წიგნის ქალაქი

გააზიარე:

ავტორი: ნანული ცხვედიანი


„ქუთაისმა გვიჩვენა წიგნის კულტურა. „მეოცნებე ნიამორებისა“ და „კირჩხიბის“ ყოველ გამოცემას ამჩნევია ოსტატის ხელი…“ – ასე შეაფასა  საუკუნის წინათ რიონისპირა ქალაქში გამოცემული წიგნების დონე  ცისფერყანწელთა ლიტერატურული დაჯგუფების  პირუთვნელმა მემატიანემ  შალვა აფხაიძემ.
არც მანამდე და არც შემდეგ ქუთაისი გულგრილი არ ყოფილა ლიტერატურული პროცესებისა  თუ  ამ პროცესების მონაწილეთა სახელების მიმართ. არ ყოფილა  გულგრილი წიგნებისადმი, რომლებიც ამ ქალაქში გამოიცემოდა, მარტო ის  რად ღირს, რომ 1905 წელს,  იმდროინდელი გუბერნატორის ანგარიშში მოცემული ფაქტებით,  ქუთაისში ყოფილა 3 საქალაქო ბიბლიოთეკა,  წიგნის 3 მაღაზია, წიგნის 2 ფარდული და 5 სტამბა, 1913 წელს – უკვე 8 სტამბა. თან, ეს გამოცემები, მაშინ რომ ქუთაისელები ყიდულობდნენ და ხელიდან ხელში გადადიოდა,  ისეთი მაღალი პოლიგრაფიითაა დაბეჭდილი, ძველ წიგნსაცავებში   დღემდე სრული ფორმითაა შემორჩენილი, არც ფურცლები გაყვითლებია, არც  დაშლილა, არც ყუა აქვს მოგლეჯილი! იცოდნენ წინაპრებმა  წიგნის ფასი, მაშ, როგორ! 

მეფე გალაკტიონი!
900-იანი წლებიდანვე დაიწყო ძველი ლიტერატურული ტრადიციების შემოქმედებითი შეფასება – გადაფასება და  ლიტერატურის ახალი საზღვრების, ახალი შესაძლებლობების  ძიებაც. კლასიკური ლექსი, რომელიც მყარად იდგა ბესიკისა და აკაკის დიდ ტრადიციებზე, თითქოს ხელშეუხებელი იყო. მაგრამ, აი,  დადგა 1914 წელი და ქართულ პოეზიას მოევლინა  ახალი მეფე – გალაკტიონ ტაბიძე, დიდი გალაკტიონი!  ტუტკუ გვარამიას სტამბაში დაბეჭდილ მის პირველ კრებულს მალევე მოჰყვა  მეორე წიგნიც და  მკითხველმა იხილა  ბრწყინვალე  პოეტური შედევრები,  არნახულ სიმაღლეზე აყვანილი, სრულიად ორიგინალურად მოდერნიზებული ქართული ლექსი, ვერსიფიკაციული სასწაულები, განუმეორებელი მხატვრული სახეები,  ბგერწერული მუსიკალობა.  გალაკტიონმა, როგორც იტყვიან,  სრულიად სხვა რელსებზე დააყენა ქართული პოეზია  და  საუკუნით გაუსწრო დროს.

ცისფერი ყანწები – გზა ევროპისაკენ
გალაკტიონის პოეზია  ქუთაისში იშვა და, განგების ნებით, აქვე უნდა  გაჩენილიყო  ქართული მწერლობის კიდევ ერთი  უმნიშვნელოვანესი მოვლენაც: 1916 წელს ასპარეზზე გამოვიდა ცისფერყანწელთა ლიტერატურული დაჯგუფება. მას წინ უძღოდა იმავე  წელს, პაოლო იაშვილის რედაქტორობით,  გამოცემა ლიტერატურული ჟურნალისა „ცისფერი ყანწები“(ორი ნომერი), რომელშიც მოთავსებული იყო პაოლოს  საპროგრამო წერილი  „პირველთქმა“ და  ტიციან ტაბიძის  სტატია“ცისფერი ყანწები“- სადაც,  ახალი ლიტერატურული დაჯგუფების ძირითადი პრინციპები იყო ჩამოყალიბებული. ლიტერატურული სკოლა, ამ სიტყვის სწორი მნიშვნელობით, მანამდე  საქართველოში არ არსებობდაო,  შენიშნავს ამ დაჯგუფების ერთ – ერთი ლიდერი,  პოეტი ვალერიან გაფრინდაშვილი. და, მართლაც,  პოეტური ტრადიციების განახლებისა და ქართული მწერლობის  ევროპულ მოდერნიზმთან დაახლოების  გზა, რომელიც  მათ აირჩიეს,  ტიციანის შეფასებისა არ იყოს, მაშინდელი გაღარიბებული  ქართული ლექსის  ფონზე, „ევროპული რადიუსით გამართვა“  იყო მთელი  ლიტერატურული სივრცისა.

