ავტორი: მარიამ მებუკე
საქართველოს ისტორიაში პირველი რესპუბლიკის იდეისა და მნიშვნელობის გადააზრება, შეიძლება ითქვას, საკმაოდ გვიან დაიწყო, რადგან იქამდე ცნობიერებაში პირველი რესპუბლიკისა და მისი ლიდერების არასწორი აღქმა არსებობდა, უფრო ზუსტად კი, საბჭოთა პროპაგანდა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების საზოგადოების მეხსიერებიდან გაქრობას. ამჯერად ჩემი მიზანი არა ზოგადად 1918-21-იანი წლების საქართველოზე, არამედ მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენელზე, სწორედ ასე „გამქრალ“ გოგიტა ფაღავაზე, დამფუძნებელი კრების ყველაზე ახალგაზრდა, 29 წლის ასაკში დახვრეტილ დეპუტატზე საუბარია, თუმცა ამისთვის საჭიროა, შევქმნათ წინაპირობა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის საფუძველი 1917 წლის თებერვალში პეტროგრადში მომხდარმა რევოლუციამ შეამზადა.
„მთავრობაძე გარდაიცვალა, შეატყობინეთ ნათესავებსა და ახლობლებს“ – ალბათ ეს სიტყვები მკითხველისთვის ნაცნობია. სწორედ ამ დეპეშამ აუწყა თბილისს რუსეთში ცარიზმის დამხობა. დაფარული დეპეშის ავტორი გოგიტა ფაღავაა, რომელიც ვიქტორ ნოზაძესთან ერთად 1917 წლის მარტში მოსკოვიდან ატყობინებს ნიკოლოზ მეორის გადადგომის შესახებ თანამოაზრეებს. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, რევოლუციის შემდეგ, მალევე ჩამოდის საქართველოში აკაკი ჩხენკელთან ერთად და აქტიურად ერთვება იმ დროინდელ პოლიტიკურ პროცესში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ჩხენკელის მდივნის როლსაც ასრულებდა ამიერკავკასიის კომისარიატში.
გოგიტა ფაღავა 1895 წელს დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია (ამჟამად პეტრე ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლა), სწავლის პერიოდიდან ჩართული იყო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. „1913 წლიდან (ფორმალურად) იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციის“ წევრი. ამდენად, როგორც მის ნეკროლოგშია აღნიშნული: „გოგიტა ფაღავა საუკეთესო წარმომადგენელი იყო იმ ახალგაზრდა თაობის, რომელმაც პოლიტიკური აღზრდა ძველი რეჟიმის პირობებში მიიღო.“ 1913 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს 1914 წელს ქუთაისში, ასევე, რამდენჯერმე – მომდევნო წლებში, ადმინისტრაციული წესით.“[1] რევოლუციის მერე ის მუშაობას იწყებს „ოზაკომში“, რომელიც ამერიკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს წარმოაგდგენდა. ოზაკომი რუსეთის დროებითი მთავრობის (რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების სამართალმემკვიდრე) გადაწყვეტილებით შეიქმნა, როგორც სამხარეო ხელისუფლების ორგანო და ის რუსეთის სათათბიროს კავკასიელი დეპუტატებით დაკომპლექტდა. მნიშვნელოვანია, რომ დროებით მთავრობას დემოკრატიული რეფორმების გატარება სურდა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დემოკრატიული პარლამენტი, ანუ დამფუძნებელი კრება უნდა არჩეულიყო, ჩატარებულიყო სრულფასოვანი თვითმმართველობის არჩევნები. ასე მოხდა კიდეც ქუთაისში, 1917 წლის ზაფხულში, ამასთან, სურდათ მიწის რეფორმის გატარებაც, მაგრამ დროებითი მთავრობის გეგმები ვერ განხორციელდა, ბოლშევიკებმა დაამხეს.
ნოე ხომერიკი 16 წლის გოგიტა ფაღავაზე, როგორც საარჩევნო კომპანიის ხელმძღვანელზე, დიდ იმედებს ამყარებდა. „ხშირად სერიოზულ დავალებებს აძლევდა ხოლმე და ისიც დინჯად, უბრალოდ, მაგრამ ყოველთვის სწორად ასრულებდა თავის საქმეს, ხელმძღვანელობდა მუშაობაში სხვებს, ხშირად მასზე უფროს ამხანაგებს…“[2]
გვაქვს ცნობები იმის შესახებაც, რომ 1915 წელს 21 წლის გოგიტა ფაღავა ლეო რუხაძესთან, შემდგომში დამფუძნებელი კრების ერთ-ერთ წევრთან ქუთაისის მაზრიდან, ერთად უძღვებოდა პარტიულ ლეგალურ გაზეთს. მნიშვნელოვანია, რომ გოგიტა ფაღავა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაერთო დასავლეთ საქართველოში სახალხო გვარდიის სისტემის ფორმირებაში. გვარდიამ საქართველო პირველი მსოფლიო ომის კავკასიის იმ დროისთვის უკვე ჩამოშლილი ფრონტიდან დაძრული, გაბოლშევიკებული არმიის მიერ აოხრებას გადაარჩინა.
