ქუთაისი – მუზების სამჭედლო

გააზიარე:

ქუთაისის ცენტრალური ბაღი, დაჩრდილული ხეივანი, ხეივნის ორივე მხარეს ყვავილნარი და ხშირფოთლოვანი ხეების საუცხოო საჩრდილობელი; მწვანე მოლზე ჩამომსხდარი ,,ნაირფერი ტანსაცმლით მორთული ქართველები მომაჯადოებელი ბუნების წიაღში მუსიკისა და ზურნის მელოდიური ხმები…“ –  ასე აგვიწერენ გასული საუკუნის ქუთაისის ბულვარს თანამედროვენი.

              XX საუკუნის დასაწყისში ქუთაისის ბულვარი მართლაც გამორჩეული ადგილი იყო.  ხშირად ბულვარის ისტორიას ქუთაისის რუსი მმართველების სახელს უკავშირებენ, მაგრამ ბაღის ისტორია გაცილებით ძველია. ,,ქალაქის ბაღად“ წოდებული მიდამოები სამეფო კარს ეკუთვნოდა. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ასული დარეჯანი დიდი რუდუნებთ ზრუნავდა ბაღის კეთილმოწყობაზე.  ბაღში სამეფო კარის ეკლესია მდგარა. სოლომონ II კი ყოველ დილით 7-8 საათზე დილის წირვაზე მიდიოდა, შემდეგ ბაღში ყავას შეექცეოდა. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ბაღი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცენტრად იქცა, ამ დროიდან ბაღს ფრანგული სახელწოდება ,,ბულვარი“ უწოდეს (ფრანგული სიტყვაა და ფართოფოთლოვან  ხეივანს  ნიშნავს, ბაღის გასამშვენიერებლად ფრანგი მებაღეც მოუწვევიათ). ბულვარი ქუთათურების საყვარელი თავშეყრის ადგილი ყოფილა. როგორც დიდი მგოსანი, აკაკი ბრძანებდა -,,ბულვარი პარლამენტს ემსგავსებოდა“, რომელიც ხშირად გამხდარა შეტაკებებისა და ბრძოლის არენა, მაგრამ  მას ახსოვს სიხარულისა და სახალხო ზეიმის დღეები. თუნდაც 1908 წელი, როდესაც ქუთაისმა ქალაქის ბაღში დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა სახალხო მგოსნის აკაკის იუბილე. აკაკის იუბილეს ქვემოთ კიდევ დავუბრუნდებით.

                     იქვე ბულვარის მახლობლად წმინდა ნინოს სახ. კეთილშობილ ქალთა გიმნაზია მდებარეობდა. (დღევანდელი მე-3 სკოლა) სკოლა ქუთაისის გუბერნატორის მეუღლის მარიამ ესპეხოს თაოსნობით დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის ეკონომიკური მდგომარეობა მეტად რთული იყო გადატანილი ომებისა,თუ ეპიდემიის გამო, მოსახლეობაც ძლიერ იყო შემცირებული, მაინც არ თმობდა დასავლეთ საქართველოს მთავარი ქალაქის სტატუსს და ტოლს არ უდებდა თბილისს კულტურულ საქმიანობაში. ამის დასტურია ქუთაისში ქალთა კეთილდღეობის გამგეობის არსებობაც. სწორედ გამგეობის თავმჯდომარის, პელაგია წერეთლის მონდომებით მოხდა სასწავლებლის გიმნაზიად გადაკეთება.

                       ის ფაქტი რომ დამფუძნებელი კრების წევრი ხუთი ქალბატონიდან, ორი ქუთაისის გიმნაზიის კურსდამთავრებული იყო საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ამაზე აქ არ შევჩერდებით. 