ტიციან ტაბიძე:“ პირველად ჩვენ შემოვიტანეთ ქართულ ლექსში სიტყვები, რომლებიც განდევნილი იყო, ან სულ არ იხმარებოდა. პირველად დაიწერა ნამდვილი სონეტი,  ტერცინები, ტრიოლეტები,  რითმას ახალი გასაქანი მიეცა. ახლებურად ვიყენებდით ალიტერაციებს და ასონანსებს. ბოდლერის, ვერლენის,  რემბოს,  ლაფორგისა  და სხვა ფრანგი და რუსი პოეტების  თარგმანებმა  გააფართოვეს პოეტური თემებისა  და სახეების არე. ქართულმა ლექსმა ახლებური ჟღერადობა შეიძინა.“

რა  ფონი უძღოდა წინ ცისფერყანწელ პოეტურ სკოლას?

კოლაუ ნადირაძის მოგონებებიდან:
„…ქუთაისი! ეს ხომ იმპერატორულ რუსეთის თვითპყრობელობის პერიოდში წმინდა ქართული ქალაქი გახლდათ, სადაც მძლავრად გაისმოდა ერის მაჯისცემა, სადაც შეუბღალავად ირწეოდა მშობლიური აკვანი.

აქ დადიოდა უგვირგვინო მეფე დიდი აკაკი, თითქოს ოლიმპიდან ჩამოსული ზევსი.

მორიდებით და ღიმილით ეგებებოდნენ მას ბავშვები. დიდები მოკრძალებით და უდიდესი პატივისცემით ჩერდებოდნენ, რომ მისთვის სალამი მიეცათ!

ვიგონებ ქუჩაში ერთად მოსეირნე აკაკის და ვაჟა-ფშაველას, მათ ერთად გამოსვლას ქუთაისის თეატრში, მათ მიერ ლექსების წაკითხვას, მათ ხმას!

ქუთაისის იმდროინდელ ცხოვრებას ამშვენებდნენ აგრეთვე ჩვენი თაყვანსაცემი მწერლები: დავით კლდიაშვილი და ნიკო ლორთქიფანიძე.

აქ ხშირად შეგეძლოთ დაგენახათ: ნიკო ნიკოლაძე, გიორგი შერვაშიძე, კონსტანტინე ერისთავი, შალვა დადიანი მაშინ ჯერ კიდევ არა სახელოვანი მწერალი (იგი თეატრში მუშაობდა, როგორც მსახიობი, და ახლად დაწერილი ჰქონდა პიესა „გუშინდელნი“

მწერლობის ასპარეზზე უკვე გამოვლინებულნი იყვნენ გალატიონ ტაბიძე, ჯაჯუ ჯორჯიკია, კიტა აბაშიძე, ია ეკალაძე, დომენტი თომაშვილი, ცახელი, ცვარნამი (მებუკე), ივ. გომართელი

ქართული პოეზიის რენესანსის პირველ მერცხლად მე, რატომღაც, მაინც ჟურნალ „ოქროს ვერძის“ გამოსვლა მიმაჩნია(1913 წ.). იგრძნობა, რომ ქართული ლექსი იწყებს ახლებურად სუნთქვას, ახლებურად შლის ფრთებს… ახლოვდება მომენტი, როცა ქართულ მხატვრულ მეტყველების წინაშე ახალი ფართო გორიზონტი უნდა გაიშალოს…

ლიტერატურულ სარბიელზე იწყებენ გამოსვლას უფრო ახალგაზრდა მწერლები: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან  გაფრინდაშვილი, სანდრო ცირეკიძე, სერგო კლდიაშვილი, რაჟდენ გვეტაძე, შალვა აფხაიძე, დია ჩიანელი (დავით ჩხეიძე), ივანე ყიფიანი, ლელი ჯაფარიძე, ალი არსენიშვილი, გიორგი ლეონიძე, კოლაუ ნადირაძე, ნიკოლო მიწიშვილი (სირბილაძე).

