ავტორი: თამთა თურმანიძე
ბიბლიოთეკები გაჩერებული დროის საცავებია, დროის, რომელიც მხოლოდ მაშინ ცოცხლდება და იწყებს არსებობას, როდესაც მას ეხები. გადმოიღებ წიგნს და თითქოს დაჟანგული კბილანები ამოძრავდება და წარსულში დატოვებულ დღეებსა და საათებს დაატრიალებს.
ეს უცნაური დროში მოგზაურობა ყველაზე მეტად ძველი გაზეთის გადაფურცვლისას იგრძნობა, რომელიც თავისი დროის სუნთქვას და მაჯისცემას ინახავს.
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის პერიოდიკის განყოფილებაში ინახება 1911-1912 წლებში ქუთაისში გამომავალი გაზეთის “კოლხიდას” ნომრები, რომელთა თვალიერებაც ჩვეულებრივი დროის მანქანით მოგზაურობას ჰგავს.
ეს მოგზაურობა პირველივე გვერდიდან იწყება, სადაც სარეკლამო განცხადებებია განთავსებული, უშუალოდ დასახელების ქვეშ კი წერია, რომ: “გაზეთი იყიდება რკინის გზის მთელი ლიანდაგის სადგურებზე ბაქოსა და ბათომს შუა, აგრეთვე ყველა ქალაქსა და დაბაში.”
მერე კი, იწყება, რაც იწყება:
„ახლათ ჩამოსული მასწავლებელი ქალი ეძებს გაკვეთილებს ან კანცელარიაში საქმის მწარმოებლის ადგილს, შეუძლია აგრეთვე კანტორის მართველობა, იცის მუშაობა საბეჭდ მანქანა „რემინგტონზე“. ადრესი „კოლხიდას“ რედაქციაში“
“მოითხოვეთ ყველგან პაპიროზი “ესპერანტო”
„კბილის აქიმი ქალი მ.ს. ქვარიანის ასული მიიღებს ავათმყოფებს ყოველდღე, დილის 9-2 საათს, საღამოს 5-7 საათამდი. თფილისის ქუჩა, მიქელაძის სახლი“
„სავაჭრო სახლი „გოკიელის შვილები“. პორტფელები ვექილთათვის, საუცხოო ბიუვარები წერილებისთვის, კანცელარიისა და ადრესებისთვის, ბლოკნოტები ყოველნაირი ფასისა“
„ფილიპე ჭელიძე. შამპანური “მეფე თამარი და კოლხიდა”. სამკურნალო და სუფრის ღვინოები. ფირმა დაჯილდოებულია სხვადასხვა გამოფენაზე 1 ოქროსა და 5 ვერცხლის მედლით. ღვინოები ძველდება სპეციალურად“
„მოითხოვეთ ყველგან ლაღიძე და ამხ. ნამდვილი ხილეული წყალი. საუკეთესო ხილეულობის წვნისაგან შემზადებული ნადუღი წყლით და წმინდა შაქრით. გემო და სუნი საამური აქვს.“
“მერვე კლასის მოწაფე ხუთი წლის პრაქტიკით, ინტელიგენტურ ოჯახში ეძებს გაკვეთილებს. სასურველია სააგარაკოთ გაყოლა.” – ეს განცხადება არცთუ იაფი დაუჯდებოდა ამ მერვე კლასის მოწაფეს, რადგან, როგორც თავად “კოლხიდა” გვაცნობს პირველ გვერდზე ერთი სტრიქონის ფასი სამი შაურია, მოწაფის განცხადება კი, სულ მცირე 20 ნომერს გასდევს. შესაძლოა მისი გამოცდილება არც ისე სანდოდ ეჩვენებოდათ ან ეს “სააგარაკოდ გაყოლაც” აეჭვებდათ ან, უბრალოდ კონკურენციას ვერ უძლებდა, რადგან იქვე, სხვადასხვა საგანში მომზადების კიდევ რამდენიმე უფრო სოლიდური ჟღერადობის განცხადებაა:
“მოსკოვის პედაგოგიური და ქალთა უმაღლესი კურსების მსმენელნი ამზადებენ ბავშვებს ყველა საშუალო სასწავლებლის პირველ ოთხ კლასში მისაღებ და განმეორებითი გამოცდისათვის”
“ფრანგულისა და გერმანული ენის გაკვეთილებს (თეორია და პრაქტიკა) აძლევს ძლიერ საღავათიან ფასათ, ჟენევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მოლაპარაკება შეიძლება ყოველდღე დილის 10 საათ. 1 საათამდე. მოსიე ჟანეტერი”
და კიდევ უამრავი სხვადასხვა სახის სარეკლამო განცხადება ექიმების პრაქტიკის, ბავშვების მომზადების თუ „ზინგერის“ ფირმის საკერავი მანქანების გაყიდვის შესახებ. განცხადებები, რომლებიც ზუსტად გადმოცემს იმდროინდელი ქუთაისის ცხოვრების რიტმს და ინტერესებს.