                     გიმნაზიიდან გამოსული მშვენიერი ქალიშვილების ბულვარში ჩასეირნება თვალს ახარებდა. ,, ჩვენს თვალწინ ცოცხლდება ძველი ქუთაისი, ბულვარი, აკაკი წერეთელი, გრიგოლ აბაშიძე, მდაბიონი და დიდებულნი, წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის გოგონები, რომლებიც ეს-ესაა იწყებენ სიყვარულობანას თამაშს.“ (,,ახალგაზრდა ივერიელი“  – ავთანდილ და ტარიელ ვართაგავები; 1991წ.)   არაერთი მათგანი იქცა მწერალთა მუზად. შემთხვევითი არ იყო, რომ აკაკის ცნობილი რაჭა-ლეჩხუმის მოგზაურობის დროს ,,მუზები“ სწორედ წმინდა ნინოს გიმნაზიიდან შეურჩიეს. ,,ნამდვილი სახალხო ზეიმი“- ასე აფასებდნენ თანამედროვენი ამ ცნობილ მოგზაურობას. ორგანიზატორებმა საგანგებოდ თეთრ სამოსში გამოაწვეს მშვენიერი ქალიშვილები რომლებიც პოეზიის თეთრ მუზებად იქცნენ. მგოსანს ხუმრობით უთქვამს: ,,რა ბედნიერი ვარ, რომ სიბერეში მაინც მეღირსა მუზების სიახლოვე, ახალგაზრდობაში უფრო ბუზები  დამტრიალებდნენ თავსო“.

                   ვინ იყვნენ აკაკის თეთრი მუზები? ,,სამივე ქუთაისის ქალთა გიმნაზიის მოწაფე: ელენე გიორგობიანი, თამარ გელოვანი და ნადია ჩიკვაიძე.,, თოვლივით თეთრ კაბებში გამოწყობილი გოგონები მოხუცი ოლიმპოელის ირგვლივ მართლა მხატვრის ტილოდან ჩამოსულებს ჰგავდნენ. ხალხის წიაღიდან, როგორც წყლის ჭავლიდან გედებივით ამოიმართა  ამოიმართა თეთრით შემოსილი და თაიგულებით ხელდამშვენებული სამი ულამაზესი გოგონა.“

                მოგვიანებით, აკაკიმ მას ,,ღვთაება’’ უწოდა. გროგოლ რობაქიძემ კი არაერთი სტრიქონი მიუძღვნა. ელენე გიორგობიანი – სულით და ხორცით მშვენიერი, თითქოს ვერც ამჩნევდა მის გარშემო აღფრთოვანებულ საზოგადოებას. ,,1913 წლის 12 იანვარს ქუთაისში მოეწყო საქველმოქმედო საღამო სტუდენტების სასარგებლოდ. საღამოზე მოწვეული იყვნენ აკაკი და მისი ვაჟი ალექსი.  ვანო სარაჯიშვილი და ოპერის მომღერლები.

 აკაკიმ შემოგითვალათ, თქვენ ხომ ჩემი მოგზაურობის ,,მუზა“ ხართ, გთხოვთ მინახულოთო“. ხანდაზმულ პოეტს  თავისი  მუზა რამდენიმე წლის შემდეგაც არ დავიწყებია.

              ,,ბარათები ფიორდების ასულს!“ ეს სტრიქონები კი გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნის-,, მე შორეული ვარ; არ ვიცი არც დღე და არც ღამე ჩემი მოვლენის; ლანდად მახსოვს მხოლოდ, რომ დაბადების ჟამს ლურჯა ცას ვარსკვლავი მოწყდა და სადღაც შთაინთქა მშვენიერი; ვინ იყო იგი არ ვიცი: შეიძლება შენ რომელსაც დაგეძებ მარადის… მზის განახლებაში ვიშვი ხელმეორედ და დაგეძებ მუდამ ჟამს მხოლოდ შენ მშვენიერო. აი ახლაც, როგორც ათასი წლის წინათ, გელი შენ, როცა ქრება ღამე და დღეს კიდევ არ გაუხსნია თვალი…    მაგრამ როდის ვიხილავ შენთან ერთად მზის ამოსვლას, ჩემო ყვავილო? როდის გამოვკვეთ შენს ნისლოვან ტანს მზის ტალღებში ჩემო მშვენიერო? გრიგოლ რობაქიძე; ხუთშაბათი; ღამე.“

ლენასა და ლადო ჯაფარიძის ოჯახის ხშირი სტუმარი ყოფილა გრიგოლ რობაქიძის და, რომელმაც ზეპირად უთხრა გრიგოლის დაწერილი ლექსი ელენესადმი და ასე შემოგვინახა მშვენიერი ლექსი.