ახალგაზრდა მწერალთა მოღვაწეობა კულმინაციას აღწევს 1916 წელს, როცა პაოლო იაშვილის რედაქტრობით გამოდის ჟურნალი „ცისფერი ყანწები“ და ამავე სახელწოდებით არსდება საქართველოში სიმბოლიზმის სკოლა.

არსდება, აგრეთვე (პირველად მსოფლიოში), ყოველწლიური გაზეთი „პოეზიის დღე“, 1918 წ., სადაც საქართველოს ყველა მწერალთა ახალი ნაწარმოებები ქვეყნდება.

არსდება ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ (რედ. ვ. გაფრინდაშვილი), ჟურნალი „შვილდოსანი“ (რედ. სანდრო ცირეკიძე).

გარდა ამისა, ითარგმნება და იცემა „სტეფან მალარმე“, „ახალი პოეზიის ანტოლოგია“.

იბეჭდება და გამოდის ცისფერყანწელთა წიგნები: ვ. გაფრინდაშვილის „დაისები“, ს. ცირეკიძის „მთვარეულები“, კ. ნადირაძის „ბალდახინი“...

ჩვენი მიზანი იყო ახალი სული ჩაგვედგა უკვე მოდუნებულ, შაბლონის მარწუხებში მოქცული ქართული ლექსისათვის, მოგვეშორებია მისთვის პროვინციალური ჟღერადობის ფორმა და შინაარსი.

ახალი ესთეტიკური პრინციპების დასამკვიდრებლად  ცისფერყანწელები, ლექსებისა და მინიატურების გარდა,  წერდნენ ლიტერატურულ წერილებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აწყობდნენ შემოქმედებით საღამოებს, საკმაოდ რთულ პირობებში უხდებოდათ  თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლა, ვინაიდან ჰყავდათ  ბევრი მოწინააღმდეგე  და  ავისმთქმელი, თუმცა  არასდროს დაუხევიათ  უკან.

„ქართული მწერლობის  განვითარების გზათა ორგანული დაკავშირება ევროპულ შემოქმედებით  ტენდენციებთან, ევროპული ლიტერატურული ტრადიციებისა და ევროპული მოდერნიზმის  ბუნებრივი ურთიერთშერწყმა – მხოლოდ ამ გზით დააღწევდა, მათი აზრით,  ქართული მწერლობა  თავს  პროვინციულ კაჩაკეტილობას“ (ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარი, პროფ. ავთანდილ ნიკოლეიშვილი).

 დიდი სახელები

პერიოდი, რომელსაც ვეხებით, ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებაში  კიდევ ორი დიდი  მწერლის  სახელითაა განათებული –  „ქართველ სერვანტესად“ სახელდებული დავით კლდიაშვილისა და „ქუთაისელი დენდის“ ნიკო ლორთქიფანიძის. ნიკო ლორთქიფანიძე ერთ-ერთი  პირველი ბელეტრისტია, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ მწერლობაში გზა გაუხსნა ევროპულ მოდერნიზმს და ჩვენი სულიერი კულტურა  ახალი სასიცოცხლო იმპულსებით გაამდიდრა. იგი ქართული წიაღიდან აღმოცენებული,  ჭეშმარიტად  ევროპელი მწერალია, რომელიც  მხატვრული გამოსახვის  სრულიად ორიგინალურ ფორმებს იყენებს და , ამავე დროს, მშობლიურ ლიტერატურულ ტრადიციებს განავრცობს.

