ავტორი: მარიამ მებუკე
იმერეთის რეგიონში საბჭოთა არქიტექტურაზე საუბრისას პირველად შეიძლება, წყალტუბოს სანატორიუმები გაგვახსენდეს. დღეს ჩემი მიზანი ქუთაისის „დამალული“, ზოგჯერ შეუმჩნეველი არქიტექტურის ნიმუშების აღმოჩენა და მათზე საუბარია.
იქამდე, სანამ კონკრეტულ ნაგებობებზე ვისაუბრებთ, ზოგადად, მცირედით მიმოვიხილოთ საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო საინტერესო ხდება ხელოვნების მკვლევართათვის. ეს მზარდი ინტერესი რამდენიმე ფაქტორით შეიძლება, იყოს განპირობებული: მდიდარი მოდერნისტული არქიტექტურული მემკვიდრეობის აღმოჩენა, რომელიც ცივი ომის შედეგად მოწყვეტილი იყო დასავლურ ისტორიას. ინტერესი მნიშვნელოვნად არის განპირობებული იმითაც, რომ საბჭოთა პერიოდის მრავალი ნამუშევრის დაკარგვის შემდეგ, პოსტსაბჭოთა საზოგადოებებმა დაიწყეს ამ შენობების მნიშვნელობის გაცნობიერება არა მხოლოდ როგორც არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების, არამედ როგორც მათი კოლექტიური იდენტობის მნიშვნელოვანი სოციალურ-კულტურული კომპონენტების აღიარების თვალსაზრისით.[1] საბჭოთა არქიტექტურული მოდერნიზმი იყო საბჭოთა კავშირში სამი ძირითადი არქიტექტურული მიმდინარეობიდან ერთ-ერთი. XXI საუკუნემდე საბჭოთა მოდერნიზმი არქიტექტურაში ცალკე მიმდინარეობად არ არსებობდა. ამ მიმდინარეობას მიეკუთვნება 1955 წლიდან 1991 წლამდე შექმნილი ნიმუშები. მოდერნიზმზე გადასვლა დაიწყო ცენტრალური კომიტეტისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს 1955 წლის 4 ნოემბრის დადგენილებით, „დაპროექტებასა და მშენებლობაში ექსცესების აღმოფხვრის შესახებ.“
არქიტექტურული მოდერნიზმი სსრკ-ში დასავლეთიდან შემოდის და უკვე აქ საბჭოთა ფორმად გარდაიქმნება. ეგრეთ წოდებული „ხრუშჩოვის დათბობის“ პერიოდში სპეციალიზებული პროფესიული ჟურნალები ღიად ხელმისაწვდომი გახდა საბჭოთა არქიტექტორებისთვის, და დაიწყო გამოცდილების გაცვლა პოლონეთის, კუბისა და უნგრეთის არქიტექტორებთან. მოდერნიზმის საერთაშორისო ხასიათი, ფაქტობრივად, მისი ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იყო.
უფრო კონკრეტულად, საბჭოთა მოდერნიზმის სათავეები უნდა ვიპოვოთ პირდაპირ ლე კორბუზიეს ნამუშევრებში, რომელმაც 1950-იანი წლებისთვის საბჭოთა კონსტრუქტივიზმის საფუძვლები ახალ, პირად არქიტექტურულ სტილად გადაამუშავა.
რაც შეეხება ტერმინ „საბჭოთა არქიტექტურული მოდერნიზმს“, ის შემოიღეს 2010-იანი წლების დასაწყისში შემოიღეს. მანამდე ის არსებითად არ არსებობდა. საბჭოთა არქიტექტურული მოდერნიზმისთვის დღემდე არ არის განსაზღვრული ზუსტი კრიტერიუმები, გარდა შედარებით ნათელი ქრონოლოგიური პერიოდისა.
ამ სტილის იდენტიფიცირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფრანგმა ფოტოგრაფმა ფრედერიკ შობენმა, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში მოგზაურობდა ყოფილ საბჭოთა კავშირში და იღებდა არაერთ შენობას, რომლებიც იმ დროს ექსკლუზიურად ბრუტალიზმის ნიმუშებად ითვლებოდა.
