სათაფლიაზავრუსი, ანუ პეტრე ჭაბუკიანის სამი აღმოჩენა

გააზიარე:

ავტორი: მანანა ქურციკიძე


აღმოჩენა პირველი

1924 წელი იყო. მაისი.

გეოგრაფიის მასწავლებელმა იცოდა, როგორ მოეძებნა გასაღები ბავშვის გონებისთვის. მოსწავლეები თეთრამიწაზე აიყვანა. გრძნობდა, რომ საინტერესო ექსკურსია უფრო გაუხსნიდა გონებას მოსწავლეებს, ვიდრე სკოლის კედლებში საათობით „ჩიჩინი“. გორაკის წვერიდან (სწორედ იქედან სადაც დღეს უახლესი ტექნოლოგიებით აგებული გადმოსახედია) საოცარი სანახაობა გადაიშალა. კოლხეთის დაბლობი, ბაგრატის ტაძარი, უქიმერიონის გორა და ძველი ქალაქის შუაში მოლაპლაპე რიონი თეთრი ქვებით. პეტრე მასწავლებელი საუბრობდა ზოგადად ყველაფერზე, გელათის საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე, დავით აღმაშენებლის ღირსებებზე, მოზაიკურ მხატვრობაზე, ოპიზრებსა და ხახულის ხატზე.

მზის სხივი ბუჩქის ძირში ნახევრად ჩაფლულმა კაჟმა აირეკლა. დაიხარა, აიღო და ჯიბეში ჩაიდო.

ამ ღია გაკვეთილმა და პატარა კაჟმა საბოლოოდ შეცვალა პეტრე ჭაბუკიანის ცხოვრება, საათობით იჯდა და გაოგნებული ათვალიერებდა.

„ნუთუ შესაძლებელია?..“ ფიქრობდა.

დილით ისევ იმ ადგილს დაუბრუნდა. ეძებდა ყველგან, კლდოვან ნაპრალებში, ნახნავებში. კიდევ ნახა და უკვე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ორი დღის წინ უბრალო კაჟის ნამსხვრევი კი არა, პირველყოფილი ადამიანის საჭრისი და სახვრეტი აღმოაჩინა. იარაღები, ზოგჯერ ოცდაათი სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩაფლული, ექვს ჰექტარზე თითქმის მთელს თეთრამიწაზე იყო მიმობნეული.

მაშინ ჯერ კიდევ მიაჩნდათ, რომ ქვის ხანამ საქართველოს გვერდი აუარა (თუ პირიქით)… მუზეუმის ხელმძღვანელობა და მეცნიერ-თანამშრომლები ირონიული ღიმილით დახვდნენ მის აღმოჩენებს.

მან კი ყველა დაარწმუნა არქეოლოგიური განყოფილება გაეხსნათ.

პეტრე არ იღლებოდა. ეძებდა, პოულობდა და სწავლობდა. მუზეუმში ეზიდებოდა კილოგრამობით ქვებს. იქ კი არათუ გასამრჯელოს, მუშის (ფეხის) ქირასაც არავინ უხდიდა.

ჯიუტად უნდოდა, ისეთი ნივთი ეპოვა, რომელიც არამარტო პირველყოფილი ადამიანის არსებობას დაამტკიცებდა, არამედ მეტ ინფორმაციას მიაწვდიდა, ვინ იყვნენ ისინი, როგორები იყვნენ, როგორი იყო მათი ცხოვრების წესი. და აი, გამოჩნდა ქვის თოხი, ესე იგი პირველი ქუთათურები მიწას ამუშავებდნენ. შემდეგ – განზე გადაჭრილი ნავისებური იარაღი, საფქვავი – გამოდის მარცვლეულსაც ფქვავდნენ.

წერს:

„ძველი სკოლა ისტორიის სწავლებას პირდაპირ ეგვიპტიდან იწყებდა, ამიტომ ჩვენი მასწავლებლებიც არ იცნობდნენ პირველყოფილ კულტურას, ქვის ხანის ადამიანის შემოქმედებას და წარმოებას.
ვფიქრობდი, თუ უცხოელებმა იპოვეს ჩვენში ქვის ხანის სადგომები, იქ აღმოჩენილი ნივთები წაიღეს და სარგებლობენ, ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლია-მეთქი?..
ვეძებე და კიდევაც ვიპოვე ასეთი სადგომი ქუთაისის საზღვარზე, თეთრამიწის გორაზე.
…დავიწყე თხრა ფრთხილად დაკვირვებით. ზედიზედ ჩნდებოდა დღის სინათლეზე ნაჯახები, დანები, სადგისები, წყავის საფხეკები, შუბები, ისრები..”

