მარიონელა“ და ქუთაისური ხელწერა მოდაში

მარიონელა

გააზიარე:

ავტორი: ნია კუჭავა

 

უკვე 30 წელზე მეტია, რაც ქუთაისში დაფუძნებული მოდის სახლი ,,მარიონელა“ საქორწინო, სადღესასწაულო და ტრადიციულ სამოსს ქმნის და მომხმარებლებს სტრუქტურულად გამართულ, მათსა და მათ გემოვნებაზე იდეალურად მორგებულ კაბებს სთავაზობს. წლების განმავლობაში ქართული მოდის სფეროში ამგვარი დომინაციის უკან დგას ტექნიკურად ძალიან რთული და შრომატევადი, თუმცა, ამავდროულად, საინტერესო შემოქმედებითი პროცესი, რომელიც განაპირობებს საბოლოო პროდუქტის როგორც სტრუქტურულ გამართულობას, ისე გადმოსცემს დიზაინერის ინდივიდუალურ ხედვასა და მომხმარებლის ემოციურ ბმას თითოეულ კაბასთან. ზემოთ ხსენებულ დინამიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ არც ერთი ეტაპი, არც ერთი ეპიზოდი კაბის შექმნისა არ უნდა აღვიქვათ განცალკევებულ, დანაწევრებულ მონაკვეთად, არამედ ერთ მთლიანობად, რომელიც კონსტრუქტორების, მკერავ-ტექნოლოგებისა და მხატვრების თანმიმდევრულ, ინტეგრირებულ მუშაობასა და მუდმივ დიალოგს მოითხოვს. ,,მარიონელას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარინა უგულავას თქმით, საქორწინო კაბა ესკიზიდან რეალობად იქცევა, თუმცა კონსტრუირებისა და შეკერვის ეტაპზე ,,მარიონელას“ გუნდის თითოეული წევრი ითვალისწინებს როგორც საბოლოო პერსპექტივას კაბაზე, ისე მისი შექმნის ტექნიკურ დეტალებსა და ინჟინერიას. როგორც ,,მარიონელას“ გუნდი გვიამბობს, თითოეული ეს საფეხური, თავის მხრივ, მათთვის ფიქრისა და მუდმივი კვლევის ნაკადია, გამოწვევაა, რომელსაც დიდი ინტერესით ხვდებიან. თითოეული კაბის შექმნა მისი ფორმის, სტრუქტურული დეტალების, რეალისტური და გამართული ტექნიკური მეთოდებისა და მისი შემქმნელებისა და მომხმარებლის მიერ მისთვის მინიჭებული შინაარსობრივი დატვირთვის შეკავშირების, ჰარმონიული გაერთიანების მცდელობაა. სწორედ ამ მცდელობებისა და ,,მარიონელას,“ როგორც ცალსახად ქუთაისური მოდის სახლისა და თავად მისი წარმოშობის ადგილის ისტორიული შერწყმისა და ურთიერთგავლენების შესახებ მოგვითხრობენ ,,მარიონელაში,“ სადაც მუდმივად აღნიშნავენ, რომ ბრენდის იდენტობა ცალსახად განსაზღვრა იმ კლიმატმა, რომელშიც ის შეიქმნა და შეითვისა ქუთაისური მოდის გემოვნური თავისებურებები და მოთხოვნები.

***

,,მარიონელას“ ისტორია 1993 წლიდან იწყება, თუმცა მისი ფილოსოფია უფრო ადრე, მისი დამფუძნებლების, მარინა უგულავასა და ლელა ტურძელაძის მოდასთან მიმართებების განვითარების ფონზე ყალიბდებოდა. როგორც თავად მარინა უგულავა გვიზიარებს, მარიონელას, როგორც ბრენდის იდენტობის უკან დგას ბავშვობა, ბავშვობის ოცნება და მუდმივი სურვილი, რომ ,,ნაცრისფერ“ გარემოში თავიანთი მისწრაფებებისა და ხედვების მატერიალური გამოხატულება ეპოვათ. ,,მარიონელას“ შექმნის კონტექსტი საკმაოდ მძიმე იყო, ეკონომიკური სირთულეებისა და ბევრი სხვა სოციალური თუ პოლიტიკური დილემის წინაშე მყოფი საზოგადოება თანადროულად პირადი იდენტობის კრიზისის წინაშეც იდგა. განსაკუთრებით რთული იყო საკუთარი ინდივიდუალისტური მიმართებებისა და ხედვების ხელშესახები გადმოცემა, ამისთვის შესაბამისი კაპიტალისა და შესაძლებლობების პოვნა, თუმცა, როგორც თავად გვიყვებიან, ქუთაისს მუდმივად ახასიათებდა განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა სიახლეებისადმი, მისივე წიაღში გამოჩენილი ადამიანებისადმი, რომლებიც საკუთარ იდენტობის მარკერებსა და განცდებს, პროტესტსა თუ შინაგან აფექტებს თავიანთი შემოქმედებით გამოხატავდნენ. სწორედ ასე, ,,ნაცრისფერი,“ ერთი შეხედვით, კონტექსტისთვის შესაბამისი, სოციალური და არანაირად სუბიექტური მიმართებებისა და პრიორიტეტების მქონე საზოგადოების წინაშე წარსდგა ,,მარიონელა,“ რომელსაც წინ უძღვოდა ოცნება, ორი ადამიანის სურვილი, რომ კონტექსტთან კონფორმული სამოსიც კი ბევრად უფრო გამბედავი, კონკრეტული შეტყობინებისა და შინაარსის მატარებელი გაეხადათ. შესაბამისად, ,,მარიონელაზე“ ვერ ვისაუბრებთ ქუთაისის ისტორიული და, რაც მთავარია, კულტურის გარეშე. ქუთაისური კულტურის, მის თავდაპირველ ერთფეროვნებასთან კონფლიქტში, მის შინაგან დამოკიდებულებებსა და