ქუთაისთან იყო დაკავშირებული თავისი ადრეული შემოქმედებით გრიგოლ რობაქიძეც, მე-20 საუკუნის  ქართულ ლიტერატურაში მოდერნისტულ -ავანგარდულ  ტენდენციათა  ერთ-ერთი პირველშემომტანი და დამამკვიდრებელი მწერალი.  მან ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე  ევროპეიზაციის  ახალი ეტაპის დაწყებას. ცისფერყანწელები მის ავტორიტეტს  პატივს მიაგებდნენ და თავიანთ იდეურ მასწავლებლად თვლიდნენ. 1931 წლიდან ემიგრაციაში გადასული, გერმანიასა და შვეიცარიაში მცხოვრები   ქართველი მწერლის  ნაწარმოებებს  მაღალ შეფასებას აძლევდნენ გამოჩენილი უცხოელი მწერლები და ლიტერატურისმცოდნეები. ფაქტობრივად, გრიგოლ რობაქიძე, კომუნისტური რეჟიმის მიერ ტაბუდადებული და სამშობლოში იგნორირებული შემოქმედი, ერთ -ერთი პირველი ქართველი მწერალია, რომელიცე ვროპამ გაიცნო და მიიღო.
 
კვიცარიძის კანტორა
„წიგნის ქალაქი“ ასევე არასდროს დაივიწყებს  მრავალგზის რეპრესირებულ, ბოლშევიკური რეჟიმის მსხვერპლ ქუთაისელ მწიგნობარს,  გამომცემელსა და საზოგადო მოღვაწეს  ისიდორე კვიცარიძეს (1870-1937).  1900-იან წლებში მან ქუთაისში შექმნა საგამომცემლო და პრესის გავრცელების  კანტორა  „კოლხიდა“,  1909 წელს  – „იმერეთი“, სადაც სტუმრობდნენ  ცნობილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.  ისიდორე ბეჭდავდა და ქუთაისის გუბერნიის მთელ ტერიტორიაზე ავრცელებდა  პერიოდულ გამოცემებს, საგანმანათლებლო და  ლიტერატურულწიგნებს.

ლადო, ისიანი …

26 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ,   დატოვა წუთისოფელი ტრაგიკული ბედის  ახალგაზრდა პოეტმა, ლადო ასათიანმა (1917 – 1943). მისი ცხოვრებისა და შემოქმედებითი ბიოგრაფიის  უმეტესი ნაწილი დაკავშირებული იყო ქუთაისთან – ქალაქთან, სადაც დაიბადა და  სადაც, სიხარულთან ერთად, ბევრი ტკივილიც მიიღო მან – რეპრესირებული ოჯახის შვილმა.  მისი პოეზია მე-19 საუკუნის  ქართული კლასიკური ლირიკის  ტრადიციებზეა დაფუძნებული  და ხალხური ზეპირსიტყვიერების სისადავითა და უშუალობით ჟღერს. ლადოს  პოეზიის  მაჟორული ხმიანობა,  ეროვნულ -პატრიოტული შემართება, პოეტურ სახეთა კოლორიტულობა, საოცარი გულწრფელობა და მგრძნობელობა   იმდენად თვითმყოფადია, რომ, ფაქტობრივად, დღემდე  არ ჩამქრალა „ასათიანური ლექსის“ მცხუნვარება და სილამაზე.
 ლადო ასათიანის თაობიდან  იყო კიდევ ერთი ნიჭიერი  შემოქმედი – მეორე მსოფლიო ომში დაღუპული პოეტი -ჯარისკაცი სევერიან ისიანი (1913 -1943), რომლის პირველი ლექსი 1930 წელს დაიბეჭდა ქუთაისის საქალაქო გაზეთში. პირველ კრებულსაც მოესწრო, რომელიც 1940 წელს გამოვიდა. ის ფრონტიდან გზავნიდა ლექსებს და ოპტიმისტური შინაარსის წერილებს. სევერიან ისიანის ნარკვევი „საუბარი ფრონტელ მეგობართან“ და ოცამდე ბარათი, დ. კვირკველიასადმი მიწერილი, დაცულია ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ფონდებში.
ქუთაისელი  მწერლები

