ოთარ ქანდარია-კაცი, რომელიც უყვარდა ქუთაისს

ოთარ ქანდარია

გააზიარე:

ავტორი: ნანული ცხვედიანი

ის რომ გამოჩნდებოდა, მთელი ქუჩა სიყვარულით გამოაყოლებდა ხოლმე თვალს – დინჯად მომავალს, მუდამ შავპერანგიანს, ცალ მხარზე კოსტიუმწამოკიდებულს. დიდრონ თვალებში ჩამდგარ ნათელს ხშირი წარბები ვერ უჩრდილავდა, სახის მკაცრ ნაკვთებში, დამახასიათებელ ნაკეცებში მაინც იდუმალი სილბო ედგა.
ერთხელ რეჟისორმა გენო ჩირაძემ ეპიზოდურ როლში გადაიღო მხატვარი და ეს ნაკვთები, ეს ხმა, ეს დენდური მანერები სამარადჟამოდ შემოგვინახა ფილმით „ზვარაკი“(1990). ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ ლევან აბაშიძეს, თურმე, ხელი უნდა გაერტყა ოთარ ქანდარიას პერსონაჟისათვის, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ახლადგაცნობილი ქუთაისელი მხატვრის პიროვნული ხიბლი, ახალგაზრდა მსახიობმა მტკიცე უარი განაცხადა, ვერ გავარტყამ ამ კაცს, არ შემიძლიაო. ეს ეპიზოდი მიტომაც შეიცვალა.

უკვე 10 წელია, საფიჩხიის სასაფლაოზე, საყვარელი დედის გვერდით განისვენებს რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი ოთარ ქანდარია, ქუთაისის საზოგადოებისათვის კი ის დღემდე ცოცხლობს თავისი განსაკუთრებული პიროვნული და შემოქმედებითი თვითმყოფადობით; ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებზე წლების მანძილზე გამოტანილი გრაფიკული სერიებით; სახელოსნოში დაკიდებული დიდებული სურათებით; უამრავი მწერლისათვის ორიგინალურად გაფორმებული წიგნებით(400-ზე მეტი წიგნი!); სხვადასხვა თემაზე, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე შესრულებული ნატიფი დიზაინით, პლაკატით; საკუთრივ მისეული, ულამაზესი შრიფტით. მის დამახასიათებელ ხელწერას ხომ მუდამ ცნობდნენ და გამოარჩევდნენ სხვათაგან, გამოფენებზე მისი ახალი სურათების წინ მუდამ ინტერესით ყოვნდებოდნენ სხვადასხვა თაობის დამთვალიერებლები.
60-იანელთა საუკეთესო წარმომადგენელმა თავისი შემოქმედების ყველა ეტაპზე მშობლიური ფესვები მოიძია და აამეტყველა. შავ -თეთრი ოფორტები იყო, თუ ხაზებსა და ორნამენტებში ფერებჩაღვრილი გრაფიკა, ვაზის ლერწისებრ დაწნული ჩუქურთმა, თუ მზე-ბორჯღალისკენ გაფრენილი რაშები, ოთარ ქანდარიას თითოეულ ნახატში, ფერში, პლასტიკურ ხაზთა ჰარმონიაში დიდი კოლხეთის, დედა საქართველოს სულია დავანებული. ეს განსაკუთრებით იგრძნობა მხატვრის ალბომში, რომელიც 2006 წელს გამოიცა, სახელწოდებით „ჟღერს ქვის ჰარმონია“. მასში 173 ისტორიული ძეგლია შესული. პოლიგრაფიულად არცთუ განსაკუთრებულ დონეზე დაბეჭდილი ალბომის ზერელედ დამთვალიერებელიც კი შენიშნავს, რომ მხატვარი ღრმად იცნობს თითოეული ძეგლის ისტორიულ ფონს და არქიტექტურულ სტილს, ჟამთმონაცვლეობის შესაბამისად ძეგლში შეტანილ ცვლილებებს , მის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს! ქართული ტაძრების, ციხეებისა და კოშკების გრაფიკული გამოსახულებანი – ეს პლენერზე გასული მხატვრის ნაუცბათევი, გულგრილი ჩანახატები კი არ არის, არამედ- ძეგლთან ძალიან დიდხანს ნამყოფი და მასზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცის გულისთქმა. ოთარ ქანდარიამ, თანამედროვე მხატვარმა, საკუთარი თვალით წაიკითხა და შეაფასა ის არსებითი და უმთავრესი, რაც საუკუნეების წიაღში გამოიარა ქართულმა ხუროთმოძღვრებამ. ამ თვალსაზრისით მხატვრის ალბომი ძალზე საინტერესოა.