ასე აღმოაჩინა პირველყოფილი საჩეხები, შესანიშნავად გაპრიალებული საჭრისები, ხის სათლელი იარაღები, გრდემლები, ფილთაქვები, სასრესები, მიწათმოქმედების და სანადირო იარაღები. რაც მოწმობდა იმას, რომ თეთრამიწელები აქ შემთხვევით მოსული ან მოხეტიალე ადამიანები კი არა მკვიდრი მობინადრენი იყვნენ, რომლებმაც მაქსიმალურად გამოიყენეს ადგილობრივი პირობები.

ღეროიანი ისრის პირები და ქუსლამოღარული, ბოლომომრგვალებული შუბისპირები. სამაჯურები და ქანდაკებები.

ჩანს, რომ უკვე მაშინდელ თეთრამიწელს ჰქონდა სილამაზის შეგრძნება. ცდილობდა, ნივთები ლამაზი და მსუბუქი ყოფილიყო და ამისთვის დიდ ენერგიას ხარჯავდა.

პეტრე…

1889 წელს დაიბადა ქუთაისში. დედა ხშირად ავადმყოფობდა და მამამ ერთ ნაცნობ ქვრივს ანა კუჭუხიძეს მიაბარა აღსაზრდელად. სწორედ ამ ქალბატონმა გაუღვიძა პეტრეს სწავლის და ძიების დაუოკებელი სურვილი. მან შეასწავლა დაობლებულ პატარას წერა-კითხვა და სამრევლო სასწავლებელში შეიყვანა.

დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, მამის მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა ქართული ტანსაცმლის მკერავს მიბარებოდა ქარგლად. შვიდი წელიწადი გაატარა ბათუმში ხელოსნებისა და მუშების წრეში. საბედნიეროდ მისი ოსტატი არ უშლიდა სწავლასა და კითხვას და პეტრეც მთელ თავისუფალ დროს თვითგანათლებას უთმობდა. გამოწერილი ჟურნალ-გაზეთებით, გასამრჯელოთი ნაყიდი წიგნებით საკუთარი ბიბლიოთეკა გაიჩინა. კარგად შეისწავლა რუსული და თურქული ენები.

როტშილდისა და მანთაშევის ქარხნების მუშებთან ურთიერთობამ, თავისებური გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. როცა მამამისს, ივანე ჭაბუკიანს უკვე იმის შესაძლებლობა გაუჩნდა, რომ შვილს ყველაზე დიდი ოცნების შესრულებაში დახმარებოდა, პეტრე უკვე 19 წლის იყო და ყველა საშუალო სასწავლებელმა უარი განაცხადა მის მიღებაზე. ვერც ქართული გიმნაზიის დირექტორი იოსებ ოცხელი დაეხმარა და ისღა დარჩენოდა პედაგოგებთან ემეცადინა და ექსტერნად დაემთავრებინა საშუალო სასწავლებელი.

პეტრემ გადაწყვიტა გამოცდები რუსეთში ჩაებარებინა და სწავლაც იქვე გაეგრძელებინა. 1912 წელს ფსკოვში გაემგზავრა. საშუალო სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტზე ფიქრიც დაიწყო. აღმოაჩინა, რომ ფსკოვთან ახლოს, ქალაქ დორპატში (ტარტუში) ხელმოკლე ახალგაზრდების სწავლისათვის ხელმისაწვდომი პირობები იყო.

აირჩია საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოგრაფიული განყოფილება.

სწავლა არ უჭირდა, პირიქით, ბევრს სწავლობდა და კითხულობდა, ეცნობოდა ლიტერატურას, ისტორიას, არქეოლოგიას. გაერთიანებული იყო „ვეფხისტყაოსნის“ შემსწავლელ წრეში, რომელიც ქართველი სტუდენტების მიერ იყო ჩამოყალიბებული.

