ავტორი: ლია ხარაიძე
მე-19 საუკუნეში ჭიათურაში მანგანუმის მადნის აღმოჩენამ დიდი გავლენა იქონია იმერეთის რეგიონის განვითარებაზე, ბიძგი მისცა საქართველოში ახალი სატრანსპორტო კავშირებისა და სამრეწველო დარგების შექმნას. წარმოების სწრაფ განვითარებას ბუნებრივად მოჰყვა ინდუსტრიული კულტურის შექმნა. ,,ინდუსტრიული მემკვიდრეობის მნიშვნელობა საერთაშორისო დონეზე ფართოდ არის გააზრებული. მათი კვლევა, მოვლა-პატრონობა, ადაპტაცია და კონსერვაცია არაერთი ქვეყნის კულტურული ცხოვრებისა და კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ღრმად და საფუძვლიანად არის შესწავლილი სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობა ჯერაც პროფესიული ინტერესის მიღმა რჩება.“ სამწუხაროდ, არქიტექტურული თუ საინჟინრო შენობა-ნაგებობები, რომლებიც XIX-XX საუკუნეების საქართველოში ინდუსტრიული დანიშნულებით იქმნებოდა, დღემდე შეუფასებელია და სისტემური შესწავლის საგანს არ წარმოადგენს. ინდუსტრიული კულტურის უდავოდ მნიშვნელოვანი ძეგლია ჩვენი სტატიის მთავარი თემა – შორაპნის, ჭიათურისა და საჩხერის რკინიგზის სადგურები. აღსანიშნავია, რომ შორაპნის სადგურს 2015 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაც ხაზს უსვამს სადგურის შენობის ისტორიულ და არქიტექტურულ ღირებულებას.
ვიდრე ზემოხსენებული რკინიგზის სადგურების აღწერას შემოგთავაზებთ ორიოდე სიტყვით თქვენს ყურადღებას საქართველოში რკინიგზის გაყვანის ისტორიულ მნიშვნელობაზე შევაჩერებ.
საქართველოს რკინიგზას დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. უზარმაზარია მისი როლი დაარსებიდან დღემდე, რადგან იგი წარმოადგენს შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ევრაზიის დამაკავშირებელ უმოკლეს გზას ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. საქართველოში რკინიგზის მშენებლობა რუსეთის იმპერიამ 1865 წელს დაიწყო. მანგანუმის მადნის გადაზიდვის და ექსპორტის საკითხი მისი მოპოვების დაწყებისთანავე წარმოების ერთ-ერთ ყველაზე რთულ მხარეს წარმოადგენდა. მასზე დიდწილად იყო დამოკიდებული ჭიათურის მადნის თვითღირებულება და საბაზრო ფასი, შესაბამისად კონკურენტუნარიანობაც საერთაშორისო ბაზარზე. მოპოვებული მადანი ჯერ ჭიათურამდე, ხოლო, შემდეგ ყვირილის (ამჟამად ზესტაფონის) მაგისტრალურ სარკინიგზო სადგურამდე მიჰქონდათ, საიდანაც ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებიდან საზღვარგარეთ გზავნიდნენ. ჭიათურისა და ყვირილის ხეობის მოუწესრიგებელ გზებზე ურმებითა და ცხენებით მანგანუმის გადაზიდვა დიდ ხარჯებთან და სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ხარჯები საგრძნობლად აჭარბებდა მადნის მოპოვების ხარჯებს და საექსპორტო პროდუქციაზე ფასს ზრდიდა. 1880-წლის მიწურულს, მსოფლიო ბაზარზე გაზრდილი კონკურენცის გამო, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის საკითხი დადგა. 1885 წელს კავკასიის მთავარმართებელმა დონდუკოვ-კორსაკოვმა გადაწყვიტა სტუმრად სწვეოდა საჩხერეში კნეინა ელენე წერეთელს. საპატიო სტუმრის გაცილება ამიერკავკასიის რკინიგზის მმართველმა, ინჟინერმა ვ. პრესნიაკოვმა გადაწყვიტა. სწორედ ამ მომენტის გამოყენება გადაწყვიტა ნიკო ნიკოლაძემ,ჭიათურა-შორაპნის რკინიგზის ხაზის გაყვანის მოსაგვარებლად. პრესნიაკოვთან შეთანხმებით ნ.ნიკოლაძემ მონაწილეობა მიიღო ამ მოგზაურობაში. საჩხერიდან დაბრუნების შემდეგ დონდუკოვ-კორსაკოვმა მოიწვია თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ კავკასიის სამთო სამმართველოს მმართველი ვ. მელერი, ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი გენერალი სნეკალოვი და ამიერკავკასიის რკინიგზის გამგეობა. მთავარმართებელმა აზრის გამოთქმა მოსთხოვა ჭიათურა-შორაპნის სარკინიგზო ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით. თუმცა ჩინოვნიკების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მელერი ჭიათურის საბადოს უპერსპექტივოდ მიიჩნევდნენ და იმპერატორს ურჩევდნენ ტყუილად არ გადაეყარათ ფული რკინიგზის მშენებლობაში. მიუხედავად ამისა დაისვა დაბა შორაპნის რკინიგზის სადგურიდან ჭიათურამდე ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის გაყვანის საკითხი. ,,მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, გიორგი წერეთლისა და ნიკო ნიკოლაძის დაუღალავი შრომის შედეგად, 1891 წელს იმპერატორმა ალექსანდრე III-მ სარკინიგზო ხაზის მშენებლობას რეზოლუცია დაადო..“
როგორც უკვე აღვნიშნეთ შორაპნის რკინიგზის სადგური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და იგი რკინიგზის სადგურის ერთ-ერთი პირველ შენობათაგანია ამიერკავკასიაში.
