ხიდი მდინარე კვაიზე, ჰიდრონიმი შეცვლილია

გააზიარე:

ავტორი: მარიამ მებუკე

 

ხშირად აღგვინიშნავს, რომ ქუთაისის ისტორია ამ ქალაქის სიძველესა და კულტურაზე დგას. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მხატვრის, გოჩა ჩხაიძის, ნამუშევარი ვნახე, „სახლი წერეთლის ქუჩაზე“. ამიტომ გადავწყვიტე, ამ სტატიაში საუბარი ქუთაისის არქიტექტურულ მიმართულებაზე ყოფილიყო. კულტურის ნაწილია ის შენობები, ხიდები და საერთოდ, ქალაქის ურბანული სტილი, რომელიც ხშირად ჩვენს თვალს გამოეპარება ხოლმე. ამჯერად ქუთაისის ცნობილი ხიდების ისტორიითა და მნიშვნელობით დავინტერესდეთ.

„თეთრი ქვების ქალაქში“ პირველად ჩამოსული მეგობრებისთვის მის არქიტექტურულ ღირებულებაზე საუბარს, როგორც წესი, უძველესი უბნის შემოგარენში მყოფი, პირველად შოთა რუსთაველის, თეთრი ხიდის, წითელი ხიდისა და ჯაჭვის ხიდის შესახებ ვიწყებ ხოლმე. ლოგიკურია, რომ ქალაქში მდინარე რიონის წყალობით ბევრი ხიდი გაჩნდა.

ისტორიის თხრობა ჯაჭვის, ქუთაისის უძველესი ხიდით, დავიწყოთ. აღსანიშნავია, რომ აქ ჯერ კიდევ მე-5 საუკუნის ხიდის ნაშთებია აღმოჩენილი. დღევანდელი ხიდის ძირითადი საყრდენები მე-18 საუკუნის 70-იანი წლებისაა, ამ ხიდს კი „სამეფო ხიდს“, „ქვის ხიდს“ უწოდებდნენ. ამ პერიოდში ხის ხიდი აუგიათ და „არქიელის ხიდად“ მოიხსენიებდნენ. ამ სახელით იმიტომ იწოდებოდა, რომ დღესაც არსებობს „არქიელის გორაც“, აქ აღმოჩენილია უძველესი ადამიანების კვალი. ერთი ვერსიით, უძველესი ქუთაისი სწორედ არქიელის გორაზე იყო გაშენებული. „არქიელის გორის“ ნაწილი წყალმა ჩაძირა, მაგრამ დღემდე არსებობს მისი დარჩენილი ნაწილი. ეს გორა სწორედ დღევანდელი ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაა, ამით კი იხსნება ამ ხიდის იმდროინდელი სახელწოდებაც. მოგვიანებით, მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ჯაჭვებიც გაჩნდა და ამის შემდეგ დაერქვა ხიდს დღევანდელი სახელი. 1772 წელს ქალაქში ჩამოვიდა იოჰან გიულდენშტედტი, გერმანელი მეცნიერი და მოგზაური. აღსანიშნავია, რომ მისი მოგზაურობის უამრავი ჩანაწერი მოგვეპოვება არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ იმერეთისა და ზოგაგად, საქართველოს შესახებ. სწორედ ის აღნიშნავდა, რომ ქალაქის შუა ნაწილში გადებული იყო ოცდახუთი ნაბიჯი სიგრძის ხის ხიდი, რომელსაც მერე „თაღოვანი ხიდის“ სახელითაც მოიხსენიებდნენ.