1912 წელს, წრის მორიგ შეკრებაზე პეტრემ გააპროტესტა ცნობილი ენათმეცნიერის ნიკო მარის მიერ დაკანონებული „ვეფხისტყაოსნის“ სახელწოდების რუსული თარგმანი „Барсова кожа“ (ქართულად: ჯიქის ტყავი). მან დამაჯერებლად დაუსაბუთა წრის წევრებს თავისი მოსაზრება, რომ „Барс“ იგივე ჯიქია და არავითარი საერთო არ აქვს ვეფხვთან, ხოლო „кожа“, არის დამუშავებული ტყავი, დაუმუშავებელს კი „шкура“ ეწოდება. ასევე აღნიშნა, რომ პოემის მთავარი გმირი არის რაინდი, რომელსაც რუსული სიტყვა „витязь“ შეესიტყვება. ვინაიდან რუსული ენა საშუალებას არ იძლეოდა, რომ ორი სიტყვით გამოხატულიყო რუსთაველისეული სახელწოდება, მაშინ შესაძლებელი იყო ის სამი სიტყვით გამოეხატათ „Витязь в Тигровой Шкуре“. წრის ხელმძღვანელის დავით ჟღენტის წინადადებით, პეტრემ თავისი აზრი წერილობით გაუგზავნა ნიკო მარს პეტერბურგში. ცოტა ხანში, კი ენათმეცნიერისგან აღფრთოვანებით და მადლიერებით სავსე ბარათი მიიღო, სადაც იგი აღტაცებას გამოთქვამდა ჭაბუკიანის აზროვნებისა და მიგნების გამო, თანაც აღუთქვა ახალგაზრდა სტუდენტს, რომ აუცილებლად ამ სახელწოდებით გამოიყენებდა ნაწარმოებს თავის კვლევებში. სწორედ ამ სახელწოდებით ვიცნობთ ჩვენ დღეს ვეფხისტყაოსნის რუსულ თარგმანს.

საუნივერსიტეტო კურსი სულ ახალი დამთავრებული ჰქონდა. 1917 წლის თებერვალი იყო და რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლები ქუჩაში გამოდიოდნენ. დროებითმა მთავრობამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, თბილისში კი ნოე ჟორდანია დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარეობისთვის ემზადებოდა.

პეტრე ჭაბუკიანი ჯარში გაიწვიეს, საინჟინრო ნაწილში სამხედრო ხე-ტყის ქარხნები ებარა. თუმცა ყველაფერ ამას მსოფლიო ომი, მოგვიანებით კი გერმანიასა და ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფოს შორის საზავო მოლაპარაკება მოჰყვა და ბალტიისპირეთი გერმანიის შემადგენლობაში მოხვდა. პეტრე ჭაბუკიანი საბჭოთა საზღვრის მეორე მხარეს ქალაქ ფელინში აღმოჩნდა სადაც კომენდატურის აღრიცხვაზე იყო და ამავდროულად თავისუფლად ყოფნის ნებაც ჰქონდა.

თებერვლის რევოლუციას, ოქტომბრისაც მოჰყვა. ადამიანების ბედის და ილუზიების მსხვრევის დრო იდგა. ბოლშევიკური მთავრობა ოფიციალურად საქართველოს დამოუკიდებლობას ცნობდა, მაგრამ ფარულად მისი ოკუპაციის გეგმას ამზადებდა. პეტრეს, რომელიც გულის სიღრმეში ყოველთვის ანტისაბჭოელი იყო, სამშობლოსკენ უწევდა გული და მართლაც 1919 წელს საქართველოში დაბრუნებული ხაშურის გიმნაზიაში მასწავლებლად დაინიშნა. 1921 წლიდან კი პედაგოგობა ქუთაისის უძველეს სასწავლებელში უქიმერიონის გორაზე განაგრძო.