ოთარ ქანდარია სულით ხორცამდე ქუთაისელი იყო, პირველსკოლელთა შესანიშნავი თაობის წარმომადგენელი.
წარმოგიდგინოთ მისი ყრმობის ყველაზე ლამაზი პეიზაჟი?- ქალაქის ცენტრში მდგარი, რამდენიმე ოჯახის საცხოვრისი, დიდი, სამსართულიანი სახლი, რომელსაც წინ ორი ცაცხვი ამშვენებდა. ქანდარიების მხარეს მდგარი ერთი ხე ომის წლებშივე მოჭრეს, მეორეს კი ისეთი უცნაური “მხარ–მკლავი“ ჰქონდა შორიდანვე მათი ფანჯრისკენ „წამოღებული,“ რომ გაზაფხულზე ლამის თავის ყვავილებიანად შემოჭრილიყო ბინაში.

პეიზაჟის განუყოფელი ნაწილი იყო ცაცხვთან დადებული დიდი ქვაც– ბიჭუნების თავშეყრის ადგილი, ცაცხვის ფუტურო ტანზე დაჭდეული ლურსმნების „საფეხურებიც“ და, რაც მთავარია, ძველი ეკლესიისაგან ფრაგმენტებად შემორჩენილი იდუმალი სვეტებიც, მათი სახლისათვის რომ გამოეყენებინათ…

იცით, არასოდეს დაუხატავს ეს პეიზაჟი მხატვარ ოთარ ქანდარიას, რადგან ვერც ერთხელ გაბედა, დაერღვია პატარა ოთარ ქანდარიას ბავშვურ ოცნებებში ოდესღაც აღბეჭდილი ხაზები და ფერები.

მერედა, რა საინტერესო ხალხი ცხოვრობდა ამ პეიზაჟის შუაგულში და გარშემო: მირაქოვები, მიზანდარები, ბოლქვაძეები, ოცხელები, ჩირაძეები,ხახიაშვილები, მესხები, ჭიჭინაძეები… სხვები და სხვები.

უძველეს ქუთათურ ოჯახთა ტრადიციული პეწი და სიდარბაისლე ჯერ კიდევ შემორჩენოდა ქალაქის ცენტრალურ უბანს. ეროვნული თუ სოციალური სხვადასხვაობა მეზობლურ ურთიერთობებზე გავლენას არ ახდენდა. ამიტომაც იყო ისე გემრიელი „სიხო ბიცოლას“– კეთილი ებრაელი ქალის – არაჩვეულებრივი კერძები, ამიტომ იყო ისეთი ტკბილი ოლინკა ბებიას ბაფთიანი გიტარა; ამიტომაც იყო მთელ სამეზობლოში ისე პოპულარული – ქაჯაიას ქალის მეგრული ღომი.

 

იმ შორეული ბავშვობიდან მოკიდებული, მეგობარი და ძმაკაცი თუ ემატებოდა, თორემ არ მოჰკლებია ოთარ ქანდარიას.

საოცრად დიდი იყო მისი სამეგობრო: უამრავ ადამიანს მოითვლიდა და მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ყოველთვის სიყრმის მეგობრებს ეჭირათ. ამიტომ, თუ როდესმე თქვენც პატივი დაგედებოდათ და ფაქიზად შენახული საოჯახო ძველი ფოტოების უბრალო გადათვალიერებას მოახერხებდით, მაშინვე მიხვდებოდით, რამდენი ულამაზესი წამი, ტკბილ–მწარე მოგონება აკავშირებდათ ერთურთთან ოთარ ქანდარიას და მის:ი ლო ხახიაშვილს, ბადრი ალხაზაშვილს, ემზარ ცუცქირიძეს, თემურ ლორთქიფანიძეს, კოტე მემანიშვილს, მინდია უგრეხელიძეს, ბერნანდ ნებიერიძეს (ფრანციას),თამაზ მაისურაძეს, კარინო მეგრელიშვილს, ჭიჭიკო თავდიდიშვილს, დურიკო შენგელიას, ჰამლეტ ჯაველიძეს, ნოდარ ერგემლიძეს, თენგიზ კორინთელს, რეზო გაბრიაძეს, დევი ივანოვს და… რა ვიცი, აბა? კიდევ რამდენი ვინმე შეიძლება ჩამოთვალო – მნიშვნელობა არა აქვს, ცოცხალია თუ გარდაცვლილი, ყოველ მათგანს თავისი კუთვნილი ალაგი ჰქონდა მეგობრის გულში.