იმ 70 წლის მანძილზე, როცა ქართული კულტურა, მწერლობა იდეოლოგიური წნეხის ქვეშ  იყო მოქცეული, სხვადასხვა    ტემპით, მაინც  ჩქეფდა  ლიტერატურული ცხოვრება და შიგადაშიგ იქმნებოდა ღირებული ნაწარმოებები. ქუთაისელ ავტორთა სახელებს, მათ მიერ  გამოცემულ წიგნებს თუ გადავხედავთ, დღეს უკვე ადვილი გასარჩევია, ვინ მიდიოდა კომპრომისზე  კომუნისტურ რეჟიმთან, ან ვინ ახერხებდა, ცენზორის (მთავლიტის) თვალს მოფარებულად, თავისი შემოქმედებითი  პრინციპების დამკვიდრებას, საკუთარი ხელწერის გამომუშავებას, საინტერესო  ნაწარმოებების შექმნას. ბევრი ელვარე ნიჭი ჩაახშო კონიუნქტურამ, ერთეულებმა მაინც დააღწიეს თავი.  ცალ -ცალკე განხილვის შესაძლებლობა არა გვაქვს, აქ მხოლოდ ჩამოვთვლით სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა  ლიტერატურული „ბექგრაუნდის“ მქონე, პოპულარული თუ ნაკლებადცნობილი  იმ მწერლების სიას, ქუთაისში რომ მოღვაწეობდნენ, ან ცხოვრების გარკვეული პერიოდით  დაუკავშირდნენ მას:
დია ჩიანელი (დავით ჩხეიძე), ვასო გვეტაძე, დომენტი ოყრეშიძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე,  გიორგი გიასელი (სამხარაძე), ანდრია სინაური (სინაურიძე), დავით კვიცარიძე,  სიმონ არველაძე, დომენტი ახობაძე, ლილი ნუცუბიძე, რუთა ბეროძე, მამია ასათიანი, მიხეილ კაკიტელაშვილი, ზურაბ კუხიანიძე, დავით ხუროძე, შოთა ნიჟარაძე, სერგო ფხაკაძე, სერგო მაღლაფერიძე, ლევან სანიკიძე, რეზო მიშველაძე,ვახტანგ ჯავახაძე, გივი ალხაზიშვილი, ჯანსუღ ღვინჯილია, ირაკლი ბაზაძე, სულხან აბდალაძე, არჩილ ჟორჟოლიანი (სეტიდანი), ტარიელ ჩარქსელიანი, სერგო ჭეიშვილი, თეიმურაზ ლანჩავა, ზაალ ებანოიძე, ავთანდილ ყურაშვილი, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ცირა შალაშვილი, ბუდუ კუპატაშვილი, იმედო გაბისონია, ჯანიკო გაბუნია, კირა და ნესტან კვეიძეები, რეზო ნაჭყებია, რეზო კლდიაშვილი, ლეილა მესხი, დოდო ჭუმბურიძე,  შალვა ცანავა, გოგი ლაბაძე, კლარენს შამფრიანი, ჯანო ონიანი და სხვები. 80-90-იანი წლებიდან ქუთაისის ლიტერატურულ სივრცეში ჩნდება ახალი სახელები და ახალი შემოქმედებითი ბიოგრაფიებიც: ომარ გვეტაძე, თემურ ამყოლაძე,  გია ბენიძე (მარსიან),  ელგუჯა თავბერიძე, მანანა ღურჭუმალიძე, გივი ტყეშელაშვილი, ცირა ყურაშვილი, ნანა გასვიანი, ბელა უჩაძე, გია ხოფერია, გიზო თავაძე, სერგო წურწუმია,  იოსებ იარღანაშვილი, თენგიზ თოფურიძე და სხვები.
1970-იანი წლებიდან ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს (შემდეგში – საქართველოს)“ ქუთაისის ფილიალი, რომლის მთავარი რედაქტორი და ხელმძღვანელი იყო  ცნობილი პოეტი ზურაბ კუხიანიძე. აქ გამოიცა  არაერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო პროზაული, პოეტური, სამეცნიერო,  შემეცნებითი შინაარსის წიგნი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს  უმაღლეს დონეზე შესრულებული  წიგნის გრაფიკა – მხატვარ -გრაფიკოს ოთარ ქანდარიას სკრუპულოზური, თვითმყოფადი მანერით  შექმნილი ნამუშევრები.


