დროთა გვირაბში – გზა ბონდის მღვიმიდან ცივილიზაციამდე

გააზიარე:

ავტორი: ინგა მაჭარაშვილი

 

ზემო იმერეთი, კერძოდ კი ჭიათურის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ რაიონს, სადაც ათასწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული კულტურული ფენები სრულად ასახავს ადამიანის განვითარების უწყვეტ დინამიკას. ჭიათურაში, ბუნებრივად შემოსაზღვრული კანიონები და მღვიმეებით გაჯერებული კლდოვანი ლანდშაფტი ქმნის უნიკალურ გარემოს, რომელშიც დაცულია ძველი ქვის ხანის, ნეოლითის, ენეოლითის და ბრინჯაოს ხანის მატერიალური კულტურის მტკიცებულებები. ჭიათურის მღვიმეებში სიცოცხლე ყოველთვის იყო. აქ მცხოვრები ადამიანები იცავდნენ თავს მტაცებელი ცხოველებისგან, ქსოვდნენ და მარტივი წესით ღებავდნენ ძაფს, ამუშავებდნენ ქვას, ამზადებდნენ პრიმიტიულ იარაღებს და მემკვიდრეობად გვიტოვებდნენ ისტორიას, რომელიც ჯერ კიდევ იკითხება მიწის ქვეშ. ამ დაუჯერებელ ქრონიკაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მრავალსაუკუნოვან ქვათა შრეებს მიღმა, ბუნების ხელუხლებელ წიაღში, ჩაბნელებულ და ქარებისგან დაცულ სივრცეში ჩაფლული ბონდის მღვიმე – ადგილი, რომელმაც კაცობრიობის წარსულის კვლევას ახალი დონის მონაცემები შესძინა. ბონდის მღვიმე არის უდიდესი მნიშვნელობის საერთაშორისო მღვიმე და კულტურული მემკვიდრეობის მეტად მნიშვნელოვანი ძეგლი.

ჭიათურის მღვიმეებში სიცოცხლე ყოველთვის იყო და ამის უმთავრეს მიზეზს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და აქ არსებული კლიმატი განაპირობებდა.

ეს ტერიტორია მაშინაც როგორც დღეს აფრიკის, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი იყო, სადაც ჯერ კიდევ უძველესი ეპოქებიდან თავს იყრიდა სხვადასხვა კულტურა. შემდგომში მიმდინარეობდა მათი სინთეზი და ორიგინალური, ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი კულტურა ყალიბდებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგად გეოგრაფიულ ვითარებას ქმნიდა კავკასიონის ქედი და შავი და კასპიის ზღვები, კავკასიონის მთავარი ქედი საქართველოს იცავდა გამყინვარების გავლენისაგან, ზღვები კი განაპირობებდა აქაური კლიმატის გაცილებით სირბილეს. საქართველო გახლავთ ერთ-ერთი მსოფლიოს იმ რეგიონთა შორის, სადაც შესაძლებელია პირველყოფილ ადამიანთა ცხოვრების შესწავლა, თვალყურის დევნება პრეისტორიის ყველა ქრონოლოგიური ეტაპის ჩათვლით.

გასული წლის ზაფხულში მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა ჭიათურაში ბონდის მღვიმის სენსაციურმა აღმოჩენებმა. მღვიმე ჭიათურიდან 6 კმ-ში სოფ.წირქვალთან მდებარეობს და მასში შეკიდებული ხიდის (ბონდის )გავლით უნდა მოხვდეთ. ბონდის მღვიმის ფართობი 121 კვადრატული მეტრია, სიღრმე-11 მეტრი, სიგანე-7 მეტრი. მღვიმე კულტურული მემკვიდრეობის მეტად მნიშვნელოვანი ძეგლია.