ლანდი
შფოთავს ღამე, შფოთავს შავი, ვზივარ ცეცხლთან, ვდნები ნელა
ქშინავს ველი, გმინავს ცაცა ცეცხლი ფიქრად იფერფლება
ვამე, ვამე, შენი თავი გაჰქრა შენთან ერთად ყველა
ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა? მხოლოდ ლანდი თავს მევლება.

                  სამიდან ერთ-ერთი მუზა, თამარ გელოვანი ყველასათვის საყვარელი მსახიობის გივი გეგეჭკორის დედა გახლდათ. მშვენიერი გოგონა აქტიურად მონაწილეობდა  ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. ერთ-ერთი მაგალითი თამარის საქმიანობიდან – საინიციატივო ჯგუფთან ერთად, თამარის აქტიური მონაწილეობით განხორციელდა ცნობილი ქართველოლოგების ოლივერ და მარჯორი უორდროპებისთვის  საჩუქრის მომზადება და გადაცემა, რითაც სურდათ ქართველი ხალხის მადლიერების გამოხატვა მათი საქმიანობისადმი. 14 იანვარს, ნინოობის დღესასწაულზე  შეაგროვეს ფული და ოლივერ უორდროპის ქალიშვილს, ნინოს,  აჩუქეს გიორგიXII-ის ოქროს ჯვარი ყელსაბამით (ლელა ჯიყაშვილი). 

                 გოგონების განუყრელი მეგობარი და ქუთაისის მშვენება გახლდათ ისია ნაზარიშვილი,  მსახიობი,  ცნობილი ექიმის  დიმიტრი ნაზარიშვილის ქალიშვილი -,,ადამიანი რომელიც ერთ პროფესიაში ვერ ეტეოდა“-ასე აფასებდნენ დიმიტრის თანამედროვენი. დიმიტრი ნაზარიშვილის ხუთი შვილი ჰყავდა, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქუთაისის საზოგადოებრივ  ცხოვრებაში,  აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ დიმიტრის მემკვიდრეებმა სახლი ქალაქს გადასცეს. ,,ნაზარიშვილების სახლი“ XXI ს-ის ბოლო პერიოდში ქუთაისში მნიშვნელოვან კულტურულ  კერას წარმოადგენდა.  პაოლოს მუზა. თუკი ,,გრიგოლ რობაქიძეს  ხუთშაბათ-ღამეს დაუწერია ლენა გიორგობიანისადმი მიძღვნილი ლირიკული ჩანახატი, პაოლოს თავისი ლექსი კვირა-შუადღეს შეუქმნია, შუადღის ჟამს სწვევია მუზა-ისია ნაზარიშვილის სახით.“ (ავთანდილ ვართაგავა, ტარიელ ვართაგავა; ,,ახალგაზრდა ივერიელი“ 1992წ.) არც ტიციან ტაბიძე ყოფილა გულგრილი ისიას მიმართ:

                             ,,ვიგონებ დამწვარ ამ ათ წელიწადს,
                              პირველ სიყვარულს, გულს რომ მინგრევდა,
                              შენ ხომ ცხოვრების გრიგალი გწეწავს,
                              ორივეს დაგვრჩა უძირო სევდა.

          ასეთი იყო ქუთაისის ბულვარი, სადაც მშვენიერი ბანოვანნი დასეირნობდნენ და მწერლები ჩვენთვის ძვირფას სტრიქონებს ქმნიდნენ და  უძღვნიდნენ მუზებს ამ მშვენიერი, უძველესი და საოცარი კოლორიტის მქონე ქალაქიდან.