აღმოჩენა მეორე

პირველი აღმოჩენების შემდეგ თავის პროფესიას გულს ვერ უდებდა და რაღაც ძალა თეთრამიწისკენ ეწეოდა. იქიდან თვალს, რომ შეავლებდა სათაფლიის კლდეს, რომელიც სულ რაღაც სამი კილომეტრითაა დაცილებული თეთრამიწიდან, ფიქრობდა „თუკი აქ ცხოვრობდნენ პირველყოფილი ადამიანები ხომ შეიძლებოდა სათაფლიაზეც ეცხოვრათ“. მით უმეტეს, რომ მისი ვარაუდით სათაფლიის კლდე, თეთრამიწა, მოწამეთის სერი და გელათის მთა ერთ ხანაში იყო წარმოშობილი. „ეს ოთხი დიდი მასივი იურული პერიოდის დანალექ ალიზზეა მოთავსებული და ცარცის დანალექის პერიოდის კირქვებია. მას შემდეგ, რაც კავკასია ხმელეთად იქცა, დიდი კლდის ერთიანი მასივი ეროზიის შედეგად ნაჭრებად დაიყო და ერთმანეთისგან გამოცალკავდა“.

სათაფლიის მინდორი მაშინ გაველურებული ბუჩქებით იყო ჩახერგილი. წინათ იგი თავად ლორთქიფანიძეს და აზნაურებს ავალიანსა და ღოღობერიძეს ეკუთვნოდა.

ჯერ ოთხი პატარა ქვაბული აღმოაჩინა, სადაც მწყემსები თავს აფარებდნენ, მაგრამ ძიებას ჯიუტად განაგრძობდა. გულისყურით სწავლობდა გარემოს, მოტიტვლებული სერი, ჩაღრმავებული ტაფობი, კირქვიანი ფერდობი, სადაც ძველად ველური ფუტკარი ბუდობდა. ამიტომაც ეძახდნენ სათაფლიის კლდეს.

მისი ყურადღება ნაკადულმა მიიპყრო, რომელიც პირდაპირ მთის შუაგულში ეშვებოდა და იკარგებოდა. სწორედ იმ ადგილსავე ქრებოდა მეორე ღელეც. კლდის მეორე მხარესაც მოუარა და უკვე ისევ გამოჩენილ ნაკადულს დაუკვირდა. უფრო ცივი და წყალუხვი ეჩვენა. დაასკვნა, რომ სადღაც კლდის შუაგულში მას სხვა წყლები უერთდებოდნენ, კლდე კი „თავის უბეში გატარებულ წყალს წმენდდა და უფრო ანკარას ხდიდა“. ერთი წუთით შედგა, ირგვლივ საოცარი, იდუმალი და შემაკრთობელი მდუმარება გამეფებულიყო. სწორედ მაშინ გაიგონა, რომ კლდის შუაგულიდან უცნაური ბგერები ისმოდა. ნაკადულის შესასვლელი ხვრელი ხელით გააფართოვა, ასანთი გაჰკრა და ხელი ნელ-ნელა შიგნით შეიტანა. იქედან მონაბერმა გრილმა ჰაერმა ალი ჩააქრო და პეტრე საბოლოოდ დაარწმუნა რომ იმ ხვრელის იქით დიდი და ღრმა ქვაბული იმალებოდა.

ჯერ ქვაბულის გარეგნულ შესწავლას შეუდგა. შიგნით ბელტი ჩააგდო და მიხვდა, რომ იგი კლდეს კი არ შეენარცხა, სადღაც შორს დაეცა. შემდეგ სიღრმის გასარკვევად თოკი მოიშველია. სიგრძე არც ისე საშიში ეჩვენა და გადაწყვიტა პირველი ჩასვლა თვითონ მოეხდინა. 1925 წლის 26 ივლისს ღელის ჩასასვლელთან ბუჩქები გადასწია. შესასვლელი მხოლოდ 70 სმ სიმაღლის იქნებოდა. ჭრაქით ხელში, დაწოლილი შეცოცდა გამოქვაბულის ხვრელში. ექვსი მეტრის მანძილზე ასე იარა, მერე წამოდგა. ჭრაქის შუქი გამაოგნებლად აირეკლა გამოქვაბულის კედლებმა. სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ჯარი აღიმართა მის წინ. ფეხი უცდებოდა, სიარული უჭირდა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა.