ეს ისეთი ურთიერთობებია, ათეულწლობით იმდენად გამოცდილი და სულის იდუმალი ხლართებით იმდენად გადაბმული, რომ, შეიძლება, თითოეულ მათგანზე ემოციებით გაჯერებული უზარმაზარი მონოლოგები წაიკითხო.

 

რამდენადაც საინტერესო მხატვარიც გახლდათ (მე ვიტყოდი: „გრაფიკოსი“, ის ღიმილით შემისწორებდა: „“გრაფი(ნ)კოსი“), იმდენადვე საინტერესო იყო ოთარ ქანდარია პიროვნულადაც. იერსახითაც, ასკეტის გარეგნობაში ჩადებული საოცრად მგრძნობიარე სულით. მუდმივი შიშით – რაიმე არ „შეეშალოს“, ბოლომდე უმკაცრესად მიჰყვეს თავის ზნეობრივ პრინციპებს. მუდმივი მცდელობით – ბოლომდე უშურველად დაიხარჯოს მოყვასის სამსახურში.

ერთხელ ჩვენმა სასიქადულო ადამიანმა, ადვოკატმა და ერუდიტმა, ბატონმა გურამ უგრეხელიძემ დაწერა კიდეც:

„როცა მე მას ვეძებ, ის იქ არ არის, სადაც მეგულება, მაგრამ ის იქ არის,სადაც ვიღაცას უჭირს და სინიდისი სთხოვს. როგორც ღამის წყვდიადში ციცინათელა ამოუცნობ ხვეულებს აკეთებს და დროდადრო საიმედოდ გაანათებს მოულოდნელ ადგილას, ისევე ოთარი, ჩვენს ბურუსით დაფარულ ცხოვრებაში დაჰქრის და ქარგავს სიკეთის არშიას, ისე ლამაზს, ისე მომხიბლავს თავისი გამოუცნობი ხელოვნებით.“

ოთარ ქანდარიას გრაფიკული ნამუშევრების დათვალიერებისას, თუ ოდნავ მაინც გიჭრის თვალი, უმალ შეამჩნევ, რომ ამ „მზე–ბორჯღალებით“,უქარქაშო ხმლებით, თეთრი ტაძრებით, ვაზის ლერწებითა თუ ყვავილწნულებით, „ერთი ხელის მოსმით“ შექმნილ კომპოზიციებს თან სდევს დიდი შინაგანი პოეტურობა და სინატიფე. ლამის ნახატად განსხეულებული სიტყვაა ყოველი მათგანი, ქართული ინტონაციებით ამოფერილი და ამოქანდაკებული. და არა იმიტომ, რომ ოთარ ქანდარია, მართლაც, წლების მანძილზე აფორმებდა ქართველი მწერლებისს წიგნებსა თუ ჟურნალ–გაზეთებს; არც იმიტომ, რომ უთვალავი ლექსი იცოდა ზეპირად და საოცარი იმპროვიზაციით კითხულობდა…

ალბათ, უფრო იმიტომ იყო მის ხაზთან თუ ფერთან ისე ახლობელი მშობლიური სიტყვა, რომ ყოველი ბგერით, ყოველი ასოთი, სისხლის ყოველი უჯრედით, განიცდებოდა და განიბრძმედებოდა. თითოეულ სიტყვას მხატვარ – გრაფიკოსი ფესვებში მისდევდა, ეფერებოდა, ეალერსებოდა, დღეობით და თვეობით სიყვარულით დაატარებდა ხოლმე ახლადგაგებულ საიდუმლოს ამა თუ იმ სიტყვისას, აგემოვნებდა, აჭაშნიკებდა და…

თუ „არშემდგარი“ პოეტი იყო ოთარ ქანდარია, სამაგიეროდ, ქართული სიტყვის დიდებული დამჭაშნიკებელი, კარგი მკითხველი, შემფასებელი და მეტრფე გახლდათ.