„14 აგვისტო. მე კვლავ ქუთაისში გავათიე ღამე. გუშინწინდელს მერე, წვიმის შემდეგ რიონის წყალი 5 ფუტით დაეცა!. ნაშუადღევს დავტოვეთ ქუთაისი და გავედით ჯერ რიონის ხიდზე და შემდეგ გავუარეთ კირქვიან მთის წვერზე მდგომ პატარა ეკლესიას, რომელიც ააშენა მეფემ, როცა ის შარშან ზამთარში აქ ბანაკად იდგა, ქუთაისის დანგრეული ციხიდან! დაახლოებით 1 ვერსზე. კარგი 1 საათის შემდეგ გადავიარეთ ჩრდილოეთიდან მომავალი? მდინარე, რომლის შესახებაც ვერაფერი მითხრეს, ჩადიოდა ის რიონში, თუ ცხენისწყალში; კიდევ 1 საათში ხომურის ველებზე ვიარეთ მდ. წყალტუბოს სათავემდე, რომელიც გამოდის კირქვიანი კლდის ჰორიზონტალური ნაპრალიდან და არის 10 ნაბიჯი სიგანისა და 2 ფუტი სიღრმისა.“

იოჰან გიულდენშტედტის ამ მოგონებაში ნახსენებ „რიონის ხიდში“ სწორედ ჯაჭვის ხიდი იგულისხმება, რადგან მისი ქუთაისში მოგზაურობის დროს (1772 წელი) სხვა ხიდი არ არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ ხიდის გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთადერთი იყო, 1850-იანი წლებიდან უკვე აღარ შეიძლებოდა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო გახსნილიყო ახალი ხიდი, რომელსაც დღესაც „წითელი ხიდის“ სახელით ვიცნობთ. ის 1862 წელს გაიხსნა, თუმცა გორის უბნის მოსახლეობა ამით უკმაყოფილო იყო, რადგან მაინც დიდი მანძილის გავლა სჭირდებოდათ გადასაადგილებლად, ახალი ხიდის გამოყენების შემთხვევაშიც. უკვე მე-19 საუკუნის 60-იან წლებში, წყაროებს თუ ვენდობით, ნათლისღების ღამეს, როცა გორელი ვაჭრები ამ ხიდზე ფურგონებით გადადიოდნენ, ერთი ჯაჭვის მხარე ჩამწყდარა, თუმცა ეს იმით კი არ ყოფილა განპირობებული, რომ ხიდის კონსტრუქცია არ იყო მყარი, როგორც ჩანს, ახლანდელი ქუთაისური ზამთრებისგან გასხვავებით, მაშინ საკმაოდ უხვი ნალექი მოდიოდა ქალაქში და სწორედ თოვლისგან დამძიმებული ჯაჭვი ჩამწყდარა, რადგან წინა დღეებში გაუწმენდელი დარჩენილა (ამის მიზეზი, ავტორის აზრით, წინარე დღესასწაულებში და ამდენად, ქართველების დამახასიათებელ კულტურულ ანთროპოლოგიურ ფენომენში უნდა ვეძებოთ). ქალაქს საკუთარი ძალებით უნდა აღედგინა ხიდი, თუმცა ამის რესურსი არ არსებობდა ამ პერიოდისათვის და მისი აღდგენა მხოლოდ 1884-1885 წლებში მოხერხდა. ამ ხიდს დღევანდელი სახით მე-20 საუკუნის ბოლოდან, 1995 წლიდან ვხვდებით. ამ დროს გაიდო ხიდის ახლანდელი კონსტრუქცია.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ ხიდების ისტორიას, ახლა წითელ ხიდზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც, როგორც უკვე ვახსენეთ, 1862 წელს, ზემოთ ნახსენები ხიდის შემდეგ გაიხსნა. ის, როგორც ამბობენ, არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ ამიერკავკასიაში პირველი რკინის ხიდია. მასზე არსებობს ის ვარაუდიც, რომ რკინის კონსტრუქცია, რომლითაც ისაა აგებული, იმ ქარხანაშია დამზადებული, სადაც თავის დროზე ააწყვეს ეიფელის კოშკი. ფაქტი ისაა, რომ ამ ხიდისათვის საჭირო მასალა საფრანგეთში შეუკვეთეს და სწორედ აქ დამზადდა. „წითელი ხიდის“ გაგონებაზე დღეს ყველა ქუთაისელს ის ცნობილი მაგნოლიას ხე ახსენდება, რომელიც ქალაქს გაზაფხულის მოსვლას ამცნობს.

