ავტორი: სოფიკო ყანჩაველი
ამ ქალაქს აქვს სული, არისტოკრატული და რაღაცნაირად დიდებული. აქვს ფერი, – მცენარის და მზის ნაზავი. აქვს მკაცრი გეომეტრია, მრუდეც და ჩახვეულიც. თავის დროზე გასული საუკუნის 50-იან წლებში, ოფიციალურად კურორტად სახელდებული ქალაქის დასასვენებელი ფუნქციით აშენებული სანატორიუმები კონცეპტუალურად სხვადასხვა მიმდინარეობების არქიტექტურულ შედევრებად წარმოგვიდგება. სულ რამდენიმე წლის წინ, ფორმის, სინათლის და ბუნების ხელახალი დაბადების საწყისების ქალაქმა, მსახიობ ჯიმ ქერის, შვედი არტისტების, რაიან კუპმანსისა და ალის ვექსელის მიერ შესრულებული მოძრავი NFT-ნამუშევრის შეძენა გადააწყვეტინა, რომელზეც წყალტუბოს მიტოვებული სანატორიუმის ოთახი არის გამოსახული და ციფრულად ისეა დამუშავებული, თითქოს მიტოვებულ სანატორიუმზე ბუნების ძალამ გაიმარჯვა.
ალბათ მიხვდით – ეს წყალტუბოა, საკურორტო ქალაქი, სადაც საკმაოდ მცირე ტერიტორიაზე შეგვიძლია ვიხილოთ საბჭოთა არქიტექტურის განვითარების გზა. ეს, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ მოწყობილი არქიტექტურის მუზეუმია, ინდივიდუალური დაგეგმარებითა და კონცეფციით.
მიუხედავად მრავალი დაზიანებისა, გადაკეთებისა, თითქმის ფიზიკური განადგურებისა, წყალტუბომ შეინარჩუნა მთლიანობა, ავთენტურობა. აქ ქალაქგეგმარება და არქიტექტურა ხმამაღლა და მკაფიოდ ჰყვება ამბავს – ერთ დროს ყველაზე მოთხოვნად კურორტზე.
მთავარი ხომ აქ ამბავია და არა რომელიმე ცალკეული ობიექტი.
ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი თავის ნაშრომში – ’წყალტუბოს სანატორიუმების ურბანულ-არქიტექტურული ფასეულობის შესახებ“ წერს: საბჭოთა პერიოდში, წყალტუბოს კეთილმოწყობა და სანატორიუმების მშენებლობა 1920-იანი წლებიდან იწყება და საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ეტაპამდე გრძელდება.
რადონულმა წყლების სამკურნალო თვისებებმა დიდი პოპულარობა მოუპოვა კურორტს, რაც ვიზიტორთა ნაკადების ზრდაზე აისახა.
ამ პერიოდში მიმდინარეობს ახალი სანატორიუმების მშენებლობა, ძველის რეკონსტრუქცია, ახალი ფლიგელების დამატება, შედარებით მცირე ზომის, ჯერ კიდევ 1930-იან წლებამდე აგებული სანატორიუმების ჩანაცვლება ახალი დიდი მოცულობის ობიექტებით (სანატორიუმი „ბელგია“, „სამგურალი“, „რიონი“).
წყალტუბოში, საბჭოთა პერიოდში, 21 სანატორიუმი და 9 სააბაზანო აიგო, მათი არქიტექტურა ზუსტად ასახავს საბჭოთა კავშირში, შესაბამისად, საქართველოშიც, კონკრეტულ პერიოდში გავრცელებულ არქიტექტურულ სტილს.”
წყალტუბოს არქიტექტურული სტილი:
კონსტრუქტივიზმი – (1920-1930წწ) სტილი ხელოვნებაში, მათ შორის არქიტექტურაში, რომელმაც გავლენა მოახდინა მსოფლიო არქიტექტურულ ტენდენციებზე და გარკვეული სახეცვლილებით გავრცელდა საქართველოში;
იბადება ახალი არქიტექტურა, რომელიც საწყისად იღებს სუფთა, ბაზისურ ფორმებს და ცდილობს მათ ადაპტირებას რეალიზმის იდეალური და რაციონალური კონცეფციის გამოსახატად. ის პრაქტიკულად უარს ამბობს ყველანაირ დეკორზე და სუფთა გეომეტრიული ფორმების კომბინაციით ცდილობს „ააწყოს“ ფუნქციურად გააზრებული, ზედმეტი დეტალებისგან გათავისუფლებული არქიტექტურა. ავანგარდულმა სტილმა დიდწილად, განსაზღვრა XX საუკუნის არქიტექტურული ტენდენციები.