შოროპანი მდებარეობს მდინარეების ყვირილისა და ძირულას ხეობაში და იგი 1846-1930 წლებში მაზრის ცენტრს წარმოადგენდა. შორაპნის მაზრაში შედიოდა დღევანდელი საჩხერის,ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები. შორაპნის რკინიგზის სადგურის შენობა XIX საუკუნის მიწურულს აშენდა. იქვე აიგო რკინიგზის თანამშრომელთა საცხოვრებელი უბანი, რომელიც სადგურის სიახლოვესაა განლაგებული და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი იერსახე. საცხოვრებელი კორპუსები XIX საუკუნის მიწურულს სადგურის შენობასთან ერთად, რკინიგზის მომსახურე პერსონალისთვის უნდა ყოფილიყო აშენებული. ორსართულიანი საცხოვრებელი შენობები საერთო მხატვრული სტილისტიკით არის შესრულებული, თუმცა ერთმანეთისაგან ცალკეული მოცულობითი და დეკორატიული ელემენტებით განსხვავდება. 1909 წელს აგებული სკოლა ანსაბლის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. სამწუხაროდ არქიტექტორის ვინაობა უცნობია. აგურის ორსართულიანი შენობა ფაქიზი დეკორითაა დამშვენებული და მნახველთა აღტაცებას იწვევს, ისევე, როგორც თვითონ რკინიგზის სადგურის შენობა. შორაპნის რკინიგზის სადგური ექსპლუატაციაში 1893 წელს შევიდა. 1894 წლის მაისში ჭიათურისა და შორაპნის რკინიგზის სადგურები დეკანოზ დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძეს უკურთხებია. „სადგურის ერთსართულიან შენობას სიმეტრიულად განლაგებული თაღოვანი ღიობები მთელს პერიმეტრზე გასდევს. სადგურის არქიტექტურა გადაწყვეტილია იმ დროისთვის რუსეთის იმპერიაში გავრცელებული და ამ ტიპის შენობებისათვის დამახასიათებელ ფსევდო-რუსულ სტილში.სადგურის ერთ-ერთი ოთახის ინტერიერი ჯერაც ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. შემორჩენილია ორნამენტირებული ხის ტიხარი და კედლის ბუხარი.შენობის შიდა სივრცე გადაკეთებულია, ამოშენებულია ღიობები, მოსაცდელი დარბაზის ინტერიერს გვიანი გადაკეთების კვალი ეტყობა, თუმცა შენარჩუნებულია იატაკის მოპირკეთება.” ჩვენამდე პირვანდელი სახით მოღწეული სკოლისა და საცხოვრებელი სახლის შენობები 1910 წელშია აგებული, რადგან 1906 წელს ალიხანოვ- ავარსკიმ ეს ადგილი, ისე როგორც სხვა მრავალი მიწასთან გაასწორა თავის სამიკიტნოებიან, სახლებიანად.
შოროპანზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ამ პატარა დაბის ისტორიულ მნიშვნელობას. შორაპანი ჯერ კიდევ ანტიკური ხანაში იყო დასახლებული. ციხე-ქალაქი შორაპანი – „სარაპანი“ ცნობილია კოლხეთის ისტორიაში, როგორც დიდი ნავსადგური, რომელიც მდებარეობდა მდინარე ყვირილაზე. იგი წარმოადგენდა სავაჭრო საქონლის საწყობს. აქვე იკრიბებოდნენ ვაჭრები, რომლებიც აღებ-მიცემობას აწარმოებდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. სტრაბონის (ძვ.წ. I – ახ.წ. I სს) მოწმობით, მდინარე ფაზისში დადიოდნენ გემები სარაპნის ციხემდე, რომელსაც თავისი სიდიდით შეეძლო მთელი ქალაქის მცხოვრებთა დატევა. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, VIII ს-ის დასასრულს იგი არგვეთის საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იყო მცირე ქალაქი განვითარებული ვაჭრობით. ლეონტი მროველის (XI ს) ცნობით ციხე აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის მეფე ფარნავაზ I-ის მიერ. ამჟამად შემორჩენილია ციხის ნანგრევები.ციხის ნანგრევებიდან კარგად ჩანს მდინარეების ყვირილისა და ძირულას შეერთებით წარმოქმნილი ნახ. კუნძული.
1895 წლის 4 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა ჭიათურა-შორაპნის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზი, თუმცა იმდენად დიდი იყო საჭიროება, რომ ოფიციალურად გახსნამდე ხდებოდა ამ ხაზის გამოყენება.
