ავტორი: ნანული ცხვედიანი
„ლამპრედუზო -მედუზო!..“
ეპიზოდი ელდარ შენგელაიას ფილმიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“(1968. სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე):
მსახიობი შავლეგი და მხატვარი აგული (როლებში – დოდო აბაშიძე და გურამ ლორთქიფანიძე) მეგობრული ბაასით მოუყვებიან თეთრ ხიდს. შავლეგი ქალაქში ცნობილი კაცია, ესალმებიან, ისიც ქუდის მოხდით, დარბაისლურად პასუხობს. აგული ერისთავს კი მზერა წინ გაექცევა და…
– შავლეგ, აი, რა უნდა გაკეთდეს ჩემი ქვისაგან!..- წამოიძახებს უცებ,- ეს არის ცხოვრების აპოგეეა!
-აპოგეეა! – არტისტული პათოსი იმეორებს შავლეგი.
-ასეთ ბიჭებს ხატავს პიკასო, ხომ იცი?- მიიყვანს თეთრი ხიდის მოაჯირზე მჯდომ, მდინარისაკენ პირშექცეულ, ტრუსის ამარა ბიჭუნასთან,- მე გავაკეთებ, როგორიცაა ეს… აი, პიკასოს ბიჭი!
ბავშვი მათკენ შემოაბრუნებს სახეს,რომელზეც ონავრულად უციმციმებს თვალები; და რომელზეც აღბეჭდილი შემპარავი ღიმილი, ფილმის დამდგმელი ოპერატორის გიორგი გერსამიას მოკლე სტოპ-კადრით, სამუდამოდ ამახსოვრდება მაყურებელს (ეპიზოდურ როლში გადაღებულია 14 წლის ქუთაისელი ბერძენი ბიჭი ალიკა გიორგადი).
-გეშინია?- მოაჯირზე შემოსკუპებულ ბიჭს თანაგრძნობით ჩაჰკითხავს კეთილი შავლეგი.
-კი, ბიძია, მეშინია.
-აბა, ადექი! ჩაისუნთქე! დახუჭე თვალები! გაფრინდიიი… ალე ჰოოპ!
ბიჭი მარჯვნივ და მარცხნივ, ორივე ბიძიას ერთდროულად მოხდის შლაპებს, გაიტაცებს და რიონისაკენ ჩიტივით გაფრინდება.
-აფერისტ! – აღმოხდება შავლეგს.
-ლამპრედუზო – მედუზო!-ამოსძახებს წყლიდან მარჯვედ ამოყვინთული ბიჭი ,-ალე ჰოოპ!- და შლაპებითვე გაცურავს.
სახტად დარჩენილ მეგობრებს რაღა დარჩენიათ…
– ესაა, ბიჭო, პიკასოს ბიჭი? -წამოიძახებს აღშფოთებული შავლეგი,-ამით ერთობა პიკასო?
კითხვა, რომელიც შავლეგმა დასვა და ფილმის მთელი ეს ეპიზოდიც იმდენად დაფერილია გაბრიაძისეული კეთილი იუმორით, მწერალ-დრამატურგის ადრეული ბავშვობიდან წამოღებულ ნაცნობ თემათა ნოსტალგიური ქსოვილით, რომ მაყურებელს სამუდამოდ ამახსოვრდება. არ შეიძლება, ამ ყაჩაღანა ბავშვის საქციელში ბოროტება დაინახო. ეს უფრო ხიდის მოაჯირიდან, აბანოს თავიდან თუ იალტის ქვიდან წყალში ხტომაში გავარჯიშებული, რიონის ტალღებში ნაწრთობი პატარა ქუთაისელის ონავრული გათამაშებაა მიამიტ უფროსებთან. წავა და გაცურავს – ლაღი, შეუპოვარი… სხვისი შლაპები კი, ალბათ, უფრო იმისთვის სჭირდება, ორი ზრდასრული ადამიანის სადაგ ცხოვრებაში უეცარი სიახლე შეიტანოს, სიცოცხლის ჭეშმარიტი აპოგეა დაანახოს.
