ქუთაისური იუმორი

გააზიარე:

ავტორი: ნანული ცხვედიანი

 

საქვეყნოდ ცნობილი ქუთაისური იუმორის ეპიცენტრად ოდითგან ითვლება ქალაქის ისტორიული ბულვარი და მისი „ბაღისკიდე“, თუმცა, სახელდახელო მარგალიტები ყველა უბანში, ქუჩაზე და ოჯახში შეიძლება გაჩნდეს.

უძველეს ბულვარს დღემდე ახსოვს კლასიკად ქცეული – აკაკისა და მისი თანამედროვეების სხარტულა გამონათქვამები, ფრთიანი სიტყვა-ოხუნჯობანი; ახსოვს თაგუნას (შარაშიძის), სერგია ერისთავის, გიორგი შარვაშიძის, კონსტანტინე (კოწია) ერისთავის, კიტა აბაშიძის, პიპინია მიქელაძის, ბესარიონ ლორთქიფანიძის, პილა იოსელიანის, კოწო ადანაიასა და სხვათა განუმეორებელი მახვილსიტყვაობა. ჯერ მარტო ის რად ღირს, აკაკიმ რომ იმერულ ხაჭაპურს (ხაჭოს პურს) შეადარა, თავისი ოთხკუთხა ფორმის გამო, ჩვენი ბულვარი, ხოლო „ბაღისკიდეზე“ გაჩაღებული მუდმივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვნებათაღელვიდან გამომდინარე, მას აქამდე შეუცვლელი სახელი – „ქუთაისის პარლამენტი“ უწოდა. აკაკი ბულვარის მეორეგზის ნათლიაცაა:“ხრიკის მოედანიც“ დაარქვა არჩევნების დღეებში აქ განვითარებული მძაფრი ბატალიებისა და იმ პირთა გამოისობით, ვინც „ბაღისკიდეზე“ ყოველდღიურად იკრიბებოდა, არჩევდა თვითმმართველობის კანდიდატების ავ -კარგს, ქმნიდა საზოგადოებრივ -პოლიტიკურ მიმართულებებს, დავობდა, ამუშავებდა საარჩევნო ტრიუკებს…

თუ არა ბულვარში, მაშ, სად უნდა ეთქვა ქუთაისური იუმორის გრანდს, მწიგნობარსა და ფოლკლორისტს პიპინია მიქელაძეს, თავისი ცნობილი ფრაზა: “ქუთაისი უნდა გამოვაცხადოთ ნაკრძალად, სადაც საშვის გარეშე შემოსვლის უფლება მხოლოდ დარბაისელ, ზრდილ, პატრიოტ ქართველებს ექნებათ.“
სწორედ სერგია ერისთავისა და პიპინია მიქელაძის მსგავსი სწორუპოვარი დიდოსტატები ქმნიდნენ ქუთაისურ აკადემიურ იუმორს და მათ კვალდაკვალ თაობები ამდიდრებდნენ, განავითარებდნენ „ბაღისკიდის“ ფოლკლორულ საგანძურს.

დიახ, ხალხია, საზოგადოებაა ძირითადი ავტორი და შემოქმედი ნამდვილი ქალაქური იუმორისა. ხალხი გამოხატავს თავის გულწრფელ დამოკიდებულებას საზოგადოების ცალკეული ფენებისა და პოლიტიკური მოვლენებისადმი.

ჩემი დაკვირვებით, ქუთაისური იუმორის სტრატეგია,ძირითადად, მიმართულია შემდეგი თემებისადმი:

საყოფაცხოვრებო სატირა

(ოჯახური ურთიერთობები, ნათესავ-მეზობლური დამოკიდებულება, სამეგობრო – სანაცნობო წრე, სატრფიალო განწყობის იუმორისტული დახასიათება…)

ნიმუშები:

„ქუთაისელს რესტორანში ძალიან თხლად დაჭრილი ყველი მოუტანეს

– ე, ბიჯო, დაკეტე კარ-ფანჯარა, თვარა წეიღო ყველი სკვაზნიაკმა!»

