დექით მტკიცედ და შეურყევლად

დადექით მტკიცედ

გააზიარე:

ავტორი: ლია ხარაიძე

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტში არის 180 კომლიანი სოფელი – ცხრუკვეთი. სოფელი პატარაა მაგრამ, ძნელად თუ მოიძებნება სხვა სოფელი, რომელმაც ერთდროულად ამდენი მეცნიერი აჩუქა სამშობლოს. სწორედ ცხრუკვეთში, თვალწარმტაც ადგილზე დგას მშვენიერი ოდა, რომელიც აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელს ატარებს უკვე 40 წელია.

წინათ ამ ადგილზე წერეთლების სასახლე იდგა, სადაც თავს იყრიდა XIX-XX საუკუნეების ქართული ელიტა: აკ. წერეთელი, გ. ტაბიძე, ნ. ნიკოლაძე, ი. ვარაზაშვილი, გ. ზდანოვიჩი, კ. აბაშიძე და ა.შ. მოგვიანებით ეს ისტორიული სახლი დაინგრა მაგრამ, სახლი, რომელიც დღეს გიორგი წერეთლის სახლ-მუზეუმია, არანაკლებ საინტერესო ისტორიის მატარებელია. მისი შესყიდვა დიდი ქართველი მამულიშვილის, მიხაკო წერეთლის სახელს უკავშირდება. (მ. წერეთელი იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე, უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ,,გილგამეშიანის“ მისეული თარგმანი 2010 წლის ბრიტანეთის (კემბრიჯი) ძველი აღმოსავლეთის მსოფლიო კონგრესზე საუკეთესო თარგმანად დასახელდა. 1933 წელს გაშიფრა კალიშინის ასურულ-ურარტული ბილინგვა, რითაც ,,ურარტოლოგიის პატრიარქის სახელი დაიმკვიდრა“, მისი ნაშრომი ,,ერი და კაცობრიობა“ პირველი ქართული სოციოლოგიური ნაშრომია და საერთოდაც მ. წერეთლის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. იგი 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ იძულებული გახდა, რომ საქართველო დაეტოვებინა. დაკრძალულია ლევილის მამულში.)

1914 წლის აჯანყების დროს გიორგი წერეთელი დაუპატიმრებიათ. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მამა-პაპისეული სახლის დანგრევა. პატიმრობიდან დაბრუნებულ ძმისწულს გული რომ არ სტკენოდა, მიხაკოს, სასწრაფოდ მეზობელ სოფელში ხის ოდა შეუძენია და ახალი სახლი გაუმართავთ.

გიორგი წერეთელი დაიბადა გამოჩენილი ქართველი ექიმის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ვასილ წერეთლის  ოჯახში. აღსანიშნავია, რომ იგი ეკუთვნოდა მოძღვრიშვილ-წერეთლების ცნობილ საგვარეულოს. იყო იმერეთის მეფის დავით II-ის პირდაპირი ჩამომავალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება.  ასპირანტურის დასრულებისთანავე მიიწვიეს ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის არაბული ენის დოცენტად.  საქართველოში დაბრუნებისთანავე სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო კადრების მომზადებას სემიტოლოგიის სხვადასხვა სფეროში. ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილებას ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში. დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მონოგრაფიისათვის – „არმაზის ბილინგვა“. იმავე წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. გიორგი წერეთლის ინიციატივით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.

გიორგი წერეთელმა, როგორც ენათმეცნიერმა, უზარმაზარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა რომელზე საუბარიც დაუსრულებლად შეიძლება მაგრამ, ჩვენი სტატიის ინტერესს ამჟამად პალესტინის ექსპედიცია წარმოადგენს.