თქვენ გიყვართ თოლიები? რიონის პირას ხომ არ დაგინახავთ ისინი? შეიძლება, უკვე გამოიცანით ახლა რომელ ხიდზე უნდა გესაუბროთ. რუსთაველის ხიდის საყრდენ ბიჯგებს სწორედ იმ თოლიის ფორმა აქვს, რომელსაც ფრთები აქვს გაშლილი, ის არც ჯონათან ლივინგსტონი და არც რაიმე სხვა არ უნდა გეგონოთ. თუ ამაზე აქამდე არ გიფიქრიათ, იქვე, სკვერიდან გადახედეთ მის საყრდენ კონსტრუქციას და ყველაფერი ნათელი გახდება. ამ ხიდის მშენებლობა 1962 წელს დაიწყო და ჩანაფიქრის მიხედვით, „გზაგამტარის“ ფუნქცია უნდა შეესრულებინა.

სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ქრონოლოგია ბოლოს ცოტა ავურიე (შეიძლება, შენიშნეთ კიდეც), რადგან „ტკბილი ლუკმა“ ბოლოსთვის შემოვინახე. ხიდებზე საუბარს თეთრი ხიდით დავასრულებ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ქუთაისში ერთხელ მაინც ყოფილა და ამ ხიდის შესახებ არაფერი სმენია, როგორც მინიმუმ, რეზო გაბრიაძის მოთხრობისა თუ ჩანახატის წყალობით მაინც ეცოდინება ყველას მის შესახებ. ისტორია 1850 წელს იწყება, როცა ხიდის აგებას გადაწყვეტენ, ორი წლის შემდეგ ის იხსნება კიდეც. პროექტის ავტორი – სამხედრო ინჟინერი ვიტე, ადგილი – ქუთაისის ცენტრალური ნაწილი, უძველესი ისტორიული უბანი, გადებულია მდინარე რიონზე. გახსნიდან რვა წლის შემდეგ ეს ხის თაღიან ბურჯებზე მდგომი ხიდი 1860 წელს ჩაინგრა, მისი აღდგენა კი 1870 წელს გახდა შესაძლებელი. აქამდე, მისი პირველი რეკონსტრუქცია სწორედ 1860 წელს მოხდა, ამ დროს ხიდის მოაჯირები თეთრად შეღებეს და სწორედ ამიტომ ეწოდა მას „თეთრი“. არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ხიდის მოაჯირზე მჯდომი „პიკასოს ბიჭი“ და ელდარ შენგელაიაც. 1871-72 წლებში თეთრი ხიდი ინჟინერ ზეზემანისა და პერეპის პროექტით აგებულა. ამ დროსაც, მოაჯირები და ხიდის ლითონის ნაწილები რესტავრირებულ ხიდზე თეთრად შეღებეს.

ყველა ის ხიდი, რომელზეც ვისაუბრეთ დღესაც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს არა მხოლოდ ქალაქის კულტურული იერსახისა და ისტორიისათვის, არამედ წმინდად პრაქტიკული მნიშვნელობით – გადაადგილებისათვის. სწორედ ამიტომაა, რომ მე, ყველა ჯერზე, როცა მეგობრებისთვის ქუთაისის ისტორიის გაზიარებას ვიწყებ, რომელიმე ხიდზე ვდგები, უფრო ხშირად რუსთაველის ხიდზე, რადგან აქედან ერთ მხარეს გახედვისას – წითელი, ხოლო მეორე მხარეს კი თეთრი ხიდი მოსჩანს. სამწუხაოდ, ქუთაისის ხიდებზე ბევრი ინფორმაცია არ მოგვეპოვება, ისტორია დაკარგულია, თუმცა იმედია, ჩემი მიზანი ნაწილობრივ მაინც შევასრულე.