ბონდის მღვიმეში, მღვიმის კედელთან აღმოჩნდა დაახლოებით 10 000 წლის წინანდელი ადამიანის ჩონჩხი, რომელიც სპეციალურად მოწყობილ სამარხში იყო დაკრძალული. ეს არის პრაქტიკულად მთლიანი ადამიანის ჩონჩხი, კბილები, თავის ქალა, ნეკნები და კიდურებიც კი. სამარხი, რომელიც სავარაუდოდ დაზიანდა 1991 წლის მიწისძვრის შედეგად განეკუთვნება გვიან ნეოლითურ ხანას. თავის ქალის აღდგენის შედეგად თვალსაჩინო გახდა გვირგვინოვან ნაკერთან, მარცხენა წილში დაზიანება, რომელიც სიცოცხლის დროინდელია და ინდივიდის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს ტრამვა გახდა. ასაკის განსაზღვრა მოხერხდა კბილების ამოჭრის მიხედვით, ინდივიდის ასაკია 6-10 წელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა თუშაბრამიშვილისა ( ექსპედიციის ხელმძღვანელი ) და საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის მონაწილეობით ჩატარებული კვლევები ცხადყოფს – რომ შესაძლოა დასავლეთ ევროპელი გენომის ერთ – ერთი მთავარი შტო სწორედ აქედან წასული ადამიანი იყოს და ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა მეოთხე, აქამდე უცნობი გენეტიკურ კომპონენტს მიაგნეს. აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კავკასიური გენი არის გენეტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი, რომლის მემკვიდრეები არიან თანამედროვე ევროპელები.  ბონდის მღვიმე არის უდიდესი მნიშვნელობის საერთაშორისო მღვიმე. აქ აღმოჩენილია საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე ადრეული სელისა და გრეხილი ძაფის ნაშთები (34 000 წ) მსგავსი შედეგებია ძუძუანას მღვიმეში. მღვიმეში საქართველოს ტერიტორიაზე პირველად დგინდება პალეომიწისძვრა, ზუსტი თარიღები 25000 წელი და 17500 წელია. აცივების პერიოდში მღვიმე უფრო ინტენსიურად იყო ათვისებული, ამის დასტურია დამწვარი ფიჭვის ხის მიკრონაშთის არსებობა. აღმოჩენილია ჯიხვის ბეწვის და სელის ბოჭკოს ოდენობა, მათ შორის არის დაგრეხილი და შეღებილიც, ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამ დროს არა თუ ძაფი არსებობდა და მოიხმარებოდა, არამედ უკვე ქსოვაც შეეძლოთ. ბონდის მღვიმის მოზარდი, რომელიც დროის სიმკაცრემ ძვლის სახით შემოგვინახა, ერთდროულად რეალურიცაა და ლეგენდარულიც, მას როგორც წარსულის და მომავლის დამაკავშირებელ რგოლს საპატიო ადგილი უჭირავს ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წარმოდგენილ ექსპონატებს შორის, მისი ნახვა ერთგვარი შეხვედრაა ადამიანის შორეულ წარსულთან, რაც დამთვალიერებელზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს და ხაზს უსვამს ჭიათურის მაღალ ტურისტულ პოტენციალს, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ვიზიტორებისათვის. ათასწლეულების მიღმაც კი ადვილი წარმოსადგენია როგორი იქნებოდა 6-10 წლამდე მოზარდი, თვალებში მღელვარე ცნობისმოყვარეობით, წარმოვიდგენთ როგორ დადიოდა მღვიმის მიმდებარე ტყეში, როგორ უსმენდა ქარის ხმას, წყლის წვეთების წკაპუნს გამოქვაბულში, ნახევრად ჩამქრალ ცეცხლთან ზის, კედელზე თავის ჩრდილს უცქერს, გარედან ქარის ხმაური შემოდის. ხელში ცხოველის ტყავისგან შეკერილი პატარა ტომარა უჭირავს – შიგნით ნახშირი და საღებავებია, კედელზე თავის თავს ხატავს – პატარა ფიგურას ხელგაშლილს, მზისკენ აღმართულს. ,,ეს ჩემი კვალია როცა აღარ ვიქნები, ის დარჩება “ ბონდის მღვიმე ისევ ინახავს თავის საიდუმლოებებს … და მისი კვლევა, რომელიც დღესაც გრძელდება, გვპირდება, რომ მომავალი წლები კიდევ არაერთ აღმოჩენას მოუტანს კაცობრიობის ისტორიას-ისეთ აღმოჩენებს, რომლებიც წარსულის ხმას, რეალურად გაგვაგონებს.

 

ბიბლიოგრაფია

 პრეისტორიის ტერმინოლოგიის მთარგმნელობით – განმარტებითი ლექსიკონი. ავტორები : ნიკა თუშაბრამიშვილი ,ბაჩანა გაბეხაძე,ვაჟა მამიაშვილი. თბილისი: 2017 წ