ავტორი: ნია კუჭავა
ქალაქის კონტექსტში სასაფლაოებისა და მათთან დაკავშირებული მნიშვნელობათა სისტემის შესწავლა თანამედროვე სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიისთვის საკმაოდ აქტუალური თემაა. სასაფლაოებმა თავიანთი პრაქტიკული და რიტუალური დანიშნულების გარდა, ქალაქის სივრცეში შეიძინეს მნიშვნელოვანი სიმბოლიკა, რომელთა სახესხვაობების შესახებაც არაერთი სხვადასხვა ავტორი აზრის განსხვავებულ ხაზს ავითარებს. მოცემულ მცირე ანალიზში განვიხილავ რამდენიმე შეხედულებას სასაფლაოების, როგორც ურბანული სივრცის ნაწილის სიმბოლური დატვირთვისა და სოციალური გააზრების შესახებ და ზემოთ ხსენებულ მოსაზრებებს დავუკავშირებ ქუთაისის სასაფლაოების ადგილობრივ კონტექსტს.
პირველ რიგში, სასაფლაოს, როგორც ურბანული სივრცის, ფუნქციონალისტური გააზრება თავის თავში მოიაზრებს მის მნიშვნელობასა და დანიშნულებას პირადი, ინდივიდუალური იდენტობის სოციალური გამყარების სახით.[1] კერძოდ, საფლავის საშუალებით ადამიანი, რომელიც იმანენტურ სამყაროში, დროის წრფივი გააზრების მოდელით კონსტრუირებულ აღქმაში დროისა და სივრცის შესაბამის სვლას გამოაკლდა, ამ მოდელში ისევ რჩება მისი საფლავის საშუალებით, რომელიც მატერიალური სახით ტოვებს მასთან დაკავშირებულ სიმბოლიკას ამქვეყნიურ განზომილებებში. შესაბამისად, გარეგანი აღქმით, ადამიანი სიკვდილის დროს ემშვიდობება თავისი ტოტალური სუბიექტურობის მდგომარეობას და მისი საფლავი ერთგვარი საზოგადოებრივი დადასტურებაა მისი წარსული ყოფისა, რადგან ის მხოლოდ გარე სამყაროს, ინდივიდისგან განყენებული ადამიანების პერსპექტივიდან აღიქმება და მისი ეს აღქმა მხოლოდ სხვების მეხსიერებაზე ზემოქმედების პრინციპს ეფუძნება. შესაბამისად, სასაფლაოს ფუნქცია განსაზღვრულია, როგორც ზღვრული ბარიერის სეკულარულ და ტრანსცენდენტურ განზომილებებს შორის.
გარდა მსგავსი კლასიკური გააზრებისა, სასაფლაოების მოწყობის ფორმებზე დაკვირვებით, ანთროპოლოგები კომენტარს აკეთებენ ამქვეყნიური ცხოვრების თავისებურებებზე, რადგან სასაფლაოს მოვლისა და მისი კონსტრუქციის, დაგეგმარების თავისებურებები არა განყენებულ, არამედ ამქვეყნიურ კულტურულ ტრაექტორიებს ითავსებს. განსაკუთრებით აქტუალურია სასაფლაოების, როგორც საჯარო სივრცის გააზრება და მსჯელობა მისთვის განსხვავებული ეკოლოგიური და სოციალური ფუქნციების შეძენისკენ მიმართული დაგეგმარების შესახებ.[2] თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქართულ კონტექსტში, სასაფლაოები ნაკლებად ექვემდებერება კონკრეტულ დაგეგმარებასა და რაიმე კონკრეტული, მიზანმიმართული ცვლილებებისკენ მიმართული პოლიტიკის ანალიზის პერსპექტივისგან განყენებულად არსებობს, შესაბამისად, ქართული სასაფლაოების როლი ურბანულ სივრცესა და კულტურაში არა რაიმე ტოტალური პროექტით, არამედ ადამიანების ინდივიდუალური მიმართებებით განისაზღვრება.