რეზო  და  რეზო
ქუთაისის ეზოთერიკა, მისი ტრადიციული   თვითმყოფადობა და კოლორიტი, ქალაქის მკვიდრთა ხასიათები, იუმორი და  დიდი ჰუმანიზმი  გენიალურად გასდევს ორი გამოჩენილი  ქუთაისელი მწერლის – რეზო ჭეიშვილისა და რეზო გაბრიაძის  შემოქმედებას. თუ კითხვას დავსვამთ, ქართულ ლიტერატურასა და  კინოში (მარიონეტულ თეატრში) ვინ შეძლო ყველაზე განსაკუთრებული მანერით დაეხატა ქუთაისის სილამაზე, ალბათ, უპირობოდ, ეს ორი დიდი შემოქმედი უნდა დავასახელოთ.  რეზო ჭეიშვილის  ნაწარმოებებში -„მუსიკა ქარში,“, „ქარების დაბრუნება“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“(„დინოზავრები დადიან ქალაქში“) და სხვ., რეზო გაბრიაძის „შერეკილებში“(„უცხო ჩიტი“), „ქუთაისი ქალაქია“, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „თეთრი ხიდი“ და სხვ. – ხაზგასმულია  ქუთაისური გარემო და ხასიათები, ზოგადსაკაცობრიო პრობლემები მშობლიურ წიაღშია წარმოჩენილი.
 
„ლიტერატურული“ ძეგლები ქუთაისში

„წიგნის ქალაქში“, მადლიერების ნიშნად, არაერთი მწერლის სახელი ეწოდა  ქუჩებს, სკვერებს, დაწესებულებებს, დგას  ძეგლები, რომლებიც მხატვრული ღირებულებითაც გამორჩეულია. მათ შორის:“ილია“ (მოქანდაკე შ. მიქატაძე), „აკაკი“(ორი  სკულპტურა, რომელთა ავტორები არიან: ვ. თოფურიძე, რ. რამიშვილი),“ვაჟა“(ბ. ავალიშვილი),  „დავით კლდიაშვილი“(გ. ნიკოლაძე), „გალაკტიონი და მუზა“(გ. შხვაცაბაია), „გიმნაზიელი მაიაკოვსკი“(ვ. მიზანდარი და გ. ნიკოლაძე), „“ლადო ასათიანი“(გ. ნიკოლაძე), „ზურაბ კუხიანიძე“ (ა. კიკვაძე), „ოთარ მამფორია“(ა. კიკვაძე), „ბორის გაპონოვი“(გ. კიკვაძე) .
ახალგაზრდობის  პარკში (დირექტორი – პოეტი გიზო თავაძე) შექმნილია  მწერალთა სახელობის მწვანე  ხეივნები, დგას მათი ბიუსტები. აქვე, ლიტერატურულ სარდაფში,  ტარდება შემოქმედებითი  შეხვედრა -საღამოები, წიგნების პრეზენტაციები.
  

კონგენიალური თარგმანი
ქუთაისში ცხოვრობდა და სიცოცხლის მნიშვნელოვანი  ნაწილი  აქ გაატარა ებრაელმა პოეტმა, მთარგმნელმა, ისრაელის ეროვნული აკადემიის ნამდვილმა წევრმა, შოთა რუსთაველის, ჩერნიხოვსკისა და ისრაელის პრეზიდენტის  სახელობის პრემიების ლაურეატმა ბორის გაპონოვმა.  „ვეფხისტყაოსნის“ გაპონოვისეული თარგმანი აღიარებულია, როგორც უაღრესად დიდმნიშვნელოვანი მოვლენა, ძალზე ღირებული ნაშრომი თანამედროვე  ებრაული პოეტური და ენობრივი სტრუქტურის დახვეწისათვის.  ზურაბ კიკნაძის შეფასებით, პოეტური ტალანტი, ენობრივი ალღო, ვირტუოზულობამდე ასული მხატვრული ოსტატობა, რუსთველური დაუფლება ენის სტიქიისა ამ თარგმანს დედნის კონგენიალურს ხდის. ებრაული ენის მკვლევარი ნ. ბაბალიკაშვილი კი აღნიშნავს : „ვეფხისტყაოსნის“ გაპონოვისეულ თარგმანს შენარცუნებული აქვს დედნისეული ტექსტის შინაარსობრივი, აზრობრივი და მხატვრულ – გამომსახველობითი სიდიადე“.
1989 წლიდან ქუთაისის უძველეს უბანში (ებრაელთა უბანში) შაუმიანის ქუჩას ბორის გაპონოვის სახელი ეწოდა; დიდ სინაგოგასთან (ებრაელთა დიდ ლოცვასთან) დგას  მისი ძეგლი.

