბილიკები მთლიანადაა დაფარული ბეტონის საფარით, რაც მეტად აუარესებს ხეების საერთო მდგომარეობას. სპეციალისტის აზრით, ფლორისათვის სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად საჭიროა ბეტონის საფარის მოხსნა და დეკორატიული ღორღით მისი შეცვლა.
„სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული…“
ისტორიულ ბულვარს თავისი ტრადიციული შინაარსი არ დაუკარგავს – მოსახლეობის დასვენების კერასთან ერთად, იგი დღესაც არის საზოგადოებრივი აზრის საფიხვნო, ანუ ქუთაისის ძველთაძველი „პარლამენტი“ კვლავ აქტიურად განიხილავს საზოგადოებრივ -პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს, თვითმმართველობის პრობლემებს, კერძო და სახელმწიფო მნიშვნელობის თემებს. კვლავ იქმნება სხარტულა ფრაზები და თანამედროვეობას მისადაგებული მახვილი იუმორი.
ახალ „ბაღისკიდეს“ ჯერ კიდევ ახსოვს მკლავზე დაკიდებული ლურჯი ლაბადით ბულვარიდან მუზეუმისაკენ ტაატით მიმავალი „სათაფლიელი მინდია“ – დინოზავრების ნაკვალევისა და თეთრამიწის არქეოლოგიური ძეგლების აღმომჩენი, თოვლისფერთმიანი პეტრე ჭაბუკიანი; ადამიანური ღირსებების ეტალონი, ულამაზესი მეობა (ოთარ) სულაბერიძე; მონადირული თავგადასავლების ხატოვნად მთხრობელი, მოქანდაკე ვალიკო მიზანდარი; არაერთი დიდი ხელოვანის მუზა და მეგობარი, ქუთაისიდან მუდამ გაუსვლელი და მის შუაგულში მოტრიალე ებრაელი ფოტოგრაფი ილო (ხახიაშვილი); კიდევ მრავალი კოლორიტული ქუთაისელი, მათ შორის – მწერლები, ჟურნალისტები, მსახიობები,მუსიკოსები, ექიმები, პედაგოგები, სპორტსმენები, სხვა პროფესიის ადამიანები, წარუშლელი ნაკვალევი რომ დატოვეს საზოგადოების მეხსიერებაში.
დღევანდელი ბულვარის ლამაზ „იდეოლოგიას,“ მშობლიური ქალაქისადმი სიყვარულს, უფროსი თაობების ზნეობრივ-პატრიოტულ მაგალითებთან ერთად, დიდი მწერლების – რეზო ჭეიშვილისა და რეზო გაბრიაძის „ქუთაისური“ შემოქმედებაც აყალიბებს.
სხვა და სხვა დროს მავანთა მადას რომ გადაურჩეს, მომავალში თვითნებურად რომ არავინ გადაწყვიტოს აქ ტერიტორიის გადაკეთება, პარკინგის მოწყობა, მცენარეული საფარისა და ძეგლების ხელყოფა,- საჭიროა, ისტორიულმა ბულვარმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღოს.
არ დაგვავიწყდეს: ქუთაისის 175 წლის ბულვარი – ეს დიდი საქალაქო კულტურის ნაწილია, საამაყო წარსულის ცოცხალი ძეგლია!