ბიჭი კვლავ მოაჯირზეა
და გადის დრო. სრული 38 წელი. ერთხელაც, ქუთაისელ ხელოვანს მერაბ ქაჯაიას (მეტსახელად – პიკასოს) იდეა გაუჩნდა – თეთრი ხიდის მოაჯირზე იმ წყალში მხტომელი ბიჭუნას ბრინჯაოს ფიგურა დაემაგრებინათ, რეზო გაბრიაძისა და ელდარ შენგელაიას კინოშედევრის პატივსაგებად და ქალაქის შუაგულში ახალი, კოლორიტული შტრიხის შემოსატანად. იდეის ავტორმა მთლიანად პროექტსაც უხელმძღვანელა და მართლაც საინტერესო ღირსშესანიშნაობა გაჩნდა.
უპირველესად უნდა აღვნიშნოთ ქუთაისელი მოქანდაკის თემურ ფხაკაძის მშვენიერი ნამუშევარი. მან არამარტო დამახასიათებელ სტილში გააცოცხლა ფილმში გადაღებული ბიჭუნა, არამედ, ეპიზოდის მთელი ემოციური არსენალიც ააამოქმედა. მარცხენა ხელში ჩაბღუჯული შლაპა ოდნავ წინ, მდინარისაკენაა გაშვერილი, მარჯვენა, უფრო ზემოთ აღმართული ხელი კი ხიდის მოაჯირის თავზე იმდენად მოხდენილადაა გაწვდილი, რომ, ფაქტობრივად, ქანდაკება პრაქტიკულ ფუნქციას იძენს: გამვლელ -გამომვლელი,- ქალაქის მკვიდრია, შორი გზიდან მოსული ტურისტი, ბავშვი, სტუდენტი თუ ასაკოვანი ადამიანი, – ყველა დიდი სიამოვნებით ამოჰყოფს ხოლმე თავს შლაპის ქვეშ და პიკასოს ბიჭის გვერდით სამახსოვრო ფოტოს იღებს.
ახლა მსოფლიოს ყველა კუთხეში ნახავთ პიკასოს ბიჭთან გადაღებულ ფოტოკადრებს, ქუთაისელი ბიჭუნა ამშვენებს წიგნების, ჟურნალ -გაზეთების ყდებსა და ფურცლებს, პოსტერებს, სტიკერებს, ვიდეოფილმებს, ტელესიუჟეტებს, მემორიალურ ნივთებსა და ნაკეთობებს. დახედავენ პიკასოს ბიჭის გამოსახულებას და უმალ ამოიცნობენ ლოკაციას: ეს ქუთაისია!
ჩახუტება პიკასოს ბიჭთან
ამრიგად, 2006 წლის 30 სექტემბერს თეთრ ხიდზე გაბედულად შემოსკუპდა ბრინჯაოს ბიჭუნა, მისი საზეიმო დაბრუნება კი იმ დღეს ქუთაისში გამართული იუმორისტული ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი იყო.
ორგანიზატორებს სურდათ, შლაპების გატაცების მომენტი ფილმის მონაწილე მსახიობების მეშვეობით, სიმბოლურად გაეცოცხლებინათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ჩამოვიდა იმჟამად საზღვარგარეთ მცხოვრები „პიკასოს ბიჭი“ – ალიკ გიორგადი; გარემოებათა გამო, ფესტივალს ვერ დაესწრო ფილმში მთავარი გმირის – აგული ერისთავის როლის შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი გურამ ლორთქიფანიძეც (ლორთქია), თუმცა, მეორე დღესვე მიაშურა თეთრ ხიდს და პიკასოს ბიჭს, როგორც დიდი ხნის მონატრებულ მეგობარს, განსაკუთრებული სიყვარულით ჩაეხუტა (ეს შეხვედრა გაზეთ “P.S.” -ის ფოტოკამერამ მრავალი რაკურსით აღბეჭდა).
ნაწყვეტი ინტერვიუდან:
„
– ბატონო გურამ, როგორია თქვენი შეხვედრა ძველ მეგობართან?
– როგორია? ცრემლიანია. ხომ ხედავ, ვტირი, ვტირი, კაცო!
-მოგეწონათ?
