ავტორი: სოფიკო ყანჩაველი
ქალაქების შექმნას ყოველთვის თან ახლავს დაარსების ლეგენდა, თქმულება ან მითი. ამ ქალაქის შესახებ ტყუილ-მართალში ჩაკარგული ბევრი ამბავია ცნობილი. ერთ-ერთის თანახმად იმერეთში ულამაზესი კურორტი წყალტუბო, თურმე ოდესღაც ვინმე მწყემსს აღმოუჩენია, ამ ადგილებში მოხეტიალეს მიწიდან ამოსული თბილი წყალი შეუნიშნავს, სიარულისგან დაღლილს ფეხები მიუშვერია რის შემდეგაც შვება უგრძნია და სხვებისთვისაც გაუნდვია თბილი წყლის სასწაულმოქმედი ძალა. მეორე ამბად, აზნაური იოსელიანები ისაკუთრებდნენ წყლის აღმოჩენას, სხვა თქმულებებით ძველი მონადირენი იჩემებდნენ თბილი წყლით ნადირთა ჭრილობის განკურნების შესწრებას.
რეალობისკენ თუ გადმოვინაცვლებთ, წყალტუბოს სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში ყოფილა ცნობილი, რასაც ადასტურებს თედო ჟორდანიას მიერ მოძიებული და 1246-1250 წწ დათარიღებული, დავით ნარინის დროინდელი სიგელი, რომელშიც მოხსენიებულია “მაღლაკ აბანოისა სახლი”.
ამ სიგელის მიხედვით, წყალტუბოს ტერიტორიაზე ამ პერიოდში აბანოები უკვე არსებობდა, თუმცა თავად სახელწოდება წყალტუბო – ჯერ არა.
ისტორიულ წყაროებიდან უტყუარი ცნობებია იმის შესახებ, რომ ამ მხარეს სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანი ხშირად სტუმრობდა. აქაურობის სახელდებაც მეგრული ეტიმოლოგიისაა – წყალტუბო – თბილი წყლით სავსე ადგილს ნიშნავს.
წყალტუბო არ არის დიდი ისტორიული წარსულის მქონე ქალაქი, თუმცა წყალი, რომლითაც უძველესი დროიდან დღემდე ამაყობს ქართველი ერი და რის გამოც ჩვენ მსოფლიო ღირსეული ნაწილი ვართ ( წყალტუბო 2011 წლიდან მსოფლიო თერმული წყლების ასოციაციის წევრი ქალაქია), მართლაც უნიკალური და სასწაულმოქმედია. უკვე 100 წელია აღარაა სადავო წყალტუბოს წყლის სამკურნალო თვისებების უტყუარობა, მაგრამ, ამ მოცემულობის დადასტურებასაც თავისი გზა აქვს, რომელიც ოფიციალურად მეფის რუსეთის დროიდან იწყება.
ჯერ კიდევ 1892 წელს გაზეთ “ნოვოე აბაზრენიეს” კორესპონდენტი წერს; “თუ წყალტუბოს აბანოები ასეთ უმსგავსო მდგომარეობაში დარჩებიან, მათ მეტად ცუდი სამსახურის გაწევა შეუძლიათ გადამდებ დაავადებათა გავრცელების თვალსაზრისით“.
წყალტუბოში ექიმის საჭიროებასა და სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობაზე იმ პერიოდში ყველა დააფიქრა, გაოცებულნი იყვნენ წყლის განსაკუთრებულობით, მაგრამ, რა შემადგენლობის იყო: – კურნავდა თუ უბრალოდ თბილად ამოედინებოდა მიწის გულიდან ეს ინტერესი უკვე „კლავდა“ საქართველოში შემოჭრილ მეფის რუსეთს.
ოფიციალურად პირველად 1898 წელს მისწერა ქუთაისის საგუბერნიო ექიმმა სერგეენკომ ქუთაისი გუბერნატორს მოხსენება წყალტუბოში არსებული ვითარების შესახებ, სადაც ის ყურადღებას ამახვილებს წყალტუბოში ავადმყოფთა რიცხვის მნიშვნელოვან ზრდაზე. სერგეენკო გადაუდებელ საჭიროებად მიიჩნევდა საექიმო მეთვალყურეობის დაწესებას, ბალნეოლოგიური დაწესებულებების მოწყობას. ქუთაისის გუბერნატორი მიკლაშევსკი შუამდგომლობს მას კავკასიის მთავარმართებლის წინაშე.