აქ კიდევ ერთი არქიტექტურული სტილი, „ბრუტალიზმი“ შემოდის. რთული სათქმელია იმ საზღვრების შესახებ, რომლებიც ბრუტალიზმსა და მოდერნიზმს შორის შეიძლება, არსებობდეს, რადგან მრავალი მკვლევრის აზრით, ბრუტალიზმი გახდა საბჭოთა მოდერნიზმის საფუძველი. საბჭოთა მოდერნიზმისთვის, ისევე როგორც ბრუტალიზმისთვის, დამახასიათებელი იყო მასიური ფორმებისა და კონსტრუქციების ფუნქციურობა, ისევე, როგორც შენობების ურბანული იერსახე. კომპოზიციური გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მოწინავე იდეების მასშტაბისა და საბჭოთა ცხოვრების ანტიბურჟუაზიული პრინციპების ასახვას. როგორც ბრუტალიზმში, საბჭოთა მოდერნიზმის ძირითადი სამშენებლო მასალაც – რკინაბეტონი, ხოლო არქიტექტურული დაკვეთებისადმი მიდგომა კომპლექსური იყო, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არასწორი იქნებოდა ამ არქიტექტურული სტილის სრულად გათანაბრება ბრუტალიზმთან, რადგან მათ შორის არსებობდა განსხვავებები. მაგალითად, საბჭოთა მოდერნიზმის ნიშან-თვისება იყო მოსაპირკეთებელი მასალების გამოყენება (მარმარილო, ქვიშაქვა, ნიჟარქვა, კერამიკა და სხვა).
ამ სტილის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება (განსაკუთრებით მისი განვითარების ეტაპზე) იყო დეკორატიულობა, მაგალითად, მოზაიკური პანელები, ბარელიეფები და მონუმენტური ხელოვნების სხვა მოდერნისტული დეკორატიული ელემენტები. ასევე ტიპური იყო შენობის ზედაპირების მასიური შემინვა, რაც ნაწილობრივ კონსტრუქტივიზმს მოგვაგონებდა.
ქუთაისის საბჭოთა არქიტექტურა ამ სტილის ასახვის კარგი მაგალითია. მონუმენტური ხელოვნების ნაწილში უნდა ვახსენოთ ქუთაისში საბჭოთა მოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოვლინება – მოზაიკური პანელები და ბარელიეფები.
საბჭოთა პერიოდის მოზაიკებიდან ქუთაისში გამორჩეულია საცხოვრებელი კორპუსი ჭავჭავაძის გამზირზე. ეს მოზაიკა ასახავს ქუთაისის, როგორც წარმოების ცენტრის მნიშვნელობას მასზე გამოსახული ქარხნის მუშებითა და დანადგარებით. მიკერძოებული სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საბჭოთა არქიტექტურის ამ ტიპის ნიმუშების შინაარსი არ უნდა განსაზღვრავდეს მის ღირებულებას, რადგან, როგორც ამაზე ადრეც გვისაუბრია, საბჭოთა ხელოვნება იმ პროპაგანდის ასახვა იყო, რაც რეჟიმის პირობებში საჭირო იყო ადამიანების აზროვნების ტოტალურად შესაცვლელად, შესაბამისად, ჩემი მიზანი ამჯერად იმ ტექნიკის ღირებულებაზე საუბარია, რითაც ეს არქიტექტურული ნიმუშები გამოირჩევა და არა მისი შინაარსის ღირებულებაზე. ჭავჭავაძის გამზირზე ბევრი მოზაიკაა, მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდას არ ასახავს და აბსტრაქტულ ხელოვნების ნიმუშად შეიძლება, შეფასდეს, არის კიდევ ერთ კორპუსზე გამოსახული მოზაიკა, რომელზეც რთულად გასარჩევია რაიმე კონკრეტული სიუჟეტი. მოზაიკას შევხვდებით ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის კედელზეც. ასევე ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის მთავარ პანელზე შეხვდებით მამაკაცისა და ქალის გამოსახულებას, რომლებიც მუშათა ფორმაში არიან წარმოდგენილნი. მოზაიკათა ნაწილი დროთა განმავლობაში დროის ხელით დაზიანდა და შესაბამისად, რთულია, კონკრეტული ფიგურების უფრო ზუსტად გარჩევა. ქარხნის დასავლეთ ბოლოში სპორტთან დაკავშირებული მოზაიკის ნაშთებია, ხოლო მთავარი შესასვლელის აღმოსავლეთით კიდევ ერთი კედელია, რომელზეც აბსტრაქტული მოზაიკური ხელოვნების ნიმუშია გამოსახული. მიტოვებული ჩაის პავილიონი ინახავს კიდევ ერთ ასეთ ნამუშევარს, რომელიც შედარებით დიდი ფილებითაა შექმნილი. შენობა სხვადასხვა პერსონაჟების სიმრავლით გამოირჩევა, მათ შორის მტრედებით, ასევე ახალგაზრდა პიონერებით – რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა საბჭოთა პროპაგანდისტული ხელოვნების, „პიონერობა კარგი და აუცილებელია“. საბჭოთა პერიოდის მოზაიკაზე არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელს საქართველოში, მეტი ინფორმაციის მისაღებად არსებობს დამატებითი ლიტერატურაც, რომელსაც დაინტერესებული მკითხველი შეიძლება, გაეცნოს. ერთ-ერთი მათგანია ნინი ფალავანდიშვილის „საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში“. ასევე არსებობს ონლაინ რუკაც, „გვიანი საბჭოთა მოდერნიზმი და საბჭოთა პერიოდის მოზაიკები საქართველოში“.
