ავტორი: ნანული ცხვედიანი
ვინც ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოხვდება, ან შორიახლოს ჩაუვლის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრს, – უცხოელი ტურისტი იქნება, ადგილობრივი მკვიდრი, თუ ქვეყნის სხვა კუთხეებიდან ჩამოსული სტუმარი, – არ შეიძლება, არ მოიხიბლოს ნაგებობის გრანდიოზულობით, დახვეწილი ფორმებით, მოჩუქურთმებული კაპიტელებით, მოედნის სივრცესთან შერწყმული ჰარმონიულობით.
მართლაც, ქუთაისის არქიტექტურაში დღემდე ყველაზე გამორჩეული და მონოლითურია თეატრის შენობა – ცნობილი არქიტექტორის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, სსრკ არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, მიხეილ შავიშვილის (1894 -1958) შესანიშნავი ქმნილება.
მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, როცა თეატრის მშენებლობა დაიგეგმა და რამდენიმე წელს გაგრძელდა. მშენებლობაში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა. 40-50-იანი წლების ქუთაისური პრესა („ინდუსტრიული ქუთაისი“, „სტალინელი“, „კუტაისსკაია პრავდა“) სისტემატურად აქვეყნებდა კორესპონდენციებს მშენებლობის შესახებ, ასახელებდა იმ საწარმო-დაწესებულებებსაც, რომელთა კოლექტივებიც შაბათობებს აწყობდნენ მშენებელთა დასახმარებლად.
კონკრეტული პირობები არქიტექტორისათვის თეატრის ადგილმდებარეობისა და გარემოს განსასაზღვრად არ არსებობდა: არ გააჩნდა ქალაქის ცენტრალური ნაწილის არქიტექტურული ორგანიზების ძირითადი საფუძველი, მაგრამ, დაწყებული იყო მოედნის სავარაუდო სქემაზე საუბარი – ბულვარის გაგრძელებაზე, ახალი თეატრის გრძივ ღერძზე, მონუმენტითა და დიდი ადმინისტრაციული შენობით – (მოედნის აღმოსავლეთ მხარეზე).
ასეთი თავისებური, ბაღის გამწვანებულ სივრცესთან დაკავშირებული ვრცელი მოედანი, ცხადია, არქიტექტორისაგან მოითხოვდა, თეატრის შენობას მისცემოდა სათანადო სიმაღლე და მოცულობა.
განიერი მისასვლელების საშუალებით, მან ახალი ნაგებობა მჭიდროდ დაუკავშირა მოედანს, ხელოვნურად დაფარული ქვედა სართულის გამოჩენით კი გაადიდა შენობის სართულიანობა.
არქიტექტორის წინაშე, უპირველესად დაისვა ეს კითხვაც: როგორი სახე უნდა მისცემოდა შენობას – გადაჭარბებულად მონუმენტური, როგორსაც მონარქიულ სახელმწიფოებში კასტური დანიშნულების თეატრებისათვის ქმნიდნენ, თუ გაზვიადებულად დეკორატიული უნდა ყოფილიყო, დეკორის სიჭარბით მიეღო ფსევდოდემოკრატიული ფორმა და შინაარსი. მიხეილ შავიშვილმა სხვა გზა აირჩია: ეროვნული ფორმებისა და ორნამენტური მოტივების ზომიერი გამოყენებით მან ქუთაისის თეატრის შენობაში განახორციელა იდეა – შეექმნა შთაბეჭდილება მიმზიდველობისა და დემოკრატიულობისა, საერთო მოცულობითი მონუმენტურობის დაურღვევლად.
ფასადების არქიტექტურულ გაფორმებაში გამოიყენა ადგილობრივი გამძლე მასალები: კედლებსა და კოლონებში – ეკლარის თეთრი ქვა, ცოკოლში – ქვატაფის პორფარიცი, ასევე ეკლარის ქვით შესრულდა ყველა ორნამენტული სამკაული.
შესანიშნავია შენობის შიდა არქიტექტურული გადაწყვეტაც: მაყურებელთა დარბაზს მიეცა მარტივი ნალისებური სახე, რაც უზრუნველყოფს ხედვისა და სმენის თანაბრად კარგ პირობებს პარტერსა და იარუსებზე.
არქიტექტორის ჩანაფიქრით, ფოიე მოთავსდა ერთ დონეზე და შეიქმნა მთლიანი სივრცე, რომელიც თავისი რკალური მოხაზულობის გამო სხვადასხვა ასპექტით იშლება მაყურებლის თვალწინ. ეს აძლიერებს ნაირსახეობას და შიდა სივრცის სიდიდის შთაბეჭდილებას.
თეატრის კულუარები მოხერხებულადაა დაკავშირებული მთავარ ფოიესთან და სხვა დამხმარე სათავსოებთან მაგრამ, არქიტექტურულად მათგან გამოყოფილია.
მიხეილ შავიშვილის პროექტის მიხედვით, თეატრის დარბაზი 1100 მაყურებელს იტევს, აქედან 400 ადგილი პარტერსა და პარტერის ლოჟებშია, დანარჩენი – ზედა იარუსებზე. დარბაზისა და მის ირგვლივ მყოფი სათავსოების არქიტექტურულ გაფორმებაში გამოყენებულია ფრესკული ფერწერის ორნამენტები ჭერებსა და კედლებზე, თაბაშირში ნაძერწი დეკორატიული ელემენტები, ბუნებრივი და ხელოვნური მარმარილო, მხატვრული მოზაიკა, მაგარი ჯიშის ხე და სხვ. დეკორის ნაირსახეობა მიღწეულია ერთი სახის მცენარეული ორნამენტული მოტივის საფუძველზე. ორნამენტის ეს ლაიტმოტივი გამოყენებულია აგრეთვე ფასადის ჩუქურთმაშიც. ამ ხერხის გამოყენება ხელს უწყობს შენობის არქიტექტურულ მთლიანობას.