ერთი კვირის შემდეგ, 2 აგვისტოს ექვს ახალგაზრდასთან ერთად მიადგა სათაფლიის გამოქვაბულს. გააგანიერეს შესასვლელი და ჩირაღდნებით ხელში შეცოცდნენ მღვიმეში, დამრეც, სველ და სიპ ფსკერზე ალაგ-ალაგ ჩნდებოდა კიბისნაირი საფეხურები. სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ხვეულები, გარდიგარდმო შეფენილი მარმარილოს სვეტები. შუა დარბაზში (სიმაღლე 11 მეტრი) „ჩამოწოლილი“ უზარმაზარი სტალაგმიტი, რომელიც ზედა სტალაქტიტის ყელიდან ჩამოღვენთილი წყლით საზრდოობს… ვინ იცის რამდენი საუკუნისაა…

600 მეტრის სიგრძის გვირაბში, რომელშიც ოთხი დიდი დარბაზია. მპოვნელი მაინც ერთ მთავარ დარბაზს გამოყოფს, სადაც ბუნებას გასაოგნებელი ექსპოზიცია აქვს მოწყობილი. მღვიმის შუაგულში ის ღელე მიიკლაკნება, რომელმაც ჭაბუკიანი ამ გზაზე დააყენა. სტალაქტიტებიდან ჩამონაწვეთი წყალი უერთდება და უცნაურ ხმას გამოსცემს. პეტრე მას მთის გულის სიმღერას ეძახდა.

სათაფლია

დღესდღეობით აღმოჩენილია სათაფლიის ხუთი მღვიმე. მათი აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე… გამოქვაბულები ძალიან მდიდარია არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ ფაუნისტური და ფლორისტული სახეობებით. საკუთრივ სათაფლიის გამოქვაბული ერთადერთია იმ 5 მღვიმიდან, რომელიც ტურისტული მიზნით გამოიყენება. იგი მდებარეობს სამგურალის სერზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს და იქვე ყურადღებას იპყრობს წყლის ჩხრიალი, რომელიც ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან ისმის. ეს არის სწორედ ის ხვრელი, საიდანაც ჭაბუკიანი პირველად ჩამოვიდა მღვიმეში. ას მეტრში არის „გუმბათოვანი დარბაზი“, ცოტა მოშორებით „ნაღვენთების სასაფლაო“. აქვს განშტოებები. მისი ჯამური სიგრძეა 900 მეტრი, სიმაღლე 10-11 მეტრი, ხოლო სიგანე 14-15 მეტრი.

სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყე მღვიმეში უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს, რომლებიც ზოგან სვეტებად ერთდებიან და „ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ქმნიან“. დარბაზის ცენტრში დგას უზარმაზარი სტალაგმიტი ზემოდან მოქმედი სტალაქტიტით.

ამის გარდა მღვიმე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით. ჰავა ზამთარ-ზაფხულ 11 გრადუსია.

დაახლოებით 600-700 მეტრის დაცილებით არის კიდევ სამი მღვიმე, რომლებიც ასევე მდიდარია ბუნებრივი საოცრებებით. აქ სტალაგმიტებთან და სტალაქტიტებთან  ერთად სატალაგნატებს, ჰელიქტიტებსა და ჰელიგმიტებს ვხვდებით. აქვეა პატარა ტბა, რომელსაც მღვიმეში შემავალი ნაკადული აჩენს.

აქვე, პეტრე ჭაბუკიანის მიერ გაშენებულია კოლხური ტყე, მდიდარი რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და ეს ადგილი გამოცხადებულია ნაკრძალად, სადაც ვხვდებით უიშვიათესი ჯიშის მცენარეებს, ცხოველებსა და ფრინველებს.

სათაფლიის მღვიმის აღმოჩნისთანავე, პირველი ექსპედიციის შემდეგ, პეტრემ თვითონ დაიწყო ზრუნვა მის კეთილმოწყობაზე. ფიქრობდა სად უნდა გაკეთებულიყო ახალი შესასვლელი ისე, რომ მნახველის თვალწინ შესვლისთანავე  გადაშლილიყო მღვიმის სილამაზე. მონიშნა გვირაბის მთავარი ხაზის დასაწყისი და მალე საოცარი სანახაობის მოწმე გახდნენ –  კლდემ თითქოს მკერდი გადაიხსნაო.

გამოჩნდნენ პირველი დამთვალიერებლები. ჭაბუკიანი მნახველებს ვერ აუდიოდა. ვერც მასწავლებლობისთვის იცლიდა. იცოდა, რომ დადგებოდა დღე, როცა სათაფლიის მღვიმე თავის სათქმელს იტყოდა.