საქართველოში, კონსტრუქტივიზმამდე, ასევე, სტილის გავრცელების პერიოდში, მნიშვნელოვანი იყო ქართული ხუროთმოძღვრული ტრადიციების ათვისება და გამოყენება. ამიტომ, ხშირია ავანგარდული სტილის ნაციონალური ხუროთმოძღვრების მახასიათებლებით „გაზავება“. წყალტუბოში კონსტრუქტივიზმის რამდენიმე საინტერესო ნიმუშია. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი სტილის აკრძალვის (1932 წლის) შემდეგ არის აგებული. სტილის ხელოვნური და ფორსირებული ცვლილება მარტივი არ ყოფილა, ეს პროცესი მთელს 1930-იან წლებს გასდევს და სხვადასხვა სახითა და ფორმით ვლინდება წყალტუბოს ამ პერიოდში აგებულ ობიექტებში.
დასახელება: სანატ. „წყალტუბო „ 1936 მ. ბუზოღლი(მამა) ლ. გიორგაძე
1967-1971; „მეგობრობა“ (1937-1939) ს. ლენტოვსკი მ. კალაშნიკოვი (1951-54); სანატორიუმი N1/ (ე.წ.ფილიალი) (1939) ი. კოლჩინი.
„ უკვე სავალალო მდგომარეობაში მყოფი სანატორიუმი “მეგობრობა”, ღირებული და მნიშვნელოვანი ობიექტია არა მხოლოდ მისი არქიტექტურული მახასიათებლების გამო, სტილის ცვლილებამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოიწვია საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კონსტრუქტივისტული ობიექტების „სოციალისტური“ ფასადით „დამშვენება“. სანატორიუმი „მეგობრობა“ არქიტექტურაზე პოლიტიკის ზეგავლენის „ცოცხალი მაგალითია“. სსრკ-ში ხომ სტილის ცვლილება, მხოლოდ გემოვნებისა და ესთეტიკის საკითხი არ ყოფილა, მას, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურ-იდეოლოგიური დღის წესრიგი განაპირობებდა. სანატორიუმი „მეგობრობა“ ყველაზე კარგად ჰყვება ეპოქის და სახელმწიფოს შესახებ, სადაც რეპრესირებულები იყვნენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ, არქიტექტურული სტილებიც“ – თამარ ამაშუკელი.
პოსტკონსტრუქტივიზმი – ერთგვარი გარდამავალი ფაზა კონსტრუქტივიზმიდან “სტალინურ არქიტექტურაზე”, რომელმაც 6-8 წლის განმავლობაში იარსება და შექმნა ძალიან საინტერესო ობიექტები;
მაგალითი: საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალი.
„ფასადების გარეგნულ იერს დიდწილად განაპირობებს განსხვავებული სიმაღლის და სხვადასხვა სიბრტყეზე განთავსებული მოცულობების თამაში, ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულებების მონაცვლეობით შექმნილი დინამიკა. ობიექტი ზომიერად არის გაფორმებული დეკორატიული ელემენტებით: რუსტებით, პილასტრებით, ორდერით, კარნიზებით, თუმცა, აშკარად შეინიშნება კონსტრუქტივიზმისთვის სახასიათო გეომეტრიულობა“ – თამარ ამაშუკელი.