კიდევ ერთი მიმართება, რომელიც მნიშვნელოვანია სასაფლაოების კულტურული და ურბანული გააზრების თვალსაზრისით, აფექტის მატერიალურობის იდეიდან გამომდინარეობს. სევდა თუ დადებითი ემოციები, რომლებიც ადამიანებს გარდაცვლილების მიმართ უჩნდებათ, მატერიალურ ფორმას იღებს სასაფლოების სახით და ამ შეგრძნებების ერთგვარ მატერიალურ განსხეულებად იქცევა. სასაფლაოების ზემოთ ხსენებული ფუნქციური გაგების გათვალისწინებით, სასაფლაოებს ყოველდღიური კულტურის პერსპექტივიდან, უმეტესად დასავლური კულტურების კონტექსტში, ორმაგი მნიშვნელობა ეძლევა. ერთი მხრივ, ის სოციალურ კავშირს გვინარჩუნებს გარდაცვლილებთან და დროის შესაბამისი გაგებიდან ინდივიდის ამოვარდნას განასხეულებს, ამიტომაც, იწვევს სევდას, რომლებიც დატირების, სტუმრობების დროს გამოხატული აფექტების რიტუალებითა და შემთხვევებით გამოიხატება. მეორე მხრივ, საფლავი არის განსხეულება იმ სოციალური ბმისა, რომელსაც ადამიანი ამქვეყნიურ სამყაროსთან ინარჩუნებს, შესაბამისად, ამას შეიძლება უფრო დადებითი გაგებაც მოჰყვეს, რის გამოც ადამიანები სასაფლაოზე რეაბილიტაციისთვის, სიმშვიდისთვის ან, რელიგიური ცერემონიით ამ ბმის გამყარების მოლოდინიდან გამომდინარე, საზეიმო, რიტუალური სოლიდარობისთვის მიდიან. ეს დუალისტური მიმართება განსაზღვრავს სასაფლაოს, როგორც ურბანულ სივრცეს.[3] სწორედ ამ მიზეზით ვაწყდებით სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტენდენციას ქუთაისის კონტექსტში, მათ გაფართოებას. რაც უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსურია სასაფლაოს ინფრასტრუქტურა, მით უფრო მყარდება გარდაცვლილის სუბიექტურობის განსხეულება, სწორედ ამიტომ, ხშირად საფლავი ირეკლავს გარდაცვლილის ურბანულ იდენტობასაც, რადგან ადამიანები ცდილობენ გარდაცვლილის სოციალური და კულტურული კაპიტალის საფლავის ატრიბუტიკად გარდაქმნას.[4] ეს პრაქტიკა, საფლავებზე მცენარეების მოვლასთან ერთად, ერთგვარი ლეგიტიმაცია და სტატუსია გარდაცვლილისთვის, მცენარეებსაც და ზემოთ ხსენებულ ინფრასტრუქტურასაც ახასიათებს ტერიტორიულობა, სივრცითი განფენილობა, რომელიც ქალაქის ტერიოტორიაზე კონკრეტულ ადგილს იკავებს და ამით გარდაცვლილის განსხეულებას უფრო ფართოდ და მყარად წარმოაჩენს. ურბანულ კონტექსტში საფლავების სოციალურ და კულტურულ კაპიტალთან კავშირის დასტურია პანთეონების არსებობაც, რაც განსაკუთრებულად დიდი სოციალური თუ კულტურული კაპიტალის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი სტატუსის გამყარების კიდევ ერთი ფორმაა. სასაფლოების გააზრების კულტურულ და სოციალურ განზომილებებთან არის დაკავშირებული რელიგიური პრაქტიკებიც, განსაკუთრებით, აღდგომის დღესასწაულის კონტექსტში. ამ პერიოდში სასაფლაოზე გასვლის პრაქტიკა, როგორ მორალურ მიმართებებსაც არ უნდა აღძრავდეს ის მასში მონაწილე ინდივიდებისთვის, თითქმის ყველა ადამიანის ჩართულობას ითვალისწინებს, რადგან კვალი, რომელიც ამ პრაქტიკის შედეგად რჩება სასაფლაოებზე, აღიქმება გარდაცვლილისა და მისი ოჯახის ბმის შენარჩუნების ერთგვარ დადასტურებად და, ასევე, ლეგიტიმაციად იმისა, თუ რატომ იკავებს კონკრეტულ ტერიტორიასა და ადგილს ეს სასაფლაო, რაც, თავისთავად, ეკონომიკურად ნაკლებად გამართლებული და მომგებიანი ტენდენციაა, ვინაიდან მიწას თავისი ეკონომიკური დატვირთვა მოჰყვება, ამ ,,ხარჯს“ კი გამართლებას სწორედ ზემოთ ხსენებული ბმის კვალი აძლევს.