… და არა მარტო ეს, არის კიდევ რაღაც, რითაც სათაფლია მსოფლიოს მნიშვნელოვანი აღმოჩენების სიაში შევიდა.

აღმოჩენა მესამე

1933 წელი იყო. სათაფლიის მასპინძელი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ექსცენტრული შეუპოვრობით განაგრძობდა კოლხური ტყის თითოეული ბალახის და ბუჩქის, ცხოველისა და ფრინველის მოვლას. დადიოდა და მერამდენედ ათვალიერებდა სერზე შეფენილ უზარმაზარ ლოდებს. ტოტის ასაღებად დახრილმა კი თავისი ცხოვრების უმთავრესი აღმოჩენა გააკეთა. ის, რამაც მისი სახელი მსოფლიოს ისტორიაში შეიყვანა.

უცნაური და უზარმაზარი ცხოველის ანაბეჭდი, სათაფლიის გამოქვაბულიდან 500 მეტრის მოშორებით.

მეცნიერული დასკვნების შედეგად დამტკიცდა, რომ დინოზავრის ნაკვალევი 12 მილიონი წლის წინაა აღბეჭდილი. როგორც ჩანს აქ ოკეანის ყურე იყო და  რბილ კირქვოვან შრეზე დატოვა ორმა დინოზავრმა ანაბეჭდი.

სათაფლიაზე სამი სხვადასხვა სახეობის დინოზავრის ნაკვალევია აღმოჩენილია. აქედან ორთითა ანაბეჭდი ორ მეტრამდე სიმაღლის მქონე დინოზავრს ეკუთვნოდა, ხოლო სამთითა ანაბეჭდის მქონდე დინოზავრი მეცნიერთა დასკვნის მიხედვით თავისუფლად შეიხედავდა 5 სართულიანი შენობის ზედა ფანჯარაში.

ეს გიგანტური ცხოველები სავარაუდოდა მეზოზოურ ერაში ცხოვრობდნენ, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ცარცულ, იურულ და ტრიასულ პერიოდებს. სწორედ ამ ერაში დაიწყო მძლავრი ვულკანური აქტივობა, რომლის ჩაცხრომის შემდეგ წყალმა უკან დაიხია და საგრძნობლად გამრავალფეროვნდა ფლორა-ფაუნა.

თავად პეტრე ჭაბუკიანი ამბობდა:“- არსებობს ისეთი ჰიპოთეზა, რომ კავკასია რამდენჯერმე შთანთქა ოკეანემ, . რამოდენიმეჯერ ამოიწია მისი ფსკერიდან და რამოდენიმეჯერ განადგურდა მასზე ცივილიზაცია. შეიძლება ასეთი კატასტროფა დაატყდა თავს ახლანდელი ატლანტის ოკეანეზე მდებარე ხმელეთს, რადგან ძველი ცივილიზაციის ნაშთები ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალური აზიისა და აფრიკის სანაპიროებისკენ უფრო ჩანს. შეიძლებოდა ახლანდელი ატლანტის ოკეანის მიდამოებში მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არსებულიყო და იგი კავკასიას არ შეხებოდა?“

მეზოზოური ერა ეს ის პერიოდია, როცა წყალი, ხმელეთი და ჰაერი დაპყრობილი აქვთ უზარმაზარ ქვეწარმავლებს. ზღვაში პლაკოდონები და ნოტოზავრები, ხმელეთზე გიგანტოზავრები და პრონტოზავრები, ჰაერში პტეროდაქტილები. სათაფლიაზე, რამდენიმე ფენად დარჩენილი სამასზე მეტი კვალი პალეონტოლოგიური იშვიათობითა და სიმრავლით უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში და ამის თაობაზე პეტრე ასე ჰყვებოდა : „აქ გამავალი ოკეანის ზოლს თიხიანი კირქვების ცომისებური მასა ფარავდა. დინოზავრები როგორც ჩანს ჯოგებად დადიოდნენ. ქვედა შრეზე ექვს მეტრიანმა მტაცებლებმა გაიარეს და მათი კვალი მკვეთრად აღიბეჭდა: მერე ამ ნაკვალევს ოკეანემ გადაუარა და მძიმე შრეებით დაფარა. მერგელოვანი თიხა თანდათან გამაგრდა და მკვრივ ფორმად იქცა. ვინ იცის რამდენმა ხანმა გაიარა, სანამ ეს ფენა კვლავ გამოჩნდებოდა და მასზე უკვე სხვა ჯიშის ბალახისმჭამელები გაივლიდნენ. მსგავსი ნაკვალევი მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაშია. მეცნიერთა წრეებში ეს ნაკვალევი „სათაფლიაზავრუსის“ სახელწოდებითაა ცნობილი“.