წყალტუბოს კურორტად გამოცხადებამდე, წყლების დაწვრილებით ქიმიურ ანალიზის გასაკეთებლად იქნება კომისია. კომისიის მუშაობის შედეგად 1898 წ. ქიმიკოსი გ.ვ. სტრუვე აკეთებს 5 წყაროს ანალიზსა და აკუთვნებს მათ ინდიფერენტული წყლების ჯგუფს, რომელსაც სამკურნალო თვისებები არ გააჩნია, ამ დასკვნამ დიდად შეაფერხა წყალტუბოს განვითარება.
რა თქმა უნდა ვაი-„დასკვნას“ ვნებათაღელვა მოყვა და იმპერატორმა უკვე სხვა ქიმიკოსის ძებნა დაიწყო, რომელიც ამ წყლის შემადგენლობის შესწავლას პროფესიონალურად მიუდგებოდა.
„რუსეთის იმპერატორის ბრძანებით და კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, თქვენ, ქუთაისის გუბერნიის წყალტუბოს მინერალური წყაროების გამოკვლევისთვის დაუყოვნებლივ უნდა გაემგზავროთ აღნიშნულ მისამართზე!“ , (მისამართი კი წყალტუბო იყო). – ამ შინაარსის წერილი ლატვიელმა 24 წლის ქიმიკოსმა რობერტ კუპცისმა 1913 წლის 27 აპრილს მიიღო.
ასე ჩამოვიდა წყალტუბოში რობერტ კუპცისი, რომლის სახელს უკავშირდება წყალტუბოს კურორტად ქცევის ასწლიანი ისტორია.
სწორედ მან, პირველმა აღმოაჩინა წყალტუბოს წყლებში რადონი და უწოდა „რადონული წყლები“. სწორედ კუპცისმა თქვა, რომ „თვითნებურად წყალტუბოს მინერალური წყლების და სამკურნალო ტალახის მიღება სარისკოა და სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მკურნალობის მსურველები“.
1925 წელს ის წერდა: „მთელი საქართველო კურორტია, მისი ტალახი და წყალი არჩენს ყველას და ყველაფერს. იშვიათია დედამიწის ზურგზე ქვეყანა, რომელიც ასე აურაცხელ, ბუნებრივ სიმდიდრეს ფლობდეს. დაუყოვნებლივ უნდა მოიძებნოს ყველა მექანიზმი, რომ საქართველოს მინერალურ წყლებზე წისქვილები არ ბრუნავდეს“.
კუპცისმა პირადად გამოიკვლია 1000-ზე მეტი წყარო საქართველოში, იკვლევდა მენჯის, ლებარდეს, ნუნისის, სქურის, შოვის, ტყვარჩელის, ზვარეს, მუაშის, საირმის და კიდევ 18 -მდე სხვადსხვა დასახელების და ადგილების წყლების შემადგენლობას.
მისი სამეცნიერო ინტერესები წყლის გარდა სხვა სფეროსაც მოიცავდა: ის საქართველოში ადამიანის სისხლსაც იკვლევდა, მისი კვლევა -„სისხლის სახეობების შედარება სასამართლო მედიცინის თვალსაზრისით“ – “კუპცისის ეფექტის” სახელით არის შესული სასამართლო ქიმიის სახელმძღვანელოში. ჯერჯერობით მიკვლეულია მისი 61 პუბლიკაცია, 3 სტატია და 1 წიგნი „წყალტუბო“. მან თბილისში პირველმა დააარსა სპეციალური წყლის და სისხლის საკვლევი ლაბორატორია, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ლატვიელი ქიმიკოსი საბოლოოდ ოჯახით საცხოვრებლად დარჩა ჩვენს ქვეყანაში, ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. მისი დამსახურების და ღვაწლის გამო დისერტაციის დაუცველად მიანიჭეს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
წყალტუბოს როგორც კურორტის არსებობაში უსაზღვრო ღვაწლის მქონე რობერტ კუპცისი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2007 წელს საქართველოში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მის კვლევებს მიეძღვნა, ამავე წელს გადაწყდა რომ წყალტუბოში ცნობილ მე-6 აბაზანას რობერტ კუპცისის სახელი უნდა მიენიჭებინათ. ეს იდეა დღემდე დღის წესრიგშია.
მას შემდეგ წყალტუბოს წყლის ქიმიურ შემადგენლობაზე კვლევები და მოსაზრებები უფრო გაფართოვდა, ყოველწლიურად ხდება წყლის დეტალიზებული ქიმიური შემადგენლობის შესწავლა და დღემდე ყველა შემადგენელი კომპონენტი უცვლელია.
უცვლელია „რადონიც“ რომლის წყალტუბოს წყალში არსებობის შესახებ რობერტ კუპცისის წყალობით გაიგო სამყარომ.