საფლავის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული პრაქტიკების ზემოთ ხსენებული მნიშვნელობათა სისტემიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მძიმე თანმდევ სოციალურ და კულტურულ დაშვებებსა და ემოციებს იწვევს მიტოვებული საფლავების იდეა. საფიჩხიის ებრაული სასაფლაო ქუთაისში სასაფლაოს ურბანული გააზრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები მაგალითია, რადგან ზუსტად ასახავს სასაფლაოს სოციალური და დემოგრაფიული განსაზღვრულობის იდეას და განასხეულებს ქალაქის ისტორიული მრავალფეროვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, როგორიც ებრაული კვარტალია. თუმცა დღესდღეობით ებრაული სასაფლაო მიტოვებულია, რაც მიგრაციის ტენდენციებსა და თავისებურებებზე მიანიშნებს. ებრაული სასაფლაო ქრისტიანული სასფლაოსგან კედლით არის გამიჯნული და კონტრასტი მათ შორის ასევე ცალსახად აღიქმება.[5] მოვლა-პატრონობის პრაქტიკის რღვევა და მისი მსგავსი სახეცვლილება კი, შესაძლოა, ძველ ურბანულ სტატუსთან
ბმის წყვეტით აიხსნას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სასაფლაო არამხოლოდ გარდაცვლილისთვის კონკრეტული დანიშნულების მქონე ადგილია, არამედ მას ვერ გავიაზრებთ ურბანული, სოციალურ-კულტურული და ისტორიული კონტექსტებისა და მათგან მინიჭებული მნიშვნელობათა სისტემებისგან განყენებულად.
ბიბლიოგრაფია
ანთაძე, მიშო. „ქუთაისის მიტოვებული ებრაული სასაფლაო.“ Chai Khana. Accessed December 16, 2025. https://chaikhana.media/ka/stories/662/qutaisis-mitovebuli-ebrauli-sasaflao.
Francis, Doris. “Cemeteries as Cultural Landscapes.” Mortality 8, no. 2 (2003): 222–227. doi:10.1080/1357627031000087442.
Gurchiani, Ketevan. “The many lives of the dead: What cemeteries in Tbilisi do.” History and Anthropology (2025): 1–21. DOI: 10.1080/02757206.2025.2498019.
Hallam, Elizabeth, and Jenny Hockey. Death, Memory and Material Culture. Oxford: Berg, 2001.
McClymont, Katie, and Danielle Sinnett. “Planning Cemeteries: Their Potential Contribution to Green Infrastructure and Ecosystem Services.” Frontiers in Sustainable Cities 3 (2021): 1–17. DOI: 10.3389/frsc.2021.789925.
-
Doris Francis. “Cemeteries as Cultural Landscapes.” Mortality 8, no. 2 (2003): 222–227. doi:10.1080/1357627031000087442. ↑
-
Katie McClymont, Danielle Sinnett, “Planning Cemeteries: Their Potential Contribution to Green Infrastructure and Ecosystem Services,” Frontiers in Sustainable Cities 3 (2021): 1-17. DOI: 10.3389/frsc.2021.789925 ↑
-
Elizabeth Hallam, Jenny Hockey, Death, Memory and Material Culture (Oxford: Berg, 2001) 101-129. ↑
-
Ketevan Gurchiani, “The many lives of the dead: What cemeteries in Tbilisi do,” History and Anthropology (2025): 1-21. DOI: 10.1080/02757206.2025.2498019 ↑
-
მიშო ანთაძე, ,,ქუთაისის მიტოვებული ებრაული სასაფლაო,” Chai Khana, https://chaikhana.media/ka/stories/662/qutaisis-mitovebuli-ebrauli-sasaflao ↑
