მედიტერანიის უკიდურეს წერტილში

გააზიარე:

ავტორი: თამთა თურმანიძე


“ქალაქი, რომლისკენაც ერთაოზი დაიძრა, დღესაც არ აღინიშნება ყველა რუკაზე და ჩვენს დროშიაც “სხვადასხვა დასახლებულ პუნქტად” იხსენიება… ეკლარის ქვით ნაშენი სახლებიდან მუდამ გიტარის კვნესა ისმოდა. ვენახებით დატყვევებულ ქალაქში ნახევარი მოსახლეობა მთვრალი იყო, მეორე ნახევარი კი უფრო მთვრალი, ანდა პირიქით… სახელგანთქმულ ტრაგიკოსს, უბადლო ჰამლეტს, დუქნიდან წამოყოლილი ღვინის მწერები დასდევდნენ სცენაზე, როგორც თავღია შტოფიანს, ტაშის დროს ჭერიდან კეტეტილები ცვიოდა. ცხენოსნები ტროტუარზე დასეირნობდნენ. უყვარდათ სიტყვები: “გენიოზი”, “გრადუზი”, “ესენცია”, “ბალზაკი” – ვკითხულობთ რეზო გაბრიაძის “შერეკილებში” და მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ერთხელაც არ ახსენებს ქალაქის სახელს, ზუსტად ვიცით, რომ ეს ქალაქი ქუთაისია.

ძნელი სათქმელია, თუ რა განსაზღვრავს ამა თუ იმ ქალაქის თავისებურებას – ადგილმდებარეობა, ლანდშაფტი, ფუნქცია, რომელსაც ასრულებდა ის საკუთარი ქვეყნის ისტორიაში თუ იქ მცხოვრები ადამიანები. ალბათ ყველაფერი ერთად, რადგან თითოეულ ქალაქს საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი რიტმი, ენერგია, სამყაროსთან დამოკიდებულება და ყველა გარემოების ერთობლიობით ჩამოყალიბებული ხასიათი აქვს.

იშვიათია ხელოვანი, რომელმაც შეძლო თავისი ბავშვობის ქალაქი საკუთარი შემოქმედების გეოგრაფიად ექცია და მსოფლიო ლიტერატურის, მხატვრობის, კინოსა თუ თეატრის რუკაზე დამაჯერებლად მოენიშნა.

რეზო გაბრიაძის ნაწარმოებებში, სცენარი იქნება ეს, სპექტაკლი, მოთხრობები თუ ნახატები, ცოცხლობს ის ქუთაისი, რომელიც უკვე მხოლოდ მოგონებებში და ძველი ქუთაისური ოჯახების საოჯახო ალბომებში თუ არსებობს. თავის შემოქმედებაში გაბრიაძე საკუთარ მეხსიერებაში მოგზაურობს  და მასთან ერთად ჩვენც, მისი მკითხველი თუ მაყურებლი ვხედავთ ყველაფერს, რაც მისი ბავშვობის მოგონებებში ცოცხლობს

ალბათ არავის არ გადმოუცია ქუთაისის ხასიათი, განწყობა და აქაური ჰაერივით სინესტეშეპარული მსუბუქი იუმორი ისეთი ალერსითა და სიყვარულით, როგორც ეს რეზო გაბრიაძემ გააკეთა. თავად მას რომ დავესესხოთ: „ყველაფერი ბავშვობაში ყალიბდება და დღეს უკვე აღარ ვიცი მე გამოვიგონე ეს ჩემი ბავშვობის ქალაქი თუ მისმა ბინადრებმა თავად განსაზღვრეს ცხოვრების ჩემებური აღქმა”. მართლაც, ძნელია იმ ზღვრის პოვნა, სადაც მთავრდება რეალური ქალაქი და იწყება ოცნებებსა და ფანტაზიებში მცხოვრები პატარა ბიჭის შთაბეჭდილებები და მოგონებები მასზე.