აღნიშვნას იმსახურებს და ალბათ, მისი ბიოგრაფიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა გოგიტა ფაღავას საქმიანობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიანი საკანონმდებლო ორგანოს, დამფუძნებელი კრების, კონტექსტში. დამფუძნებელი კრება იყო პირველი დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი საქართველოს ისტორიაში, ამდენად, მისი მნიშვნელობა უდიდესია, რადგან მის შემადგენლობაში 7 პარტია შედიოდა, ამდენად, მათ შორის კონკურენციასა და თანამშრომლობას რეალური საქმის გაკეთება შეეძლო. ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ საგარეო და საფინანსო კომიტეტების თავმჯდომარეობა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს აქამდე გაჟღერებულ ლეგიტიმურობისა და დემოკრატიულობის იდეას ამ პარლამენტის შესახებ. ეს იყო „საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი წესით, პროპორციიული პრინციპით არჩეულ საკანონმდებლო ორგანო“[3], რომელშიც შედიოდა 130 დეპუტატი. სწორედ მათ უნდა შეემუშავებინათ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია. პირველ სხდომას, რომელიც 1919 წლის 12 მარტს 12:20 საათზე თბილისში, დამფუძნებელი კრების სასახლის თეთრ დარბაზში გაიმართა, სილიბისტრო ჯიბლაძე თავმჯდომარეობდა, ჩვენთვის საინტერესო კი ის ფაქტია, რომ მდივნის მოვალეობას ამ დროს ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი – 24 წლის გოგიტა ფაღავა ასრულებდა. ამგვარად, ისეთ ადამიანებთან ერთად, როგორებიც არიან მანამდე ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები სპირიდონ კედია, დიომიდე თოფურიძე, გიორგი ლასხიშვილი, სამსონ ფირცხალავა და სხვები, გოგიტა ფაღავაც „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ ხელმომწერებს შორისაა, როგორც პოლიტიკოსი ამდენად, ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადების ერთ-ერთი შემოქმედია. ის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კვოტით იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. დამოუკიდებლობის სამწლიან (1918-1921) პერიოდში აქტიურად იყო ჩართული არა მხოლოდ პარტიულ, არამედ სახელმწიფოებრივ საქმიანობაშიც.
გოგიტა ფაღავა იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი და მდივანი. თავის მხრივ, სახალხო გვარდია, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო ძალა რესპუბლიკის ისტორიაში. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული „სახალხო გვარდიის დაარსების აქტის“ დამფუძნებელი კრების დადასტურების მიერ, 1918 წლის 2 ივლისს შეიქმნა და ამასთან, შეიქმნა კანონი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა გვარდიის მიზანი, მმართველობის სპეციფიკა, მათ შორის, ისიც, რომ სახალხო გვარდიის სათავეში მდგომი მთავარი შტაბი შედგებოდა 21 წევრისგან, რომელსაც გვარდიის ყრილობა ირჩევდა და მთავრობა ამტკიცებდა.[4] ამასთან, გოგიტა ფაღავა აქტიურად მონაწილეობდა გვარდიის სამაზრო ნაწილების ფორმირების საქმეში. მანამდე, დამკომის თავმჯდომარედ არჩეული გოგიტა ფაღავა, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის საქართველოში შემოჭრისას რიგითი ჯარისკაცის სტატუსით მონაწილეობს ომში.