1906 წლისთვის კი დასრულდა ჭიათურა-საჩხერის მონაკვეთის მშენებლობა.
საჩხერის რკინიგზის სადგურის შენობა ქალაქის ცენტრში, მდინარე ყვირილის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. 1904 წელს ელისაბედ წერეთლის ინიციატივით რკინიგზის ხაზი საჩხერემდე გაიყვანეს და შესაბამისად, აშენდა რკინიგზის სადგურიც. შენობა მიწისძვრამ დაანგრია, თუმცა 2000 წელს პირვანდელი სახით აღადგინეს. სადგურისშენობას მართკუთხა ფორმა აქვს ,რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარე ორი, ხოლო ცენტრი ერთი სართულისაგან შედგება. სამშენებლო მასალად გამოყენებულია კარგად დამუშავებული თლილი ქვა. შენობის დეკორი მარტივი ფორმებითაა გამორჩეული. მოჩუქურთმებულია კარნიზი და კარ-ფანჯრის თაღოვანი ჩარჩო. სახურავი ორქანობაა, სამშენებლო მასალად გამოყენებულია თუნუქი.
როდესაც ვსაუბრობთ საჩხერის ჭიათურასათან დამაკავშირებელ რკინიგზის ხაზზე, შუძლებელია გვერდი აუარო კნეინა ელისაბედის სახელს. ვინ იყო ელისაბედ წერეთელი? კნეინა რომელსაც უარს ვერავინ ეუბნეოდა. არ არსებობდა საქმე რომელსაც ხელს მოკიდებდა და ბოლომდე ვერ მიიყვანდა. მას თითქოს კვალდაკვალ რჩებოდა მადლიანი საქმეები, რომლითაც მთელი მისი ცხოვრება იყო გაჯერებული. იმდროინდელ საწერეთლოში კი ყველაზე გავლენიან ქალად ითვლებოდა. ელისაბედი 1857 წელს, რაჭის ერისთავის, წულუკიძის ოჯახში დაიბადა. შემდეგ ის ალექსანდრე წერეთელს მიათხოვეს, სამწუხაროდ, ქალბატონს მეუღლე ადრეულ ასაკშივე გარდაეცვალა და საკმაოდ მძიმე ცხოვრება ქვრივმა გააგრძელა. მის სახელს უკავშირდება საჩხერეში პირველი ბიბლიოთეკა-სამკითხველო, კლუბი, თეატრალური საზოგადოების ჩამოყალიბება, საავადმყოფო, მდინარე ყვირილაზე, ხის ხიდის მშენებლობა, ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა და შესანიშნავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – რკინიგზის სადგურის შენობა. ელისაბედი რუსეთის მეფის ნიკოლოზ II-ის ნათლული იყო. კნეინამ მთელი თავისი შესაძლებლობები გამოიყენა ნებართვის მისაღება, რათა ჭიათურიდან საჩხერემდე გაგრძელებულიყო სარკინიგზო ხაზი. თვით სადგურის შენობაც კნეინა ელისაბედის თაოსნობით არის აგებული. არქიტექტურის ეს შესანიშნავი ნიმუში მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა 2000 წ-ს. საბედნიეროდ შენობის რესტავრაცია უცვლელი სახით მოხდა და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი იერ-სახე.
1904 წ. საჩხერეში რკინიგზის სადგური საზეიმოდ გაიხსნა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამდენად დიდი იყო ელისბედ წერეთლის გავლენა საზოგადოებაზე. ,,მისი დასაბუთებული არგუმენტების წინაშე ბავშვივით დამყოლები ხდებოდნენ იმდროინდელი მაღალი რანგის ჩინოვნიკები.“ აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნოთ მისი ზრუნვა თანამემამულეების მიმართ, ,,რამდენი ნიჭიერი ადამიანი შეუფარებია თავისი კალთის ქვეშ და გზა მიუცია“. როგორც ქალბატონი ელისაბედის შვილობილი, სონია წერეთელი-ავალიშვილისა იგონებს, თვით გალაკტიონსაც კი მოსცხებია მისი ქველმოქმედების მადლი: სოლიდური თანხით დაუსაჩუქრებია, სასახლეში შემთხვევით მისული, შემდგომში ვეებერთელა პოეტი.
უანგაროდ, უმწიკვლოდ, ყოველდღიურად, უშურველად მადლის გამცემმა ელისაბედმა ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე: საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქონება ჩამოართვეს, თვითონ კი თბილისში, ნესტიან სარდაფში ცხოვრობდა, სიდუხჭირეში. 1942 წლის 4 იანვარს, 85 წლის ასაკში, საავადმყოფოში გარდაიცვალა, იქიდანვე გამოასვენეს და დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე.
შორაპნის, ჭიათურისა და საჩხერის სარკინიგზო სადგურები წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ნაწილს, არამედ მისი ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს ძეგლებს. მათი დაცვა და კვლევა აუცილებელია, რათა მომავალი თაობებისთვის შევინარჩუნოთ ინდუსტრიული კულტურის ეს უნიკალური ნიმუშები.