კიდევ ერთი საინტერესო ნიმუშია საბჭოთა პერიოდის პანო, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მას სახელწოდებაც აქვს, „კოლხეთი“. ის მხატვარ ბერნარდ (ფრანც) ნებიერიძეს ეკუთვნის. ის ამ ადგილას 1995 წლიდან გვხვდება და დღემდე ხელშეუხებელია.
რაც შეეხება შენობებს, მათგან გამორჩეულია სააქციო საზოგადოება „ელექტრომექანიკოსის“ ნაგებობა. სტალინური არქიტექტურის სტილში დაპროექტებული შენობის შესასვლელთან შეხვდებით მემორიალური დაფასაც, რომელიც აღწერს მისი, როგორც კულტურული ცენტრის ფუნქციას, თუმცა, ცხადია, ის ახლა ამ მიზნით აღარ გამოიყენება. კულტურული ცენტრი მე-20 საუკუნის შუა წლებით თარიღდება.
ამ მიმოხილვისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ გალაკტიონ ტაბიძის ძეგლიც. ეს ძეგლი 1990 წელს შეიქმნა, ზუსტად მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაშლის პირას იყო და მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაიას ნამუშევარია. აქვე, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიყენებიათ აპლიკაცია “ფანტომები: არაჩვეულებრივი გამოფენა“, სადაც ერთ-ერთი ზონა სწორედ გალაკტიონის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაა, გირჩევთ გამოსცადოთ.
უნდა აღვნიშნოთ „შრომის დიდების მემორიალიც“, რომელიც 1975 წელს შოთა ბოსტანაშვილისა და ვახტანგ დავითაიას მიერ შეიქმნა.
“მემორიალი აწარმოებს სიტუაციათა სერიას: ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აქ სხვადასხვა მოქანდაკის სკულპტურული ნამუშევრების პრეზენტაცია უნდა შედგეს. ამ ადგილიდან ისინი გადაინაცვლებენ სამხატვრო გალერეაში. ქუთაისის მემორიალი ქუთაისის კულტურული ცხოვრების არქიტექტურული გულია, უცვლელი სცენაა ცვალებადი მონაწილეებით (ქანდაკებები, მოქალაქეები). მუდმივის და ცვალებადის ეს ერთდოულობა მემორიალის მთავარი კულტუროლოგიური შინაარსია”. – დავით ბოსტანაშვილი.
ეს სტატია გარკვეულწილად გზამკვლევი გამოვიდა მათთვის, ვისაც საბჭოთა ქუთაისის არქიტექტურის, ხელოვნების ნიმუშები აინტერესებს, ხოლო მათთვის, ვინც ისედაც იცის მათ შესახებ, ერთგვარი შეხსენებაა.
საბჭოთა მოდერნულობის მშენებლობის კოლექტიური პროექტი 1990-იანი წლების დასაწყისში სსრკ-ის დაშლით დასრულდა. ამ მოდერნულობის უტოპიური პროექტების უმრავლესობა დარჩა ფრაგმენტებად ან საბოლოოდ ჩაიშალა.
-
Soviet Modernism – a parallel history of architecture and urbanism that is an issue of current debate
https://www.goethe.de/ins/ru/en/kul/sup/sms/exh/21967504.html?srsltid=AfmBOoqQZdOJdn1xLtxaGP93eU4vDWsD9b6dJYqzuolXAOqWu-1j3zL9 ↑