“ჩვენი ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, მარტის დამლევს გოგიტა ბათუმიდან ქუთაისში დაბრუნდა და აქ სხვა ახალგაზრდა პარტიულ მუშაკებთან ერთად შეუდგა პარტიული ორგანიზაციის აღდგენას.“
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გოგიტა ფაღავას როლი საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ. ის საქართველოში რჩება და აქტიურად ებრძვის საოკუპაციო რეჟიმს და ხდება იატაკქვეშა პოლიტიკური წინააღმდეგობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა. 1921 წლის მაისისთვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ შესაძლო ფართომასშტაბიანი დემონსტრაციის თავიდან ასარიდებლად 1921 წლის 29 აპრილიდან საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის წევრების დაპატიმრება“[5], მაშინდელი რევკომის თავმჯდომარე, ფილიპე მახარაძე განიზრახავს დასავლეთ საქართველოს ჩამოვლას ხალხის „გულის მოსაგებად“. განსაკუთრებული ზიზღით მას მაინც ქუთაისში შეხვედრიან, პირველი გაკვეთილიც იქაური მუშა-მოსამსახურეებისგან მიუღია გოგიტა ფაღავას მეთაურობით. კომუნისტების მიერ მოწვეულ კრებაზე ის მახარაძის წინააღმდეგ სიტყვითაც გამოსულა. „მთელმა კრებამ აღტაცებული ოვაცია გამოუცხადა ახალგაზრდა ორატორს, ხოლო გაბახებული ფილიპე იძულებული იყო, სამარცხვინოდ გაქცეოდა ქუთათურ მუშების მსჯავრს“. დამფუძნებელი კრების წევრების დაკავებების ტალღაში ხვდება გოგიტა ფაღავაც, რომელსაც 1921 წლის აპრილში საბჭოთა რეჟიმი აპატიმრებს, მოგვიანებით, ამავე წლის აგვისტოში კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მეტეხის ციხიდან ათავისუფლებს პატიმრობიდან. მიუხედავად პატიმრობისა, ის შემდგომშიც მონაწილეობს სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური იატაკქვეშა ორგანიზაციების ქსელის შექმნაში. ამავე პერიოდში დააკავებენ პავლე წულაიას, ზაქარია გურულსა და ვლადიმერ ჯიბლაძესაც, რომელთან დაკავშირებითაც, მანამდე ხსენებული ორისგან განსხვავებით, „ჩეკა“ დახვრეტის განაჩენის რეკომენდაციას გასცემს.
აქამდეც გვისაუბრია იმ არალეგალურ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგაც აქტიურად იბრძოდნენ. აქ უნდა ვახსენოთ “საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“, რომელიც აქტიურად მუშაობდა პოლიტპატიმრების ოჯახების დახმარებისა და მათი პოლიტიკური უფლებების დაცვის მიმართულებით. ორგანიზაციის წევრების უმრავლესობა ქალები იყვნენ და მათი საქმიანობა თითქმის მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვრის“ პირველი ორგანიზატორი გახლდათ ელენე მაისურაძე. „პოლიტპატიმართა და გადასახლებულთა დახმარების ქსელი, 1937-38 წლებში თავად საბჭოთა რეჟიმის შეურიგებელი მოწინააღმდეგეების უკანასკნელი ნაშთების ფიზიკურ განადგურებასთან ერთად გაქრა „დიდი ტერორის დაწყების შემდეგ… ერთადერთი დადასტურებული მაგალითი, კერძო ინიციატივის დონეზე, რომელიც განაგრძობდა „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ ჰუმანიტარულ საქმიანობას – ქრისტინე შარაშიძეს უკავშირდება.“[6] ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძეზე, ქეთევან ხუციშვილსა და მინადორა ტოროშელიძეზე, როგორც ქალთა გიმნაზიის მოსწავლე „რევოლუციონერ ქალებზე“, უკვე გვისაუბრია. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ორგანიზაციის სლოგანი იყო „ყველა ვალდებულნი ვართ“.
გოგიტა ფაღავა 1922 წლიდან დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი ხდება, ამ დროს ისაა ნოე ხომერიკის „უახლოესი და დაუღალავი თანამშრომელი“, მის შემდეგ ხდება დამკომის თავმჯდომარე. ასევე, პარალელურად არის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო კომისიის წევრი. „დამკომი“, ანუ დამოუკიდებლობის კომიტეტი ყველა ამ დროისთვის უკვე აკრძალული ქართული პოლიტიკური პარტიის იატაკქვეშა არალეგალური საკოორდინაციო ორგანოა, რომელიც შეიარაღებული აჯანყების მომზადებაზე აგებდა პასუხს. ამ დროს დამკომის თავმჯდომარე ისეთი ადამიანი იქნებოდა, ვინც როგორც დევნილობაში მყოფი მთავრობის, ასევე ყველა სხვა პარტიის ნდობით ისარგებლებდა, ამგვარი ლიდერი და ამდენად, ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი, გოგიტა ფაღავა გახდა. ამავე წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი სამშობლოში ბრუნდება ემიგრაციიდან. ამის პარალელურად გოგიტა ფაღავა ხდება წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი პოლიტიკური ლიდერი, აგრძელებს არალეგალური და საიდუმლო ორგანიზაციების ქსელის მართვის საქმეს.