„კოლხიდას“ პირველ გვერდი ასევე გვაცნობს ქუთაისის ერთ-ერთი პირველი კინოთეატრის ან უფრო სწორედ, როგორც მაშინ უწოდებდნენ ელეკტრო-თეატრის “თამარის” განრიგს, სადაც ძირითად კომედიურ თუ დეტექტიურ რეპერტუარს პროგრამის გარეთ ნაჩვენები პატეს ჟურნალის გამოშვებები აზავებს. ეს კი სწორედ ის ლეგენდარული შარლ პატეა, ფრანგული კინოწარმოების ფუძემდებელი, რომლის ფირმაც 1908 წლიდან ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან მოვლენას აშუქებდა და პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს საინფორმაციო ნაკადს ქმნიდა. იქვე მითითებულია, რომ “დარში სურათებს უჩვენებენ თეატრის საზაფხულო განყოფილებაში, ავდარში – საზამთრო შენობაში”.
„კოლხიდას“ ფურცლებზე XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისის კინოისტორიისთვის თვალის მიდევნდებაც საკმაოდ საინტერესო საქმეა. ასე მაგალითად 1912 წლის დასაწყისის ნომრებში “თამარის” რეკლამა გაზეთის პირველი ფურცლიდან ქრება და მის ადგილს ქალაქში ახლადგახსნილი და იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვედ აღჭურვილი ელეკტრო-თეატრის “რაიდიუმის” სარეკლამო განცხადებები იკავებს.
ცოტა უცნაური სიახლე დაუნერგავს კონკურენტებთან გასამკლავებლად “თამარის” მფლობელებს. კინოთეატრის რეპერტუარში არსებული ფილმების სახელწოდებების გვერდით მოულოდნელად ასეთი განცხადება ჩნდება:
“ყოველი სეანსის შემდეგ ფალავან ქალთა ფრანგული ჭიდაობა. 10 მოჭიდავე ქალია ჩემპიონატში. თითოეული მათგანი მსოფლიო პირველი მოჭიდავის სახელს ატარებს”. იქედან გამომდინარე, რომ ქალთა ჭიდაობის შესახებ ინფორმაცია კიდევ ბევრი ნომრის პირველ გვერდს ამშვენებს, როგორც ჩანს მაშინდელ ქუთაისში ეს სავარაუდოდ, გარკვეული ეროტიული ქვეტექსტის მქონე სანახაობა საკმაოდ საინტერესოდ მიიჩნიეს.
თუმცა მოგვიანებით, როგორც ჩანს „თამარის“ მეპატრონეებმა კონკურენტებთან ბრძოლის უფრო მარტივ და იაფ ხერხს მიაგნეს და უბრალოდ საკუთარი განცხადების შრიფტი ორჯერ უფრო დიდი გახადეს, ვიდრე „რადიუმისა“ ან „მონ პლეზირის“.