მცველი

1928 წლიდან პეტრე ჭაბუკიანი კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის ოფიციალურ მეთვალყურედ დაინიშნა. იკვლევდა და სწავლობდა ძველი ქალაქის ნაშთებს არქიელის გორაზე, მწვანეყვავილას ბაზილიკას, ოქროს ჩარდახს და გეგუთს. უდიდესი შრომა გასწია, რომ ბაგრატის ტაძარი რამდენიმე მეტრიანი მიწის ნაყარისგან გათავისუფლებულიყო და მთელს სიმაღლეზე გამოჩენილიყო ტაძრის ძირითადი ნაგებობა. გარდა ამისა, ტაძრის შორიახლო ეზოებში, კედლებსა და შემოგარენში ჩამარხული და მიმობნეული უამრავი ჩუქურთმიანი ფრაგმენტი იპოვა და ამით უდიდესი დახმარება გაუწია ისტორიკოსებს ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დროს.

ახსოვდა ყველა ისტორიული დეტალი, თითქოს იმჟამინდელი მოვლენებისა და მშენებლობების თვითმხილველი იყო. მისი ჰიპოთეზები მერყეობდნენ „ვიცი“-ისა და „ვგრძნობ“-ს შორის.

პალეოლითური სადგომები აღმოაჩინა მდინარე წყალწითელას ორივე მხარეს. 1952-53 წლებში კი, 60 ყორღანი. გადაარჩინა იმერეთის ეპარქიის, კლასიკური და წმინდა ნინოს გიმნაზიების არქივები.

მხოლოდ მას შეეძლო რეალობად ექცია ის, რაც თითქმის ყველას უტოპია ეგონა. მასზე დადიოდა ლეგენდები, იქმნებოდა ლექსები, იწერებოდა მოთხრობები, იძერწებოდა ბიუსტები და იღებოდა ფილმები.

დადიოდა ყველგან და ყოველთვის ფეხით. ჯოხით, ჭოგრიტით, ჭაღარა და გრძელთმიანი კეთილ ვარსკვლავთმრიცხველს ჰგავდა.

ღრმად სწამდა, რომ მის ქალაქს არ ჰყავდა და არც ეყოლებოდა ისეთი ნათლიები, როგორიც იყო ვახტანგ გორგასალი თბილისისთვის, რადგან „მისი დაბადების თარიღის დადგენა შეუძლებელია. ვინაიდან მის ტერიტორიაზე, სწორედ იმ უბანში სადაც, შემდეგ ქალაქი გაშენდა, ადამიანები ჯერ კიდევ ქვის ხანაში ცხოვრობდნენ.“

მისი აღმოჩენილი დინოზავრისა და სათაფლიის მღვიმის  ირგვლივ სულ ხალხმრავლობაა. თვითონაც იქ განისვენებს, ნაკრძალის შუაგულში. მის საფლავზე გრანიტის მონოლითი – „ობოლი ქვა“ საკუთარი სახსრებით დადგა ოტია იოსელიანმა – ქართველმა მწერალმა, რომელიც პეტრეს ცოცხალ ლეგენდას უწოდებდა -“ყველა კვდება და ყველას სამარე სასაფლაოზეა. პეტრესი- სათაფლიაზე. იმიტომ, რომ პეტრე ერთადერთია და განუმეორებელი. ის, სწორედ აქ უნდა ყოფილიყო თავის აღმოჩენილ, შექმნილ და ნალოლიავებ სამყაროში“.


… უზარმაზარი ცხოველი წყლიდან ამოვიდა, რბილ კირქვოვან ნიადაგზე ღრმა ანაბეჭდი დატოვა… მილიონობით წლების შემდეგ რომ ეპოვა შემთხვევით, ტოტის ასაღებად დახრილ პეტრე ჭაბუკიანს.