დღეს


21-ე საუკუნემ ახალი ესთეტიკა შემოიტანა ქუთაისში, იქმნება ახალგაზრდული ლიტერატურული  ჯგუფები, ჩნდება ახალი სახელები, მკვიდრდება ევროპულ და ამერიკულ ლიტერატურასთან დაახლოებული ტენდენციები. ქალაქში მუშაობენ  ახალი გამომცემლობები, სტამბები… მკითხველს ემსახურება 150 წლის საჯარო ბიბლიოთეკა, 13 საქალაქო ფილიალით.

დღეს ქუთაისელ მწერალთა (და არა მხოლოდ მათი) პროდუქცია ქალაქში გამომავალ შემდეგ ჟურნალებში იბეჭდება: „განთიადი“ (გამოდის 1974 წლიდან. სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ: გურამ ფანჯიკიძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე,  რეზო ჭეიშვილი, ავთანდილ  ყურაშვილი, ამჟამად რედაქტორია თემურ ამყოლაძე), „მწვანეყვავილა“ (დააფუძნა რეზო ჭეიშვილმა, ამჟამად რედაქტორია გიზო თავაძე), „აფინაჟი (რედაქტორ -დამფუძნებელი ლევან  გორვანელი), გაზეთი „უქიმერიონი“(მთავარი რედაქტორი – საქართველოს  მწერალთა იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თეიმურაზ ლანჩავა), ჟურნალი „თვალსაზრისი“ (დააფუძნეს ლალი და ლელა გურგენიძეებმა). არაერთი   ქუთაისელი მწერლის ნაწარმოებებია თარგმნილი სხვადასხვა ენაზე,  ქუთაისშიც მუშაობენ  ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, რუსულ და სხვა ენებიდან  წიგნების  თარგმნაზე.  აღსანიშნავია ქუთაისელი მთარგმნელის გია ბერაძის  სერიოზული  შრომა. მან ინგლისურიდან 60-მდე კლასიკოსისა  და   თანამედროვე ავტორის ნაწარმოებები გადმოაქართულა. მათ შორისაა: ჯეიმზ ჯოისი, სამუელ ბეკეტი, ვირჯინია ვულფი, ჯერომ სელინჯერი,  სალმან რუშდი,  ჰერბერტ უელსი, ჯეინ ოსტინი, ჯონ მაქსველ კუტზეე და სხვ.


 იუნესკოს ლიტერატურული ქალაქი
2023 წლის 31 ოქტომბერს, მსოფლიო ქალაქების  დღეზე, ცნობილი გახდა, რომ ქუთაისი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა ლიტერატურის მიმართულებით.
ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ, „ ახალი სტატუსის თანახმად, მომავალი 4 წლის განმავლობაში ქალაქის  კულტურული დინამიკა ორიენტირებული იქნება  ლიტერატურული პროცესებისა და სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი  თანამშრომლობის განვითარებაზე.  საერთაშორისო გაცვლა და თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს. აღნიშნული სტატუსი მიღება ქუთაისისათვის უდიდესი შანსია, რომ მდიდარ ლიტერატურულ  ტრადიციაზე დაყრდნობით შექმნას  სრულიად ახალი კულტურული იდენტობა.“

… ასეთი სიახლეებით ხვდება  მომავალს ქუთაისი,- როგორც მას  ირაკლი აბაშიძე ერთ დროს უწოდებდა, -„ქართული დეკადენტური ახალგაზრდობის „მონმარტრი.“