“ახალგაზრდობაში მეუბნებოდნენ: რა კაი ბიჭი ხარო, ახლა მეუბნებიან: რა კაი კოსტუმი გაცვიაო.“

„ბიჭიკიას ძმა იმნაირი მახინჯია, ტუფლები არ უხდება. თვითონ ბიჭიკია იმნაირი გამხდარია, იმნაირი – ერთი ტყვილზე დაფიცება და დეიბრიდება.“

 

„ბიჭიკიას მისმა ცოლმა სამშობიაროში სამი დღის განმავლობაში 300 ლარი წაართვა. ბოლოს ბიჭიკიამ ასძახა: ცუცა, შენ მაქანე სეკას ხვარ თამაშობ!“

 

„კუკურიამ იმისთანა ღვინო მიიტანა გასვენებაში, ნასკები ოუწვა ხალხს ტუფლებში.“

„ბოკოკიას ისე ჩქარა მიარბენინებდნენ საფიჩხიის სასაფლაოზე (ქელეხში ეჩქარებოდათ), ბოკოკია წამოხტა და კუბოს რუჩქებს ჩაეჭიდა: რას შობით, თქვე შობელძაღლებო, არ გადამაგდოთო!“

„გასვენებაში მოხუცი კაცი ღვინოს ასხამდა, პარკისონის დაავადება ქონდა და ხან ჭიქა გატეხა, ხან ღვინო დააქცია და ლობიოში ჩაასხა. ბიჭიკიამ უთხრა: მომეცი, ბაბუა, მა გრაფინკა აგერ! ღვინოს მე დავასხამ და შენ სალათას მარილი მოაყარეო.“

„ქუთაისში ისეთი ვიწრო პადიეზდებია, მიცვალებული პოდრუშკით ჩამოგვყავს.“

„მაგის სიდედრის გასვენებაში იმდენი ხალხი მოვიდა, მკვდრის დამატება დაჭირდათ.“( გიზო კაკაურიძის იუმორი)

– პოლიტიკური სატირა

( ამა თუ იმ სახელმწიფოებრივი წყობილების, საჯარო მოხელეების, პარტიების, პოლიტიკოსების, პოლიტიკური ღონისძიებების, საზოგადოებრივი ფაქტებისა და მოვლენების გაკილვა.)

ნიმუშები:

„ქალაქის ერთ -ერთ ხელმძღვანელს (ამას და ამას) წარუდგინეს მსახიობი შოთა პირველი, რომელმაც ხელის ჩამორთმევისას წარმოსთქვა:
– პირველი…
– პეტრე პირველი რა იყო თქვენი?- ცნობისმოყვარეობით ჰკითხა ფუნქციონერმა.“

 

„ათანო, შენი ბიძაშვილი პარლამენტარია, ხო?
– კი, ძამა.
– მისვლა-მოსვლა გააქვთ?
– არა, მისვლა-მისვლა მაქ.“

-რელიგიური სატირა

(როცა იუმორის ობიექტები ღვთისმსახურნი არიან)

 

ნიმუში:
სოფლის ეკლესიაში, შემთხვევით, დაკრძალვა და ჯვრისწერა ერთდროულად დანიშნეს..
-რა ვქნათ, მამაო? – ეკითხებიან მღვდელს.
– მე მგონია, ჯვრისწერით უნდა დავიწყოთ. მეეჭვება, რომ მიცვალებულმა გადაიფიქროს.

-ებრაელების შესახებ

( ქუთაისური იუმორის ერთ -ერთი ყველაზე სახასიათო მიმართულება, რომლის შექმნაში აქტიურად მონაწილეობენ კოლორიტული ებრაელი მთქმელებიც);

ნიმუშები:


„მოშე გვიან ღამით დივანზეა წამოწოლილი, ფეხი ფეხზე გადაუდევს და ტელევიზორს უყურებს.
– ახლა მოგასმენინებთ უკანასკნელ ცნობებს!- აცხადებს ტელევიზიის დიქტორი.
– შენზა იყოს უკანასკნელი! -მიაწყევლა მოშემ.“(თემურ ძიძიგურის წიგნიდან)

„მილიციელი ვალიკო ჩიტიანი მეძებარივით მიადგა საეჭვო ობიექტს და დაინახა, რომ აბრაშკა თავდიდიშვილს არალეგალური თონე დაედგა. ვალიკომ ქაღალდების გაშანშალებული შეკვრა დააძრო და, ის-ის იყო, აქტის შედგენა უნდა დაეწყო, რომ აბრაშკამ უთხრა:
– კაი, ვალიკო, რათ გინდა აქტი, ყოველთვიურად 100 მანათ მოგართმევ და შენ- შენთვის, მე- ჩემთვის.
– არა, 200 მანეთი ჭირდება ამ საქმესო,- გაჯიუტდა ვალიკო.
– თონე პატარაა, დაგენაცვლე, ვერ აიტანსო.
დადგი მეორეო.“(გივი მეფისაშვილის წიგნიდან)

სიტუაციური კომიზმი

(მოქმედი პირი ჩაყენებულია საგანგებოდ შერჩეულ სიტუაციაში. ჩვენ ვხვდებით, რომ სხვა ვითარებაში ეს მოქმედი პირი, შესაძლოა, არც კი გადაქცეულიყო კომიზმის შესამჩნევ წყაროდ, მაგრამ, მთხრობელის ემოციური გადმოცემით, სასაცილო დეტალებით, თხრობის ოსტატობით, საუცხოო შედეგს იძლევა).