“სოციალისტური კლასიციზმი” – (სტალინური ამპირი) – სტილი, რომელმაც დიდწილად განაპირობა საბჭოთა კავშირის ქალაქების, განსაკუთრებით კი სამრეწველო და საკურორტო დასახლებების იერი;
„ 1932 წელს სასტიკი ბრძოლა გამოცხადდა კონსტრუქტივიზმის წინააღმდეგ, მას „არასწორად გაგებული მომჭირნეობის“ კულტივირება, უემოციობა, იდეოლოგიური გაუმართლებლობა, სიშიშვლე დააბრალეს. არჩევანი ისევ ძველზე, ნაცნობზე გააკეთეს და მანამდე დაგმობილი კლასიკური არქიტექტურა კვლავ სცენაზე გამოვიდა. 1930-იანი წლების დასაწყისიდან, არქიტექტორებს დაევალათ კლასიკური მემკვიდრეობის ათვისება, პრიორიტეტი ენიჭებოდა არა რომელიმე ერთ კონკრეტულ სტილს, არამედ, სტილთა „იდეალურ“ ნაზავს, რომელიც იქნებოდა ვიზუალურად ნაცნობი, მაგრამ შინაარსობრივად ახალი. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პერიოდის ცვლილება, ფუნქციონალურ-კონსტრუქციული პრობლემებიდან ყურადღების არქიტექტურის იდეურ-სიმბოლურ დატვირთვაზე გადატანა იყო. მნიშვნელოვანი გახდა ის, თუ რა უნდა გადმოეცა, რაზე უნდა ელაპარაკა საბჭოთა არქიტექტურას: მას უნდა ესაუბრა პროლეტარიატის ლამაზ, მშვენიერ ცხოვრებაზე.
იყო კი ცხოვრება მშვენიერი? – არა. შესაბამისად, როგორც ვიცით, განისაზღვრა კონკრეტული მიზანი: არსებული რეალობის გამოგონილით ჩანაცვლება. ამ მიზნის მიღწევაში, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კულტურას დაეკისრა.
როგორი უნდა ყოფილიყო საბჭოთა არქიტექტურა? – უპირველეს ყოვლისა „ლამაზი“, პომპეზური, მონუმენტური, „მდიდრული“, „ხალისიანი, მოკლედ კი „ბურჟუაზიული სასახლეების მსგავსი“. პრიორიტეტი ენიჭებოდა კლასიკურ არქიტექტურას, თუმცა, გაზავებულს ნაციონალური ელემენტებით, ელფერით – თამარ ამაშუკელი.
მაგალითვისთვის: სანატორიუმი N2/ „წყალტუბო“ (1940) ნ. სევეროვი; თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმი (ამჟამინდელი სპა ლეგენდსი) (1947-1957) არქიტექტორები – ა. ინწკირველი, ვ. ჩანტლაძე, ვ. ნასარიძე; სანატორიუმი “რკინიგზელი“ (1948-1954) არქიტტექტორები: ვ. ვექილოვა, ნ. პოჩეპცოვა; ნ. შჩერბუევა; სანატორიუმი “თბილისი” (1950) არქიტექტორები: ვ. ოლტარჟევსკი,
ბ. სობოლევსკი; სანატორიული “ იმერეთი“ (1950-1961) არქიტექტორები: ლ. ჯანელიძე, ვ. ალექსი-მესხიშვილი; სანატორიუმი “მეშახტე“ (1952) არქიტექტორები“ გ. ხიმშიაშვილი, მელეგი; სანატორიუმი “მეტალურგი” (1957) ვალერიან კედია; სანატორიუმი „ივერია “ (1962) არქიტექტორი მ. მ. ბუზოღლი; სანატორიუმი “მედეა “ (1962) არქიტექტორები: ალ. ინწკირველი, თომა ფოცხიშვილი;
სანატორიუმი “სინათლე“ (1963) არქიტექტორი: ვალერიან კედია; სანატორიუმი “ გელათი” (1964) არქიტექტორები: ნ. პოლიუდოვია. აბრამოვი;
სანატორიუმი „ გეოლოგი“ (1966-1977) არქიტექტორები: ვალერდიან კედია,
ლ. სტეპანოვა; სანატორიუმები – “წყალტუბო”/ „ინტურისტი” (1968- 1976) არქიტექტორი: ლ.ლორთქფანიძე სანატორიუმი “აია“ “1970-1985” არქიტექტორები: ფ. ქუფარაშვლი, რ. კახაშვილი, ც. ქუფარაშვილი, მ. ჩუტკერიშვილი; “საქართველო “ (1974-1983) არქიტექტორები: მ.ჩხენკელი, რ. ჯანაშია; „სავანე“ (1947-1975) არქიტექტორები: ალ. ინწკირველი, თ. ფოცხიშვილი; “ სამგურალი“ (1977-1987) არქიტექტორი მ. ლიპარტელიანი.