აღსანიშნავია კიდევ ერთი თავისებურება: არც დარბაზში, არც სხვა სათავსოში არ არის მოხატულობა თემატურ სიუჟეტზე, რადგან, არქიტექტორის ჩანაფიქრით, ხელი არ უნდა შეუშალოს მაყურებლის იმ სულიერ განწყობას, რომელსაც რეჟისორი შეგნებულად ქმნის თავისი დადგმით.
იმ პერიოდის პრესა აღტაცებით აღნიშნავდა, რომ თეატრის სცენა მოწყობილია უახლესი ტექნიკის საფუძველზე, რაც შესაძლებლობას ქმნის დიდი თეატრალური დადგმების განხორციელებისათვის. მბრუნავი სცენის დიამეტრი 15 მეტრია. საჭიროების დროს სცენის შემობრუნება შესაძლებელია ნებისმიერი კუთხით. მექანიზებულად ხდება აგრეთვე დეკორაციების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. მაყურებელთა დარბაზი უზრუნველყოფილია მძივური განათებით და დიდი ცენტრალური ჭაღით, რომელსაც აქვს 120 ელექტროლამპიონი. მისი დიამეტრია 4,5 მ, სიგრძე- 5მ, წონა – 1,5ტონა. მსახიობთა განკარგულებაშია კეთილმოწყობილი ოთახები, აქვეა დიდი სცენური შესაძლებლობის სამხატვრო სახელოსნო, სარეპეტიციო დარბაზი, მსახიობთა ჯგუფური სამეცადინო ოთახი. თეატრალურ მუზეუმში მაყურებელს შეეძლება, გაეცნოს თეატრის ისტორიას და მისი კოლექტივის შემოქმედებით ცხოვრებას.
როცა არქიტექტორის ნამუშევარზე ვლაპარაკობთ, აქვე მადლიერებით უნდა ითქვას იმ პროფესიულ კადრებზეც – სპეციალისტებზე, ქვის მთლელებზე, ხის ხუროებზე, მშენებლებზე, რომლებიც საგანგებოდ იყვნენ შერჩეული და მშენებლობაზე დასაქმებული. პროექტის ავტორის ჩანაფიქრი სწორედ მათ აქციეს რეალობად. მესხიშვილის თეატრის ულამაზესი გარემორთულობა ეკუთვნის საქართველოს სახალხო მხატვარს, მოქანდაკე ვალერიან მიზანდარს, დიდი გამოცდილების მქონე ქვის მთლელებს – ლუკა ბაზაძეს, დიომიდე მამრიკიშვილს, პარმენ აბესაძეს, კიმოთე მერკვილაძეს, ვანო ბაზაძეს, სამსონ, მელქო და ამბროსი ბერეკაშვილებს, დავით ბრეგაძეს. ვალიკო მიზანდარი იხსენებდა, რომ პირველი კაპიტელი გამოთალეს და დააყენეს მან და ლუკა ბაზაძემ. ამ დროს შემოემატნენ სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებული რამდენიმე ახალგაზრდა, აგრეთვე ადგილობრივი ახალგაზრდებიც, რომლებმაც არანაკლებ იცოდნენ ქვაზე მუშაობა. ესენი იყვნენ: შ. ქურჩიევი (შოთა ქურჩიშვილი), ნ. კილაძე, გ. მიზანდარი, ს. ქარელიძე. სამხატვრო სამუშაოები შეუსრულებიათ მხატვრებს: გ. ცაგარეიშვილს, ჯ. ქათამაძეს, გ. ჩხარტიშვილს, ნ. ღარიბაშვილს. თეატრის მთავარი დარბაზის ჭერისა და თაღების სამხატვრო სამუშაოებზე უმუშავიათ მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებულებსა და მოსწავლეებს. სამხატვრო და საძერწი სამუშაოების შესრულებას ხელმძღვანელობდნენ: ა. ზედელაშვილი, ს. ოგანოვი, კ. ჭუმბურიძე. შესანიშნავად იმუშავა ძვირფასი ხეების გამოყენებით ზემო რაჭიდან, სოფელ უწერიდან ჩამოსულმა „მეტრეველების ბრიგადამ“ – 17 თანასოფლელი ხუროს შემადგენლობით.
პროექტის თანახმად, თეატრის შენობის მთლიანი მოცულობა 51 ათას კუბური მეტრია, სათავსოთა საერთო სასარგებლო ფართობი – 7 ათასი კვ.
მშენებლობა, საერთო ჯამში, 16 მილიონი მანეთი დაჯდა.
1955 წლის 5 ნოემბერს ხარაჩოები საზეიმოდ ჩამოიხსნა და მესხიშვილის თეატრის შენობა სამუდამოდ შეუერთდა თანამედროვე ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიას.
თეატრის საზეიმო გახსნაზე ქუთაისს ეწვია ქართული კულტურის მრავალი გამოჩენილი მოღვაწე, რესპუბლიკის პარტიული და საბჭოთა ელიტა. ყველა ერთხმად აღნიშნავდა არქიტექტორ შავიშვილის ბრწყინვალე შემოქმედებით გამარჯვებას.
მას შემდეგ თითქმის 69 წელი გავიდა და დრომ გარკვეული სიახლეებიც შეიტანა თეატრის შიდა სივრცეში, მაგრამ დიდი არქიტექტორის ჩანაფიქრი და მისი პროექტის სილამაზე დღემდე რჩება კორექტივების გარეშე.