საოცრად ნაყოფიერი აღოჩნდა ექსპედიცია პალესტინაში ბატონების – აკაკი შანიძის, ირაკლი აბაშიძისა და გიორგი წერეთლის შემადგენლობით. პოეტ ირაკლი აბაშიძის ემოციებით აღსავსე პალესტინური დღიურები დღესაც არ იკითხება ვნებათაღელვის გარეშე. გავიხსენოთ რამდენიმე ეპიზოდი ,,პალესტინური დღიურებიდან“:

 

25 ოქტომბერი

…ჩვენ დაუყოვნებლივ, ამ დილიდანვე უნდა შევუდგეთ საქმეს…

…მაგრამ, ჯერჯერობით ჩვენ ისრაელზე არაფერი ვიცით. ჯერ ჩვენ ვდგავართ ფრანცისკანელთა კათოლიკური მონასტრის სახურავზე, მის ფართო ვერანდაზე და გავცქერით ძველსა და ახალ იერუსალიმს.

აგერ გოლგოთა…

აგერ აღდგომის ტაძარი…

ქრისტეს საფლავი…

ომარის მიზგითი…

ელეონის მაღალი კოშკი… სიონი…

 

.დავაგვიანეთ, ასი წლით მაინც დავაგვიანეთ! – მწუხარედ ამბობს აკაკი შანიძე. ეტყობა, ამ მწველმა აზრმა სამივეს ერთად გაგვიელვა თავში. „საზოგადოდ უნდა შევნიშნოთ, რომ ყველა მონასტერში, რომელიც კი დაფუძნებულია ქართველთაგან, ბერძნები სპობენ ყოველ კვალსა ქართველთა მოღვაწეობისას.“…

და აი ეს კვალიც, იატაკზე მოზაიკის კენჭებში მტკიცედ ჩამხმარი ქართველთ სისხლის კვალი აქა-იქ ნისლებივით ჩანს. როდინდელია? ვისია?… და ზედ ცენტრში ამ უცნაური ნისლის შუაგულში იატაკში ჩაჭედილი ლითონის დისკო შევნიშნე, ზედ ქართული, ასომთავრული წარწერით. სწრაფად გავძახე კედლების წარწერებითა და ფრესკებით გართულ აკაკი შანიძესა და გიორგი წერეთელს, ისინიც მოვიდნენ.. ამოვიკითხეთ: „ დექით მტკიცედ და შეურყევლად“… ჟრუანტელმა ამიტანა, ამ პატარა ლითონის დისკომ თითქოს ქვემოდან ამწია და ჰაერში შემისროლა, თითქოს იატაკიდან ამოვარდა გუგუნი თავგანწირულთა მოწოდებისა, თუ მახვილდაკრულთა ხმაჩახლეჩილი ძახილი, სადღაც საუკუნეების გაღმიდან“

ქართულ ექსპედიციას ძალიან რთული სიტუაცია დახვდა ,,ჯვრის მონასტერში“, წაშლილი და შავი საღებავით გადაღებილი ქართული ფრესკები და წარწერები. საბედნიეროდ შემორჩენილ აღწერებზე დაყრდნობით მეცნიერებს ქონდათ საფუძველი რუსთველის ფრესკის არსებობისა. ამას გარდა დიდი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ შეძლეს ქართული კვალის საბოლოოდ ამოძირკვა ქართველთა მიერ შექმნილი კულტურის მშვენიერი ძეგლიდან და წმინდა სალოცავიდან, რომელზედაც ქართველი მეფეები საუკუნეების განმავლობაში ზრუნავდნენ.