საბჭოთა მოდერნიზმი, იგივე ფსევდომოდერნი – ფართოდ გავრცელებული სტილი საბჭოთამ კავშირის ტერიტორიაზე, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის საგანია დღეს;
უმეტეს შემთხვევაში, წყალტუბოს სანატორიუმები, ცენტრალური წრიულის გზიდან მოშორებით, შედარებით მაღალ ნიშნულზე, მათი კუთვნილი ვრცელი ეზოების სიღრმეშია განთავსებული. წრიულ გზაზე, რომელიც გარს უვლის ცენტრალურ პარკს, სანატორიუმებში შესასვლელები მონიშნულია დეკორატიულად გაფორმებული კარიბჭეებით ან/და პომპეზური კიბეებით. ტერიტორიის ფართობიდან (2 და მეტი ჰექტარი) გამომდინარე, ეზოში შესასვლელიდან სანატორიუმის შენობამდე, ხშირად, საკმაოდ გრძელი გზაა გასავლელი, მნახველი ნელ-ნელა უახლოვდება არქიტექტურულ ობიექტს, ხედი სანატორიუმზე თანდათან იხსნება, რაც აღქმის განსაკუთრებულ დრამატურგიას ქმნის.
ფოტოგრაფებისთვის, ბლოგერებისთვის, ნეფე-დედოფლებისთვის, იუბილარებისთვის და ტურისტებისთვის ყველაზე ცნობილი სანატორიუმის შესახებ ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი წერს: „
სანატორიუმ „მედეას“ მთავარი ღირებულებაა, 140 მეტრიანი ფლიგელის მთავარი ფასადი, ვიზუალურად, ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი – ეს არის, შედარებით მოკლე, სწორხაზოვანი მონაკვეთი, განაპირა, მძლავრად შვერილი რიზალიტებით და კიდევ უფრო მეტად შვერილი ცენტრალური ნაწილით. აქ, მეორე სართულზე, რიზალიტებს შორის არსებული სივრცე გადაწყვეტილია თაღოვანი გალერეის სახით. შენობის ეს ნაწილი, დიდწილად განსაზღვრავს ობიექტის პომპეზურ, ამავდროულად, მსუბუქ, ჰაეროვან ხასიათს.
მეორე, უფრო გრძელი მორკალული, ნაწილი – რიზალიტების თემა აქაც მეორდება, ის საერთო და გამაერთიანებელია მთავარი ფასადის ორივე მონაკვეთისთვის. კედლის სიბრტყე სწორკუთხა და თაღოვანი ღიობებით არის დანაწევრებული, რომელთა უმეტესი ნაწილი აივანს წარმოადგენს. აივნების ფორმა, მეტწილად, სწორკუთხაა, სუსტად შვერილი, განსხვავებულია მხოლოდ რიზალიტებზე გიგანტური თაღში ჩასმული მომრგვალებული აივნები. ფასადზე, რიზალიტებს შორის, მეორე და მესამე სართულის დონეზე, რიტმულადაა განთავსებული გიგანტური კორინთული სვეტით მოჩარჩოებული შეწეული, კედლის სიბრტყეში „ჩაძირული“ ზონები. ობიექტის ფასადის დეკორატიული ელემენტები, ძირითადად, კლასიკური არქიტექტურიდან არის ნასესხები, ეროვნული მოტივი ჩნდება გრძელი, მორკალული მონაკვეთის პირველი სართულის გალერეა-აივნის შეწყვილებულ სვეტებზე”.
და მაინც წყალტუბო, არქიტექტურული მუზეუმის ფუნქციასთან ერთად მუზების და შთაგონების არსსაც ითავსებს, რაც სულთან ერთად სხეული გაჯანსაღებასაც გულისხმობს.
ვისთვის წარსულის ნაშთი და ვისთვის არქიტექტურული შედევრ-ქალაქი.
ადგილობრივებს უპირობოდ უყვართ მწვანე, მშვიდი, ლამაზი და პომპეზური, წყალტუბო. ფაქტია, რომ აქაურებს ქალაქთან საკუთარი ცხოვრებით აქვთ ბმა, აქაურ ისტორიებს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ერთდროულად მასპინძლებიც არიან და სტუმრებიც.
წყალტუბო მოწიწების და დანაშაული გრძნობას ერთად გაგრძნობინებთ. ამ დიდების ნაშთს არა აქვს მხოლოდ წარსული, ის სიცოცხლის შეყვარების ყველაზე ლამაზი „შენობაა“ რომლის „მიმდინარეობის“ სახელი ახალი სიცოცხლის მოლოდინია.