მაგრამ „კოლხიდა“ მხოლოდ სარეკლამო განცხადებებით არ შემოიფარგლებოდა ის, XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისისა თუ საქართველოსთვის ბევრ საზოგადოებრივად მნიშნვნელოვან თემასაც აშუქებდა. იგივე კინოთეატრებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ნომერში ვკითხულობთ:
„ქუთაისის პროჟეკტორები (არ გაგიკვირდეთ, კინოთეატრებს საუკუნის დასაწყისში პროჟექტორებსაც უძახოდნენ)
“ამ ჟამათ ქუთაისში სამი პროჟექტორია; სამივეში რუსულ-ევროპიულ სურათებს თითქმის ყოველდღე აჩვენებენ და ხალხიც საკმაოდ ესწრება. სამივე პროჟეკტორის მართველ-პატრონი ქართველებია. მაგრამ ამის მიუხედავათ იქ ქართული სურათები სრულიად არ იმართება და ქართული არცერთს არაფერი სცხია. მართალია პროჟეკტორები კერძო თაოსნობით არის დაარსებული, მაგრამ საზოგადოება ინახავს და მათი პატრონებიც ზნეობრივათ ვალდებული არიან, რომ იქ სადაც მცხოვრებთა 99% ქართველობაა ქართული ცხოვრებიდან სურათებიც დადგან და ეს მათაც დიდ სარგებლობას მოუტანს, ხალხს ბლომათ მიიზიდავს. განა ცოტა არის ჩვენი ლიტერატურიდან მასალა ან თუგინდ ისტორიიდან რამდენი ღირშესანიშნავი ფაქტია.“
მოგვიანებით კი, „კოლხიდა“ ძალიან აქტიურად აშუქებს პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ გადაღების ქრონიკას:
„მგოსანს აკაკის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს, როგორც გადმოგვცეს რადიუმის გამგენი ფიქრობენ თან გააყოლონ მცოდნე კაცი, რომელიც ალაგ-ალაგ სინემატოგრაფიულ სურათებს გადაიღებსო.“
„ახალგაზრდა მხატვარს კ. ქავთარაძეს სურვილი განუცხადებია აგრეთვე გაყვეს მგოსანს, თუ რომ გარემოება ხელს შეუწყობს.“
„მგოსანი აკაკი თავის მხლებლებით, როგორც ვწერდით, გუშინწინ საღამოს მეშვიდე საათზე ჩამოვიდა ქუთაისს, აკაკი სრულიად არ გრძნობს დაღლილობას და დიდის აღტაცებით იგონებს რაჭა-ლეჩხუმს.“
საკმაოდ სახალისოა „კოლხიდას“ ფურცლებზე ვინმე ბატონ სილოვანთან გამართული პოლემიკის წაკითხვა, რომლის მიზეზიც ამ უკანასკნელის წერილი „კარტველი კალები“ გამხდარა, სადაც ბატონი სილოვანი ულმობლად კიცხავს მის თანამედროვე ქალებს მშობლიური ენის ცუდად ცოდნის გამო.
ფელეტონ „ჩვენი ლხინის“ წაკითხვისას კი, რწმუნდები, რომ ასი წლის წინანდელი ქართული საზოგადოება არც ისე განსხვავდებოდა დღევანდელისგან:
„ჩვენებური ლხინი ნამდვილი ველური დროსტარებაა. მაშ რა ვუწოდოთ დაუსრულებელ სმას, უცნაურ ღრიანცელსა და ორომტრიალს, უაზრო მუსაიფს, უსაქციელო ხუმრობასა და მხიარულებას.
ჩვენებური ლხინი უსაქმობის შედეგია. მხოლოდ უსაქმური კაცს შეუძლია დღე და ღამე სუფრას არ მოშორდეს და ამდენი დრო უგუნურ დროსტარებას შეწიროს.“
მუყაოს ყდაში აკინძული, გაყვითლებული და გაცრეცილი გაზეთის ფურცლები ინახავენ გოჩა ჯიხაიშში გამართულ კონცერტებს და ქუთაისის სცენაზე ქართული დასის მიერ ნათამაშებ „მედეას“, სადაც თუ ავტორს დავუჯერებთ, მხოლოდ ნუცა ჩხეიძის შესრულება თუ ვარგოდა, ზრუნვას სიმონეთისა და სვირის ბიბლითეკებზე, სოფლად განათლების დასამკვიდრებლად და წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის მისაღები გამოცდების განრიგს და სამტრედიაში დაგეგმილი ლიტერატურული საღამოს, აკაკისა და დავით კლდიაშვილის მონაწილეობით… და კიდევ უამრავ ამბავს, რომლის კითხვისას თითქოს იმ ძველ, XX საუკუნის დასაწყისის, მაისის მზით გამთბარ და გიმნაზისტი გოგონების ხალისით ავსებულ ქუთაისში მოგზაურობ და იმდენად სახიერად ხედავ ყველაფერს, რასაც გაზეთის ფურცლებზე კითხულობ, რომ თავის აწევისას გიკვირს, რომ კვლავ ლილი ნუცუბიძის ქუჩის #1-ში, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში იმყოფები, საგაზეთო ქორნიკაში გაჩერებული დროის საცავში.