,,მე და აკადემიკოსი გიორგი წერეთელი შესვლისთანავე მარჯვენა სვეტს მივადექით. სად უნდა ყოფილიყო აქ დიდი შოთას პორტრეტი?.. დაბეჯითებით, თვალმუშორებლად ვაკვირდებით სვეტის ამ ადგილს და ჩვენი მეცნიერები ხმადაბლა, დაფარული მღელვარებით მოულოდნელად კითხულობენ: „ამსა დამხატ“… „ამისა დამხატავსა“, უსათუოდ „ამისა დამხატავსა“ – ამბობს გიორგი წერეთელი, – აქაა წარწერა, ცნობილი წარწერა, მივაგენით, მე აღფრთოვანებული ვახალისებ ჩვენს მეცნიერებს ახალი და ახალი სიტყვების ამოსაკითხავად… ეს ხომ თითებსა ჰგავს, თითების ლანდს, თითების კვალს. აგერ თვალიც, ნამდვილად თვალი… აკაკი შანიძეც ადასტურებს, რომ იგი თითქოს ამჩნევს თითებისა და თვალის კვალს. გიორგი წერეთელიც ამჩნევს. თითების კვალია, თვალის კვალია, – ვადასტურებთ ერთხმად. ბერძენი ბერიც დიონისიოც გვიდასტურებს. ეს კიდევ ქუდი, ესეც მეორე ხელი…“ დღეს ძნელი წარმოსადგენია რომ არ ვიცოდით იმ საოცარი ფრესკის შესახებ, არ ვიცოდით როგორ გამოიყურებოდი მხცოვანი პოეტი.

,,მე და გიორგი წერეთელი ვასველებთ წყალში ტილოს ნაგლეჯს და მთელის ძალღონით ვცდილობთ რაიმე დავაკლოთ რუსთველის შავ საღებავს.

„ერთმანეთს ვენაცვლებით, ვღელავთ, ვფუსფუსებთ. სახეს რომ მივუახლოვდით, ვცდილობთ ზედმეტი ძალა არ დავატანოთ მარჯვენას, ერთმანეთს ვაფრთხილებთ, ალერსით, მსუბუქად ვწმენდთ, გვეშინია თვით რუსთაველის პორტრეტზეც არ ვიმოქმედოთ. სასწაულია, რუსთაველის სურათის ფერებს არაფერი ეკარება, თუ რუსთაველის სურათის ფერები არ იკარებს არაფერს, იწმინდება და ანათებს ისე, როგორც ოდესღაც უნათებია. ვაშა, გამოჩნდა, გამოჩნდა, დიდებული სახე ბრძენი მოხუცისა! ამაყი, მაგრამ ღრმად კაეშნიანი… თითქოს ნაცნობი სახე, საოცრად ნაცნობი სახე…“

გიორგი წერეთლის სახელობის სახლ-მუზეუმის კედლებიდან გვიმზერს ასეთი, სიმწრით მოპოვებული და დაბრუნებული რუსთველის ფრესკისა და პალესტინის ექსპედიციის ამსახველი ფოტოები.

კიდევ ერთი კურიოზული ისტორია უკავშირდება რუსთველის ფრესკას. როდესაც ჩვენმა მეცნიერებმა მორიგი სამუშაო დღის გასაგრძელებლად მიაშურეს ჯვრის მონასტერს, შეთხვევით თავზე წაადგნენ ბერძენ ბერს, რომელიც ცდილობდა ფრესკის დაზიანებას. საბედნიეროდ დროზე მიუსწრეს, თუმცა გიორგი წერეთელს თავი ვერ შუკავებია და გაშლილი ხელი სახეში გაურტყავს ბერისთვის, რასაც სერიოზული სკანდალი მოჰყოლია, იმდენად რომ დიპლომატების ჩარევა გამხდარა საჭირო ამ ინციდენტის უხმაუროდ ჩასამთავრებლად.

გიორგი წერეთელს უზომოდ უყვარდა იმერეთი და განსაკუთრებით თავისი სოფელი ცხრუკვეთი. აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე იგონებს – გიორგი წერეთელს, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმედ იყო ავად, თავისი სოფლი წყალი უნატრია და მართლაც თიხის დოქით მოურთმევიათ. ამ წყაროს დღესაც ,,წერეთლების წყალს“ ეძახიან სოფელში და ვისაც ერთხელ მაინც უგემია, არც გაუკვირდება მხცოვანი მეცნიერის ბოლო სურვილი.