გინდოდათ, სულიერი აღმაფრენა განგეცადათ?

მაშინ, უნდა გეთხოვათ ოთარ ქანდარიასათვის, წაეკითხა ლექსები, მან ხომ უთვალავი ლექსი იცოდა ზეპირად!

ოღონდაც, ვაჟიკას და ხვარამზეს ბალადას ნუ მოსთხოვდით. ხვარამზე „მისი“იყო, საკრალური,, ხელშეუხებელი, მარადი-ქალი და მარადი-ოცნება, რომელსაც „ზეპირად სწავლითაც“ ვერ ხელყოფ.

ამიტომ მას არასოდეს დაუხატავს ხვარამზე.

სამაგიეროდ, დანარჩენი ქართული პოეზია ასაზრდოებდა მის საოცარ გრაფიკას.

უნდა მოგესმინათ, როგორი თვითირონიით ყვებოდა ამა თუ იმ ამბავს,როგორ მოიხსენიებდა საკუთარ თავს: “ქანდარია“, როგორი დაგემოვნებით იხსენებდა მისი მეგობრების წარმტაც თავგადასავლებს.
ბევრს გასჩენია შეკითხვა: რატომ დადის მხატვარი კაცი სულ „შავებში“გამოწყობილი, რატომ ვერ „ითავსებს“ ფერად სამოსს?

ჰამლეტ ჯაველიძის სიკვდილის შემდეგ არ მოუშორებია შავი.

ჰამლეტს მერე სხვა მეგობრებიც დაემატნენ…

და სევდა, რომელსაც არასოდეს ახვევდა თავზე ვინმეს, მხატვრის სულის ყველაზე ფაქიზ სიმებს ეხებოდა.

ამ სევდას ყოველთვის მალავდა ოთარ ქანდარია.

 

 

მის სახელოსნოში სტუმრად მოსულს, არც კედლებზე გამწკრივებული და (უფრო მეტად) კუთხეებში დასტა–დასტად დაწყობილი, „უადგილოდ“დარჩენილი გრაფიკა დაავიწყდება, არც ჭიქებში ჩაწყობილი, კოხტად წვერწამახული ფანქრები და სხვადასხვა ზომის ფუნჯები, არც მასპინძელთან საოცარი სილამაზით გაზიარებული ტრაპეზი. პატარა ბუტერბროდითა და ჭიქა ღვინით აქ, შეიძლებოდა, პოეზიის სასწაულიც დაენთოთ სტუმრისათვის, მეცნიერებისა და ხელოვნების სიახლეებიც გაეზიარებინათ და ბოლოს, უბრალოდ, ადამიანური ყოფიერების არსზე ჩაეფიქრებინათ.

მასპინძელი არაჩვეულებრივად ყურადღებიანი და გულითადი ბრძანდებოდა, მისი შინაგანი არტისტიზმიდან გამომდინარე – უაღრესად მომხიბვლელიც. გიტარაც თუ ახმიანდებოდა და მომაჯადოებელი ხმაც გაისმოდა – მით უფრო.

მასთან მეგობრობა ყველას პატივს სდებდა, ყველას უხაროდა – ცნობილი მწერალი იქნებოდა, ხელოვანი თუ საზოგადო მოღვაწე. მათ არ ჩამოვთვლი, გურამ დოჩანაშვილის, რეზო გაბრიაძის, ვალიკო მიზანდარის, ზურაბ კუხიანიძის, მინდია უგრეხელიძის , ილო ფოტოგრაფის დასახელებაც ხომ საკმარისია.

 

იმ დღესაც მისი სახელოსნოს სტუმარი გახლდით.

– მანანა, პრასი არ მოიტანე? – მეუღლეს მიმართა შეფარული ღიმილით(მნიშვნელობა მერე გავიგე).

