ავტორი: ლია ხარაიძე
არგვეთის საერისთაოს ისტორია სათავეს ფარნავაზ მეფისაგან იღებს. ,,..გაგზავნა მარგვს ერისთავად და მისცა მცირით მთიდგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუამდე რიონის ზემოთ. და ამანვე ფარნავაზ აღაშენა ორნი ციხენი.“ (ვახუშტი ,,აღწერაი სამეფოსა საქართველოსი“) ლეონტი მროველის აზრით არგვეთის საერისთაო მოიცავდა ტერიტორიას ლიხის მთიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე.
ბაღვაშ-ორბელიანთა საგვარეულოს აღზევება მას შემდეგ დაიწყო, რაც არგვეთის საერისთაოსთან ერთად კლდეკარიც ჩაიგდეს ხელში. კლდეკარი, როგორც სასაზღვრო მამული, სტრატეგიულად უზომოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან იგი მართლაც კარს წარმოადგენდა ბიზანტიიდნ საქართველოს გულისაკენ მიმავალს. ეს კარგად იცოდა მტერმაც და მოყვარემაც. ბიზანტიის იმპერატორები ძალისხმევას არ იშურებდნენ ბაღვაშთა მისამხრობად. ამ ფეოდალურმა გვარმა ქართულ ისტორიოგრაფიაში ცალსახად მეამბოხე ერისთავების სახელი დაიმკვიდრა, მაგრამ ამას გარდა დიდ აღმშენებლობით საქმიანობასაც ეწეოდნენ. სწორედ მათ სახელს უკავშირდება არერთი უნიკალური ხელოვნების ნიმუშის არსებობა, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია და დღემდე ჩვენ გაოცებას იწვევს. სწორედ საგანძურია ჩვენი სტატიის თემა, მაგრამ ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ იმ ადგოლსაც სადაც ეს საგანძური იქმნებოდა.
არგვეთის საერისთაოს ერთ-ერთი ცენტრი სოფელი კაცხი გახლდათ. აქ იყო ამ გოროზ ფეოდალთა კარის ეკლესია და საძვალე, ქონდათ ციხე-სიმაგრეები, რაც იმ პერიოდში ფეოდალის სიძლიერის სიმბოლოს წარმოადგენდა. სასახლეს ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა დღემდე ნახულობენ გლეხები მიწის დამუშავებისას თიხის მილებს,რაც გვამცნობს რომ ამ პერიოდში კარგად გამართული სარწყავი სისტემით სარგებლობდნენ. კაცხის ციხე-სიმაგრე ნანგრევების სახით არის შემორჩენილი, მხოლოდ ტაძარმა მოაღწია პირვანდელი სახით.( ორჯერ გადაიწვდა აღადგინეს. მაგრამ პირვანდელი სახე მთლიანად არის შენარჩუნებული. აღდგენის კვალი კარგად იკითხება) ,,კაცხის მაცხოვრის შობის ტაძარი“-უნიკალური არქიტექტურული ძეგლი ,,… მას ზემოთ ყვირილას მოერთვის კაცხისწყალი… ამ წყალს ზემოთ არს კაცხის ეკლესია მაცხოვრისა, გუმბათიანი, დიდ- ფრიად კეთილნაშნი“.(ვ. ბატონიშვილი) შვეიცარიელი მოგზაური დიუბუა დე მონპერე კაცხის მაცხოვრის ტაძარს წმინდაწყლის ქართული არქიტექტურის ნიმუშად მიიჩნევს, ეს მით უფრო საყურადღებოა, რომ მსგავსი არქიტექტურის ძეგლს ჩვენამდე თითქმის არ მოუღწევია. ,,ამ ტიპის ქართული ხუროთმოძღვრების გარკვეული საფეხურის დამახასიათებელი არქიტექტურული ტიპის-ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი“ – ასე აფასებს აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე კაცხის ტაძარს. ,,კაცხი თავიდანვე ბაღუაშთა ძლიერი საგვარეულოს სამფლობელო იყო. ტაძარი რატი ერისთავთ-ერისთავის აშენებულია“. (ვ. ბერიძე ,,ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“ 1971წ.) აქვე მინდა დავამატო, რომ ,,მატიანე ქართლისაის“ ცნობით კაცხის მაცხოვრის შობის ტაძარში არიან დასაფლავებულნი ერისთავთ-ერისთავები: რატი, ლიპარიტ IV, გიორგი აბაშიძე (მალაქიად წოდებული), არგვეთის მთავარი ლევან აბაშიძე…(ვ. ბერიძე ,,ძვ. ქართული ხუროთმოძღვრება“ 1971წ.)