ქუთაისში პოპულარული იყო მოქანდაკე ვალიკო მიზანდარის მიერ კომიკურად მოთხრობილი სამონადირეო ისტორიები; მსახიობისა და იუმორისტის გიზო კაკაურიძის მიერ მწერალ ოტია იოსელიანთან დაკავშირებით შექმნილი სახასიათო ეპიზოდები. სიტუაციური კომიზმის საუკეთესო მაგალითები გახლდათ ასევე დავით ხუროძის, ვაჟა ჭყონიას, ნესტან კვეიძის, გონერ ჭეიშვილის, გივი ერემეიშვილის(ირიბულას), ვახტანგ მეგრელიშვილის (ბაყუჩიას), იუზა ფიჩხაძისა და სხვათა მიერ ფერადი ინტონაციებით, მხიარული პასაჟებით, მიგნებული ხერხებით გადმოცემული სურათები.

ქუთაისური იუმორი არამხოლოდ გამოგონილ პერსონაჟებს ეხება, არამედ, ბევრ შემთხვევაში – რეალურად არსებულ, საზოგადოებაში ცნობილ პირებს. ემოციური სიმძაფრე მიიღწევა ზუსტი და ადეკვატური ფრაზებით.

გივი მეფისაშვილის მონათხრობი:“რიონის პირას, მჭედლების უბანში გაატარა თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის წლები ბესარიონ ლორთქიფანიძემ, კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურების“ ტიპურმა წარმომადგენელმა…ერთ საღამოს მწერალი დავით ხუროძე და მისი მეგობრები კინოდან გამოვიდნენ და მჭედლების უბნისაკენ აიღეს გეზი. ბესარიონი შეუძლოდ გამხდარიყო და ადრე ჩაწოლილიყო.
– ბესარიონ, დაიხურე საბანიი! – ანეტას ხმით შესძახა ფანჯარაში დავითმა, რომელიც შესანიშნავი იმიტატორი გახლდათ.
– მახურავს, ქალო, ვერ ხედავ?-დაიბუხუნა ბესარიონმა.
– ბესარიონ, დაიხურე საბანი! -გაუმეორა დავითმა.
– მახურავს, ქალო, ამ ბოლო ხანებში დაბერდი და თვალშიც დაგაკლდა. -შეუღრინა ბესარიონმა.
– ბესარიონ, არ გამიცივდე, საბანი კარგად ამოიკეცე! -კვლავ ჩაესმა ბესარიონს.
– ქალო, რა ღმერთი გაგიწყრა და რა საღერღელი აგეშალა ამ შუაღამისას ჩემი სიყვარულით, მახურავს, ვერ ხედავ? – ისე იქუხა ბესარიონმა, რომ ღრმა ძილს მიცემულმა მეუღლემ თვალები ჭყიტა და შეშინებული წამოხტა:.
– რა იყო, ბესარიონ, სიცხემ ხომ არ აგიწია? ახლავე ძმარში ამოვავლებ ტილოს და შუბლზე დაგადებ.
– ქალო, რაის ტილო, რაის ძმარი, მთელი ღამე რომ მეძახი, საბანი დაიხურე, საბანი დაიხურეო. ასე რავა დაბერდი და გამოჩერჩეტდი!
ანეტა გაოგნებული დარჩა.
ბესარიონი უცებ გაერკვა სიტუაციაში და მიხვდა, რომ დავითის მორიგი ოინი იყო. ფოსტლებში ჩაყო ფეხები და ფანჯრიდან გადასძახა:
-ბიჭო, დავითია, რატომ გინდა, ჩემი ისტორიული მტრის, ბეჟანა ხლუსტის გული გამიხარო (ასე ეძახდნენ მოსამართლე ბეჟან თოფურიძეს ქალაქში)? ერთი შენ მეუბნები და მეორე მაგი -ბესარიონ, საბანი საქამდე გაგწვდება, იქამდე გაშალე ფეხიო. ვინ კითხავს მაგ ოხერ მამაძაღლს, მე საქამდე გავშლი ფეხს, სული უცხონდა მამის, ამ შობა-ახალ წელს მამა-პაპურად თუ არ გავითენე, მიყუროს მაგ ვაჟბატონმა.
ბესარიონმა შინ შეიპატიჟა ახალგაზრდები. დავითმა მორიდებით უთხრა:
– მაინც, რას გადაგეკიდა ის შენი მეზობელი!..
– რევოლუცია მხრებით მაქვს მოტანილიო.
– მერე, თქვენ რა უთხარით, ბესარიონ ბიძია?_
– ვინ გეხვეწებოდა, რომ მოიტანე, საიდანაც მოიტანე, იქ წაიღე და ტრანსპორტის ხარჯებსაც მე გაგისტუმრებ-თქვა.“