– ძალიან. ნახე, ნახე! მე გავიზარდე და ეს ისევ იმ ხანშია! აი, ამაშია უბედურება. საოცრებაა, ვინ მოიფიქრა ეს, კაცო, ა? მარტო ქუთაისელი მოიფიქრებდა ამას…
ეეჰ, დოდო იყოს ეხლა აქ! თეთრ ხიდზე სულ ღიმილით დავდივარ, იმ მოგონებებით…“
(ნანული ცხვედიანის წიგნიდან „გახსოვს, ქუთაისო?“) .
2018 წლის 3 მაისს თეთრ ხიდს და პიკასოს ბიჭს დიდი სტუმარი ეწვია – თვით რეზო გაბრიაძე! ცნობილი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი მაყურებლის თვალს მოფარებით, მოკრძალებულად ესწრებოდა თავისი და ლეო გაბრიაძის ერთობლივი ბიოგრაფიულ-ანიმაციური ფილმის -„ჰარი -ჰარალე, დედაო“-წარდგენას სრულიად არაორდინარულ გარემოში – საკუთარი კალმით არაერთგზის გაცოცხლებულ, ეგზომ მონატრებულ თეთრ ხიდზე.
პიკასოს ბიჭს მოულოდნელი „პაემანი“ ფილმის დამდგმელ რეჟისორთანაც ჰქონდა 2023 წლის ივნისში. ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრმატულ თეატრში დიდ ქართველ კინორეჟისორს ელდარ შენგელაიას 90 წლის საიუბილეო საღამო გაუმართეს და არაერთი მადლობა უძღვნეს ქუთაისის კოლორიტისა და თვითმყოფადი ქუთაისური ხასიათების შესანიშნავად წარმოჩენისათვის. ყველაფერი ამით არ დასრულებულა. „არაჩვეულებრივი გამოფენის“ შემქმნელმა ბოლოს პიკასოს ბიჭთან შეხვედრა ისურვა და თავის საყვარელ პერსონაჟს სიყვარულით შემოხვია ხელები.
და არამარტო ფოტოგადაღებებისათვის…
რეჟისორსა და მკვლევარს ირაკლი ჯაოშვილს თეთრ ხიდთან და პიკასოს ბიჭთან დაკავშირებით შორს მიმავალი გეგმები აქვს.
მისი აზრით, „ ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულების გარდა, ვიზიტორთა ინტერესს უნდა იწვევდეს ჩვენი ტრადიციებიც. ერთ-ერთ ასეთ ტრადიციად შეიძლება იქცეს ფესტივალი სახელწოდებით “თეთრი ხიდის რაინდები”, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის წყალში მხტომელები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან “პიკასოს ბიჭის”მცირე ზომის ასლით. ასეთი ქალაქური ტრადიცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. ერთ-ერთი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს, არის ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ მოსტარში (ითარგმნება, როგორც ძველი ხიდი),ყოველი წლის 8 სექტემბერს წყალში ხტომის არაკლასიკური ჩემპიონატი. ასეთი ტურნირი ტარდება მსოფლიოს კიდევ შვიდ ქალაქში… მას აშუქებენ მსოფლიოს ცნობილი ტელეკომპანიები, ტურნირზე ჩამოდიან ტურისტები და გულშემატკივრები და არის ულამაზესი სანახაობა. ამის გაკეთება ქუთაისშიც შეიძლება, რაც დიდ სარგებელს მოუტანს ქალაქს, რეგიონს და მთელ საქართველოს. ასე “პიკასოს ბიჭსაც” მთელი მსოფლიო გაიცნობს.“
ეს ყველაფერი წინაა.
მართალია, დღეს არც გენიალური რეზო გაბრიაძეა ცოცხალი, არც დაუვიწყარი მუსიკის შემქმნელი გია ყანჩელი, არც მსახიობები – დოდო აბაშიძე, გურამ ლორთქიფანიძე, ვასილ ჩხაიძე (პიპინია) და სხვები, არც პიკასოს ბიჭის სახის შემქმნელი ალიკა გეორგადი. მაგრამ დიდებული ფილმი ცოცხლობს, არსებობს და სიკეთით,სინათლით, ღიმილით ათბობს უკვე მერამდენე თაობას.
თეთრი ხიდის მოაჯირზე სავიზიტო ბარათივით დარჩენია დროს გაბრიაძის დიდი ქუთაისიდან გამოპარული ონავარი ბიჭიც.