2017 წელს ფრანკფურტის საერთაშორისო ბაზრობაზე წარმოდგენილი სამხატვრო ალბომი „გაბრიაძე – საქართველოს პოეტი-მხატვარი“ ასეთი ფრაზით იწყება: „დავიბადე ქუთაისში, მედიტერანიის უკიდურეს წერტილში, ქრისტიანულ ქვეყანაში, დიდებული ბიზანტიის ნარჩენებზე.“

 რეზო გაბრიაძის მიერ დახატული თუ აღწერილი ქუთაისი ხმელთაშუაზღვისპირული კულტურის პატარა ქალაქია, ეკლარის ქვისგან ნათალი, კრამიტით გადახურული სახლებით, ფილაქნით მოკირწლული ქუჩებით, კათოლიკური უბნის პირამიდული კვიპაროსებით და ვარდის ბუჩქებსა და გლიცინიებში ჩაფლული ეზოებით. აქ, საზაფხულო კინოთეატრ „უდარნიკში“ ხულიგნები „ტარზანის“ საყურებლად  ხეებზე ძვრებიან, დანარჩენი უბილეთო მაყურებელი კი ფილმს, გარშემო სახლებზე არეკლილი ციმციმით უყურებს და თან ეკრანიდან გადმოღვრილ მუსიკას იმახსოვრებს, რომ მერე ეს მელოდიები, „მაგნოლიით არომატიზებული და გამდიდრებული“, სამ ხმაში გაშალოს და გაამრავლოს. აქ, ამ პატარა და მყუდრო ქალაქში, შობის ღამეს, ნახევრად დიაკონი, აისორი საბა  გორის წმინდა გიორგის ეკლესიის გაბზარული ზარის ხმას აფენს გარინდულ ქუთაისს და აქ, „სამაკატკიანი“ პატარა ბიჭი, თეთრ ხიდთან შეკიდებულ #6 ბიბლიოთეკისკენ მიიჩქარის ვირთხა იპოლიტესა და დიუმას მუშკეტერებთან შესახვედრად.

ქუთაისი გაბრიაძის ყველა ნაწარმოებში ცხოვრობს, მაშინაც, კი თუ მისი უშუალო ხსენება არ ხდება, მაგრამ სხვადასხვა დამახასიათებელი ნიშნებით მაინც ძალიან იოლი საცნობია. გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მიხეილ თუმანიშვილმა   დადგა სპექტაკლი „ჩვენი პატარა ქალაქი“ და წინასწარ გაცხადებული რომ არ ყოფილიყო,რეზო გაბრიაძის მიერ თორნტონ უაილდერის პიესის გადმოქართულებული ვარიანტიაო, არავის შეეპარებოდა ეჭვი, რომ პატივცემული ექიმის დიმიტრი ალავიძის ოჯახისა და ახლობლების ისტორია მხოლოდ ქუთაისში შეიძლება მომხდარიყო. სპექტაკლის ყველაზე ემოციური სცენა კი, საფიჩხიის ან ოღასკურას სასაფლაოზე გათამაშებულიყო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი „ჩემი პატარა ქალაქის“ დასაწყისია:

„სანამ ცისკრის ვარსკვლავი გაქრება, მოდი, გავერკვეთ ქალაქის გეოგრაფიაში, რომ მომავალში ვიცოდეთ, სად რა მდებარეობს და ვინ საით მიემართება. სცენის უკანა კედლის გასწვრივ „ბაღის კიდეა”. ასე უწოდებენ ოდითვე ტროტუარს, რომელიც მიჰყვება ბაღს, ხოლო თვით ბაღს – „ბულვარს“, გაღმელი, დაუხამსებელი ხალხი კი -„გულვარდს“. ამ ბაღის საუკეთესო დრომ დიდი ხნის წინათ განვლო.

რა არ ახსოვს ჭადრების ხეივნებს ,- ახსოვს პოეტი, ახსოვს პოეტის ეტლში შებმული სტუდენტები, სუნამოთი დანამული მარაოები, სიმფონიური და აზიური ორკესტრები, ქველმოქმედებითი ლატარიები ღარიბ ბავშთათვის ნაძვის ხის ფულის შესაგროვებლად. ახლა ხანდახან თუ ჩაივლის ლამაზად სევდიანი ქალბატონი ინგაროზა, „კრასნაია მოსკვათი” მკრთალად დანამულ აბრეშუმხავერდის კაბაში გამოწყობილი, საკომისიო მაღაზიის უდროოდ და იოლად წასული დირექტორის ქვრივი. ნათელი დაადგეს რაფაელს, – რა სალამი ჰქონდა, რა ტკბილი სიტყვა! „

რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილ სამყაროში ის ადამიანებიც აგრძელებენ ცხოვრებას, რომლებიც ოდესღაც ამ ქალაქში ბინადრობდნენ და სწორედ გაბრიაძის წყალობით შეიძინეს უკვდავება: ექიმი ისააკ მინოვიჩი, რომელიც რეგულარულად ამშვიდებს რეზოს დედა სონიჩკას, რომ მისი ბიჭი უბრალოდ  ძალიან მგრძნობიარე ბავშვია და მისი ფანტაზიები ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის; ადამიანი-მანქანა ჩიტო “სჩასტლივი ნომრით ГК-45-54”, რომელსაც მძღოლები პატივს სცემდნენ, გზას უთმობდნენ და პირველ მაისს „აბგონზეც“ კი უშვებდნენ; მილიციის უფროსი, პირქუში ვალტერ კაკაურიძე და ვინმე ტიკარაძე, რომელიც არც თუ საიამოვნო კონტექსტში თითქმის ყველა მის ნაწარმოებში ფიგურირებს: “მდინარის იქით გორაა, გორის იქით კი ტიკარაძე ცხოვრობს, ფენომენალური ტუტუცი. მადლობა ღმერთს, იმასაც არავითარი საქმე არა აქვს ჩვენთან და სიტყვას გაძლევთ, დღეს საღამოს მისი ხსენება აქ არ იქნება.” („ჩვენი პატარა ქალაქი“)

ერთი თავისებურება ახასიათებს რეზო გაბრიაძის შემოქმედებას – საკმარისია  პირველი ორი წინადადება წაიკითხო და უკვე იქ, მისი ბავშვობის ქალაქში აღმოჩნდები:

“ქუჩა კი უკვე თეთრი იყო. ნათურის ქვეშ უფრო ხშირი ფიფქები მოდიოდენ, მოქვეითოდ შორდებოდენ ერთმანეთს და იფანტებოდნენ სიბნელეში.“ – კითხულობ ამ წინადადებებს და უცბად აღმოჩნდები 1949 წლის თოვლიან ქუთაისში, სადაც ყველა ფანჯარა ჩაბნელებულია, რადგან მთავრობის აკრძალვის მიუხედავად “ყველა დარაბებს ხურავს, – და ადიალებს კიდებენ და რაც აქვთ ყველაფერს კიდებენ, შუქი რომ არ გამოვიდეს“ და ძველი კეთილი შობის აღსანიშნავად ემზადებიან. აღმოჩნდები ამ დათოვლილ ქალაქში და ექიმსა და ჩიტოსთან ერთად გადიხარ გრძელ გზას ქარბუქში, რომ ბოლოს ერთ, თაფლის სანთელში გამოტარებული შუქით დახატულ ოთახში აღმოჩნდე, მაკრატლით გალამაზებულ გაზეთ „ინდუსტრიალური ქუთაისით“ დაფარულ მაგიდასთან, სადაც ქუთაისის მფარველი ფარული ანგელოზი ერმონია გელოდება, რომ  ყველას და მათ შორის საკუთარ თავსაც ყველაფერი აპატიო.

კიდევ ერთი ჯადოსნური ნაწილი რეზო გაბრიაძის შემოქმედებაში ქალაქის გეოგრაფიაა, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა შენთვის, თუ ქუთაისელი ხარ. კითხულობ და აზრით მიყვები მის პერსონაჟებს, ცდილობ გამოიცნო ის გზები და მარშრუტები, რომლებზეც გადაადგილდებიან გმირები – დაორთქლილ ვიტრინებიანი #4 გასტრონომიდან გამოსული ექიმი, იქ ნაყიდი 200 გრ. მონპასიეთი და პადუშკა-კანფეტით; თეთრ ხიდზე მიმავალი ერმონიას ოპელ-კაპიტანი; ნავთის რიგი საფიჩხიის აღმართს კუზი, რომ უსწორდება, იქ; კათოლიკეთა უბანში, თუმანიშვილების სახლში, თავის მასწავლებლებთან, გაუთხოვარ დებ აგნესა და მერისთან მიმავალი პატარა რეზო, მანამდე, რომ #6 ბიბილიოთეკაში იმყოფებოდა, სადაც შესვლა მისგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვდა, რადგან ვინმეს რომ დაენახა – სცემდა, როგორც სირისტიანს.

ასეთია, ზოგჯერ უცნაურად სასაცილო, მაგრამ ყოველთვის სიცოცხლის ხალისით სავსე ადამიანებით დასახლებული, მაისის მზით და ვარდის სურნელით გამთბარი გაბრიაძის მყუდრო ქუთაისი, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩაენაცვლა ადამიანთა წარმოდგენაში ნამდვილ ქალაქს. ასეთია გაბრიაძის კოსმოსი, რომლის ნაწილი მასთან პირველი შეხებისთანავე ხდები, მითუმეტეს, თუ, გაგიმართლა და მედიტერანიის უკიდურეს წერტილში ცხოვრობ.