– ქუთაისური იუმორისათვის დამახასიათებელია ზედმიწევნით ოპერატიულობა. მისი საუკეთესო ნიმუშები სულ კვალში მისდევს ფაქტებსა და მოვლენებს.

ნიმუშები:

1989 წელს, როცა გ. შხვაცაბაიას „გალაკტიონი და მუზა“ განთავსდა კულტურის პარკის ასასვლელში, წითელ ხიდთან, ენაკვიმატმა ქუთათურებმა მხატვრული კომპოზიცია ასე შეაფასეს:
„ყორანას ეკითხებიან: როგორ მოგწონს გალაკტიონი?
ყორანა: მაგი უნდა ეიღონ და გალაკტიონი დადგან.“

ქალაქში ხანგრძლივად გაჭიანურებული საგზაო რეკონსტრუქციის, გადათხრილი ქუჩებისა და ამორტიზებული ძველი შენობების გამო შექმნილი უსიამოვნო „პეიზაჟი“კი ბაღისკიდელმა კრიტიკოსებმა ასე დაუნდობლად შეაფასეს: „რუსმა მფრინავმა 2008 წელს რო ბაგრატს გადაუფრინა და ქუთაისის ქუჩები დაინახა, თქვა: ააა, აქ უკვე დაგვიბომბავსო… და გზა გააგრძელა.“

გადასასვლელებზე „ზებრების“ შემოღებას ასეთი იუმორი მოჰყვა:
– რაია, ბუჯო, მაგ ზებრის ტყავს რო დაათრევ სულ, გედეირიე, შე უპატრონო?
– ამას, სიმონ, გავაფენ ქუჩაში და საცა მინდა, იქანე მევიწყობ გადასასვლელს.

ქუთაისის საოპერო თეატრის რეკონსტრუქციის შემდეგ, ვენის ოპერის დიზაინის მიბაძვით, შენობის სახურავზე შუა საუკუნეების მოქალაქეთა დიდი ფიგურები რომ დაიდგა, ქუთაისელებს საგანმანათლებლო სფეროში იმხანად ახლადგამოჩენილი პერსონები გაახსენდათ და … “მანდატურები“ შეარქვეს უმალ.

*
იუმორი ყოველდღიურად და ძალდაუტანებლად იბადება ქუთაისის ქუჩებში, დაწესებულებებში, სუფრებთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სპორტულ მოედნებზე, სავაჭრო ობიექტებზე – ყველგან, სადაც თუნდაც ორი ადამიანი შეხვდება ერთმანეთს.

– რავა, შენ კიდო სხვის გასვენებაში დადიხარ? – გაეხუმრა მეგობარი ვაჟა ჭყონიას, რომელმაც სადილზე მიწვევას უარით უპასუხა – ხვალ არ მეცლება, გასვენებაში ვარ წასასვლელიო.
– მე გრაფიკოსი კი არა, გრაფინკოსი ვარო! – ღიმილით „შეუსწორა“ ჟურნალისტს დიდმა მხატვარმა ოთარ ქანდარიამ.
როგორ არ გავიხსენოთ ფუნთუშების გამყიდველი ჭაღარა, ფეხმტკივანი ბაბულია – ვაჟა კოსტავა, რომელსაც ქუთაისის ცენტრში თუ ავტოსადგურზე მარკეტინგის საკუთარი წესები ჰქონდა :
“რას დაგიმსგავსებია, ქალბატონო, ბოვში! დიდუუუ, მოგიკლავს შიმშილით!უყიდე ჩქარა საჭმელი! ეიჩემე, ბაბულია, ბულკი, ეიჩემე!“