მანანა იქვე, ღია აივანზე დადგმული რომელიღაც ვარცლიდან თუ ვედროდან კრეფდა იმერული სუფრის მწვანეფოჩებიან მშვენებას, მე კი, უნებურად, მიზანა ბრეგვაძის ცნობილი შეძახილი გავიმეორე:

– „პრასი არ გვინდა, გვაქვს–თქვა!..“

– შენ თუ იცი, ჭურუმე, საიდან გაჩნდა „შერეკილებში“ ეს ფრაზა? –მეკითხება ბატონი ოთარი. და მისი წეღანდელი ღიმილის მიზეზსაც აქვე ვიგებ:

– ვალიკო მიზანდარს უყვარდა პრასი. ერთი პერიოდი, მიცვალებულის ნიღბის ასაღებად დადიოდა, ჰოდა, რომ დაამთავრებდა სამუშაოს, მერე, წესისამებრ, ოჯახი სთხოვდა: ერთი შესანდობარი დამილიეთო.

გამოიტანდნენ პატარა პურ–მარილს: მწვანილით, მჟავეთი, ოღონდ პრასი არ იყო. ასე მოხდა ერთხელ, მეორედ, მესამედ… მერე ვალიკოს ჯიბეში ჩაუდევს პრასი: რომ დაგვპატიჟებენ და პრასი არ ექნებათ, დავაძრობ ჯიბიდანო. აი, ეს მომენტი გამოიყენა რეზო გაბრიაძემ „შერეკილებში“, ამ შემთხვევიდანაა წამოსული ეს ფრაზა.

– ვალიკო მიზანდარის გარდა, რეზო გაბრიაძის გმირების პროტოტიპებიდან კიდევ ვის იცნობდით?

-„ფეოლას“ პროტოტიპი ჯემალ ხურციძე იყო. ზუსტად, სიტყვა–სიტყვითაა წარმოდგენილი მისი ხასიათი, თვისებები. ეს იყო ძალიან საინტერესო კაცი, იუმორით სავსე, განათლებული. სახლმმართველობებთან რომ საფეხბურთო კლუბები არსებობდა, აი, ერთ-ერთ ასეთ გუნდს ხელმძღვანელობდა. სამწუხაროდ, ადრე გარდაიცვალა, უცოლო კაცი იყო, შთამომავლობა არ დარჩენია. კარგი ძმები ჰყავდა. ერთ-ერთი ძმა, გურამი, პოლიტექნიკურის ლექტორია, ვახტანგი – ექიმი. აი, იმათი ძმა იყო ჯემალი.

ერთ ამბავს მოვყვები კიდევ. რაღაცაზე აწყენინა ერთმა ბიჭმა როლერ ლეკვეიშვილს. როლერი ფიზიკურად სასწაულად ძლიერია. ვერსად ვერ დაიჭირა ის ბიჭი, რომ ცემოს.

ერთხელაც, მოდიან თემურ ლორთქიფანიძე, როლერი და თავის გაპრიალებულ „მოსკვიჩთან“ არ დგას ის ბიჭი? გამოეკიდა როლერი თურმე, იმან კი „მოსკვიჩში“ შეასწრო და დაძრა მანქანა. როლერიმ მოავლო ხელი მანქანას, ასწია და უკანა ბორბლები ტრიალებს. უთხრა თემურის: ცემეო. თემურმა იუარა: ჩემთვის არაფერი დაუშავებია, რატომ ვცემოო? მაშინ, დამიკავე მანქანაო. რავარი დასაკავებელია?!

რეზო გაგიჟდა, რა კარგი თემააო და გამოიყენა კიდეც მერე.

 

…რამდენი ვილაპარაკეთ იმ დღეს (ღიმილიანი „ჭურუმეს“ თანხლებით) სახელოსნოში!..
გაცილებით მეტს და გაცილებით საინტერესოს კი ოთარ ქანდარიასადმი მიძღვნილ იმ ორ, უხვად ილუსტრირებულ წიგნში წაიკითხავთ, რომელთა ავტორია მხატვრის მეუღლე, ჟურნალისტი მანანა ლარცულიანი (მხატვრის ქალიშვილის, ლიზი ქანდარიას შესანიშნავი დიზაინით).
მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ ღირსების ორდენის კავალერს, ოთარ ქანდარიას სიცოცხლეში არ მიუღია არანაირი პრემია, მისი ყველაზე მაღალი ჯილდო იყო, როცა 2000 წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.