1924 წლის თებერვალში საბჭოთა საგანგებო კომისია გოგიტა ფაღავას ნოე ხომერიკთან და ბენია ჩხიკვიშვილთან ერთად აპატიმრებს და მისგან ანტისაბჭოთა საქმიანობის აღიარებას მოითხოვს. აღიარებას უნდა ახლდეს მონანიებაც. ლოგიკურია, რომ განზრახულ მიზანს ვერ მიაღწევდნენ, რადგან, მიუხედავად რისკებისა, მას კარგად ჰქონდა გააზრებული, რა მიზნის მისაღწევად იყო მისი ქმედებები „ანტისაბჭოთა საქმიანობა“, რაც სინამდვილეში წარმოადგენდა ახალგაზრდა პოლიტიკოსის მიზანს, აღედგინათ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახე და გაედევნათ საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმი. დაკავების შემდეგ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებს სუზდალის იზოლატორში ათავსებენ. როგორც ჩანს, ეს საპატიმრო საბჭოთა რეპრესიების დროს საკმაოდ ცნობილი იყო პოლიტიკური პატიმრების (არამხოლოდ ქართველების) რაოდენობით. ამ საპატიმროში ფაღავასა და მისი თანამოაზრეების ყოფნა დიდხანს არ გრძელდება, რადგან მოგვიანებით, 1924 წელს, აჯანყების მიმდინარეობისას ფელიქს ძერჟინსკის, საბჭოთა სახელმწიფოს უშიშროების სამსახურის, ე.წ. „ჩეკას“ ხელმძღვანელის, სანქციით მას 29 წლის ასაკში დახვრეტენ. სამწუხაროდ, დახვრეტის ადგილი უცნობია. გოგიტა ფაღავა ფაქტობრივად მძევალი იყო, ისევე, როგორც წინასწარ დაპატიმრებული ათასობით ადამიანი, რომლებიც აჯანყების დაწყებისთანავე დახვრიტეს. ამ პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით დახვრიტეს 11 დეპუტატი და მე-12, ვიცე სპიკერი ალექსანდრე ლომთათიძე, უზბეკეთში ციხეში ფაქტობრივად სიკვდილამდე მიიყვანეს.
გოგიტა ფაღავასა და სტატიაში ხსენებული სხვა პოლიტიკური მოღვაწეების საქმიანობის გახსენება მნიშვნელოვანი რამდენიმე გარემოების გამოა, თუმცა, მათგან მთავარი, სტატიის ავტორის აზრით, არა მხოლოდ წარსული სენტიმენტების მკითხველში გაღვივება, არამედ არსებული კონტექსტის გააზრების წინაპირობაა.
გამოყენებული ლიტერატურა:
“29-30 აპრილი, 1921: საბჭოთა რეჟიმმა დამფუძნებელი კრების წევრები დააპატიმრა.” civil.ge. https://civil.ge/ka/archives/415603.
წვდომის თარიღი: 30 ოქტომბერი, 2025.
ბაქრაძე, ლაშა. 2018. “საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართული კომიტეტი.” In საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ – მოდელი ევროპისთვის? თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ბენდიანიშვილი, ალექსანდრე. 2001. საქართველოს პირველი რესპუბლიკა. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.
გაზეთი „ბრძოლა“, პარიზი, სექტემბერი 1925.
გერგედავა-ჭელიძე, ზაირა. აკაკი ჩხენკელის პოლიტიკური მსოფლმხედველობა.
“გიორგი ფაღავა.” პირველი რესპუბლიკა. https://firstrepublic.ge/ka/biography/187.
წვდომის თარიღი: 29 ოქტომბერი, 2025.
“საქართველოს დამფუძნებელი კრება.” პირველი რესპუბლიკა. https://firstrepublic.ge/ka/theme/54. წვდომის თარიღი: 29 ოქტომბერი, 2025.
სახალხო გვარდიის კანონი და შტატები: საქართველოს ეროვნული არქივი.
ხვადაგიანი, ირაკლი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. 2016. საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი. თბილისი.
-
გიოტგი ფაღავა, https://firstrepublic.ge/ka/biography/187 ↑
-
გაზეთი „ბრძოლა“, სექტემბერი 1925. ↑
-
საქართველოს დამფუძნებელი კრება, https://firstrepublic.ge/ka/theme/54 ↑
-
სახალხო გვარდიის კანონი და შტატები, საქართველოს ეროვნული არქივი. ↑
-
29-30 აპრილი, 1921: საბჭოთა რეჟიმმა დამფუძნებელი კრების წევრები დააპატიმრა, https://civil.ge/ka/archives/415603 ↑
-
საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016 ↑