ნამდვილი ქუთაისური იუმორი დახვეწილი, ფერადოვანი, სხარტია, გულწრფელი სიცილის აღმძვრელია და არაფერი აქვს საერთო უხამს, ნაძალადევ, ყურით მოთრეულ ანეკდოტებთან, რითაც გაჯერებულია ხოლმე ჩვენი ტელეარხები და ინტერნეტგამოცემები. შევადაროთ ისინი პეტრე ჭაბუკიანის, ჟორჟიკა იაშვილის, მარკოზიჩის (ჟორა გრძელიშვილის), მახიჩია ნიჟარაძის, პილა იოსელიანის, ანტუშა საკანდელიძის, ბიძინა ღოღობერიძის, მიშა ჭიჭინაძის, ვალიკო მიზანდარის, ბუჭუ ჟღენტის, ხუხა ეძგვერაძის, ბუჭა კანდელაკის, რეზო ძიძიგურის, ილო ფოტოგრაფის (ხახიაშვილის), ვაჟა ჭყონიასა და სხვათა მახვილსიტყვაობას და ვირწმუნებთ, რომ იუმორშიც არის აკადემიურობის კოეფიციენტი, აქაც გადის ზღვარი ნიჭსა და უგემოვნებას შორის.

ქუთაისური იუმორის ღრმა ფესვებზეა ამოზრდილი და განვითარებული რეზო ჭეიშვილის, რეზო გაბრიაძის დიდი ლიტერატურული იუმორი, ამიტომაცაა ესოდენ არაორდინარული და თვითმყოფადი, ამიტომაცაა კოლორიტული.

„ბაღისკიდის“ საგანძური სრულყოფილად უნდა შეგროვდეს და შესწავლის საგანი გახდეს.

წლების წინათ, ამ მხრივ, ძალიან დიდი საქმე გააკეთა ჟურნალისტმა და გამომცემელმა თენგიზ ხითარიშვილმა, რომელმაც ქუთაისური იუმორის რამდენიმე ბროშურა („ასე ხუმრობენ ქუთაისში“) შეადგინა და დაბეჭდა.
ასევე , „ქუთაისელ ებრაელთა იუმორი“ მშვენიერ, სახალისო წიგნად გამოსცა ქუთაისელმა ექიმმა, მხატვარმა და ფოტოგრაფმა თემურ ძიძიგურმა. მასვე ეკუთვნის კიდევ ერთი საინტერესო წიგნი – „ქუთაისური იუმორი“, რომელიც მამამისის – ცნობილი ქუთაისელი ექიმის რეზო ძიძიგურისა და მისი მეგობრების იუმორსა და მხიარულ ისტორიებს ასახავს.
ვაჟა ჭყონიას გარდაცვალებამდე მოესწრო და გამოიცა მისი იუმორისტული წიგნი -„სიცილის კარდიოგრამა“ (ალექსანდრე შენგელიას რედაქტორობით).
ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჟურნალისტმა, ფელეტონისტმა ბენია თხილავამ, თანამოაზრეებთან ერთად, „ქუთაისური იუმორის აკადემია“ დააარსა, მანვე იუმორისტული გაზეთის რამდენიმე ნომრის გამოცემა მოასწრო და თავი მოუყარა ქუთაისური იუმორის თანამედროვე ნიმუშებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტის, გაზეთ „ქუთაისის“ რედაქტორის გივი მეფისაშვილის მიერ 1991 წელს გამოცემული პატარა წიგნი „ქუთაისური იუმორი“, რომელიც მკითხველს უამბობს ქუთაისური მახვილსიტყვაობის ძველთაობელი დიდოსტატების – კუჭულო ნიჟარაძის, მახიჭია ნიჟარაძის, მიშა ჭიჭინაძის, სიმონ ტკბილის (ჟვიტიაშვილის), მახათიას (ბუხუტი ამაშუკელის), ვახტანგ ბუკოვსკის, პილა იოსელიანის, ვალიკო ჩიტიანის, ბუჭა კანდელაკის, დომენტი უგრეხელიძის, გურამ უგრეხელიძის, ვანო ბუხაიძის, იაშა ამშიკაშვილისა და სხვათა და სხვათა ხალისიან ამბებს.

სამწუხაროდ, ეს ადამიანები დღეს უკვე აღარ არიან, მათ მიერ ქუთაისური იუმორის შესწავლა-შენახვისათვის გაწეული დიდი ამაგი კი დასაფასებელია და მომავალი თაობის მიერ გასაგრძელებელი.

ღმერთმა ქნას, საღიმილოდ და სახასიათოდ მოგვეცეს საქმე, თორემ, ა, ბატონო, აგერაა ქუთაისური იუმორი და აგერ ვართ ჩვენც, ვიმხიარულოთ!