კულტურულად განპირობებულ ხედვებთან დიალოგში, შემდგომში კი უკვე მისი თავისებურებების განვითარების ფეხდაფეხ იცვლებოდა ,,მარიონელას,“ იდეური, კონცეპტუალური ტრაექტორიები, რაც საბოლოოდ, გამოიხატა ძალიან წარმატებულ ბიზნეს წამოწყებაში, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდა და მხოლოდ ქუთაისის გეოგრაფიული კონტექსტით არ შეზღუდულა, თუმცა თავის იდენტობას მაინც მასთან იზიარებს. ასევე, ეს გავლენები ორმხრივია, რადგან, თავის მხრივ, ,,მარიონელას“ შემოქმედებითი სტილი, მისი კოლექციების სპეციფიკა განსაზღვრავდა ქუთაისში მოდასთან დაკავშირებულ ახალ ტენდენციებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ,,მარიონელა“ ევროპული და ამერიკული მოდის სახლების მიმართებებისა და მათგან შემოთავაზებული სიახლეებისგან პოულობს ხელშესახებ შთაგონების წყაროს, რაშიც არა იმავეს წმინდად გამეორება, არამედ საერთაშორისო მოდის სამყაროში პოზიციონირება, საკუთარი ადგილის პოვნა და ამ ტენდენციების გათვალისწინებით მომხმარებლებისთვის აქტუალური ცვლილებების შეთავაზებაა. შესაბამისად, ქართული მოდის სფეროსთვის ,,მარიონელა“ საერთაშორისო ტენდენციების გაზიარების წერტილიცაა, ამიტომაც, როცა ზეგავლენაზე ვსაუბრობთ, ქუთაისური მოდის კონტექსტი და ,,მარიონელას“ მიერ შეთავაზებული ინოვაციური სტილი ზოგადად ქართული მოდისთვის მუდმივად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან და ორმხრივ გამოწვევებს სთავაზობდა როგორც ცალკე აღებულ ბრენდს, ისე მთლიანად ქართულ მოდას.

დღეს ,,მარიონელა“ ძირითადად საქორწინო სამოსის შექმნაში სპეციალიზდება და მისი ორიენტირი მომავალი კოლექციების შექმნისას ცალსახად მომხმარებლის სურვილებსა და მათ ნდობაზეა დამყარებული. უცხოური აღიარებისა და კავშირების თვალსაზრისით, ,,მარიონელა“ მუდმივად იღებს ახალ შესაძლებლობებს როგორც განვითარებისთვის, ისე უნიკალური ცოდნის გაზიარებისთვის. მაშინ, როცა ქართულ მოდაში არ არსებობდა საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მარინა უგულავას

თქმით, ,,მარიონელას“ გუნდი მუდმივად ცდილობდა უცხოური გამოცდილებების გაზიარებას. გაცვლითი პროექტებისა თუ სხვა მსგავსი შესაძლებლობების მიზანი სწორედ გლობალური ნარატივებით ნაკარნახევი დეტალებისა და ავთენტური ფორმების გაერთიანება იყო, რაც დღემდე უწყვეტ პროცესად რჩება. ,,მარიონელა“ არის არაერთი უცხოური გრანტისა თუ პრიზის მფლობელი, ცოდნის ორმხრივი გაზიარებაც გამოიხატება იმ დადებით შეფასებებში, რომელსაც მუდმივად იღებენ უცხოური მოდის სახლების წარმომადგენლებისგან.

მომავალზე საუბრისას ,,მარიონელაში“ აღნიშნავენ, რომ თავად მათი კოლექციების იდეები და თემატიკა მომხმარებლის სურვილებსა და ტენდენციებზეა დამოკიდებული. უშუალო შემოქმედებითი საქმიანობის გარდა, ,,მარიონელა“ წარმატებული ბიზნესის კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ, რომლის მართვა და განვითარებაც საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე პერსპექტივაა. ამ მხრივ, ,,მარიონელას“ დამფუძნებლები თავდაჯერებულები არიან, რადგან მათი ოჯახის წევრები სწავლას აგრძელებენ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, სადაც უშუალოდ ბიზნესის მართვისა და მენეჯმენტის მიმართულებით იღებენ განათლებას. შესაბამისად, ,,მარიონელასთვის“ მუდმივი განვითარებისა და გაფართოების პერსპექტივა საკმაოდ რეალურია, რადგან მომავალი წარმატების ფორმულა ძალიან ჰგავს თავდაპირველ ხედვებს. იდეასა და წამოწყებას თან ახლავს უცხოური გამოცდილების კონტექსტთან მორგებისა და ისეთი სინთეზის შექმნის პრეცენდენტი, რომელიც ორმხრივად მიმზიდველი იქნება როგორც ქართული, ისე საერთაშორისო მოდის სფეროსთვის.