„მე თუ წავედი, წავალ, წავალ და წავალ… “ (ლაშა ლაშხისა და ობოლა ციმაურიძის მეგობრობის და თავგანწირვის საოცარი ამბავი)

გააზიარე:

ავტორი: ზურაბ თურმანიძე

 

 

იმ საბედისწერო დღეს საჩხერე აკაკის დაბადების დღეს ზეიმობდა. საზეიმო ღონისძიების დამთავრების შემდეგ იმერულ სუფრას ვუსხედით მუნიციპალიტეტის იმდროინდელ გამგებელ ცეზარ ლაშხთან ერთად, შუა პურის ჭამაში ვიყავით, როცა ბატონ ცეზარს შეატყობინეს უფროსი ვაჟის, ლაშას, ცუდად ყოფნის ამბავი.

ცუდად კი არა, თურმე, სულაც აღარ იყო…

25 წელი გავიდა მას შემდეგ.

2000 წლის 21 ივნისის მშვიდი ნაშუადღევია. მტკვრის სანაპიროზე ორი საჩხერელი მეგობარი – ცნობილი პაროდისტი ობოლა ციმაკურიძე და საქართველოს ხელოვნების მუზეუმის მეცნიერ – მუშაკი, ლაშა ლაშხი -სეირნობენ, მიბაასობენ, გარდასულ დღეებზე და მომავლის ამბებზე ჰყვებიან. მოსაყოლი და გასახსენებელი, იცოცხლე, ბევრი აქვთ.

ნაუცბათევად – არავინ იცის რატომ და რისთვის – ობოლა სანაპიროს დამცავ ბეტონზე შეხტება, დიდი ხნის წინათ აკვიატებულ უცნაურ ფრაზას -„მე თუ წავედი, წავალ, წავალ და წავალო“ – წარმოთქვამს და…მტკვრის ტალღებში აღმოჩნდება.

გადახტა თუ გადავარდა? – ეს სულ ერთია – წავიდა, წავიდა და წავიდა…

მიშველეთო – შეჰყვირა ლაშამ, მყისიერად მდინარეში გადაეშვა და მეგობრის გადარჩენის ამაო მცდელობისას ისიც გაუჩინარდა…

ქვეცნობიერი, ინსტიქტური იყო ლაშას საქციელი თუ შეგნებულად განზრახული? უფრო მეორე, ვიდრე პირველი.

მაშ რატომ უპასუხა ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვას: რა მიგაჩნია ადამინის მთავარ ღირსებადო? – მეგობრისთვის თავგანწირვაო.

ეტყობა, მასში ცოტნე დადიანის, იოსებ ჟორდანიას, გრიგოლ ფერაძის, მიხეილ თამარაშვილისა და მსგავსთა მათთა სისხლმა იყივლა, რომელიც ქართველში ყველა ეროვნებაზე მომეტებულად ჩქეფს…

დაობლდა ლაშას ერთადერთი შვილი, იმ დროს 4 წლის მარიამი; მთლად გათეთრდა თმაშევერცხლილი მამა; ნაადრევად დაქვრივდა ლაშას სულ ახალგაზრდა მეუღლე, დარდისგან დაოსდნენ ლაშას დები და ძმა.

ახლა ისინი ჯილდოებივით ატარებენ და ჩირაღდანივით უნთიათ გულში ლაშას თავგანწირვის დიადი ნათელი.

უბედურებისაგან გაქვავებულმა მშვენიერმა ქალბატონმა, ლაშას დედა კი, ოცდახუთწლიანი ყოველდღიური გლოვის შემდეგ, თან წაიღო ეს ჯილდო – ჩირაღდანი…შვილისათვის გადასაცემად.

დაობლდნენ ობოლას შვილებიც -გიორგი და ნუცა. მათაც უნათებთ გულებს იგივე ჩირაღდანი.

თვითონ ობოლაც ბავშვობიდანვე ობოლი იყო -„მრგვალი“ ობოლი.

მტკვრის სანაპიროზე, სადაც ეს ამბავი მოხდა, მემორიალური დაფაა გაკრული ამ ტრაგედიის ამსახველი წარწერით.

სოფელ საირხეში ორი ძვირფას საფლავია, ერთმანეთისგან ერთი მკლავის გაწვდენა მანძილზე დაშორებული – ლაშასი და ობოლასი.

მოჩვენებაა თუ სინამდვილე? – შუაღამისას ისმის ხოლმე ობოლას შეძახილი – „მე თუ წავედი, წავალ, წავალ და წავალო“…

„მიშველეთო“ – ყვირის ლაშა…

ქალაქ საჩხერეში, კულტურის ცენტრის შენობის სიახლოვეს დგას „მეგობრობის მემორიალი“ – ახლახან ასევე ნაადრევად გარდაცვლილი ცნობილი მხატვრის, ბესო კუსიანის შესანიშნავი ქმნილება.

ტალღებიდან ამოყოფილ ხელს მაღლიდან აწვდიან საშველად ხელს.

ეს ლაშას და ობოლას ხელებია.