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კაცხი ადრეულ შუა საუკუნეებში მნიშვნელოვან პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ამ პერიოდში, როგორც იტყვიან ,,აქ ცხოვრება სდუღდა და გადმოსდუღდა“. კაცხის საგანძური არაერთხელ მოიხსენიება წერილობით წყაროებში. (მაგ. -,,სვიმონ ჯაფარიძემ, იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ს, მისცა კაცხის ციხე და საგანძური“ წერს მატიანე.)კაცხის ტაძარში მიმდინარეობდა ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, აქ ასობით წიგნი გადაწერილა. ტაძარს ქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. სამწუხაროდ ტაძარი რამდენჯერმე გადაიწვა, ბაღვაშთა დამხობის შემდეგ პატრონიც არაერთხელ გამოიცვალა, რასაც მოჰყვა ტაძრის უნიკალური ბიბლიოთეკის განადგურება. ჩვენამდე მოაღწია ,,კაცხის გულანმა“, რომელიც ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ინახება და წარმოდგენას გვიქმნის კაცხის გადაწერის სკოლის სიძლიერეზე. ,,გულთსანდომად შკრებილი წიგნი“-ასე განმარტავს ს.ს. ორბელიანი გულანს. გულანი ორიგინალური ქართული ფენომენია და არცერთ სხვა ეკლესიას არ აქვს. მასში თავმოყრილია სრულიად საღვთისმეტყველო წიგნები. გულანების შeძენის ფუფუნება მხოლოდ მდიდარ ეკლესიებს ჰქონდათ. ზოგი გულანი 2-3 ფუთსაც იწონიდა. კაცხის გულანი“ მონასტერში მომუშავე ოსტატებისგან უნდა იყოს შქმნილი. ხელნაწერში გამოყენებულია ქართული უძველესი სტილის ორნამენტები: ვაზის რტოები, გეომეტრიული ფიგურები, მცენარეული მოტივები, რომლებიც მთელ ტექსტს ამკობს. წიგნში ვხვდებით ბიბლიურ მოტივებზე შექმნილ მინიატურებს. საინტერესოა ფერთა გამა გამოყენებულია ქართული საეკლესიო ხელნაწერებისთვის დამახასიათებელი წითელი, ლურჯი, მწვანე და ოქროს ფერები. ტექსტი შსრულებულია ხუცურ-ნუსხურით. ,,ეს ხელნაწერი ქართული ქრისტიანული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, მის მხატვრულ გაფორმებაში ჩანს შუა საუკუნეების ქართული წიგნის მხატვრული ტრადიციები.“
,, კაცხის საგანძურიდან“ შემორჩენილ უნიკალურ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს კაცხის მაცხოვრის ხატი, რომელიც მირიანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მშვენებას წარმოადგენს. ხატი შემკულია სამი დიდი ზომის საფირონით. გამოყენებულია, როგორც მომინანქრების ხელოვნება, ისე ჭედურობის ტექნიკა. შესრულებულია მოოქროვილი ვერცხლით. აღსანიშნავია ხატზე გამოყენებული უიშვიათესი მწვანე მინანქარი, რომელიც მსოფლიოში ათამდეა შემორჩენილი. ხატის წარწერაში მოხსენიებულია ერისთავთ-ერისთავი რატი. ეს ის რატი ერისთავია, რომელმაც გაინათელ ეპისკოპოსთან ერთად თამარ მეფეს დაადგა გვირგვინი.
კაცხის მონასტრის გადაწერის სკოლის გარდა, არგვეთის საერისთაო ყოფილა ხეზე კვეთის სკოლითაც. ამაზე მეტყველებს მღვიმევის მონასტრის ვაზის კარი, რომელიც ადგილობრივი ხელოსნის მიერ ადგილზე შსრულებული უნდა იყოს. ვაზის კარი ხელოვნების მუზეუმის საცავშია დაცული.
მღვიმევის მონასტრის კარი გამოირჩევა მხატვრული ღირებულებებით და ხეზე კვეთის ოსტატობით. ცნობილია რომ ეს კარი მონასტრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიქვიას წარმოადგენდა. კარების მოჭედილობამ ძალზე დაზიანებული სახით მოაღწია ჩვენამდე. ,,კარზე გამოყენებულია მკაფიო და სადა ორნამეტების მრავალსახეობა. ამ ძეგლმა საკმაოდ დიდი რაოდენობით ფრაგმენტები შმოგვინახა“.
ქართულმა ქრისტიანულმა ხელოვნებამ საუკუნეების მანძილზე ბრწყინვალე ხელოვნების ნიმუშები შექმნა, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით იყო გაბნეული. კაცხის მაცხოვრის შობის ტაძართან ერთად დიდ სიმდიდრეს ფლობდა მღვიმევის დედათა მონასტერიც. მღვიმევის მონასტერი გამოირჩეოდა ძვირფასი ხატების სიმრავლით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ტაძარში ინახებოდა: ვედრების კომპოზიციის სამი დიდი ზომის ხატი; (ღვთისმშობლის, ქრისტესი და იოანესი), ცალკეული ხატები-მაცხოვრის, ჯვარცმის, დიდი ზომის ჯვარი დასხვა. სამწუხაროდ ბევრი ძვირფასი ნივთი გაიტაცეს, ბევრი დაზიანდა, თუმცა ,,ეს ხატები ,,ოქროს ხანის“ შემოქმედების თვალსაჩინო ნიმუშებია.“ (რუსუდან ყენია-ძეგლის მეგობარი, 1969წ.)
2015 წლის ნოემბერში მოეწყო ეროვნული არქივის გამოფენა პროექტის -,,საგანძური ეროვნული არქივის ფონდებში“, ფარგლებში. პროექტი უზომოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია ბევრ ისეთ ექსპონატზე, რომლის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰქონდა. ,,გაიხსნა ფანჯარა“ ახალი კვლევებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ფოტო გამოფენა. სამწუხაროდ ზოგიერთი ექსპონატის, ან ფრაგმენტის შესახებ მხოლოდ ფოტომასალაღა შემოგვრჩა.
საგანძური თითქოს შორიდან გვეხმიანება და ხიდად გვეგება ჩვენსა და დიდებულ წინაპრებს შორის, რაც ჩვენი მემკვიდრეობა, დიდი სიამაყე და პასუხისმგებლობაა.
